საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ივლისი. 2024 წელი
ამერიკის უზენაესმა სასამართლომ, რომელიც, როგორც ცნობილია, ასრულებს „კონსტიტუციური სასამართლოს“ ფუნქციას(აც), მიიღო სენსაციური გადაწყვეტილება ექს-პრეზიდენტ დონალდ ტრამპის იმუნიტეტთან დაკავშირებით.
კერძოდ, ექვსმა მოსამართლემ - სამის წინააღმდეგ დაადგინა, რომ პრეზიდენტს აქვს აბსოლუტური იმუნიტეტი მისი პრეზიდენტობის დროს მიღებულ ნებისმიერ ოფიციალურ გადაწყვეტილებაზე, ხოლო იმუნიტეტი არ ვრცელდება არაოფიციალურ გადაწყვეტილებებზე.
ეს ჩახლართულ-ჩიქორთული ფორმულირება იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტი არ შეიძლება დასაჯონ არანაირი გადაწყვეტილებისთვის, არანაირი განცხადებისთვის ან მოწოდებისთვის ან ჩარევისთვის არჩევნებში, ან საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობაში და ა.შ.
არადა ეს არის სწორედ მთავარი თანაც ყველაზე მისთვის სახიფათო ბრალდებები 4 უკვე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეთაგან.
თორემ პორნოვარსკვლავ სთორმი დენიელსის მოსყიდვა დიდი ვერაფერი ბედენაა.
ფაქტობრივად, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებამ (ამ ორგანოს წევრთა ნაწილი თვით ტრამპის მიერაა დანიშნული და მის კონსერვატორ „რესპუბლიკელ“ მომხრედ ითვლება) იმას ნიშნავს, რომ სანამ დონალდ ტრამპის საქმეებზე ვერდიქტს გამოიტანენ, ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა უნდა გაარჩიონ, რომელი ქმედება იყო პრეზიდენტ ტრამპისა „ოფიციალური“ და რომელი „არაოფიციალური“ - აქ ისეთ იურიდიულ კაზუისტიკაში შეიძლება შევიდეს პროცესი, „ეშმაკი ფეხს მოიმტვრევს“.
რაც მთავარია, ეს კაზუისტიკა და იურიდიულ-პედანტურ-ინტერპრეტირებადი პაექრობა ისე გაიწელება, 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამ საქმეებზე (ესე იგი 2021 წლის 6 იანვარს კონგრესში შეჭრა და ჯორჯიის შტატში საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში ჩარევა) განაჩენი ნოემბრამდე ვერ დადგება, რაც დონალდ ტრამპს დიდ ფორას ანიჭებს.
შესაძლოა საერთოდაც არ დადგეს განაჩენები, რაკი Supreme court-მა დაადგინა, პრეზიდენტს იმუნიტეტი აქვს და მისი ქმედებები პრეზიდენტობის დროს განსჯადი არ არისო.
როცა პორნოვარსკვლავი მოისყიდა, ტრამპი პრეზიდენტი არ იყო და რომც ყოფილიყო, ეს „არაოფიციალური“ ანუ ფარული ქმედებაა.
თუმცა (ვიმეორებ) „პორნოვარსკვლავის საქმე“ შეუდარებლად მსუბუქი დანაშაულია, ვიდრე ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და ამბოხის მხარდაჭერა.
შეიძლება ითქვას, უზენაესი სასამართლოს ვერდიქტი დონალდ ტრამპის მეორე დიდი გამარჯვებაა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში: მანამდე ბაიდენის ერთმნიშვნელოვანი „ჩასვრა“ დებატებისას და აქ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ისაა, რომ როგორც ჩანს....... შეძლება ადრე იყოს ასეთი დასკვნა, თუმცა როგორც ჩანს........ამერიკული Deep state ანუ ამ ქვეყნის „გადაწყვეტილების მიმღებთა“ ლეგიონი თანდათან მიდის იმ დასკვნამდე, რომ „ნაკლები ბოროტება“ და „ნაკლები საფრთხე“ იქნება დონალდ ტრამპი, ბოლოს და ბოლოს, ერთი ქართული გამოთქმით „მიუშვან ბუხართან“ ანუ აღარ შეეწინააღმდეგონ მის მეორედ შესვლას თეთრ სახლში, თორემ ამის ალტერნატივა რაცაა, ანუ სამოქალაქო დაპირისპირება, ეს ბევრად უარესია.
ასეთი ტრენდი ამერიკულ Decision makers ლეგიონში ნამდვილად არსებობს უკვე...... ოღონდ რამდენად გაიმარჯვებს საბოლოოდ - ჯერ ძნელი გასათვლელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთში გრძელდება „მაღალტექნოლოგიური კლოუნადა“, რომელიც ბევრჯერ აღვწერეთ სხვადასხვა თემის კონტექსტში.
ხაზგასმით ვამბობ, რომ ეს კლოუნადაა, რასაკვირველია, ოღონდ მაღალტექნოლოგიური და უდიდესი ოსტატობით გათამაშებული.
როგორც გატყობინებდით, მოსკოვი ძლიერ პრესს ახორციელებს სეპარატისტულ ხელისუფლებაზე, რათა ნება დართონ რუს ექსკურსიამძღოლებს (გიდებს) ჩამოიყვანონ ექსკურსიები აფხაზეთში საკუთარი ტრანსპორტით.
მოკლედ შეგახსენებთ რაშია საქმე: აფხაზეთში ყოველწლიურად ისვენებს დაახლოებით 500 000 ტურისტი, ანუ რუსები, რომლებიც ჩადიან, ქირაობენ ბინებს, ჩერდებიან სასტუმროებში და ა.შ. მათაც სჭირდებათ, რასაკვირველია, ექსკურსიები და გიდები.
ოღონდ ძირითადი კონტინგენტი არიან ე.წ. „ვიზიტორები“, რომლებიც ჩადიან აფხაზეთში ერთდღიანი ტურებით.
მათი რიცხვი მილიონნახევარსაც კი (1 500 000) აჭარბებს.
ისინი სოჭიდან და კრასნოდარის მხარის სხვადასხვა კურორტებიდან მოჰყავთ ტურისტულ ფირმებს ავტობუსებით.
ოღონდ შემდეგ ეს ავტობუსები ხშირად რჩება ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხარეს ან/და ავტობუსებში ადიან აფხაზი გიდები და ისინი აცილებენ რუს ტურისტებს, - ისინი უყვებიან, რომ ახალი ათონის მონასტერი, მაგალითად, აფხაზეთის ეკლესიის სავანეა და ა.შ და ა.შ.
რუსებს ეს არ მოსწონდათ. ამიტომ ისინი მოითხოვდნენ და მოითხოვენ, რომ აფხაზებმა, თუკი სურთ რუსი ვიზიტორები ჩადიოდნენ აფხაზეთში და იქ ფულს ხარჯავდნენ, სუვენირებს ყიდულობდნენ, რიცის ტბაზე სადილობდნენ და ა.შ და ა.შ, მაშინ ავტობუსმა ფსოუდან ჩვეულებრივად გააგრძელოს გზა და რუსი გიდი იყოს ავტობუსში, ანუ ეს რუსი გიდი აფხაზმა გიდმა არ გააგდოს ავტობუსიდან.
აფხაზეთის ხელისუფლება ამის სასტიკი წინააღმდეგია.
ოღონდ......როგორც რამდენჯერმე ვთქვით, წინააღმდეგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ აფხაზი გიდები სამუშაოს დაკარგავენ, არამედ იმიტომაც, რომ რუსი გიდები ექსკურსიის მონაწილეებს მოუყვებიან: „ახალი ათონის მონასტერი რუსული ეკლესიის სავანეა“...... „აფხაზეთი საუკუნეების განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიის, შემდეგ სსრკ-ს ნაწილი იყო“....... და ა.შ. და ა.შ.
საქმე რომ გაჭიანურდა და აფხაზეთის ხელისუფლებამ რუსი ექსკურსიამძღოლების მუშაობაზე ნებართვა არ გასცა, აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის ეკონომიკის მინისტრის მოადგილე. იქაურებს „შეუღრინა“: „თქვენ რამე ხომ არ გეშლებათ, გააკეთეთ რასაც გეუბნებითო“.
ამ ვიზიტის შემდეგ (ესაა სწორედ სიახლე მთელს ამ „კლოუნადაში“) აფხაზეთის ე.წ. „ტურიზმის მინისტრი“ გადადგა!
ანუ ამით მოსკოვს აფხაზეთის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ჩვეული ყალბი სიგნალი გაუგზავნა: „ხომ ხედავთ ვცდილობთ, ვიბრძვით, რათა თქვენი მოთხოვნები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ....დიდი წინააღმდეგობა გვაქვს და რა გაეწყობა.....“
ამის შემდეგ აფხაზეთის ე.წ. „პარლამენტში“ მიიწვიეს აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი, რომელმაც ნიშანდობლივი რამ თქვა: „ჩვენ არ ვაპირებთ აფხაზეთის კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანას, რომელიც ნებას დართავს რუს გიდებს, ჩამოიყვანონ ექსკურსიები აფხაზეთში, მაგრამ შესაძლოა რუსეთთან საგანგებო სახელმწიფოთაშორისო ხელშეკრულება გავაფორმოთ და მერე ეს ხელშეკრულება პარლამენტმა უნდა დაამტკიცოსო“
გასაგებია ხომ „ტექნოლოგიურობა“ რაშია?
ჯერ ერთი, ამ ხელშეკრულების მომზადებას გააჭიანურებენ, მერე მის ხელმოწერას და აფხაზეთშოი დოკუმენტის „რატიფიცირება“ ხომ საერთოდ გამორიცხულია.
დააკვირდით, რამდენად კომიკურია ერთი შეხედვით ვითარება, როცა ექსკურსიამძღოლების(!!!) თაობაზე გადაწყვეტილება თურმე პარლამენტმა უნდა მიიღოს! განა აქედან არ ცანს, რომ კლოუნადაა ეს ყოველივე?
სამაგიეროდ „სათქმელი“ აქვთ მოსკოველი კურატორებისთვის: „ხომ ხედავთ, ვცდილობთ, ხომ ხედავთ მინისტრიც კი გადადგა, ხომ ხედავთ ინიციატივები გაქვს და.....“
ხსენებულ კლოუნადას მოსკოვში პირდაღებულები შესცქერიან, რადგან მიუხედავად დაგროვილი ბოღმისა, ამ „ტექნოლოგიას“ ვერაფერს უპირისპირებენ: ხომ შეუძლიათ, მაგალითად, საერთოდ აკრძალონ ერთდღიანი ტურები აფხაზეთში, სანამ აფხაზური მხარე რუს გიდებს არ დაუშვებს?
თეორიულად შეუძლიათ, მაგრამ პრაქტიკულად ახლა, უკრაინის ომის ფონზე, ერიდებიან ასე გამწვავებას - ვაითუ აფხაზურმა ელიტებმა ჩრდილო კავკასიაში და მოსკოვში თავისი ლობისტური ჯგუფები აამოქმედონ (მათ შორის მედიაში) და „უკანასკნელ მოკავშირესთან“ ურთიერთობის გაფუჭება დააბრალონ პუტინის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ „პიცუნდის აგარაკი“ საბოლოოდ მაინც ვერ მიიღო საკუთრებაშიო.
არ აწყობს ახლა პუტინს იმიჯის თუ სოციალური მასობრივი აღქმა/განცდის „დანგრევა“, რომელიც 2008 წლის ანტიქართული აგრესიის შემდეგ შექმნა.
პირიქით: სეპარატისტულმა ელიტებმა იმდენი იეშმაკეს, აეროპორტსაც კი აშენებენ და თუ ეს აეროპორტი სოხუმში ნამდვილად აშენდა, მაშინ უკვე პირდაპირ რეისებს მოითხოვენ მოსკოვიდან და პეტერბურგიდან.
ეს ოფცია კი სამომავლოდ გამორიცხავს ნებისმიერ დისკუსიას „გიდებზე“. აღარ იქნება აქტუალური იმდენად, რამდენადაც დღესაა.
არადა......რომ არა ეს გარემოებები და პუტინის შიში რადიკალური გადაწყვეტილებებისა, საკმარისი იქნებოდა მას აეკრძალა აფხაზეთში ტურისტული ვიზიტები, ან თუნდაც ერთდღიანი ტურები და.......სეპარატისტული ხელისუფლება სულ მალე ჩამოეშლება.
ათასობით ადამიანი დაკარგავს შემოსავალს.
საქმეც ისაა, რომ არ აწყობს ახლა პუტინს ბჟანიას დამხობა! თორემ ერთი ხელმოწერა იქნებოდა საკმარისი
რამდენიმე დღის წინ პუტინი ამ თემაზე მეორედ შეხვდა აფხაზეთის „სპეციალისტს“, - ჩვენს „დაუძინებელ მეგობარს“ კონსტანტინე ზატულინს და საუბრის შინაარსიც ზუსტად ეს იყო: „ამოვიდა ყელში მათი თავხედობა..... არც ერთ მოთხოვნას არ ასრულებენ..... არც ერთ დაპირებას არ ასრულებენ........ გიდები წვრილმანია, მაგრამ აპარტამენტები.... ენგურჰესი....დიდი პრივატიზება...... „ახალი ათონის მონასტრის“ რუსული საპატრიარქოსთვის გადაცემა......“
ამაზე ზატულინის პასუხი იყო (უპირველესად სწორედ მას ეკითხებიან ყველაფერზე, რაც აფხაზეთს ეხება): „მესმის, ძალიან გათავხედდნენ აფხაზები, გვატყუებენ, გვეთამაშებიან, მაგრამ, რადიკალური ნაბიჯებით (Рубить с плеча) აუცილებლად ისარგებლებს საქართველო. ამიტომ....... უნდა ვითმინოთ, სხვა გაზა არ არის“.
შესაბამისად, პუტინი ვერც ვერაფერს გაბედავს, სანამ......აფხაზური ელიტები (როგორც ერთხელ აღვნიშნეთ) კრემლის A კატეგორიის ინტერესებს აკმაყოფილებენ: ა) რუსის ჯარი ჰყავთ ტერიტორიაზე, ბ) ათეულობით რუსული სამხედრო ობიექტი, მესაზღვრეები.......გ) საზღვაო აკვატორია, დ) მოქალაქეობა და ა.შ და ა.შ.
ჩემი აზრით საქართველოს მიდგომაც ანალოგიური უნდა იყოს: მოვიცადოთ, დაველოდოთ, ვნახოთ.......
ტენდენცია კი ნამდვილად ისაა, რომ მოსკოვსა და სოხუმს შორის გადაუწყვეტელ/გადაუჭრელ (თანაც პრინციპულად, სტრატეგიულად „გადაუწყვეტად/გადაუჭრად) წინააღმდეგობათა კრიტიკული მასა თანდათან გროვდება.
ამაზე მეტყველებს თუნდაც აფხაზური მედიის თავდასხმები სოხუმში რუსეთის ელჩზე, რაც გამორიცხულია სეპარატისტული ელიტების მიერ „ორკესტრირებული“ არ იყოს.