საერთაშორისო მიმოხილვა. 21 აპრილი 2022 წელი
აფხაზეთში კვლავ გრძელდება კომედია და `დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობანას` თამაში.
ადგილობრივი `არასამთავრობოები` და ოპოზიცია იკვლევენ ე.წ. `სახელმწიფო ინსტიტუტების` მდგომარეობას და თურმე იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ დედამიწაზე არ არსებობს `ქვეყანა`, სადაც მოსახლეობის ამდენი პროცენტია სახელმწიფო აპარატში დასაქმებული. ლამის ზრდასრული და შრომისუნარიანი მოსახლეობის 40-50%.
საქართველოში ბევრს ვლაპარაკობთ დიდი ხანია ამ პრობლემაზე, თუმცა ასეთი გრანდიოზული პროცენტი ჩვენში მაინც არ არის.
ოღონდ აფხაზი `კორუფციის მკვლევარები` არ იკვლევენ და არ ამბობენ მთავარს: რამ გამოიწვია ის, რომ აფხაზები ძირითადად სახელმწიფო აპარატში საქმდებიან?
რასაკვირველია ეს სიმახინჯე განაპირობა იმან, რომ მოსკოვის ე.წ. `ფინანსური დახმარება` სწორედ სახელმწიფო აპარატისთვისაა განკუთვნილი, ანუ მოსკოვი აჭმევს, ასმევს, ინახავს ჩინოვნიკთა ამ აბსოლუტურად უსარგებლო არმიას (რამე პრობლემა გადაჭრეს?-დ) და აფხაზებისთვის ყანაში მუშაობაზე უფრო ხელსაყრელი სწორედ სახელმწიფო აპარატში დასაქმება გახდა.
აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასაც წყობს ასე `წველოს` რუსეთის ბიუჯეტი. ამიტომ, წლიდან წლამდე სულ უფრო და უფრო ბერავენ შტატებს სახელმწიფო აპარატში იმდენად, რომ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობით.
მოსკოვი ამას ამჩნევს რასაკვირველია, თუმცა `კბილების ღრჭიალით` ურიგდება ამ ყველაფერს.
რა ქნას? - მოსკოვში მოარული გამოთქმით `აბა გრუზინებს ხომ არ გავახარებთ აფხაზებთან ჩვენი დაპირისპირებითო`
კვლავ შეგახსენებთ, რომ `დამოუკიდებელი აფხაზეთის` ბიუჯეტი თითქმის 100%-ით ივსება რუსეთის მეშვეობით:
1) მოსკოვის ფინანსური დახმარება;
2) რუსი ტურისტები (სხვა იქ არავინ ჩადის);
3) რუსეთში ციტრუსის გაყიდვა.
აფხაზური ოპოზიცია ე.წ. `პრეზიდენტ` ასლან ბჟანიას ამუნათებს, რომ მან არ შეასრულა პირობა და არ შემოიღო ე.წ. შერეული, `მაჟორიტარულ-პროპორციული` საარჩევნო სისტემა (რაც ჩვენ ძლივს მოვიშორეთ-დ.) ანუ წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები, მისი დაპირების მიუხედავად, ისევ მხოლოდ მაჟორიტარული წესით ჩატარდა.
რეალურად, ასლან ბჟანიამ ამ დაპირების შესრულება ვერ შეძლო და წმინდად მაჟორიტარული წესი დატოვა მხოლოდ იმიტომ, რომ პარტიული არჩევნები აფხაზეთში მოსკოვს ძალიან არ აწყობს!
არ აწყობს, რაკი მაჟორიტარები მისთვის ბევრად უფრო იოლად და კომფორტულად კონტროლირებადნი არიან.
ოპოზიცია ასლან ბჟანიას იმისთვისაც აკრიტიკებს, რომ აფხაზეთში მხოლოდ ერთადერთი ტელევიზიაა: სახელმწიფო ტელევიზია
აი რით ჰგავს პირველ რიგში აფხაზეთი ჩრდილო კორეას: აფხაზეთის ხელისუფალნი ყველანაირად ბლოკავდნენ, ბლოკავენ და მომავალშიც დაბლოკავენ დამოუკიდებელი ტელერესურსების შექმნის ნებისმიერ მცდელობას და ამაშიც მოსკოვის პოზიცია ეხმარებათ: ხომ შეიძლება ამ არაკონტროლირებად ტელევიზიაში ანტირუსულმა ნოტამ გაიჟღეროს? ანტირუსული განწყობები აფხაზეთში ისტორიულად არის და იქნება, მაგრამ ტელევიზიით გაჟღერებული მაინც სხვა ლეგიტიმურობას და ძალას იძენს. ეს იციან მოკოვში და ეს იციან რუსეთის მარიონეტებმა აფხაზეთშიც.
ზოგიერთი ცნობით, `როსკომნადზორი` აფხაზეთის ტერიტორიაზე ფეისბუკის ცენზურასაც ცდილობდა. აფხაზურმა ოპოზიციამ კი წამოიკნავლა` `როსკომნადზორის იურისდიქცია აფხაზეთში არ ვრცელდება, ჩვენ ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო`, თუმცა სულ იოლად ჩააკმენდინეს ხმა.
საერთოდ კომედიაა, რომ აფხაზური `არასამთავრობო სექტორი` აფხაზეთის ხელისუფლებას აკრიტიკებს.....ნეპოტიზმისა და კლანურობისთვის სამსახურში მოწყობისას, ნათესავთა დასაქმებისთვის და ა.შ.
ამაში სჩანს, რომ ის ევროპული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აფხაზეთში მუშაობენ (სინამდვილეში ბევრი მუშაობს, ოღონდ სათავო ოფისები ფორმალურად თბილისში აქვთ რეგისტრირებული), საკითხს უდგებიან ძალზე მექანიკურად, ევროპული მენტალობიდან და ცხოვრების წესიდან გამომდინარე, ანუ ჟარგონით თუ ვიტყვით `აზრზე არ არიან სად არიან`: აფხაზეთში ნათესაობა იმაზე ბევრად ძლიერი და ღრმა წესია, ვიდრე თუნდაც საქართველოს რეგიონებში: იქ ყველა-ყველას ნათესავია, გვარის წევრობას პირველყოფილი თემური წყობილების დროს რომ იყო, ისეთი სოციალური მნიშვნელობა აქვს და რომელი აფხაზი თანამდებობის პირი გაბედავს მამიდაშვილის ქმრის დის შვილს უარი უთხრას დასაქმებაზე? ხმა აღარ ამოეღება სანათესაოში და დედამისის დასაფლავებაზე აღარ მივლენ.
აფხაზური ოპოზიცია ხელისუფლებას იმაშიც ადანაშაულებს, რომ ბიჭვინთაში, საუკეთესო ადგილას, სხვადასხვა რუსულ კომპანიებს აძლევს შესანიშნავ მიწის ნაკვეთებს. ოღონდ რაკი აფხაზური `კანონმდებლობით` მიწის გაყიდვა ან საკუთრებაში ვინმესთვის გადაცემა აკრძალულია, გადასცემენ `მუდმივ სარგებლობაში`.
ადრე არსებობდა ფორმა `იჯარისა 99 წლით`, მაგრამ ინვესტორებს იჯარა ნაკლებად აინტერესებთ.
`მუდმივი სარგებლობა` მაინც უფრო ახლოსაა საკუთრებასთან.
რუსეთი დიდი ხანია მოითხოვს მიწის საკუთრების დაშვებას აფხაზეთში, რომ ეს მიწები გიგანტურმა რუსულმა კომპანიებმა ააშენონ, თუმცა აფხაზებს მიწისადმი საკრალური დამოუკიდებულება აქვთ. ამიტომ ეს გამორიცხულია.
აფხაზეთში გრძელდება დისკუსია, უნდა მოიპოვონ თუ არა ნავთობი შავი ზღვის სანაპირო ზოლში. აფხაზეთის ხელისუფლებამ შექმნა კომპანია `აფსნი-ოილი`.
თითქოს სასაცილოა, მაგრამ.....სინამდვილეში, აფხაზეთის მიმდებარე წყლებში ნამდვილად არის ნავთობი და საკმარისია აფხაზეთის ხელისუფლებამ გადაწყვეტილება მიიღოს, უამრავი ნავთობკომპანია დაესევა. თან არა მხოლოდ რუსული, არამედ თურქული და ა.შ. ტექნოლოგიებს დასავლეთიდან შემოიტანენ.
ამ საკითხს პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს: ბევრი სეპარატისტი ლიდერი, ვინც აფხაზეთის ე.წ. `საერთაშორისო აღიარბაზე` მუშაობს, ამბობს, რომ აფხაზეთის წყლებში ნავთობი იმდენად ბევრია, თან იმდენად დაბალი იქნება მისი მოპოვების თვითღირებულება ზღვის შედარებით დაბალი დონის გამო, რომ ეს გაზრდის ინტერესს აფხაზეთისადმი და დაეხმარებათ `საერთაშორისო აღიარების მოპოვებაში`.
ოღონდაც.....რა მარაზმში უნდა იყოს ტერიტორია, რომელსაც მართლა ღმერთმა მისცა აბსოლუტურად შეუდარებელი სილამაზე და უნიკალური ბუნება, რომ აფხაზეთოს სანაპიროზე (!!!) ნავთობის ინდუსტრიულ წარმოებაზე ილაპარაკოს?
თუნდაც ილაპარაკოს იმაზე, რომ ეს ბუნება დაბინძურდეს ნავთობით და ბაქოს სანაპიროს დაემსგავსოს.
საბედნიეროდ, აფხაზეთშიც არიან გონიერი ადამიანები, რომლებიც ამ პროექტს ეწინააღმდეგებიან. ისინი ამბობენ, რომ ნავთობი შელფში მალე ამოიწურება, ხოლო დაბინძურება დარჩება და აღარაფერი არასდროს ეშველება.
ისევე, როგორც აღარასოდეს არაფერი ეშველება აფხაზეთის, როგორც ტურისტული სამოთხის იმიჯს, ხოლო ადამიანი, ვინც იცის აფხაზეთის სილამაზის ფასი, ნავბთობით დაბინძურებული წუმპისკენ აღარც გამოიხედავსო
მთელს მსოფლიოში რომ პანდემია შესუსტდა, აფხაზეთში ახლა იწყება კოვიდეპიდემიის გამწვავება.
აფხაზური ოპოზიცია ამის მიზეზად თვლის `პრეზიდენტ ბჟანიას` გადაწყვეტილებას, გახსნას საზღვრები და შემოუშვას ქვეყანაში რუსი ტურისტები. თავის მხრივ ხელისუფლება თავს იმით იმართლებს, რომ სხვა გზა არა აქვს, რადგან ტურიზმით უდგიათ სული და უკვე მეორე კარანტინს აფხაზეთის ტურისტული ინდუსტრია ვეღარ გადიტანს.
მეორე მიზეზად აფხაზეთში კოვიდ-ეპიდემიის გამწვავებისა რუსული პლასტიკური ბარათების დაბლოკვა სახელდება. პენსიონერებს უწევთ რიგში დგომა პენსიის ასაღებად, ხოლო `ცოცხალი რიგი`, როგორც ასეთი, ვირუსის ყველაზე ძლიერი გადამდებია. მით უმეტეს მოხუცებულთათვის.
აქ არის საინტერესო ნიუანსი, რისთვისაც აგრეთვე ოპოზიცია კრიტიკებს `პრეზიდენტ ბჟანაის`: ბუნებრივია, ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2-3 წლის წინ შეეძლო პენსიონერებისთვის დაერიგებინა რუსული МИР პლასტიკური საბანკო ბარათები. მოსკოვი სწორედ ამას სთავაზობდათ. მაგრამ აფხაზეთის ხელისუფლებას სულაც არ ეპიტნავება მთლიანად რუსეთზე დამოკიდებულება მაშინ, როდესაც სინამდვილეში ნამდვილად 100%-ით დამოკიდებულია რუსეთზე. ამიტომ აფხაზეთის ხელისუფლებამ მაშინ ამჯობინა, აფხაზ პენსიონერებს არა რუსული МИР საკერდიტო ბარათები, არამედ რუსული ბანკების მიერ ემიტირებული Visa და Mastercard ბარათები აეღოთ.
რატომ? იმიტომ, რომ აფხაზებისთვის რუსეთის ერთადერთი ალტერნატივა არის თურქეთი. თურქეთში აფხაზებს (პენსიონერთა ოჯახის წევრებს) მხოლოდ Visa და Mastercard ბარათებით შეეძლოთ ტერმინალებით გადახდა და თანხის ბანკომატებში განაღდება. მაშინ МИР ბარათებს თურქეთი არ სცნობდა.
ახლა აშშ `ფედრეზერვმა` და `ევრობანკმა` რუსული ბანკების ემიტირებული Visa და Mastercard ბარათები დაბლოკეს, პენსიონერებს რიგში უწევთ დგომა;
თურქეთმა ახლა კი სცნო МИР, მაგრამ მის დარიგებას აფხაზი პენსიონერებისთვის დიდი დრო უნდა, მოსკოვი კი აფხაზებს აწვალებს, თან დასცინის: რუსეთისგან განდაგან რომ იყურებით, თუნდაც თურქეთის, მით უმეტეს ევროპა/ამერიკისკენ, თავის დროზე ჩვენი ბარათები რომ არ აიღეთ, რათა ევროპა-ამერიკაში გემოგზაურათ (იქ პლასტიკურ ბარათებს МИР არ სცნობენ-დ) ახლა გველოდეთ როდის დაგირიგებთ ბარათებს.
``თუ ძალიან შეგვეხვეწებით, ეგება დაგირიგოთო``.
სეპარატისტები კი ბრაზდებიან ამაზე, მაგრამ საქართველო ახლა რუსეთზე ბევრად მეტად სძულთ. უფრო ზუსტად, ეშინიათ