საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ნოემბერი. 2024 წელი
აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ახალი არჩევნები ჩატარდება 15 ან 16 თებერვალს.
ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. „ცენტრალური საარჩევნო კომისიის“ თავმჯდომარემ განაცხადა.
თვით ექს-პრეზიდენტი ბჟანია ამბობს, რომ მონაწილეობას მიიღებს ამ არჩევნებში.
თუმცა ეს ბოლომდე გარკვეული და ცხადი ჯერ მაინც არ არის, რაკი ზოგიერთი ცნობით, როგორც კი გადადგა, ბჟანიამ მოსკოვში „იშვლიპინა“ და ამჯერად არა იმ მიზნით, რათა იქ ვინმე სერიოზულ თანამდებობის პირს შეხვდეს.
ბჯანია მოსკოველია
ბიზნესი აქვს იქ.
რუსი ჩინოვნიკები არ შეხვდებიან იმიტომ, რომ გაბრაზებული არიან მასზე: „აპარტამენტების შესახებ“ კანონი ვერ გაიტანა, „საინვესტიციო ხელშეკრულება“ არ გაიტანა, მერე კი გადადგაო.
ხვდებიან უკვე მოსკოვში ყველაზე გონებაჩლუნგი ჩინოვნიკებიც, რომ ასლან ბჟანია ატყუებდათ და არაფრის მოსკოვისთვის დათმობას არ აპირებდა; ხოლო ეს „გადადგომა“ თამაშის ნაწილია, როგორც გუშინ ვწერდით: „არჩევნების“ შემდეგ, ვინც არ უნდა გახდეს პრეზიდენტი - ოპოზიციონერი თუ ისევ ბჟანია - ყველაფერი თავიდან განმეორდება.
ასეთია სეპარატისტული „ტექნოლოგია“.
ჯერ გაურკვეველია, ვინ იქნება „პრეზიდენტობის“ კანდიდატი ოპოზიციიდან. ანუ იმ ოპოზიციიდან, რომელიც მოსკოვისთვის რაიმეს დათმობის სასტიკი წინააღმდეგი იყო და ამ თამაშში ბჟანიას ეხმარებოდა: იგულისხმება ორი მძლავრი ოპოზიციური დაჯგუფება, რომელიც შედგება ვეტერანთა ორგანიზაციებისგან (1992-1993 ომის ვეტერანების) „არუა“ და „აიდგილარა“.
„არუას“ კანდიდატი, როგორც ჩანს, იქნება ადგურ არძინბა. „აიდგილარასი“ - კან კვარჩია.
მესამე ვეტერანთა ორგანიზაცია, „ამცახარა“ ისევ ბჟანიას უჭერს მხარს.
აქ ძალიან საინტერესოა, რომ „აიდგილარა“ მხოლოდ ვეტერანთა ორგანიზაცია როდია. პოლიტიკური ორგანიზაციაცაა. მისი ერთ-ერთი დამფუძნებელია სერგეი შამბა - ყველაზე გამოცდილი და გაქნილი პოლიტიკოსი.
ფანატიკოსი ანტიქართველია.
1980-იანი წლებიდან ებრძოდა საქართველოს, სეპარატისტთა ლიდერ ვლადისლავ არძინბასთან ერთად.
სწორედ შამბა იყო „პრეზიდენტ ბჟანიას“ პოლიტიკის მთავარი „არქიტექტორი“. თუმცა ახლა არსად ჩანს. სოფელ ტამიშშიც არ წაჰყვა ბჟანიას, რომლის ადმინისტრაციაში ჯერ უშიშროების საბჭოს მდივნის, შემდეგ კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
„საგარეო საქმეთა მინისტრის“ პოსტს ახლაც ინარჩუნებს, რაკი ბჟანიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებით მინისტრები არჩევნებამდე რჩებიან პოსტებზე;
და არ არის გამორიცხული, ახალი „პრეზიდენტის“ არჩევის შემთხვევაშიც შეინარჩუნოს შამბამ პოსტი, რაკი მოსკოვისადმი აფხაზური ელიტების მიდგომა არც ერთ შემთხვევაში არ შეიცვლება. დარჩება უცვლელი:
აი ასეთი:
„ჩვენ განვალაგეთ თქვენი სამხედრო ბაზები აფხაზეთში......აფხაზეთის საზღვრებს იცავს ФСБ РФ.......მხარს ვუჭერთ უკრაინის ოკუპაციას......მხარს ვუჭერთ უკრაინული ქალაქების დაბომბვას.......მხარს ვუჭერთ მშვიდობიანი უკრაინელების ხოცვას.......აფხაზი „კონტრაქტნიკები(ც) მონაწილეობენ უკრაინელთა ხოცვა-ჟლეტაში, მაგრამ.....მაგრამ........სანატორიუმებს და აპარტამენტებს და ენგურჰესს და ახალი ათონის მონასტერს და ზოგადად ჩვენს საკუთრებას თქვენ არ მოგცემთ!!“
ასეთი იყო, არის და იქნება მუდამ აფხაზური ელიტების დამოკიდებულება იმ იმედით რომ......პუტინს ახლა მათთვის არ სცალია და უკრაინის ომის ფონზე აფხაზეთთან ღიად დაპირისპირებაც „არაკომფორტულია“PR თვალსაზრისით კრემლისთვის.
ამასობაში აფხაზურმა ოპოზიციამ, რომელსაც რამდენიმე დღის განმავლობაში დაკავებული ჰქონდა ე.წ. „პრეზიდენტის რეზიდენცია“ და მთავრობის კაბინეტები, იპოვა იქ და გამოაქვეყნა საიდუმლო დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს, რომ „პრეზიდენტი ბჟანია“ რუსულ ФСБ-ს ატყობინებდა, რომელი აფხაზი ოპოზიციონერები ებრძოდნენ, უშლიდნენ ხელს „აპარტამენტების“ კანონის მიღებას, „საინვესტიციო ხელშეკრულების“ რატიფიცირებას, რათა შემდეგ ისინი ფსოუს „საზღვრიდან“ აღარ შეეშვათ რუსეთში.
თუმცა ესეც „ტექნოლოგია“ იყო: რუსული სპეცსამსახურები ფსოუზე ასეულობით აფხაზს აჩერებდნენ, საათობით კითხავდნენ და ბჟანია ამით ეუბნებოდა: ყველას კი ნუ აჩერებთ, მე ვინც მებრძვის და მე ვისზეც გეტყვით, ის გააჩერეთო.
მეორე საინტერესო დოკუმენტი, რაც აფხაზურმა ოპოზიციამ ახლა გამოაქვეყნა, ეხება ასლან ბჟანიას მიერ რუსეთის „გამოჩენილ მოქალაქეთა“ დაჯილდოებას, რომლებიც აფხაზებს „დამოუკიდებლობის მოპოვება/განმტკიცებაში ეხმარებიან“
ერთ-ერთი ასეთი „გამოჩენილი მოქალაქეა“ მარგარიტა სიმონიანის ქმარი შოუმენი ტიგრან კეოსაიანი.
დააჯილდოვეს ფარულად და გადასცეს თურმე......პისტოლეტი „გლოკი“.
კიდევ ერთი კომიკური „საიდუმლო წერილი“ გაუგზავნია ბჟანიას მოსკოვში: ხომ სცანით ჩვენი დამოუკიდებლობა, მაშინ მოსკოვში რომ ჩამოვდივარ ხოლმე „ვიზიტით“, ჩემს მანქანებზე „მიგალკები“ („მანათები“) ეყენოს და სირენებთ მაცილებდნენო.
„აბა სხვა „სახელმწიფოს მეთაურები „მიგალკებიანი“ მანქანებით დადიან, სირენებით მოსკოვის ქუჩებში და მე რით ვარ მათზე ნაკლებიო“.
თანაც 2023 წლის 23 დეკემბერს, ამგვარი წერილით და მოთხოვნით ბჟანიას....პირადად პუტინისთვის მიუმართავს და მისთვის გაუგზავნია ეს წერილი.
ეს იმას ნიშნავს, რომ ვისაც მანამდე მიმართა ყველამ......გაატარა: „რა პრეზიდენტი შენ ხარო“.
იქვე ირკვევა, რომ როცა მოსკოვში „ვიზიტად ჩადის“, „აფხაზეთის საელჩო“ მისთვის ქირაობს ხოლმე პუტინის სიამაყეს: ავტომანქანა AURUS SENAT.
ახლა ოპოზიცია გაბრაზებულია: ამდენ ფულს ყრიდა ბჟანია მანქანაში, ჩვეულებრივი „წარმომადგენლობითი კლასის“ მერსედესი ან აუდი დაექირავებინაო.
თუმცა ბჟანიას ხალხი პასუხობს სოციალურ ქსელებში: „დამოუკიდებელი აფხაზეთის“ პრესტიჟის ასაწევად იყო აუცილებელიო.
ოპოზიციური „ტელეგრამ-არხები“ აგრეთვე იტყობინებიან, რომ ასლან ბჟანიას სამუშაო მაგიდაზე, თურმე......მის კაბინეტში....„საქართველოს კონსტიტუცია“ უპოვიათ.
რატომღაც 1995 წლის გამოცემა.
რუსულ ენაზე რასაკვირველია.
კიდევ ერთი „საიდუმლო დოკუმენტის“ მიხედვით, ასლან ბჟანიამ გასცა ბრძანება შეეჩერებინათ თურქეთში მცხოვრები აფხაზებისთვის აფხაზეთის მოქალაქეობის გაცემა, რაკი ეს აღიზიანებდა მოსკოვს:
მოსკოვში ტრადიციულად თვლიან, რომ „თურქი აფხაზების“ აფხაზეთში ჩასახლება გააძლიერებს იქ თურქეთის გავლენას.
აფხაზეთში მიმდინარე ამბების შემხედვარე, ე.წ. „სამხრეთ ოსეთშიც“ წამოყო თავი ოპოზიციამ: „რუსეთი ჩვენც გვჩაგრავს, „ოსური ხე-ტყე გააქვს“ და საზღვარზე ისეთი საბაჟო რეჟიმი დაგვიწესა, როგორიც არის „საბაჟო კავშირში“ ანუ რუსეთის შიდა ტარიფები ჩვენთვის აღარ მოქმედებსო“.
აქ მცირე განმარტებაა აუცილებელი: „სამხრეთ ოსეთი“ დიდ ხანია მოითხოვს მოსკოვისგან ჩრდილო ოსეთთან ანუ რუსეთის ფედერაციასთან ყოველგვარი საბაჟო ტარიფების გაუქმებას. მაგრამ მოსკოვი არ თანხმდება და ამით სჯის ცხინვალს იმის გამო, რომ ცხინვალიც არ თანხმდება გახსნას ტრანზიტი გორის გავლით სომხეთისკენ და ირანისკენ.
შედეგად, ცხინვალში ნებისმიერი პროდუქტი უფრო ძვირია, ვიდრე ვლადიკავკაზში.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინამ, პირველად მთელი რუსული აგრესიის განმავლობაში, დაარტყა რუსეთის ტერიტორიას ბრიტანული რაკეტებით Storm shadow.
ინფორმირებული მედიის ცნობით (ოფიციალური წყარი ჯერ არ გვაქვს) სამიზნე იყო რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კუთვნილი სანატორიუმი კურსკის ოლქში, სადაც მაღალი ალბათობით რუსეთის საოკუპაციო არმიის მეთაურობას თავისი შტაბი ჰქონდა განლაგებული.
აქ მნიშვნელოვანია ორი მომენტი: ჯერ ერთი, ამით დადასტურდა საბოლოოდ, რომ ბრიტანეთმაც, ისევე როგორც ამერიკამ, დართო ნება უკრაინას, გამოიყენოს მისი რაკეტები რუსეთის ტერიტორიაზე.
გუშინ გატყობინებდით, რომ ეს ინფორმაცია ჯერ განალაგა პარიზულმა გამოცემამ Le Figaro თავის რესურსზე, თუმცა შემდეგ წაშალა.
ირკვევა, რომ წაშალა, რაკი ლონდონს არ სურდა ღიად (!) დადასტურება.
აკი თქვა ზელენსკიმ „რაკეტები თავად ილაპარაკებენო“.
მეორე: დასტურდება ისიც, რომ ბრიტანეთის, საფრანგეთის (რაკეტები SCALP) და ამერიკის ნებართვა ეხება ჯერ(!!) მხოლოდ კურსკის რაიონს, რომლის დიდი ნაწილი უკრაინის არმიას აქვს დაკავებული.
ამერიკამ დახურა თავისი საელჩო კიევში იმის გამო, რომ რუსეთის სიღრმეში დასავლური რაკეტებით დარტყმების პასუხად პუტინი იმუქრება, რომ კიევს დაარტყამს დიდი კონტინენტთაშორისი რაკეტებით, რომელიც ატომურ იარაღს ატარებენ.
თუმცა ამჯერად შესაძლოა ჩვეულებრივი ქობინებით იყონ აღჭურვილი.
ნამდვილად დიდი გამანადგურებელი ძალა აქვთ ამ უზარმაზარ რაკეტებს და მათი ჩამოგდება თუნდაც Patriot სისტემით ძალიან ძნელია.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
ტრამპი გრანდიოზულ სკანდალში გაეხვა მას შემდეგ, რაც გაცხადდა, რომ აშშ გენერალურ პროკურორად აპირებს წარადგინოს Matt Gaetz, რომელსაც „ბრალად ედება“, რომ ქალებს ფულს უხდიდა სექსისთვის.
ეს რასაკვირველია სისხლის სამართლის დანაშაული არ არის, თუმცა გენერალური პროკურორის „მორალური სახეც“ ძალიან მნიშვნელოვანია ამერიკაში რასაკვირველია.
ზოგიერთი წყარო იმასაც ამტკიცებს თითქოს ტრამპის რჩეული არასრულწლოვანებსაც უხდიდა ფულს სექსისთვის. აი ეს კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაული(ცაა) ამორალობასთან ერთად.
საკთხავი მხოლოდ ის არის, დონალდ ტრამპს რა „გაუჭირდა“ ასეთი? სხვა ვერავინ იპოვა იმ ქვეყანაში, სადაც ათი ადამიანიდან 4 იურისტია?!
ამ კანდიდატს ალბათ „რესპუბლიკელებიც“ არ დაუჭერენ მხარს კონგრესსა და სენატში.
თუმცა გაუგებარია ასევე, რატომ უნდა „გაჯიუტდეს“ დონალდ ტრამპი მას შემდეგ, რაც CNN და NYT ეს სკანდალი ააფეთქეს.
ვერ მოითმინეს, რაკი ბევრად ეფექტური იქნებოდა ინაუგურაციისა და გენერალური პროკურორის ოფიციალურად წარდგენის შემდეგ „აეფეთქებინათ“.