უკრაინა – შემდეგი მსხვერპლი?

უკრაინა – შემდეგი მსხვერპლი?

    დიკ ჩეინისთან შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტმა იუშენკომ განაცხადა, რომ რუსეთის შავი ზღვის ფლოტი, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე (ყირიმშია) დისლოცირებული, საფრთხეს უქმნის უკრაინის დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას.
    ესოდენ მკვეთრი განცხადება თითქოს «ჩაიკარგა» სხვა დედაქალაქებში რუსეთის ანტიქართული აგრესიის თაობაზე მჟღერი განცხადებების ფონზე, მაგრამ თვით უკრაინული პოლიტიკისათვის ამგვარი ერთმნიშვნელოვანი ბრალდება ბოლო დრომდე სრულიად უცხო იყო.
    საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიევი ბევრად უფრო დიპლომატიურად ირჯებოდა რუსეთის მიმართ, ვიდრე თბილისი, მაგრამ კრემლის ანტიქართულმა აქციამ ინტერესთა მრავალი კონფლიქტი გამოიყვანა ლატენტური მდგომარეობიდან და მრავალ პროცესს «შავ-თეთრი» შეფერილობა შესძინა.
    ანუ მოსკოვმა იმას მიაღწია, რომ ევროპა და მსოფლიო კვლავ დაიყო «ბანაკებად». ოღონდ იმ განსხვავებით, რომ თუ გასულ საუკუნეში სსრკ-ს ბანაკში ათეულობით სრულფასოვანი სახელმწიფო თუ კრემლის სატელიტი იყო, ამჟამად მოსკოვის ბანაკში მოიაზრებიან ტერორისტული ორგანიზაცია «ჰამასი» და სამხრეთ ამერიკელი «შემოდგომის პატრიარქი» დანიელ ორტეგა.
    სომხეთმა, ბელორუსმა, ტაჯიკეთმა, უზბეკეთმა და ყაზახეთმაც კი, რომლებიც რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირეებად ითვლებიან, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებები კი გააკეთეს, მაგრამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას მაინც არ ჩქარობენ.
    მიზეზი გასაგებია: დამოუკიდებლობის ცნობის შემთხვევაში, ისინი უმალვე დსთ-ს წევრებადაც უნდა აღიარონ. ზემოთჩამოთვლილ ქვეყნებს კი სულაც არ ეპიტნავებათ «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» გაფართოება მიკროსკოპული კვაზისახელმწიფოების ხარჯზე და ამ გზით მათთან გათანაბრება(!) მაშინ, როდესაც მაგალითად ყაზახეთი თავს ლამის რეგიონულ ზესახელმწიფოდ მიიჩნევს.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, ნურსულთან ნაზარბაევს არ ახარებს დსთ-ს მომავალ სამიტებზე ედუარდ კოკოითთან და სერგეი ბაღაფშთან ერთ მრგვალ მაგიდასთან მისხდომის პერსპექტივა.

    შესაბამისად, დღეს რუსეთის მთავარი მიზანი (რაც მოსკოვში უფრო რეალისტურად მიიჩნიეს, ვიდრე ცხინვალისა და სოხუმის საყოველთაო აღიარება) საქართველოში აპრობირებული ტექნოლოგიის სხვა მეზობელ ქვეყნებზე გავრცელებაა.
    ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ «რუსეთი ყველაფერს იღონებს, რათა საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრებას ხელი შეუშალოს».
    სხვათა შორის, ეს თავხედური განცხადება პირველი ნიშანი უნდა ყოფილიყო რუსეთის მზადყოფნისა – თუნდაც მთელ მსოფლიოს გადაჰკიდებოდა, ოღონდ კი უკრაინა და საქართველო საკუთარი გეოპოლიტიკური სივრციდან არ დასხლტომოდა.
    თბილისში კი აშკარად იმედოვნებდნენ, რომ მოსკოვს «კეთილგონიერება დაუშლიდა» ახალი ცივი ომის დაწყებაზე არ წასულიყო, რომელიც უდიდეს დანაკარგებს მოუტანს ამ ქვეყანას.
    თუმცა ნაციონალისტურ-იმპერიულ საფუძველზე ერის კონსოლიდაციის ცდუნება კრემლის ბინადართათვის დაუძლეველი აღმოჩნდა, ხოლო კონდი რაისთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება They will never stop (ისინი აღარასოდეს შეჩერდებიან) არა მხოლოდ რუსული იმპერიალიზმის მოწინააღმდეგეთა სლოგანად იქცა, არამედ უკრაინაში ამჟამად მიმდინარე პროცესებით დადასტურდა.
    ერთი შეხედვით, თითქოს «შეუჩერებლობის» ესოდენ აშკარა დემონსტრირება და იმის დადასტურება, რომ საქართველო გამონაკლისი სულაც არ არის (როგორც პუტინ-მედვედევის ტანდემი აცხადებს) მოსკოვისთვის ხელსაყრელი არ უნდა იყოს, მაგრამ კრემლისა და სმოლენსკის მოედნის ბინადართ აშკარად ძალიან ეშინიათ, რომ რაკი უკრაინა ჯერ სახელმწიფოებრივად არ დაუნგრევიათ, საქართველოს მაგალითმა შეიძლება კიდეც დააჩქაროს ამ ქვეყნის მიღება ნატოში. ან, როგორც მინიმუმ, დეკემბერში მისთვის «გზამკვლევის» მინიჭება - ჩრდილოატლანტიკური კავშირის მორიგ მინისტერიალზე.
    მართლაც, თუკი საქართველოს შემთხვევაში კიდევ არსებობდა არგუმენტი, რომ ქვეყანას ორი კონფლიქტური რეგიონი აქვს, - უკრაინის იურისდიქცია სრულად ვრცელდება ყირიმშიც კი, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი დგას – ყირიმის საზღვრებს მთლიანად აკონტროლებს უკრაინის სასაზღვრო უწყება, ერთადერთ ვალუტად აღიარებულია გრივნა, უკრაინის პროკურატურას კი ამ ტერიტორიაზე ნებისმიერი კანონიერი მოქმედების განხორციელება ძალუძს.
    ნატოს კლასიფიკაციით ეს უმთავრესი პირობებია ამა თუ იმ სახელმწიფოს სრულქმნილობის დასადასტურებლად.
    შესაბამისად, რუსეთი ყოველნაირად ცდილობს, თუ ახალ კონფლიქტს ვერ შექმნის, ყოველ შემთხვევაში, მისი შესაძლებლობა და საშიშროება მაინც გამოკვეთოს.
    სწორედ ამ მიზნით, ყირიმში რუსულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც რა თქმა უნდა მოსკოვიდან ფინანსდებიან, ბოლო დროს პროვოკაციულად დაიწყეს რუსული პასპორტების ფარული დარიგება ისევე, როგორც მოსკოვი ამას აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში აკეთებდა 90-იან წლებში.
    უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანატოლი ოგრიზკომ პირდაპირ განაცხადა გერმანული გაზეთისათვის მიცემულ ინტერვიუში, რომ «რუსეთი ფარულად ამრავლებს ყირიმში თავის მოქალაქეებს, რათა შემდგომ, მათი დაცვის მოტივით, უკრაინაშიც ისევე იმოქმედოს, როგორც საქართველოში».
    რაც მთავარია, ყირიმში რუსეთის მოქალაქეთა აღრიცხვა ვერ ხერხდება. უკრაინის კანონმდებლობა კრძალავს ორმაგ მოქალაქეობას, მაგრამ რუსეთის მოქალაქეები ჯერ-ჯერობით არ ააშკარავებენ თავიანთ რუსულ პასპორტებს – ამას მხოლოდ მაშინ გააკეთებენ, როდესაც კრემლიდან შესაბამის სიგნალს მიიღებენ, ხოლო რუსი პოლიტიკოსები და პროპაგანდისტები კვლავ დაიწყებენ დემაგოგიურ აპელირებას «ადამიანის თავისუფალი არჩევანის უფლებაზე».
    შემდეგ მოხდება შეტაკების პროვოცირება, ყირიმის უმაღლესი საბჭოს მიერ სეპარატისტული გადაწყვეტილებების მიღება, ხოლო რუსეთს ნახევარკუნძულზე ჯარის შეყვანა არ დასჭირდება, რადგან იქ არათუ სამშვიდობო ბატალიონი, (როგორც სამხრეთ ოსეთში) არამედ მთელი ფლოტია დისლოცირებული – საზღვაო ქვეითთა მთელი კორპუსით, რომელსაც ძალუძს 5 წუთში გააკონტროლოს სევასტოპილი – მით უმეტეს მისდამი რუსული მოსახლეობის ლოიალობის გათვალისწინებით.
    ყირიმში უკრაინული არმიაც დგას. მაგრამ რა ამით? განა ქართული ბატალიონი არ იდგა «სამხრეთ ოსეთში?»
    ამ ტექნოლოგიის ნიშნები უკვე აშკარაა და იგი სრული ძალით ამოქმედდება უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების შემთხვევაში.
    ფიგურალურად თუ ვიტყვით, რუსეთი მშვიდ, განაზებულ და კომფორტულ ევროპას ეუბნება: გავეშებული დათვი ვარ და ყველაფერზე წამსვლელი – გინდათ და გაწყობთ ეს?
    არადა, ევროპაში ისიც კარგად ესმით, რომ უკრაინა-რუსეთის ომი (თუ დაიწყო) ექვს დღეში ნამდვილად არ დამთავრდება და შეიძლება ტაქტიკური ატომური იარაღის გამოყენებამდეც მივიდეს საქმე. ესე იგი, რაც უფრო მეტი სტატია გამოქვეყნდება პუტინისა და მედვედევის «მანიაკალურობისა და სიგიჟის» თაობაზე, მით უფრო დაშინდება კარტეზიანული ევროპა.
    რუსეთი კი მას «გამოსაძრომს» უტოვებს, ანუ თავის სამართლებელ საბაბს: მართლაც, იქნებ იუშენკოს მისწრაფება და «უკრაინელი ერის» იდენტობის მისეული პროექტი სულაც არ გამოხატავს საზოგადოების უმრავლესობის მისწრაფებას?
    განა საკამათოა, რომ ვიქტორ იანუკოვიჩს ათეულობით მილიონი უკრაინელი უჭერს მხარს? მის მიღმა კი უკრაინის ზემძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი დგას, რომელიც სისხლხორცეულად მიბმულია რუსეთზე.
    ამ ვითარებაში პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს დაპირისპირება ვიქტორ იუშენკოსთან (2010 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოების კვალობაზე) ტაქტიკურ ხასიათს ატარებს და «ნარინჯისფერი რევოლუციის» იდეალთა გადარჩენას ისახავს მიზნად.
    ანუ, იულია ტიმოშენკო – ვიქტორ იუშენკოს იმავე მიზნით უპირისპირდება, როგორც «ვარდების რევოლუციის» მონაწილე ზოგიერთი პარტია (მაგალითად «რესპუბლიკელები») – მიხეილ სააკაშვილს: რათა სათავეში მოექცეს რევოლუციური იმედგაცრუების შედეგად წარმოქმნილ პროტესტულ ტალღას, წაიყვანოს იგი «სწორი მიმართულებით» და არ დაუშვას მისი «არასწორი მიმართულებით» წასვლა ანუ ჩაანაცვლოს ვიქტორ იუშენკო, რათა გადაარჩინოს პროდასავლური კურსი და ეს კურსი თავად გაატაროს.
    ამავე ტექნოლოგიის გამოყენებას უახლოეს მომავალში ნინო ბურჯანაძეც შეეცდება და იგი ისევე ვერ იქნება «პრორუსული», როგორც იულია ტიმოშენკო.
    რაც შეეხება უკრაინის პრემიერ - მინისტრის მხრიდან საქართველოში რუსეთის აგრესიის თაობაზე დაკავებულ თითქოსდა უცნაურ პოზიციას – ეს არა ტიმოშენკოს «პრორუსულობის» არამედ იმავე ტექნოლოგიის გამოვლინებაა, რომლითაც ქალბატონი პრემიერი პრეზიდენტ იუშენკოსაგან ტაქტიკურ გამიჯვნას ცდილობს.
    მან ძალიან კარგად იცის, რომ უკრაინელთა მნიშვნელოვან ნაწილს არ მოეწონა იუშენკოს აქტიურობა საქართველოში კრიზისის დროს, რაკი მასა დარწმუნებულია (ეს ნებისმიერი მასის თვისებაა) რომ «აუტკივარი თავი არ უნდა აიტკივოს»; «უკრაინას არ შეეხება» და მისი ქვეყნის ჯერი არ მოვა. ანუ «Моя хата с краю – я ничего не знаю».