საერთაშორისო მიმოხილვა. 5 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 თებერვალი. 2024 წელი

ბაიდენის ადმინისტრაციას მწვავედ აკრიტიკებენ ამერიკაში იმის გამო, რომ მან წინასწარ განაცხადა ერაყსა და სირიაში  პროირანულ დაჯგუფებებზე დარტყმის შესახებ.

ამის შედეგად დარტყმები ისეთი შედეგიანი არ აღმოჩნდა, როგორც უნდა ყოფილიყო „შეკავების“ ფუნქციის შესასრულებლად. თუმცა ამერიკელებმა მთლიანობაში 85 სამიზნეს დაარტყეს და ყველა გაანადგურეს, ოღონდ ტერორისტები იქ უკვე აღარ იმყოფებოდნენ.

ახლა მთავარი თემაა, „დაარტყამს“ თუ არა ამერიკა ირანულ სამხედრო-სალოკავიო გემებს წითელ ზღვაში?

ეს გემები იემენელ ჰუსიტებს უსახავს მიზნებს, რათა ჰუსიტებმა გაუშვან რაკეტები ნავთობტანკერების და ამერიკული ან ბრიტანული ხომალდების მიმართულებით.

მიზანდასახულობის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა, ხოლო მიზანდასახულობას ახორციელებენ სწორედ ირანული სამხედრო-სალოკაციო გემები.

თუ ამერიკა და დიდი ბრიტანეთი შეუტევენ ამ სამხედრო-სალოკაციო გემებს ეს უკვე ირანზე პირდაპირი დარტყმა იქნება და გუშინ ირანის არმიამ გააფრთხილა ამერიკა, ასევე დიდი ბრიტანეთი: „მთელი ძალით გიპასუხებთო“

გუშინვე ირანის დახმარებით ჰუსიტებმა 12 დრონი ერთდროულად გაუშვეს ამერიკული სამხედრო ხომალდის წინააღმდეგ, თუმცა ამერიკელებმა ყველა ჩამოაგდეს.

ირანული სამხედრო-სალოკაციო ხომალდები, რაც ნიშანდობლივია, ჩინური ბაზის მიმდებარედ დისლოცირდებიდან  ზღვაში ანუ სპარსეთის ყურეში, ხოლო მოკავშირეებს (ამერიკელებს და ბრიტანელებს) რეგიონში აქვთ რიდი,  ჩინეთი არ დააზიანონ და „საბაბი“ არ შეუქმნან.

„ჩინურ ბაზაში“ ამერიკელები გულისხმობენ ირანულ პორტ ბენდერ-აბასს, სადაც ჩინეთმა დიდი ინვესტიციები „ჩაასხა“ და თავისთავად საინტერესოა, რომ ეს უდიდესი პორტი მნიშვნელოვან სამხედრო-პოლიტიკურ ფაქტორადაც იქცა მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს იქ მუდმივი სამხედრო კომპონენტი არა აქვს.

თუმცა ამ მასშტაბის ეკონომიკური „შეღწევა“ რეგიონში უეჭველად იწვევს სამხედრო-პოლიტიკურ შედეგებსაც და ეს კონფლიქტი ამას უეჭველად ადასტურებს: ირანული გემები უფრო აქტიურად და ლაღად მოქმედებენ სპარსეთის ყურეში რაკი იციან, რომ ამერიკელები და ბრიტანელები ერიდებიან ჩინეთის ჩართვას კონფლიქტში ამა თუ იმ ფორმით.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა (ლორდი კემერონი ყოფილი პრემიერ-მინისტრია) განაცხადა, რომ ირანი აუცილებლად აგებს პასუხს იემენელი ჰუსიტების მოქმედებებზე, რაკი სწორედ ირანმა გაწვრთნა და შეაიარაღა ისინი.

როგორც ხშირად მომხდარა ბოლო ნახევარი საუკუნის მანძილზე, დიდი ბრიტანეთი ყველა სამხედრო კონფლიქტში ამერიკის უერთგულესი მოკავშირეა და „ბოლომდე მიჰყვება“.

ბრიტანული ფლოტი, მართალია ამერიკულს ვეღარ შეედრება, თუმცა მაინც ანგარიშგასაწევი ძალაა.

მცირე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ფეთქებადსაშიში ვითარება ახლო აღმოსავლეთში დიდი ხანია არ ყოფილა: ერთი სამხედრო ინციდენტი აშორებს რეგიონს ძალიან დიდი ომისგან ირანის ჩართვით.

არიან ისეთი ანალიტიკოსები, ვინც თვლიან, რომ კარგიც იქნება, თუ ირანის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება; ეს ფუნდამენტალისტური სახელმწიფო მუდმივად „წამლავს“ რეგიონს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პრეზიდენტმა ზელენსკიმ დაადასტურა, რომ ფიქრობს (!) მთავარსარდალ ზალუჟნის შეცვლაზე. მას არ უთქვამს „ვფიქრობდიო“ - აწმყო დროში თქვა გუშინ იტალიურ პრესასთან ინტერვიუში.

ამავდროულად, აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯეკ სალივანი ამბობს, რომ ამერიკელებმა წინასწარ იცოდნენ ზელენსკისა და ზალუჟნის უთანხმოების შესახებ, რაც საბრძოლო ტაქტიკასა და სტრატეგიას ეხება: ზალუჟნი, ისევე როგორც ამერიკელები, ფრონტის ხაზზე თავდაცვითი ბრძოლების მომხრეა და არა ყირიმზე შეტევისა.

გუშინ ზალუჟნიმ უკრაინული არმიის ოფიციალურ გამოცემაში გამოაქვეყნა სტატია, რომელსაც არაფერი ეტყობა, რომ „წამსვლელი“ მხედართმთავრის დაწერილია.

სხვათა შორის ამ ტექსტში ზალუჟნი აღნიშნავს, რომ კონფლიქტი ისრაელსა და ღაზას შორის უეჭველად რუსეთის პროვოცირებულია, რათა „დაქსაქსოს“ დასავლური მხარდაჭერა უკრაინას;

ზალუჟნი ამბობს, რომ უკრაინამ რესურსები უნდა მიმართოს საკუთარი იარაღის წარმოებაზე, რადგან დასავლეთის დახმარება მარადიული ვერ იქნება. აქვე აღნიშნავს საინტერესო დეტალს: მსოფლიოში დენთის სერიოზული დეფიციტია; დენთის გარეშე კი ვერანაირი იარაღი ვერ იწარმოება. მათ შორის ვერც ბომბები და ვერც საარტილერიო ჭურვები;

ამ დებულებიდან უეჭველად გამომდინარეობს დასკვნა, რომ დასავლური ინდუსტრიები თუ არ „გადაეწყო“ საომარ რელსებზე, პუტინმა შეიძლება მოიგოს!

იმავე დევიდ კემერონმა ბოლო განცხადებებში ხაზი გაუსვა, რომ დასავლეთის ერთობლივი GDP ათჯერ აღემატება რუსეთისას;

ოღონდ  თუ არ მოხდა სამხედრო საჭიროებებზე დასავლური ინდუსტრიების „გადაწყობა“ იმ დონეზე, როგორც ცივი ომის დროს იყო, ეს უპირატესობა ქმედითი ვერ იქნება.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

9 თებერვალს გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი თეთრ სახლში შეხვდება პრეზიდენტ ბაიდენს.

ამ ვიზიტს უდიდესი მნიშვნელობა აქვს უკრაინის მიმართ ამერიკისა და ევროპის პოლიტიკური სტრატეგიის კოორდინაციის თვალსაზრისით.

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ბორის პისტორიუსი სულ უფრო ხშირად აკეთებს სენსაციურ განცხადებებს, რომლებიც მეტყველებენ, რომ გერმანულ პოლიტიკურ ელიტაში ნამდვილად იცვლება მრავალწლიანი მიდგომები რუსეთის, ასევე ომისა და მშვიდობის საკითხებისადმი.

პისტორიუსმა განაცხადა, მაგალითად, რომ გერმანია უნდა ემზადოს მრავალწლიანი კონფლიქტისთვის რუსეთთან, რაკი მოსკოვი, მისი აზრით, NATO-ს წევრ ქვეყანასაც დაესხმება თავს რამდენიმე წლის შემდეგ; გარდა ამისა, პისტორიუსს აშფოთებს ის, რომ საკმაოდ მაღალი ალბათობით, დონალდ ტრამპი დაბრუნდება თეთრ სახლში წლის ბოლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ აშშ კიდევ უფრო მეტად იზოლაციონისტურ პოლიტიკას გაატარებს, ხოლო გერმანია, როგორც ევროპის ლიდერი სახელმწიფო „უნდა ემზადოს არმიის გადაიარაღებისა და გაძლიერებისთვის“.

დიდი ხანია გერმანიიდან ასეთი განცხადებები არ მოგვისმენია.

სხვათა შორის, გერმანიის თავდაცვის ბიუჯეტმა შარშან პირველად შეადგინა GDP 2 პროცენტი, რასაც დონალდ ტრამპი განუწყვეტლივ ითხოვდა ბერლინისგან მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში და თეთრ სახლში შეხვედრისას, ამის გამო ხელიც კი არ ჩამოართვა კანცლერინ ანგელა მერკელს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში კონგრესი კენჭს უყრის ახალ კანონპროექტს ისრაელისთვის 17 მილიარდი დოლარის გამოყოფის შესახებ.

როგორც ცნობილია, თეთრმა სახლმა შეიმუშავა დახმარების ერთიანი პაკეტი 106 მილიარდი დოლარის ოდენობით უკრაინის, ისრაელისა და ტაივანისთვის. 

ამჟამად ამერიკელი კონგრესმენები ცდილობენ „გაყონ“ ეს პაკეტი და მხოლოდ ისრაელს გამოუყონ ფინანსური დახმარება, რასაც თეთრი სახლი ალბათ არ დაუშვებს: მაღალი ალბათობით, ეს „გაყოფილი პაკეტი“ ან სენატში დაიბლოკება, ან პრეზიდენტი ბაიდენი უბრალოდ ვეტოს დაადებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჯო ბაიდენმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოიგო პრაიმერიზი სამხრეთ კაროლინაში.

იოლად აჯობა სხვა კანდიდატებს: დინ ფილიპსს და მწერალ მარიანა უილიამსონს.

ამით დადასტურდა კიდევ ერთხელ უეჭველი ფაქტი: „დემოკრატებს“ ამერიკაში დღეს არ ჰყავთ სხვა კანდიდატი (გარდა მოქმედი პრეზიდენტისა), რომელსაც შეეძლება წინააღმდეგობა გაუწიოს დონალდ ტრამპს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე.

  . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსები მასობრივად ვეღარ იყენებენ დრონს Ланцет  მას შემდეგ რაც გასული წლის აგვისტოში მოსკოვის გარეუბანში, სერგიევ პოსადში, ოპტიკური ქარნის ტერიტორიაზე იდუმალი აფეთქება მოხდა, რომელმაც ეს ქარხანა და მისი საწყობები თითქმის მთლიანად გაანადგურა.

იმ ქარხანაში თვით დრონებს არ ამზადებდნენ, მაგრამ ამზადებდნენ მის ოპტიკას! ხოლო ოპტიკის გარეშე უპილოტო თვითმფრინავი უბრალოდ „ბავშვის სათამაშოა“ და სრულიად გამოუსადეგარია ბრძოლის ველზე.

ერთ-ერთი ვერსიით, უკრაინულმა დაზვერვამ, ამერიკელი მოკავშირეების მეშვეობით გაიგო სერგიევ პასადის ამ ქარხნის არსებობის შესახებ, იცოდნენ მისი მნიშვნელობა და აგვისტოში წარმატებული შეტევა განახორციელეს:

არ იყო აუცილებელი მაინცდამაინც „ლანცეტის“ მწარმოებელ ქარხანაზე დარტყმა, რომელიც საკმაოდ შორსაა......მაგრამ ოპტიკის მწარმოებელი ქარხნის განადგურებამ იგივე შედეგი გამოიღო.

   . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზი ოპოზიციონერი ჟურნალისტები ინალ ხაშიგი და ემმა ხოჯავა (ხოჯააა) ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე რუსმა მესაზღვრეებმა გააჩერეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ელაპარაკებოდნენ: კითხვებს უსვამდნენ, თუ რატომ არიან ისინი რუსეთისთვის სტრატეგიული ობიექტების მიყიდვის წინააღმდეგნი.

რუსული ბიუროკრატიის სიჩლუნგე კიდევ ცალკე თემაა: თუ არ უშვებ ნუ შეუშვებ, მაგრამ ჯერ ელაპარაკებიან, აძლევენ „სათქმელს“ და შემდეგ მაინც უშვებენ, რაკი ამ ეტაპზე არ აწყობთ იმის დაფიქსირება, რომ საზღვარი ჩაუკეტეს და აღარ უშვებენ.

მით უმეტეს, რომ ის აფხაზი ოპოზიციონერები და ჟურნალისტები, ვისაც ასე აჩერებენ, რუსეთის მოქალაქეები არიან და აფხაზური „ინტეგრალური სეპარატიზმის“ ფარგლებში, ისინი აუცილებლად იჩივლებენ რუსულ სასამართლოში.

აქ საინტერესოა, რომ ქალბატონო ხოჯავა, როგორც თავად აცხადებს, ხშირად დადის ევროპაში მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ვიზა რუსულ პასპორტში არა აქვს.

მაშ როგორ ახერხებს ევროპაში მოგზაურობას? აფხაზური პასპორტით იქ მას არ შეუშვებენ, რუსულ პასპორტში შენგენის ვიზა არა აქვს.........საქართველოს პასპორტით ხომ არა?

უამრავმა აფხაზმა აიღო საქართველოს პასპორტი „ყოველი შემთხვევისთვის“, რაკი ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი გვაქვს.

ამით სარგებლობენ, თუმცა ღიად არ ამბობენ რასაკვირველია: რუსეთის საზღვარზე ხოჯავა-ხოჯაააამ უეჭველად რუსული პასპორტი წარადგინა.