საერთაშორისო მიმოხილვა. 26 ნოემბერი. 2023 წელი
დღეს ისრაელი და `ჰამასი` მძევალთა და პატიმართა მორიგი ნაკადის გაცვლას გეგმავენ.
ჯერ ჯერობით `ჰამასმა` გაათავისუფლა 41 მძევალი, ხოლო ისრაელმა ციხეებიდან გამოუშვა 39 პალესტინელი, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ტერორიზმის მხარდაჭერა და/ან ძალადობრივ ანტიისრაელურ აქციებში მონაწილეობა.
`ჰამასის` მიერ გათავისუფლებული 41 მძევლიდან ნაწილი უცხოელები არიან, რომლებიც ან მუშაობდნენ ღაზის მეზობელ კიბუცებში (სადაც დაატყვევეს) ან მუსიკალურ ფესტივალს ესწრებოდნენ.
მძევლები ჯერ ეგვიპტეში გადაჰყავთ რაფას გამსვლელი პუნქტით, მერე აბრუნებენ ისრაელში; ციხეებიდან გათავისუფლებულ პალესტინელებს კი აბრუნებენ პალესტინის ავტონომიაში ანუ მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე;
როგორც ჩანს ეს პროცესი ამ დღეებში გაგრძელდება;
გათავისუფლებულ პატიმრებს პალესტინაში ზეიმით ხვდებიან!
მცირე ანალიზის სახით უნდა ითქვას, რომ ეს პროცესი ისრაელისთვის მთლიანობაში მაინც წამგებიანია, ხოლო `ჰამასისთვის` და ანტიისრაელური პალესტინური მოძრაობისთვის - მომგებიანი. შემდეგი მიზეზების გამო:
ა) ისრაელის არმია `ცახალი` იძულებულია შეაჩეროს სპეცოპერაცია ღაზის სექტორში და ქალაქ ღაზაში.
უკვე ცხადია, რომ არმიამ 80 ჯარისკაცი დაკარგა ღაზაში, თუმცა მძევლების ადგილსამყოფელს მაინც ვერ მიაგნო.
მძევლების გათავისუფლება ხდება `გაცვლის` რეჟიმში. სად იყვნენ ან სად არიან - უცნობია და საეჭვოა თვითონ მძევლებმა იცოდნენ - სად ჰყავდათ დაკავებულნი.
მაშასადამე ღაზას სექტორში არის ლოკაციები, ან მიწისქვეშა გვირაბები ან სხვაგვარი სამალავები, რომლის შესახებ არმიამ არაფერი იცის და ვერც ისრაელის დაზვერვამ შეიტყო.
მეორე ახსნა ისაა, რომ დაახლოებით კი იციან ლოკაცია, თუმცა ერიდებიან იქ ძებნას, რათა მძევლებს ტერორისტებმა საჯაროდ, ტელეკამერების წინ კისრები არ დააჭრან, როგორც სჩვევიათ.
ბ) 7 ოქტომბრის თავდასხმისას `ჰამასი` აცხადებდა, რომ მისი მიზანი იყო რაც შეიძლება მეტი მძევლის აყვანა და შემდეგ მათი გაცვლა პალესტინელ პატიმრებზე; გამოდის, `ჰამასმა` ამ ნაწილში მიზანს მიაღწია.
ეს ყოველივე პრემიერმა ნეთანიაჰუმ ძალიან კარგად იცის, თუმცა მისი მთავრობა მძევალთა ოჯახის წევრების დიდ ზეწოლას განიცდის და ისრაელის მთავრობას სხვა გზა უბრალოდ არა აქვს.
შეგახსენებთ, რომ მძევალთა რაოდენობა დაახლოებით 225-230 იყო; ხოლო ისრაელის ციხეებში ათასობით პალესტინელი იხდის სასჯელს.
შედარებისთვის გავიხსენოთ, რომ 2006 წელს, ერთი კაპრალის, გილად შალითის დასაბრუნებლად, რომელიც `ჰამასმა` გაიტაცა, ისრაელმა ათასი (!) პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა და...... მათი ნაწილი აქტიურად მონაწილეობდა 7 ოქტომბრის თავდასხმაში.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გააკეთა კონფერენციაზე Grain from Ukraine (ხორბალი უკრაინიდან): ზელენსკის თქმით, უახლოეს მომავალში უკრაინის საზღვაო ფლოტი მიიღებს სამხედრო ხომალდებს დასავლელი პარტნიორებისგან, რათა გაარღვიოს რუსული ფლოტის მხრიდან `ხორბლის ბლოკადა` და უზრუნველყოს უკრაინული ხორბლის გატანა მსოფლიო ბაზრებზე.
როგორც ცნობილია რუსეთი უკვე ერთი წელია ჯერ ნაწილობრივ, ახლა კი სრულ ბლოკადას ახორციელებს და ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ რუსული ბანკების სავერიფიკაციო სისტემაში SWIFT აღდგენას მოითხოვს.
თუ დასავლეთი უკრაინისთვის იმ დონის და სიმძლავრის სამხედრო ხომალდების გადაცემას აპირებს, რომლებსაც ექნებათ უნარი წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, ეს ომის სრულიად ახალ ეტაპზე გადასვლას ნიშნავს და ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ტანკებისა და სამხედრო თვითმფრინავების მიწოდება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
მოსკოვის მერმა სობიანინმა გუშინ განაცხადა, რომ მოსკოვის საჰაერო სივრცეში რუსულმა `საზენიტომ` უკრაინის მხრიდან `მასობრივი საჰაერო შეტევა` შეაკავა.
11 უკრაინული უპილოტო აპარატი ერთდროულად უტევდა მოსკოვს.
ანუ, რაოდენობა თანდათან იზრდება.
ყველა დრონი უკრაინული წარმოებისაა, თუმცა დასავლური მაკომპლექტებლებით მზადდება.
როგორც ჩანს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მთელი დატვირთვით მუშაობს; იგი `ცდის` მოსკოვის `საზენიტოს` და სულ მალე ასეულობით ან ათასობით დრონის ერთდროულ შეტევასაც ვნახავთ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
შაბათსვე, რუსეთმა 75 დრონით შეუტია კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. დრონების აბსოლუტური უმრავლესობა ირანული წარმოებისაა. რუსეთმა ირანისგან ათასობით (!) `შეჰიდად` წოდებული დრონი იყიდა, სახელი გადაარქვა და `გერანი` უწოდა.
75 დრონიდან კიევის `საზენიტომ` 71 ჩამოაგდო. სხვები მიზანს ასცდა. კიევის ენერგეტიკულ ობიექტებს ზიანი არ მიადგათ, თუმცა ეს შეტევა ადასტურებს, რომ ზამთრის სიცივეების მოახლოებისთანავე პუტინი იწყებს უკრაინის ენერგეტიკაზე მასშტაბურ შეტევას.
. . . . . . . . . . . . . . . . .
CNN აქვეყნებს უკრაინის ფრონტზე სამხედრო დისპოზიციის ზუსტ რუკას (გიგზავნით), რომელზეც პუნქტირებით არის აღნიშნული ფრონტის ხაზის მცირე ცვლილება უკრაინული კონტრშეტევის შედეგად რამდენიმე მონაკვეთზე.
ცვლილება არ არის დიდი, თუმცა აქ კარგად ჩანს, რომ უკრაინის არმიამ შეძლო შეექმნა პლაცდარმი დნეპრის მარცხენა ნაპირზე. და იქიდან რუსულ ჯარს მთელი 8 კილომეტრით დაახევინა უკან;
ეს პლაცდარმი, რომელიც მუდმივად მარაგდება იარაღით და რესურსებით, ძალიან მნიშვნელოვანია კონტრშეტევის გასაგრძელებლად.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ძალიან სახიფათო ინციდენტი მოხდა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში: გატყობინებდით, რომ ფილიპინებმა და ამერიკამ ერთობლივი საზღვაო პატრულირება დაიწყეს.
ჩინეთის არმიამ განაცხადა, რომ ამ პატრულირებისას ამერიკული ფრეგატი `შეიჭრა` ჩინეთის ტერიტორიულ წყლებში და ჩინეთის ფლოტი იძულებული გახდა იგი `გაეჩოჩებინა` ჩინეთის ტერიტორიულ წყლებს მიღმა.
ანუ ალყა სცადეს და ბლოკირება - როგორც ხდება ხოლმე საზღვაო ინციდენტების დროს.
აქვე უნდა ითქვას, რომ ჩინეთს კი მიაჩნია ზღვის კონკრეტული ლოკაცია მის ტერიტორიულ წყლებად, თორემ სინამდვილეში იგი სადავოა ფილიპინებს, ტაივანსა და ჩინეთს შორის.
აქ ყურადღებას იქცევს რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:
ა) ამერიკა არ ცნობს ტაივანის დამოუკიდებლობას, თუმცა, ამის მიუხედავად, იმ წყლებს `უტრიალებს`, რომელიც ტაივანს (და არა ჩინეთს) მიაჩნია თავის საზღვაო ზონად!
ბ) ინციდენტი მოხდა მას შემდეგ, რაც კალიფორნიაში შეხვედრისას პრეზიდენტმა ბაიდენმა სი ძინპინს `დიქტატორი` უწოდა.
ძნელი სათქმელია, ეს ინციდენტები (მათი რაოდენობა ნატულობს) გადაიზრდება თუ არა შეიარაღებულ შეტაკებაში.
გამორიცხული არ არის: ამერიკული ფლოტი `ამოწმებს` რამდენად შეესაბამება პეკინის `ბაქი-ბუქი` და მუქარები ჩინეთის ხელისუფლების ნებას, რეალურად გარისკონ პლანეტის ერთადერთ ზესახელმწიფოსთან სამხედრო კონფრონტაციით და/ანუ მრავალასპექტიანი საპასუხო რეაქციით აშშ მხრიდან
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის განათლების მინისტრმა სერგეი კრავცოვმა დასავლეთი `რუსეთის სასკოლო სახელმძღვანელოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომში` დაადანაშაულა.
იგულისხმება ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც არა მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ აგრესია არის გამართლებული, არამედ (ბოდიში ჟარგონისთვის `გაპრავებულია`) სსრკ ხელისუფლების მიერ 1944 წელს ჩეჩნების, ყალმუხების და სხვა მცირერიცხოვანი ხალხების, ასევე ვოლგისპირელი თათრების გასახლება თავიანთი საცხოვრებელი ადგილებიდან.
ე.წ. `პერესტროიკის` დაწყებიდან, მოსკოვში ყველა ინტელექტუალი სტალინის უდიდეს დანაშაულად თვლიდა (და ნამდვილად არის ისტორიული დანაშაული) `ხალხების გასახლებას` იმ არგუმენტით, თითქოს ეს ხალხები ჰიტლერთან თანამშრომლობდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს.
ამ დანაშაულს `სტალინის და ბერიას ქართველობით` ხსნიდნენ ხშირად მაშინ რუსი პუბლიცისტები.
ახლა რუსეთის განათლების სამინისტრომ სასკოლო სახელმძღვანელო გამოუშვა, სადაც `დასჯილ ხალხებს` `ფაშისტებთან მოთანამშრომლე კოლაბორაციონისტებს` უწოდებს.
სახელმძღვანელომ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჩრდილოეთ კავკასიაში, თუმცა.....მხოლოდ `ყრუდ` ბუზღუნებენ - ჩეჩნეთის მეორე ომის შედეგად ყველა სახლში პუტინის სურათი უკიდიათ და.....
გაუგებარი მხოლოდ ის არის, დასავლეთი რა შუაშია აქ: ანუ ზოგიერთი ჩრდილო კავკასიელი და თათარი საზოგადო მოღვაწე თუ პროტესტს გამოთქვამს, ეს დასავლეთის ბრალია?
მორიგი პუტინოიდური პარანოია.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია კვლავ მოსკოვშია.
მოლაპარაკებებს აწარმოებს რუსეთის ხელისუფლებასთან, რათა არ შეუწყვიტონ აფხაზეთს ფინანსური დახმარება 2024 წლიდან, როგორც ეს განსაზღვრულია ხელშეკრულებებით;
ამ ხელშეკრულებების გაგრძელებაზე მოსკოვი ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს.
ასლან ბჟანია ჩვეულებრივი მოსკოველია.
მოსკოვში აქვს ბინა.
ამიტომ აფხაზი ბლოგერები წერენ: `გასაკვირი სულაც არ არის, თუ მოსკოვში, საკუთარ ბინაში მეტ დროს ატარებს ვიდრე აფხაზეთში, - `სახელმწიფო რეზიდენციაშიო`