შევარდნაძემ ვაშინგტონს საბოლოოდ დაუმტკიცა ერთგულება

შევარდნაძემ ვაშინგტონს საბოლოოდ დაუმტკიცა ერთგულება

 

     პარასკევს, გვიან ღამით, საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც ოთხდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში – თბილისში დაბრუნდა.
      ამთავითვე უნდა ითქვას, რომ ოთხდღიანი «გასვლით» საქართველოდან ედურად შევარდნაძე ახდენს იმის დემონსტრირებას, რომ მთლიანად «ფლობს» სიტუაციას ქვეყანაში – მისი ხელისუფლება სტაბილურია, კარგად არის ორგანიზებული და თავისთავად, ზედმეტი ჩარევის ან «უმაღლესი თანამდებობის პირის» შეძახილის გარეშე ძალუძს ფუნქციონირება.
        როგორც ჩანს, სწორედ ხელისუფლების სიმტკიცისა და სტაბილურობის დემონსტრირება იყო ამ ხანგრძლივი ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი, რომელსაც, როგორც საგარეო, ასევე საშინაო პოლიტიკური დატვირთვა აქვს.
        თუ ხელისუფალს «ეშინია» ქვეყნის ხანგრძლივად დატოვების, მაშასადამე მისი ხელისუფლება სუსტია და არამდგრადი. ოკეანის გაღმა ხუთდღიანი სტუმრობით შევარდნაძე წინასაარჩევნოდ საკუთარ ძალებში რწმენას ავლენს. პოლიტიკოსის თავდაჯერებლობას კი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს – ამომრჩეველი საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებულ პოლიტიკოსს მხარს არ დაუჭერს.
        თუმცა, ვიზიტს, რა თქმა უნდა, სხვა (აგრეთვე, პოლიტიკური) დატვირთვაც ჰქონდა – საბოლოოდ გაირკვა ვითარება ე.წ. «თხილის სკანდალთან» დაკავშირებით.
        თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა იმის დასადასტურებლად, რომ მხოლოდ ედუარდ შევარდნაძე სურს საქართველოს პრეზიდენტად. გუშინ, «ეროვნულ-დემოკრატიულ» ინსტიტუტში ედუარდ შევარდნაძისთვის პრემიის გადაცემის ცერემონიალს პირადად ჰილარი კლინტონი დაესწრო.
        ამერიკელი ჟურნალისტების აზრით (უნდა ითქვას, რომ ამერიკული მედია უპრეცედენტო ინტერესს ამჟღავნებდა), ეს განსაკუთრებული მოვლენაა საერთოდ ამერიკის პოლიტიკაში.
        ამერიკული პოლიტიკური ეტიკეტის თანახმად, პირველი ლედი მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათია-ანტიპატიას ამა თუ იმ (მით უმეტეს, უცხოელი) მოღვაწის მიმართ, მაგრამ ამჯერად, კლინტონებს სხვა გზა, უბრალოდ არ ჰქონდათ, ვინაიდან საქართველოში არსებული ხელისუფლების უეჭველი მხარდაჭერა და თბილისის ამჟამინდელი სახელმწიფოებრივი კურსის გაგრძელება თეთრი სახლის გეოპოლიტიკური დოქტრინის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია.
        თვით პრეზიდენტი ბილ კლინტონი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ ბინაში შეხვდა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძეს – სხვა არც ერთ პრეზიდენტს გაეროს შენობაში იგი არ შეხვედრია.
        არც ისაა შემთხვევითი, რომ შევარდნაძის ამერიკაში ვიზიტამდე თბილისში ჩამოვიდა და შევარდნაძესთან ერთად, იმავე თვითმფრინავით ამერიკამდე იმგზავრა «თეთრი სახლის» ადმინისტრაციის ტრადიციულმა მეგობარმა, ზბიგნევ ბჟეზინსკიმ. გარდა ამისა, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, სამუელ ბერგერის პირადი თხოვნით, ნიუ-იორკში შევარდნაძესთან შეხვედრა ითხოვეს უდიდესი ამერიკული ტრანსნაციონალური კორპორაციების ხელმძღვანელებმა. მათ შორის საკმარისია დავასახელო «სიტი-კორპი» და «სიტი-გრუპი», რომელიც უოლ-სტრიტის ყველაზე ძლიერ «მგლებს» აერთიანებს.
        შევარდნაძესთან შეხვედრა ითხოვა, აგრეთვე ამერიკელმა მილიარდერმა, ფინანსურ «გენიად» წოდებულმა ჯორჯ სოროსმა. შეხვედრამ საიდუმლო ვითარებაში, დახურულ კარს მიღმა ჩაიარა, თუმცა, შინაარსის გამოცნობა (ზემოთქმულიდან გამომდინარე), ძნელი არ არის – რასაკვირველია, საუბარი შეეხებოდა, ისევ და ისევ შევარდნაძის გუნდის მხარდაჭერას საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების დროს. ოღონდ, ამჯერად, ფინანსური კუთხით – ჯორჯ სოროსს ფულის გარდა, საერთოდ არაფერი აინტერესებს – იგი არა უბრალოდ გენიალური ფინანსისტია, არამედ ფანატიკოსიცაა თავისი საქმის, რომელიც გულწრფელად უყვარს (მილიარდერობა სულაც არ გამორიცხავს საქმის სიყვარულს), მაგრამ ამჯერად ჯორჯ სოროსს, რომელსაც თითქმის არანაირი ფინანსური ინტერესი არა აქვს (არ ჰქონდა) კონკრეტულად საქართველოში - შევარდნაძესთან შეხვედრა თეთრი სახლიდან სთხოვეს; «სატელეფონო უფლება» კი ამერიკაშიც მოქმედებს. ოღონდ, ინტერესთა თანხვედრის საფუძველზე.
        ბუნებრივია, ჯორჯ სოროსი ედუარდ შევარდნაძეს «მოქალაქეთა კავშირის» საარჩევნო კამპანიის საწარმოებლად ფულს ვერ შეჰპირდებოდა (თუმცა, ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ევრაზიის გუნდის ინიციატივით გამართული შეხვედრისას ზურაბ ჟვანია ახსენა, როგორც ქართველ პოლიტიკოსთა ახალი თაობის წარმომადგენელი), მაგრამ შევარდნაძისა და მმართველი პარტიის ფინანსური მხარდაჭერა შეიძლება გამოიხატებოდეს საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახალ კრედიტებში, ენერგეტიკულ დახმარებაში, ინვესტიციების დაზღვევაში და ა.შ.
        ამით, ხელისუფლებას ექმნება საშუალება, გადაწყვიტოს სოციალ-ეკონომიკური პრობლემები და მიიმხროს ამომრჩეველი;
        სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, მიშელ კამდესიუს ჩვენთან აქვს დიდი გული, თორემ სოროსი და «სიტი გრუპი» ერთს თუ «შეუძახებენ» - მაგიდის ქვეშ შეძვრება.
        უოლ სტრიტს, ამ თვალსაზრისით, გაცილებით მეტი გავლენა აქვს, ვიდრე თვით პრეზიდენტის ადმინისტრაციას – ამერიკის პრეზიდენტსაც და სავალუტო ფონდსაც, ბოლოს და ბოლოს, სწორედ უოლ სტრიტი უხდის ხელფასს.
        უნდა ითქვას, რომ ედუარდ შევარდნაძემ ამ ვითარებით საკმაოდ ოსტატურად ისარგებლა. ამერიკაში იგი სულაც არ იქცეოდა, როგორც «პენსიონერი პოლიტიკოსი». იგი თავსაც არავის აბეზრებდა წარსულის შეხსენებით, არამედ ადასტურებდა: საქართველოს პრეზიდენტი იმ ქვეყნის ხელმძღვანელია, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების «დიდ გეოპოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე» მხოლოდ პაიკის როლის შესრულება როდი შეუძლია – გაცილებით მეტიც ძალუძს.
        თუ შევარდნაძის ვიზიტის მიზანი იყო ვაშინგტონის მხარდაჭერის მიღება საარჩევნო ციკლის დროს, - შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ოღონდ კიდევ ერთხელ უნდა გაესვას აზი, რომ «ამერიკის მხარდაჭერა» არ ნიშნავს დახმარებას საარჩევნო პლაკატების ბეჭდვაში, არამედ გულისხმობს კონკრეტულ, ფართომაშსტაბიან მხარდაჭერას პოლიტიკური და ეკონომიკური, მათ შორის, სოციალური პრობლემების გადაწყვეტისას.
        გუშინ ედუარდ შევარდნაძე შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრეზიდენტს, მიშელ კამდესიუს, რომელსაც უკვე დაეტყო «პოლიტიკური შეკვეთა» - ყოველ შემთხვევაში, საქართველო უახლოეს მომავალში მიიღებს სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ახალ კრედიტებს.»
        «მხარდაჭერა» სწორედ ამას ნიშნავს. როგორც იქნა, თეთრმა სახლმა აგრძნობინა სავალუტო ფონდის ბიუროკრატებს, რომ თუ იგი ეხმარება კორუფციასა და სრულ მარაზმში ჩამპალ რუსეთს, რომელიც მისგან ფულს იღებს; ამ ფულით ეხმარება სერბებს, უპირისპირდება ნატოს; შემდეგ ნახევრადოფიციალურად, კრიმინალური ბანდების მეშვეობით, რეცხავს იმავე ფულს «თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში» და ეკონომიკაში ინვესტირების ან თუნდაც ხელფასებად დარიგების ნაცვლად, ბორის ელცინის აპარტამენტებში მოოქროვილი უნიტაზების დასაყენებლად ხარჯავს - მით უმეტეს, უნდა დაეხმაროს საქართველოს, რაკი ამჟამად შევარდნაძის ადმინისტრაცია ნამდვილად პროდასავლურ კურსს ადგას.
        სხვა კურსი უბრალოდ, აღარც არსებობს, ვინაიდან დღევანდელ რუსეთზე მხოლოდ გიჟი ან მანიაკი შეიძლება იყოს ორიენტირებული.

7 დღე, 27 სექტემბერი, 1999 წელი