საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ნოემბერი. 2024 წელი

მსოფლიოს მთავარი ვალუტის, ბიტკოინის ფასი $100 000 მიუახლოვდა.

ამ დილით იყო $99 500. და ალბათ გადალახავს ამ ძალიან მნშვნელოვან ფსიქოლოგიურ ზღვარს.

პირველად ისტორიაში.

ასე ძვირი ბიტკოინი არასდროს ყოფილა.

„აშენდა“ და „აყვავდა“ ხალხი, ვინც 10 წლის წინ თავისი კაპიტალი ან მისი მნიშვნელოვანი ნაწილი ბიტკოინში გადაიტანა.

ზოგიერთის მოგებამ შესაძლოა 1 000%-ს მიაღწიოს.

სპეციალისტები როგორც არასდროს ისე ერთსულოვანნი არიან იმაზე მსჯელობისას, თუ რამ განაპირობა ეს ზრდა.

აღმასვლა დაიწყო 6 ნოემბრიდან ანუ დონალდ ტრამპის ტრიუმფიდან მეორე დღესვე, რასაც აქვს ორი სისტემური მიზეზი:

ა) დონალდ ტრამპი მთელი მისი საარჩევნო კამპანიის განმავლობაში დადებით მესიჯებს აჟღერებდა კრიპტოინდუსტრიის მიმართ

ბ) მის გუნდში უამრავი პერსონაა, რომელიც ან აქტიურად მუშაობდა კრიპტოინდუსტრიაში ან მჭიდრო ურთიერთქმედება აქვს ამ ინდუსტრიასთან ამჟამადაც.

 გარდა ამისა, გერი გენსლერი, რომელიც ამერიკის „ფასიანი ქაღალდების და ბირჟების“ კომისიას ხელმძღვანელობს და სასტიკად ეომებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში „კრიპტო-ინდუსტრიას“, 20 იანვარს გადადგება. ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციისთანავე.

 არ არის გამორიცხული, ტრამპმა ამ კომისიის ხელმძღვანელად დანიშნოს ბრაიან ბრუქსი - Coinbase Global и Binance ყოფილი ტოპ-მენეჯერი.

ამასთან, ტრამპი გეგმავს პრეზიდენტის ოფისში სპეციალური საბჭოს შექმნას, რომელშიც შევლენ ამერიკული კრიპტოვალუტის ინდუსტრიის გიგანტები.

კიდევ უფრო მეტი: ტრამპის გარემოცვიდან გამოჟონილი ინფორმაციით, არ არის გამორიცხული მან დააინიციროს სახელმწიფოს რეზერვების ნაწილის (!!!) შენახვა კრიპტოვალუტაში.

განსხვავებით დოლარისგან, ამერიკის სახელმწიფო ბიტკოინს ვერ „დაბეჭდავს“. ეს მის ხელში არაა - უნდა იყიდოს ხომ?

და თუ ამერიკის სახელმწიფო ბიტკოინის ყიდვას დაიწყებს, ეს მას კიდევ უფრო გააძვირებს.

 

ჩამოთვლილი მესიჯები კრიპტოინდუსტრიამ მკაფიოდ აღიქვა და შედეგიც ცხადია.

თუმცა ამ აღქმამ მხოლოდ „დაბუსტა“ ანუ გააძლიერა, გააათმაგა და გააასმაგა ის დიდი, გლობალური სისტემური მიზეზი, რაც ზოგადად იწვევს კრიპტოვალუტის ზრდას მთელს მსოფლიოში.

ამ ზრდას იწვევს ზუსტად ის მიზეზები, რაც იწვევს მაგალითად ოქროს ან პლატინას გაძვირებას: კაპიტალის მფლობელები, ჯერ ერთი, ეძებენ უფრო უსაფრთხო დაბანდებას ხოლო „კრიპტო“ ლამის ისეთივე უსაფრთხოდ ითვლება უკვე, რაც ოქრო (ოქროც ხომ შეიძლება გაიაფდეს, თუმცა მაინც ხომ ყიდულობენ ფულის „შესანახად“?) და მეორე: პლანეტარული არასტაბილურობა, გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ტურბულენტობა ისეთ მასშტაბებს აღწევს, რომ თუნდაც ისეთ სანდო ვალუტაშიც კი, როგორიც დოლარი ან ევროა, ფულის „შენახვა“ სახიფათო ხდება.

განა ვინ იცის როდის რა ომი დაიწყება კიდევ, როდის რა სანქციები იქნება კიდევ და ასე შემდეგ

ამ ვითარებაში „კრიპტო“, მათ შორის პირველ რიგში ბიტკოინი, ხდება ერთის მხრივ „ფულის შენახვის“ საშუალება და მეორეს მხრივ ინვესტიცია, რაკი მისი ფასი მუდმივად ეცემა.

შეიძლება თუ არა „ჩამოემხოს“? ანუ ერთბაშად დაიქცეს, გაუფასურდეს?

ნაკლებ სავარაუდოა: ისეთი მძლავრი (თუნდაც აქ ჩამოთვლილი) ტრენდები მუშაობენ ბიტკოინის ზრდაზე.

ეს იგივეა, ვინმემ რომ თქვას, ოქრო ფასს დაკარგავსო.

ოქრო ფასს არასდროს დაკარგავს

შეიძლება გაიაფდეს. ოღონდ კატასტროფულად არ გაიაფდება და ფასი ნამდვილად ექნება.

ეს განასხვავებს ოქროს და კრიპტოვალუტას თუნდაც იმავე ნავთობისგან.

აი ნავთობი, ისტორიაში ბევრჯერ „დამხობილა“ 80-90%-ით და პირიქით.

მივაქციოთ ყურადღება, რომ ამერიკასა და კანადაში გაჩნდა სპეციალიზებული კრიპტო-ბირჟა exchange traded funds, ETF, რომელზეც შეიძლება NASDAQ ან NYSE ტრადიციულ ბირჟებზე გამოტანილი აქციებით ვაჭრობა.

 

ოღონდ.....ოღონდ....კრიპტოვალუტის სპეციალისტები მაინც აფრთხილებენ ინვესტორებს, რომ თვით საბაზრო ეკონომიკის ბუნებიდან გამომდინარე, აქ ციკლურობა გარდაუვალია.

ზრდა მუდმივი ვერ იქნება.

ზრდის ციკლს აუცილებლად შეცვლის შედარებით გაიაფების ციკლი.

ბიტკოინს ამ მხრივ საკმაოდ მკაცრად განსაზღვრული ქრონოლოგიური თავისებურება აქვს: 4 წლიანი ზრდისა და შემდეგ გაიაფების ციკლი

მაგალითად: 2013 წელს ბიტკოინი გაძვირდა $1200-მდე და მაშინ ამბობდნენ, „უი რა ძვირიაო“.

2017 წელს უკვე $20 000 ღირდა, მერე ქვემოთ წამოვიდა.

2021 წელს - $69 000.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

„თეთრ სახლში“ სპეციალური თათბირი ჩატარდა მას შემდეგ, რაც ამერიკის სპეცსამსახურებმა უტყუარად დაადგინეს:  ჩინეთმა „გატეხა“ ამერიკის უდიდესი მობილური ოპერატორების AT&T, Verizon და Lumen საიტები, კომუნიკაციები და თვეების განმავლობაში უსმენდა დონალდ ტრამპს, ასევე მისი ოჯახის წევრებს, ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატ ვენსს, ამერიკელ კონგრესმენებსა და სენატორებს.

ახლა ამერიკის სახელმწიფო ჰპირდება ოპერატორებს, რომ დაეხმარება მათ გააძლიერონ დაცვა.

„რაღა დროსიაო“ ამაზეა ნათქვამი ზუსტად

არ იციან რა და რამდენად ფასეული ინფორმაცია „მოიპარა“ ამ გზით პეკინმა

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ხშირად ვწერდით ამერიკის სახელმწიფო ვალზე, რომელიც მუდმივად იზრდება გუშინ მან მიაღწია 36 ტრილიონ დოლარს. უფრო ზუსტად $36,034,994,586,981. ამერიკის სახელმწიფო ვალი შედგება კერძო პირებისადმი, ამერიკის საპენსიო ფონდისადმი, ამერიკის კომპანიებისადმი და უცხო სახელმწიფოებისადმი დავალიანებისაგან. ძირითადად ეს არის ობლიგაციები, რომელსაც ემიტირებს აშშ ფინანსთა სამინისტრო ანუ ხაზინა ბიუჯეტის მიმდინარე ხარჯების დასაფარად.

 გაუგებარია, როგორ აპირებს ამ პრობლემის გადაჭრას ტრამპი, რომელიც მუდმივად აკრიტიკებდა ბაიდენს სახელმწიფო ვალის ზრდისთვის, რაც არ იყო ობიექტური კრიტიკა, რადგან ამერიკის სახელმწიფო ვალი მუდმივად იზრდება ბოლო 25 წელია და ვერც ერთმა პრეზიდენტმა ამას ვერაფერი მოუხერხა.

სტრატეგიული კოლოსალური საფრთხე ისაა, რომ ამან საბოლოო ანგარიშით შესაძლოა იმოქმედოს დოლარზეც.

დოლარი დღემდე ყველაზე სანდო ვალუტაა მაინც.

ოღონდ ის ამერიკელი მოღვაწეები და Deep state წარმომადგენლები, რომლებიც კრიპტოვალუტის ინდუსტრიის მოწინააღმდეგენი არიან, სწორედაც ამიტომ გამოდიოდნენ და გამოდიან კრიპტოს წინააღმდეგ, მათ შორის ბიტკოინისა, რომ საკმაოდ სერიოზულ კონკურენციას უწევს უკვე დოლარს, როგორც დაგროვების საშუალებას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

Washington Post (!) იტყობინება, რომ დონალდ ტრამპის გარემოცვის წევრებმა იჩხუბეს - ფიზიკურად დაუპირისპირდნენ;

კერძოდ ვაჭრობის მინისტრობის (მდივნობის) კანდიდატი ლატნიკი უცემია ტრამპის მრჩეველს ეფშტეინს.

მანამდე ეფშტეინს მასკთან უჩხუბია!

 სერიოზული კი არაფერი - კი არ დაასისხლიანეს ერთმანეთი, მაგრამ აგინეს და ხელის კვრები კი იყო.

ეს არ არის გასაკვირი დონალდ ტრამპის სტილიდან გამომდინარე.

მის გუნდში ახლა მიმდინარეობს ბრძოლა გავლენისათვის.

იტყობინებიან აგრეთვე, რომ ილონ მასკი დონალდ ტრამპის კაბინეტში მიიღებს მნიშვნელოვან პოსტს: სახელმწიფო მართვის ეფექტურობის დეპარტამენტის დირექტორი (DOGE)

ირკვევა, რომ ილონ მასკმა პირდაპირ ან ირიბად დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიაზე $100 მილიონი დახარჯა.

ბუნებრივია, ამ თანხას იგი აღიქვამს, როგორც „ინვესტიციას“  და მზადაა ბევრი რამ სანაცვლოდ მოსთხოვოს პრეზიდენტს.

პირველ რიგში მისი კოსმოსური ინდუსტრიის მხარდაჭერის მხრივ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

 ანგელა მერკელი აგრძელებს მავნებლობას: გუშინ განაცხადა, რომ უკრაინის კონფლიქტს საომარი გადაწყვეტა არ გააჩნია და აუცილებელია მოლაპარაკება რუსეთს, ამერიკას, ევროპას და უკრაინას შორის.

ტრამპიც ახსენა ამ კონტექსტში რასაკვირველია.

 არ არის გამორიცხული, დასავლური ელიტების იმ ნაწილმა, რომელიც უკრაინის ამა თუ იმ ფორმით „ჩაბარებისთვის“ მზადაა, სწორედ მერკელი გამოიყენოს ახლა „მომლაპარაკებლად“ და „შუამავლად“.

ეს ზოგადად დამახასიათებელია დასავლური დიპლომატიური კულტურისთვის, როდესაც მაღალი ისტორიული სტატუსის პერსონები ხდებიან „მომლაპარაკებლები“ და „შუამავლები“.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ფაქტია, რომ ირანის „საგარეომ“ ოფიციალური პროტესტი გამოხატა ყაზანში (ანუ რუსეთში) ორი ირანელი სტუდენტის დაკავების გამო მასობრივი ჩხუბის შემდეგ ქუჩაში.

მათ ბრალად ედებოდათ პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.

დაკავებული ირანელი სტუდენტები უკვე გაათავისუფლეს.

არ არის გამორიცხული, ირანის დემარში იმას უკავშირდებოდეს, რომ თეირანი არც ისე კმაყოფილია რუსეთის „პასუხით“ ირანის დიდი სამხედრო დახმარების გამო უკრაინის წინააღმდეგ.

 თეირანში მიაჩნიათ, რომ საპასუხოდ ბევრი ვერაფერი მიიღეს ისრაელის წინააღმდეგ!

ნამდვილად  „ვერ მიიღეს“..... იმიტომ, რომ თუ მოსკოვი მეტისმეტად გააბრაზებს ისრაელს, უკრაინას ისეთ იარაღს გადასცემენ, რაც ფრონტზე ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლის.