საერთაშორისო მიმოხილვა. 22 თებერვალი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 22 თებერვალი. 2025 წელი

საოცრებებს აკეთებს ტრამპი.

რბილად რომ ვთქვათ „საოცრებებს“.

გამოქვეყნდა G7 (აშშ, გერმანია, კანადა, იტალია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი) ლიდერთა კომუნიკე, საიდანაც ტრამპისა და მისი სახ.მდივან რუბიოს დაჟინებით ამოღებულია (თავდაპირველ ვარიანტში იყო და ამოღებულია-დ) შემდეგი პუნქტები

 ა) რუსეთი აგრესორია და უკვე სამი წელია ახორციელებს აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ

ბ) გაქრა პუნქტი უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების ლეგიტიმურობის  შესახებ

გ) გაქრა პუნქტი რუსულ ნავთობზე ზღვრული ფასების შენარჩუნების აუცილებლობაზე.

არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ვითომდაც,  On The Ground....ანუ  იმ თვალსაზრისით თუ რა გავლენას იქონიებს ეს ცვლილებები ფრონტის ხაზზე.

რა თქმა უნდა თითქოს ამით ბევრი არაფერი შეიცვლება.

მაგრამ ჯერ ერთი, უკრაინის რწმენა მხარდაჭერის თაობაზე და მეორეც, ევროატლანტიკური სოლიდარობა დგება ეჭვქვეშ.

იოლად ხომ არ დაეთანხმებოდნენ ევროპელები ტრამპის მოთხოვნებს?

არა.

მაშასადამე ტრამპი მათ დაემუქრა, რომ პირველად ისტორიაში „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას ხელს არ მოწერდა.

ეს ინსტიტუტი (G7) „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ ძალიან მნიშვნელოვანი იყო სწორედაც ევროატლანტიკური სოლიდარობის თვალსაზრისით.

მთელი მსოფლიოსთვის იგი მანიფესტირებდა დასავლური, ევრო-ატლანტიკური ცივილიზაციის ძლევამოსილებას, ერთიანობას და ა.შ.

G7 არ არის  მხოლოდ ეკონომიკური გაერთიანება და არც მხოლოდ GDP-ს ოდენობის ნიშნით შექმნილა.

მისი ავტორიტეტის დაკნინება ისევ და ისევ აგრესორი პუტინის წისქვილზე ასხამს წყალს და მას აძლიერებს.

 

 

თანაც, საბოლოოდ რისი იმედი აქვს ტრამპს ან რა გათვლა აქვს ბოლოს და ბოლოს  მართლა გაუგებარია: G7 დასუსტება ამერიკის გლობალურ ლიდერობასაც ასუსტებს ხოლო პუტინი, ამგვარი „კუდის ქიცინით“ არაფრის დათმობას არ აპირებს.

საერთოდ არაფრის.

რა მიზნებიც ჰქონდა იმავეს ინარჩუნებს და მხოლოდ რამდენიმე წლით თუ გადადებს უკრაინის განადგურებას.

 

„კონსერვატიულ პოლიტიკურ ქმედებათა კონფერენციაზე“ Conservative Political Action Conference (GPAC), რაც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა „რესპუბლიკური“, „მემარჯვენე“, ზოგადად „კონსერვატიული“ ძალებისთვის, აშშ კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ პალატის რესპუბლიკური უმრავლესობა არ დაუჭერს მხარს უკრაინისთვის ახალი ფინანსური დახმარების შესახებ კანონის მიღებას.

წინა „პაკეტი“ დახმარებისა, რაც ბაიდენმა გაიტანა 61 მილიარდი დოლარის ოდენობით, თანდათან იწურება.

თითქმის ამოწურულია.

„დემოკრატები“ კონგრესში ცდილობენ ახალი პაკეტი შეიმუშაონ, მაგრამ ტრამპმა და მისმა მორჩილმა უმრავლესობამ ქვედა პალატაში  მაშინვე „შეუძახეს“ ამ ფორმით.

ყველაზე სამარცხვინო კი ის არის, რომ მას შემდეგ, რაც ჯონსონმა ამგვარი  განცხადება გააკეთა, გადახედა დარბაზში  GPAC საკრებულოს და პერფორმანსიც კი მოაწყო ანტიუკრაინული:

„აბა ვინ ხართ მომხრე უკრაინას კიდევ დახმარება გაუწიოს ამერიკამო“ და....ანტიუკრაინულ სტვენას მიაღწია.

ამგვარ ანტიუკრაინულ პერფორმანსებს დაუფასებს ვითომ ტრამპს პუტინი?

 

ზუსტადაც აქ უნდა აღვნიშნოთ კიდევ ერთხელ, რომ დასავლეთში კვლავინდებურად ბევრი სპეკულაციაა იმაზე, რა „კომპრომატი“ აქვს პუტინს ტრამპზე?

სერიოზული რესურსები ამაზე არ სპეკულირებენ. იმიტომ, რომ „ხელში არ უჭირავთ“ სამხილი.

თუმცა  „ყვითელი მედია“, რომელსაც „სოლიდურობის“ და „რესპექტაბელობის“ ნაკლები ამბიცია აქვს (შესაბამისად, ბევრი არაფერი აკავებს), ნამდვილად წერს ჯიუტად, რომ როდესაც დაახლოებით 2013 წელს ტრამპი მოსკოვში ჩავიდა ბიზნესმენის რანგში, ელიტური სასტუმროს იმავე ნომერში გაჩერდა, სადაც 3 წლით ადრე საპრეზიდენტო წყვილი, ბარაკ და მიშელ ობამები იყვნენ გაჩერებულნი.

თითქოსდა ტრამპმა „ესკორტის გოგონები“ გამოიძახა იმ ნომერში. და პუტინის სპეცსამსახურებმა გადაიღესო.

ბუნებრივია, იმ ნომერში სათვალთვალო კამერები (თუ ეს მართალია) ტრამპისთვის დააყენეს, რადგან აშშ პრეზიდენტ ობამას იმავეს რუსული სპეცსამსახურები ვერ გაუბედავდნენ: Secret service ყველა ნომერს ამოწმებს სკრუპულოზურად, სადაც ამერიკის პრეზიდენტი უნდა გაჩერდეს და ეს მათ არ გამოეპარებოდათ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბიზნესმენი დონალდ ტრამპი პირველად მოსკოვში მოხვდა 1987 წელს. ივლისში. სასტუმრო კომპლექს Интурист-ის რენოვაციას გეგმავდა რიჟკოვის მთავრობასთან ერთად, მაგრამ პირობებზე ვერ მოილაპარაკეს.

1996 წელს მეორედ ჩავიდა მოსკოვში კომპანია US Tobacco-სთან ერთად; აპირებდა კვლავ ელიტური საცხოვრებელი კომპლექსის აშენებას. და ბიზნეს ცენტრის.

ინვესტიცია 300 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო. არ გამოვიდა.

1997 წელს ტრამპი კვლავ ჩამოვიდა მოსკოვში, შეხვდა ზურაბ წერეთელს და შესთავაზა მანჰეტენზე ქრისტოფერ კოლუმბის უზარმაზარი ქანდაკების აგება.

იმ დროს ამერიკა კონტინენტის აღმოჩენის 500 წლისთავისთვის ემზადებოდა.

მოსკოვურ პრესაში, რომელიც ზურაბ წერეთელს, როგორც „ამპარტავან გრუზინს“ არასდროს სწყალობდა, ბევრს წერდნენ „წერეთელი მანჰეტენზე უზარმაზარი პინგვინის დადგმას აპირებსო“ – „პეტრე პირველის“ ძეგლი ვერ მოინელეს Москва-река-ს სანაპიროზე, რომელიც ნამდვილად სიმახინჯეა.

2013 წელს ტრამპმა მოსკოვში დააორგანიზა მისი კუთვნილი Miss Universe ქალთა სილამაზის კონკურსი.

რუსმა მილიონერმა აგალაროვმა ტრამპს მაშინ 14 მილიონი დოლარი პირადად გადაუხადა (!!!).

აი ეს თანხა ნამდვილად იწვევს კითხვებს.

 იმიტომ კი არა, რომ ტრამპმა ფული ფარულად აიღო.

არა რასაკვირველია.

დეკლარირებული თანხა იყო - -  მრისხანე ამერიკულ „საგადასახადოს“ ან იმავე FARA-ს ტრამპი რას დაუმალავდა?

„დადეკლარირებული თანხა“ კი იყო, ოღონდ.....აი მისი ადეკვატურობა და მიზნობრიობა კი ნამდვილად კითხვებს იწვევდა და იწვევს ახლაც.

 

ბრიტანული Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე, ჯერ კიდევ საუდის არაბეთში შეხვედრამდე, ჟენევაში მიმდინარეობდა საიდუმლო კონსულტაციები ვაშინგტონსა და რუსეთს შორის უცნაურ ფორმატში: მონაწილეობდნენ პუტინის და ტრამპის მრჩევლები, თანაშემწეები, სფიჩრაიტერები და ა.შ რომლებიც მანამდე დაკავშირებულნი იყვნენ სპეცსამსახურებთან....ანუ სადღაც მეორე-მესამე რანგის სტაფერები თითქოს....

ოღონდ კომპეტენტური წყაროები (Reuters მაინც სხვა დონეა!) აღნიშნავენ, რომ სწორედ ამ კონსულტაციებისას მომზადდა ერ რიადის შეხვედრა.

საუდებთან შეხვედრის შემდეგ აშშ სახმდივანმა მარკ რუბიომ რუსეთს „გლობალური ზესახელმწიფო“ უწოდა. რას გულისხმობდა?

ბოლოს და ბოლოს როდემდე უნდა ილაპარაკონ ამერიკელებმა, რომ რუსეთი არის Global Super Power?

რა ნიშნით არის?

ტერიტორიით და წიაღისეულით?

განა ეს საკმარისია ამ სტატუსისთვის?

ბირთვული იარაღით?

ბირთვულ იარაღს რაც შეეხება, ნამდვილი ამბავია, რომ დიდმა მარგარეტ ტეტჩერმა, „ცივი ომის“ დროს, სსრკ-ს (ანუ მოსკოვს) უწოდა „ზემო ვოლტა ბირთვული რაკეტებით“ .

ზემო ვოლტა (დღეს სახელმწიფო სახელად ბურკინა ფასო) არის აფრიკის უღარიბესი, გაძვალტყავებული ქვეყანა.

„პერესტროიკა“ რომ დაიწყო მოსკოვმა გორბაჩოვის დროს, აშშ-სსრკ-მ მოილაპარაკეს ბირთვულ განიარაღებაზე და რუსი კომუნისტების ანუ დერჟავნიკების ლიდერმა გენადი ზიუგანოვმა თქვა: რატომ ვთმობთ ბირთვულ იარაღს? ერთადერთი ეს გაგვაჩნია  არგუმენტად თორემ...თუ ბირთვულ იარაღს დავთმობთ, მაშინ დაგვიძახებენ უბრალოდ „ვერხნაია ვოლტას“. ახლა ვართ „Хотя бы Верхняя волта c ракетами .... а станем просто Верхняя волта ......“

ვერ “გამოისყიდა“ დასავლეთმა IMF-ით რუსული ატომური ბომბები ვერასგზით მას შემდეგ. ესაა პრობლემა!

თორემ წიაღისეული სხვაგანაც ბევრია.

 

კარგი და დამაიმედებელი ამბავი ისაა, რომ დონალდ ტრამპი 9 მაისს მოსკოვში არ ჩავა!

 ამჟამად პუტინის რეჟიმი ემზადება Великая отечественная война – ში გამარჯვების 80 წლისთავისთვის.

თუ გავითვალისწინებთ პუტინის რეჟიმის თვისებრიობას, ეს და ამგვარი „სიმბოლოები“ მისთვის ძაააალიან მნიშვნელოვანია.

გრანდიოზული ზეიმი დაორგანიზდება, რათა ჯერ ერთი საკუთარ მოქალაქეებს „შეუფუცხუნუნ“ ნაციონალისტურ-იმპერიულ-დერჟავნიკული მოტივაციები, კიდევ ერთხელ აჩვენონ ტელევიზიებით, როგორ უყრიდნენ ფერხთით მავზოლეუმზე მდგარ იმპერატორ სტალინს დამარცხებულ ტევტონთა დროშებს და მეორეც, აქციონ ეს „80 წლისთავი“ გლობალური მნიშვნელობის ღონისძიებად.

ამ დროს იქ ჩასვლა ალბათ ტრამპისთვისაც კი მეტისმეტი იქნება.

თუმცა ზუსტად არავინ იცის უკანასკნელ მომენტუმში რა „მოუვლის“....

გარდა ამისა, საინტერესოა ვინ ჩავა მოსკოვში 9 მაისს?

უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთის ფიცო...... შესაძლებელია.

მაგრამ სერიოზული ევროპული სახელმწიფოებიდან - ალბათ არავინ სხვა.....

სხვა კითხვები ბევრად რელევანტურია ამჟამად: ჩინეთის სი ძინპინი ჩავა? პუტინს ძალიან კი უნდა ჩავიდეს მაგრამ ჩავა კი?

BRICS ( ბრაზილია, ინდოეთი, სამხრეთ აფრიკა.....) ლიდერები ჩავლენ? „საგარეოებს“ გააგზავნიან ალბათ, თუმცა თავად ჩავლენ?

СНГ (დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის) ლიდერები ჩავლენ?

სომხეთი ჩავა?

აზერბაიჯანი (ბოლო დროს არ უგინებია ალიევს პირდაპირ პუტინი თორემ თავზე „დაასხა“ ბოლომდე) ჩავა?

ყაზახეთი ჩავა?

ლუკაშენკო კი ჩავა, მაგრამ ლუკაშენკო ისედაც „ხელზე ჰყავს მიჩვეული“.......

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

დღეს ტერორისტულმა ორგანიზაციამ „ჰამას“, წესით და შეთანხმებით, უნდა გაათავისუფლოს 6 ისრაელელი მძევალი ასეულობით არაბის სანაცვლოდ, რომლებსაც ისრაელის ციხეებიდან გამოუშვებენ.

ასეთია შეთანხმება.

 თუმცა ტერორისტები შეთანხმებებს არღვევენ.

გუშინ ისრაელის არმიამ „ცახალ“ განაცხადა, რომ ცხედარი, რომელიც ტერორისტებმა ვითომდაც დააბრუნეს და თქვეს, თითქოს 7 ოქტომბერს გატაცებული ქალბატონი შირი ბიბასია, სინამდვილეში შირი ბიბასი არ არის. ვიღაც სხვა ქალის ცეხდარია. გენეტიკურმა ექსპერტიზამ დაადგინა - სხვაა. თუმცა ამოცნობადი არ იყო. დიდი ხნის გარდაცლილია.

 მისი პატარა შვილების ცხედრები კი ნამდვილად ისინი არიან. ერთად გაიტაცეს ტერაქტის დროს.

განსაკუთრებით ცინიკური ისაა, რომ ოჯახის მამა, იარდენ ბიბასი, რომელიც იმავე დღეს გაიტაცეს, გადარჩა, რაკი ცალკე ჰყავდათ დატყვევებული და უკვე გაიცვალა კიდეც.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

კომედია:

რუსულ „გოსდუმაში“ სპეციალურ კანონს იღებენ -  „სამხრეთ ოსეთმა“ ის პენსიები დაგვიბრუნოს, რაც უკვე გარდაცვლილ ოს პენსიონერებს გადაუხადა რუსეთმა და რომელთა სიკვდილის შესახებ არ შეგვატყობინეს - წლობით გვარიცხინებდნენ ფულს გარდაცვლილ პენსიონერზე და მისი ახლობლები იღებდნენ „ცხინვალის ბანკშიო“ .