საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ოქტომბერი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 ოქტომბერი. 2023 წელი

ერევანში გაიმართა პოლიტიკურ პარტიათა და არასამთავრობო ორგანიზაციების ფორუმი, რომლის მონაწილეებმა მოუწოდეს ფაშინიანის მთავრობას, დაუყოვნებლივ გამოვიდეს რუსეთის პატრონაჟით შექმნილ `კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან` ასევე `ევრაზიული კავშირიდან` და გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე.

ეს ნარატივი სულ უფრო პოპულარულია ერევანში, თუმცა ფაშინიანის ხელისუფლება მას ჯერ (!) არ იზიარებს;

აღსანიშნავია, რომ სომხური ორგანიზაციების ერთ-ერთი მოთხოვნაა რუსული ტელეარხების აკრძალვა სომხეთის ტერიტორიაზე; საქმე ისაა, რომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კრემლის პროპაგანდისტულ არხებზე გრძელდება პირდაპირ ანტისომხური ისტერია, რაც სომხური საზოგადოების გაღიზიანებას იწვევს.

ზოგადად კრემლშიც და რუსულ ე.წ. `ექსპერტულ თანამეგობრობაშიც` დომინირებს აზრი, რომ სომხები `მაინც ვერსად გაგვექცევიან` ანუ სომხეთის ხარჯზე აზერბაიჯანთან და თურქეთთან გეოპოლიტიკური კომპრომისი მიზანშეწონილად მიაჩნიათ: `სომხეთი მაინც ვერსად წაგვივა (Армения от нас никуда не денется) პირველ რიგში იმ ფაქტს ეფუძნება, რომ რუსეთში ამჟამად იმაზე მეტი სომეხი ცხოვრობს, ვიდრე თვით სომხეთში და სომხური ვაჭრობის 90% რუსეთზე მოდის.

გაისმის მოწოდება, რომ ამერიკამ და ევროკავშირმა შეიმუშაოს რაღაც `მარშალის გეგმის` მსგავსი სომხეთის დასახმარებლად და რუსეთზე მისი დამოკიდებულების შესამცირებლად.

თუ დასავლეთი ამგვარ გადაწყვეტილებას მიიღებს, მაშინ სუფთად გეოგრაფიული მიზეზების გამო, საქართველოს გვერდს ვერ აუვლის.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 

აზერბაიჯანი სულ უფრო აქტიურად მუშაობს აღმოსავლეთ ევროპაში. კერძოდ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ალიევმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ვიზიტი განახორციელა ამ რეგიონში. მოელაპარაკა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე (საქართველოსა და თურქეთის გავლით) როგორც სერბეთს, ასევე ალბანეთს და ბოსნია/ჰერცოგოვინას.

ცნობილია აგრეთვე ალიევის მჭიდრო კავშირი უნგრეთის პრემიერ ორბანთან.

ბუნებრივია, ბაქო პირველ რიგში საკუთარ ინტერესებს ითვალისწინებს. მაგალითად, ვიქტორ ორბანის ადმინისტრაციამ რამდენიმე დღის წინ `დაბლოკა` ევროკავშირის გადაწყვეტილება აზერბაიჯანის სანქცირების შესახებ; მაგრამ სრულიად ობიექტურად, აზერბაიჯანის ასეთი ინტენსიური `შესვლა` ბალკანეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში, ასუსტებს რუსეთის გავლენას, რაკი ამ გავლენას, ბოლო ათწლეულთა განმავლობაში, უპირატესად `ენერგეტიკული` ბუნება ჰქონდა.

ამ აზრით, ალიევი იმ რეგიონში დასავლეთის მხარეს თამაშობს, თუმცა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით.

ილჰამ ალიევი ბალკანეთის სახელმწიფოებს ჰპირდება, რომ სულ უფრო მეტ აზერბაიჯანულ გაზს მიაწვდის.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტი ბაიდენი მეორედ მიმართავს კონგრესს, განაახლონ უკრაინისთვის ფინანსური დახმარება. როგორც ცნობილია, კონგრესმა მიიღო `დროებითი ბიუჯეტი` რათა არ დაეშვა მთავრობის `დახურვა`, ოღონდ ამ ასიგნებებში უკრაინისთვის გათვალისწინებული 24 მილიარდი დოლარი არ შევიდა.

მიუხედავად ამისა, ბაიდენი აცხადებს, რომ უკრაინას ფინანსურად მაინც დაეხმარება. ეს უფრო პოლიტიკური განცხადებებია, რადგან ამერიკული კონსტიტუციით, პრეზიდენტს სინამდვილეში არანაირი ბერკეტი არ გააჩნია, კონგრესის გვერდის ავლით გამოყოს ფინანსური დახმარება.

ზუსტად იმ დროს, როცა ამერიკულ კონგრესში უკრაინის დახმარების მორიგი პაკეტი `ჩააგდეს`, ევროკავშირის `საგარეომ`, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას არც ერთ შემთხვევაში არ შეწყვეტს; ამგვარი განცხადებებით ევროკავშირის ლიდერები ცდილობენ იმის დემონსტრირებას, რომ სინამდვილეში ევროკავშირი ქმედითი ორგანიზაციაა (!) და უკრაინის საკითხში უფრო მეტად კონსოლიდირებულიც კია, ვიდრე ამერიკა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში `რამდენიმე ქვეყნიდან ამერიკის ჯარს გამოიყვანს`, რადგან ეს ქვეყნები ამერიკას არაფერს უხდიან და პატივსაც არ სცემენ. ჯარების გამოყვანის შემდეგ კი დაზოგილ ფულს ამერიკელ ფერმერებს მოახმარს.

ტრამპი ქვეყნებს არ ასახელებს, თუმცა ცხადია, რომ ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც გულისხმობს, გერმანიაა.

როდესაც ტრამპმა, პრეზიდენტობისას, თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში მიიღო გფრ-ის კანცლერინ მერკელი, ხელი დემონსტრაციულად არ ჩამოართვა ტელეკამერების წინ.

ბევრი ექსპერტი თვლის, რომ ტრამპის არჩევა 2024 წელს ამერიკული იზოლაციონიზმის მორიგი გამარჯვება იქნება, თუმცა სხვები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციაში ყოფნისას, 2016 წლამდე, ტრამპი ხშირად აკეთებდა მსგავს განცხადებებს, თუმცა რეალურად ჯარების გამოყვანამდე საქმე არ მისულა.

არათუ გერმანიიდან, არამედ სირიიდანაც კი, ტრამპმა ჯარები ბოლომდე არ გამოიყვანა მიუხედავად იმისა, რომ მანამდე აცხადებდა: `ამერიკა მიდის სირიიდან და ახლა ვინმე სხვამ იომოსო`.

მიზეზი ისაა, რომ მოქმედ პოლიტიკოსს და მოქმედ პრეზიდენტს (განსხვავებით ოპოზიციონერისგან_ მოუწევს საკუთარ გადაწყვეტილებათა შედეგებზე პასუხიოსმგებლობის აღება. მივაქციოთ ყურადღება, რომ რეალურად ტრამპმა ავრანეთიდანაც კი არ გამოიუვანა ამერიკული ჯარები.

. . . . . . . . . . . . . . . . . .  

უკრაინის წინააღმდეგ წარუმატებელი აგრესიის გამო, რუსულ საზოგადოებაში ომზე მსჯელობა ზოგჯერ კომიკურ ხასიათს იძენს. ახლა მოითხოვენ აიკრძალოს სიმბოლოები V და Z, რომლებიც რუსული აგრესიის დასაწყისიდანვე გამოიყენებოდა როგორც რუსული საოკუპაციო არმიის ჩრდილოური (ბელორუსეთიდან შემოსული) და აღმოსავლური (დონბასზე) ქვედანაყოფების აღმნიშვნელი.

ახლა კი ამ ლიტერათა აკრძალვას თვითონ რუსები მოითხოვენ, რადგან......V და Z გამოდის ვლადიმერ ზელენსკი!

ბევრი დამკვირვებელი აღნიშნავს, რომ რუსეთისთვის ეს წვრილმანი სულაც არ არის და ამგვარი შეცდომები მეტყველებს, რამდენად `მძიმე` მდგომარეობაში იყო კრემლის ადმინისტრაცია, როცა უკრაინაში შეჭრას გეგმავდა და ახორციელებდა.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

BBC იტყობინება, რომ აგრესიის დაწყებიდან 33 236 რუსი სამხედრო დაიღუპა. ოღონდ ეს არის ის მონაცემები, რაზეც ავტორიტეტულმა რესურსმა აბსოლუტურად უტყუარი მტკიცებულებები მოიპოვა: სახელი, გვარი და დაბადების წელი.

2 448 რუსი განადგურდა უკრაინის კონტრშეტევის შედეგად.

აქ აღსანიშნავია ორი მომენტი. პირველ რიგში რეგიონული: ყველაზე მეტნი კრასნოდარის მხარიდან და სხვა პროვინციული რეგიონებიდან ომში გაგზავნილნი დაიღუპნენ.\ბევრად ნაკლებად - მოსკოვისა და პეტერბურგის მაცხოვრებლები. მიზეზი გასაგებია: პუტინი ერიდება `დედაქალაქების` გაღიზიანებას

მეორე: სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძალიან ბევრია დაღუპულებს შორის ოფიცერი და მაღალი კლასის სამხედრო პროფესიონალი. ეს პირველ რიგში დასავლური სარაკეტო სისტემების დამსახურებაა, რომლითაც უკრაინა რუსულ შტაბებს ურტყამს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 

 ახლო  აღმოსავლეთში გრძელდება დიდი თამაში, რომელიც არც ოდესმე შეწყვეტილა ბოლო 100 წლის განმავლობაში: საუდის არაბეთი და ისრაელი, ამერიკის შუამავლობით, ამზადებენ `საუკუნის გარიგებას` რომლის შედეგადაც საუდის არაბეთი აღიარებს ისრაელის სახელმწიფოს.

დღემდე არ აღიარებდა, რადგან პალესტინელი არაბების სამშობლოში დაბრუნებას მოითხოვდა ჯერ.

პირველ რიგში, გარიგება ისრაელთან ხელს აძლევს საუდის კრონ-პრინცს მუჰამედ ბინ სალმანს, რომელსაც დასავლეთში იცნობენ, როგორც დიქტატორს და ჟურნალისტ ჰაშოგის მკვლელს.

საუდელ პრინცს ახლა სჭირდება რეაბილიტაცია და საერთაშორისო ლეგიტიმაცია.

ბუნებრივია, კადრს მიღმა ირანია! ისრაელიც და საუდის არაბეთიც შიიტურ ირანს მტრად მიიჩნევენ.

მცირე ხნის წინ იმავე პრინცმა სალმანმა განაცხადა, რომ თუ ირანი მიუახლოვდება ბირთვული იარაღის შექმნას, მაშინ საუდის არაბეთიც დაიწყებს ამაზე მუშაობას. ისრაელს კი უკვე აქვს ბირთვული იარაღი და შესაბამისი ტექნოლოგიები....

ისრაელი ნამდვილად არ იქნებოდა წინააღმდეგი, ირანს საუდთა ხელით ეომოს.

მთავარი `ბროკერი` ამ შემთხვევაშიც ამერიკაა - პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც 1970-იანი წლებიდან მუშაობს პალესტინა-ისრაელის პრობლემაზე. თუ ბაიდენმა საუდის არაბეთსა და ისრაელს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებას მიაღწია, ეს მისი პიროვნული გამარჯვებაც იქნება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

 . . . . . . . . . . . . . . . . .  

სლოვაკეთში, საპარლამენტო არჩევნების შედეგად გაიმარჯვა რობერტ ფიცოს პოპულისტურმა პარტიამ. ეს პრორუსი პოლიტიკოსი ევროპას მოუწოდებდა უარი ეთქვა უკრაინის დახმარებაზე.

მიუხედავად იმისა, რომ მან და მისმა პარტიამ ხმების მხოლოდ 23% (მეოთხედზე ნაკლები) მიიღო, ფიცო მაინც პირველ ადგილზე გავიდა და ევროპული ტრადიციით კოალიციის შექმნაზე სწორედ მასთან უნდა გაიმართოს მოლაპარაკებები.

ანუ პუტინმა აღმოსავლეთ ევროპაში კიდევ ერთი დასაყრდენი მოიპოვა.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

ირანის ისლამურმა სასამართლომ სიკვდილით დასჯა გადაუწყვიტა ირანის მოქალაქეს, რომელიც რამდენიმე თვის წინ თავს დაესხა აზერბაიჯანის საელჩოს.

არ არის გამორიცხული, ტერორისტი საჯაროდ ჩამოახრჩონ - ამგვარი ფორმა საკმაოდ მიღებულია ირანში.

აქ მნიშვნელოვანია, რომ ირანის ხელისუფლება უფრთხის ათეულობით მილიონ ეთნიკურ აზერბაიჯანელს, რომლებიც ჩრდილოეთ ირანში ცხოვრობენ; თუ ტერორისტს სასტიკად არ დასჯიდნენ, ეს ირანელ აზერბაიჯანელთა გაღიზიანებას გამოიწვევდა;

ზუსტად ამ მიზეზით ვერ გაბედა ირანმა 2020 წელს აზერბაიჯან-სომხეთის ომში ჩარევა.