საერთაშორისო მიმოხილვა. 25 აპრილი. 2024 წელი
ძალიან საინტერესო მოვლენაა, რომ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კემერონი „ისტორიული ვიზიტით“ ეწვია ცენტრალური აზიის ქვეყნებს.
ყაზახეთში გაფრენამდე კემერონმა ცენტრალურ აზიას „მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი რეგიონი“ უწოდა და ჩამოაყალიბა ფორმულა C5+1 ანუ ყაზახეთი, უზბეკეთი, ყირგიზეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი + დიდი ბრიტანეთი
ყაზახეთის (რეგიონის უძლიერესი სახელმწიფოს) გარდა ის ასევე ჩავიდა სხვა ოთხივე ცენტრალაზიურ სახელმწიფოში.
ბუნებრივად წარმოიშვა კითხვა: ნუთუ განახლდება XIX საუკუნის „დიდი თამაში“ მოსკოვსა და ლონდონს შორის ამ რეგიონში?
თუმცა არ დაგვავიწყდეს, რომ ამჟამად რეგიონში მესამე უძლიერესი მოთამაშეცაა - ჩინეთი და ლონდონს ერთდროულად სამ დაფაზე მოუწევს „თამაში“. თუმცა XIX საუკუნეში ამერიკის იმედი ვერ ექნებოდა, ახლა კი აქვს!
კემერონის მოლაპარაკებათა მთავარი თემა იყო ინვესტიციები რეგიონის ენერგეტიკაში და სისტემურ სფეროებში, როგორიცაა მაგალითად უზბეკეთისთვის ბამბის წარმოება.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთმა გაეროში დაბლოკა რეზოლუცია კოსმოსში ბირთვული იარაღის აკრძალვის შესახებ!
ეს ძალიან მკაფიო მესიჯია, თუ რას აპირებს მოსკოვი კოსმოსურ სივრცეში - დასავლეთთან დაპირისპირების კონტექსტით
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩრდილო კორეის დელეგაცია ირანში ჩავიდა. მოლაპარაკებათა მთავარი თემა სარაკეტო ტექნოლოგიებია და გავითვალისწინოთ, რომ ორივე ქვეყნის სარაკეტო პროგრამებს საბჭოთა-რუსული „საფუძველი“ აქვთ. კერძოდ ლეგენდარული საბჭოთა ბალისტიკური რაკეტა Скад.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ახლოვდება ივნისი, როდესაც უნდა გაიმართოს ევროპარლამენტის არჩევნები (6—9 ივნისს).
კატასტროფულ შედეგებს დებს სოციოლოგია: „ძველი ევროპის“ სახელმწიფოებში (მაგალითად საფრანგეთში) იმარჯვებენ უკიდურესი მემარჯვენეები, რომლებიც ტრადიციულად პუტინის მეგობრები არიან.
და უკრაინის მტრები.
გავითვალისწინოთ, რომ ეს არის პირველი საერთოევროპული არჩევნები უკრაინაში პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.
ამ არჩევნების შედეგად არა მხოლოდ ევროპარლამენტი ჩამოყალიბდება, არამედ ევრო-კომისიაც ანუ აღმასრულებელი რგოლი.
დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ფრანგმა და სხვა ევროპელმა მემარჯვენე რადიკალებმა (მაგალითად მარინ ლე პენის მიმდევრებმა საფრანგეთში) შეცვალეს ტაქტიკა: თუ ადრე ცდილობდნენ ევროპული ინტეგრაციის და ევროპული არჩევნების ბოიკოტირებას, ახლა ცდილობენ ევროპულ სტრუქტურებს მოექცნენ სათავეში, რათა დაბლოკონ ევროკავშირის გაფართოება და უკრაინის დახმარება.
გარდა ამისა, ეს არის მათ ხელში არგუმენტი და ბერკეტი საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის წინააღმდეგ, რომელსაც მკვეთრად ანტიპუტინისტური ნარატივი აქვს.
სახიფათო პერსპექტივებია უკრაინისა და საქართველოსთვის ამ საერთო-ევროპულ არჩევნებზე!
. . . . . . . . . . . . . . . . .
შვედეთმა დაიწყო მისი ჰიდრო და თბო ელექტროსადგურების მომზადება იმ შემთხვევისთვის, თუ რუსეთი მათ „დაარტყამს“.
თანაც იგულისხმება არა მხოლოდ კიბერ-თავდასხმა, არამედ პირდაპირი შეტევა რაკეტებით ან დრონებით.
ფაქტობრივად ეს იმას ნიშნავს, რომ შვედეთი, რომელიც ახლახან გახდა NATO-ს სრულუფლებიანი წევრი, ემზადება რუსეთთან ომისთვის!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ირკვევა, რომ ჯერ კიდევ მარტში, როდესაც აშშ კონგრესს არ ჰქონდა დამტკიცებული უკრაინისთვის დახმარების პაკეტი, ამერიკა უკრაინის არმიას აწვდიდა ATACMS რაკეტებს, რომელთა შორსმწვდომობა 300 კილომეტრია!
დღემდე უკრაინის არმიას მხოლოდ ის ამერიკული რაკეტები ჰქონდა, რომელთა შორსმწვდომობა 160 კილომეტრს არ აღემატება.
როგორც ჩანს, ინფორმაცია ATACMS ახალი პარტიის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გასაჯაროვდა, რაც ეს რაკეტები უკვე უკრაინაში აღმოჩნდა.
ATACMS შორსმწვდომი რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება იმას ნიშნავს, რომ გერმანია, რომელიც ვაშინგტონის გადაწყვეტილებას ელოდა, აუცილებლად მიაწვდის (უკვე) უკრაინას Taurus რაკეტებს, რომელთა შორსმწვდომობა კიდევ უფრო მეტია.
ATACMS და TAURUS რაკეტები უკრაინას მისცემენ საშუალებას, არა მხოლოდ რუსული საოკუპაციო არმიის „ზურგის კომუნიკაციები“ და ბაზები დაბომბონ წარმატებით, არამედ ყირიმი და საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაც.
თუმცა პენტაგონმა უმალვე მოაწყო ინფორმაციის „გაჟონვა“ ამერიკულ პრესაში, რომ ამ რაკეტების სამიზნე შეიძლება იყოს „უკრაინის სუვერენული ტერიტორია“ და არა ბელგოროდი, კურსკი ან თვით მოსკოვი.
ასეთია ამერიკელების პირობა.
უმალვე „გამოვარდა“ ვაშინგტონში რუსეთის ელჩი, გენერალი (!) ანტონოვი და განაცხადა: ამ რაკეტებით უკრაინა ყირიმს დაბომბავსო. ანუ აღიარა, რომ ყირიმი „სუვერენული უკრაინული ტერიტორიაა“.
. . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ, FOX News-თან ინტერვიუში პრეზიდენტმა ზელენსკიმ იდუმალი ფრაზა გააჟღერა: „ყველა არ იქნება ბედნიერი იმით, როგორც დამთავრდება ეს ომი“
რას გულისხმობდა, ცოტა არ იყოს გაუგებარია.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უბრძანა არმიას, დამატებით რამდენიმე ათეული საბრძოლო თვითმფრინავი გადაისროლოს პოლონეთში, რაკი ითვლება, რომ სწორედ პოლონეთი იქცევა საბრძოლო მოქმედებების თეატრად იმ შემთხვევაში, თუ რუსეთმა შორს წაიწია უკრაინის ტერიტორიაზე.
ზოგადად, პოლონეთი იქცა NATO-ს უძლიერეს პლაცდარმად ევროპაში. როგორიც ადრე, ცივი ომის დროს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო. ანუ სამხედრო „მუშტი“ რუსეთის და მისი ყურმოჭრილი ყმის, ბელორუსის ტერიტორიას მიუახლოვდა.
2022 წლამდე, სანამ უკრაინაში შეიჭრებოდა, პუტინი დასავლეთს ულტიმატუმებს უყენებდა, „სამხედრო ძალები იმ ხაზზე გაიყვანეთ, რაც NATO-ში უნგრეთის, პოლონეთის და ჩეხეთის მიღებამდე არსებობდაო“, ანუ 1996 წლამდე.
რეალურად კი მიიღო NATO-ში მეზობელი ფინეთი, ასევე შვედეთი და „სამხედრო მუშტი“ მეზობლად, - პოლონეთში!
. . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც კი უკრაინისთვის 61 მილიარდიანი დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, აშშ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უმალვე განაცხადა, რომ ეს ფინანსური ნაკადები ამერიკის ეკონომიკაში დაიხარჯება და უამრავ სამუშაო ადგილს (Jobs) შექმნის თვით ამერიკაში.
მართლაც, ირკვევა, რომ პენტაგონს შემდეგი კონკრეტული გეგმა აქვს: ამჟამად ამერიკული არმიის საწყობებშიარსებული იარაღი, მათ შორის ტანკები, ჯავშანმანქანები, რაკეტები, „საზენიტოები“ ჰაუბიცები, ბოლოს და ბოლოს ჩვეულებრივი ტყვიები და საარტილერიო ჭურვები...... გაიგზავნება უკრაინაში ახლავე, დღესვე, ანუ უახლოეს მომავალში, სამაგიეროდ დღესვე დაიწყება დაცარიელებული საწყობების შევსება ახალი იარაღით: ამ მიზნით ამერიკის ორმოცამდე შტატის სამხედრო ინდუსტრიები მიიღებენ დიდ შეკვეთებს პენტაგონისგან, რაც ნამდვილად ნიშნავს უამრავ სამუშაო ადგილს.
აქვე უნდა ითქვას, რომ წინასაარჩევნოდ ეს საკმაოდ მომგებიანია ბაიდენისა და „დემოკრატებისათვის“.
არ არსებობს ამერიკაში იმაზე მეტად სენსიტიური სოციალური თემა ვიდრე Jobs და Gasoline price ანუ ბენზინის ფასი.
სწორედ ამიტომ, უკრაინას რომ უამრავ იარაღს უგზავნის, იმავდროულად, ბაიდენის ადმინისტრაცია ზელენსკის მოუწოდებს, რუსეთის სანავთობო ინფრასტრუქტურა არ დაბომბოს.
ეს პირდაპირ თქვა რამდენიმე კვირის წინ აშშ თავდაცვის მინისტრმა, რაზეც უკვე ვწერდით კიდეც.
. . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის სასამართლომ ყადაღა დაადო უდიდესი ამერიკული ბანკის, JPMorgan Chase ანგარიშებს რუსულ ბანკებში.
მიზეზი (საბაბი) გახდა რუსული VTB-Bank სარჩელი, რომლითაც იგი ითხოვდა ამერიკაში სანქციების გამო ბლოკირებული თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის დაბრუნებას JPMorgan Chase ნიუ იორკული ანგარიშებიდან.
ერთი შეხედვით თითქოს სრულიად „ცარიელი“ გადაწყვეტილებაა, რაკი JPMorgan Chase-ს რუსულ ბანკებში ანგარიშები კი აქვს, თუმცა ამ ანგარიშებიდან აქტივები დიდი ხნის წინ გაიტანა წინდახედულად.
ოღონდ პუტინის ადმინისტრაციის გათვლა აქ ისაა, რომ რუსული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოსკოვი შეეცდება „დაპრესოს“ იმ ქვეყნების სასამართლოები („გლობალური სამხრეთის“ სახელმწიფოებზეა ლაპარაკი), სადაც JPMorgan Chase-ს არა მხოლოდ ანგარიშები გააჩნია, არამედ მნიშვნელოვანი სახსრებიც ამ ანგარიშებზე.
მოისყიდიანმოსამართლეებს კორუმპირებულ სახელმწიფოებში და......
„ვერ გაუბედავენო ამერიკას“ მთლად ზუსტიც არ არის: ზოგან გაუბედავენ, ზოგან ვერა. ყოველ შემთხევვაში, პუტინი აქ მოქმედებს გათვლით „ფულით ყველას იყიდი აფრიკაში და აზიაში“....„ცდა ბედის მონახევრეა“ და „რა იცი რა ხდება“
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამერიკულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ ერთ-ერთი ელიტური სპეცსამსახური, Secret service, რომელიც სპეციალიზდება მოქმედი და ყოფილი პრეზიდენტების დაცვაზე, ამჟამად ამუშავებს სცენარებს, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორ დაიცვას ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი (ვისი დაცვაც კანონით ევალება მისი ცხოვრების ბოლომდე) თუკი ტრამპს ციხეში ჩასვამენ რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე.
იქნება ციხეში დონალდ ჯ. ტრამპი თუ არ იქნება ციხეში, ამერიკის „სამთავრობო დაცვა“ (რომელსაც იქ Secret service ეწოდება) ვალდებულია იგი დაიცვას.
და როგორ უნდა დაიცვას?
მუშავდება რამდენიმე ვარიანტი. ერთის თანახმად, ტრამპს შეასახლებენ მიტოვებულ ციხეში, რომელიც ახლა დაკეტილია და ხელახლა გახსნიან სპეციალურად მისთვის.
მეორე ვარიანტია, რომ Secret service თანამშრომლებს გააფორმებენ ციხის ადმინისტრაციის წევრებად და ამ შემთხვევაში ექნებათ უფლება, პენიტენციურ დაწესებულებაში იარაღით შევიდნენ.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინეთში არსებობს „ტაივანის საქმეთა სამმართველო“ ანუ სახელმწიფო უწყება, რომელიც ტაივანს თვლის „სეპარატისტთა მიერ ოკუპირებულ ტერიტორიად“.
აი ამ უწყებამ ოთხშაბათს გაავრცელა განცხადება, რომ ამერიკის კონგრესში 95 მილიარდიანი საგარეო დახმარების პაკეტის დამტკიცება (რომლის ნაწილი ტაივანს ეკუთვნის, მეორე ნაწილი ისრაელს და მესამე - უკრაინას) ჩინეთის ხელისუფლების აზრით „ქმნის ძალიან სახიფათო ვითარებას, რაკი ახალისებს“ სეპარატისტებს კუნძულ ტაივანზე, რომელიც ჩინეთის განუყოფელი ნაწილია“ (ციტატის დასასრული)