ჰენრი შელტონი მალხაზ შალიკაშვილის ნაკვალევს მოჰყვება

ჰენრი შელტონი მალხაზ შალიკაშვილის ნაკვალევს მოჰყვება

        გუშინ თბილისში რამდენიმე საათით ჩამოვიდა ამერიკის შეიარაღებულ ძალთა შტაბების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი ჰენრი შელტონი.
        შეიძლება ითქვას, ეს არის არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების, არამედ ნატოს (ჩრდილო-ატლანტიკური სამხედრო ალიანსის) უმაღლესი სამხედრო პირი.
        მართალია, ამერიკაში სამხედრო უწყებას სამოქალაქო მოღვაწე და პოლიტიკოსი (რესპუბლიკელი უილიამ კოენი) ხელმძღვანელობს, მაგრამ რეალურად სამხედრო ვითარებას აკონტროლებს და მოქმედებებს წარმართავს გენერალური შტაბი, რომელსაც ამერიკაში «შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტი» ეწოდება.
        სწორედ ამ შტაბის ხელმძღვანელია გენერალი ჰენრი შელტონი. მას ემორჩილებიან ამერიკის ძლევამოსილი შეიარაღებულიო ძალები ევროპასა და მთელ მსოფლიოში. მისი სიტყვა რეალურად გადამწყვეტია ნატოშიც.
        შეთანხმება შელტონის თბილისში ვიზიტის შესახებ ჯერ კიდევ გასულ წელს იქნა მიღწეული – თბილისში ამერიკის თავდაცვის მინისტრ კოენის ვიზიტის დროს.
        თავისთავად, ეს ორი ვიზიტი ერთგვარი სიმბოლური დატვირთვის მატარებელია, ოღონდ რაკი უილიამ კოენი ამერიკის გეოსტრატეგიის შესაბამისად ადგენს კონკრეტულ სამხედრო-სტრატეგიულ პოლიტიკას, ხოლო გენერალი შელტონი ამ პოლიტიკას უშუალოდ ახორციელებს, გამოდის, შტატების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის ვიზიტი უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ნიშანდობლივიცაა, ვიდრე თვით ამერიკის თავდაცვის მინისტრისა, რაკი თავდაცვის მინისტრს და თვით ამერიკის პრეზიდენტსაც კი, სამხედრო ძალების მართვა მხოლოდ შელტონის მეშვეობით შეუძლიათ.
        რას მოესწრო საქართველო? ათიოდე (მით უმეტეს, თხუთმეტიოდე) წლის წინ ამის წარმოდგენაც კი შეუძლებელი იყო. წესით, ირაკლი წერეთელი და «ეროვნული მოძრაობის» სხვა ლიდერები, ვინც დღენიადაგ ამას მოითხოვდა – სიხარულით უნდა ცეკვავდნენ, რაკი ასრულდა მათი ოცნება, მაგრამ საქართველოში ამჟამად უცნაური ატმოსფეროა: არავის უხარია «ოცნების ასრულება», ბოლო დრომდე (შევარდნაძეს რომ არ გახსენებოდა) აღარც ვინმეს ახსოვდა «რუსეთის საოკუპაციო ჯარის» არსებობა საქართველოში და საერთოდ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რუსული ბაზების გაყვანა მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის ახირებაა და მისი ახირება რომ არა, ამ ე.წ. «მოძრაობას» საკუთარი ლოზუნგები აღარც გაახსენდებოდა, ხოლო «მოდერნიზებული რუსული იმპერიის საოკუპაციო ჯარი» კიდევ 15-20 წელი ისე დარჩებოდა საქართველოში, უბატონოდ ხმასაც არავინ გასცემდა და აღარც ვინმეს გაახსენდებოდა.
        მათ შორის, არც იმათ, თავიანთი ჩლუნგი რადიკალიზმით ქვეყანა რომ დააქციეს.
        თუმცა, დღეს გენერალი შელტონის ჩამოსვლა იმ დროს «ნანატრის» ასრულებაა უდავოდ. თანაც, გენერალ ჰენრი შელტონის ვიზიტი შინაარსობრივად არ არის იგივე, რაც მისი წინამორბედის ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილის ვიზიტი საქართველოში.
        მალხაზ შალიკაშვილს სიჭარმაგეში გენერლებისათვის დამახასიათებელი ნოსტალგია შეეპარა და მამაპაპისეული მიწა-წყლის მონახულება გადაწყვიტა. მამამისი საქართველოს «პირველი რესპუბლიკის» ეროვნული გვარდიის ოფიცერი იყო პოლონეთში გადასახლებამდე, საიდანაც პატარა მალხაზი ამერიკაში მოხვდა, ბრწყინვალე სამხედრო კარიერა განვლო ვესტ-პოინტის აკადემიაში და «სისხლმა უყივლა» - შესანიშნავი სამხედრო დადგა.
        კახელი შალიკაშვილები, ზოგადად, ისტორიულად გამოირჩეოდნენ მეომრული ტრადიციებით. ახლა დავგლახავდით, თორემ ქართველები ყოველთვის ასეთები როდი ვიყავით–ერეკლემ ყვარელთან და მჭადიჯვარასთან, მცირე ჯარით «უძლეველ ჩეჩნებს» სულ კუდით ქვა ასროლინა.
        გენერალი ჰენრი შელტონის ვიზიტი კი ნამდვილად ვერ ჩაითვლება «სიმბოლურ» მოვლენად. მას ქართველი წინაპრები არ ჰყავს, რათა სისხლს ეყივლა, ანუ მისი ინტერესი საქართველოსადმი არის წმინდა წყლის სამხედრო ინტერესი იმ ქვეყნისადმი, რომელიც უკვე აღიქმება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ მოკავშირედ რეგიონში – მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზების ლიკვიდაციის საკითხი ჯერ არ არის გადაწყვეტილი საბოლოოდ.
        ოღონდ, ეს უკვე პოლიტიკურად გარდაუვალია, რასაც ამერიკელები ნათლად ხედავენ. თანაც, მიაქციეთ ყურადღება, გენერალი შელტონი თბილისში ჩამოვიდა უშუალოდ მას შემდეგ, როცა წარუმატებლად დასრულდა თბილისში ჩრდილოკავკასიის სამხედრო ოლქის სარდლის, გენადი ტროშევის ვიზიტი – მხარეებმა ვერც ერთ სტრატეგიულ საკითხზე ვერ მოილაპარაკეს.
        სამაგიეროდ, უკვე ცნობილია (და მრავლისმეტყველია) ჰენრი შელტონის ვიზიტის «ეჯენდა» (დღის წესრიგი). პირველი საკითხია საქართველოსა და ამერიკას შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის განვითარება და გაღრმავება.
        რამდენიმე წლის წინ ამის ხსენებაც კი არ შეიძლებოდა: ამერიკელები მედიკამენტებისა და «გასაბერი ბუშტების» გარდა არაფერს გვაძლევდნენ – დღეს უკვე სამხედრო გემებსა და სამხედრო ვერტმფრენებს გვჩუქნიან.
        მეორე საკითხია საქართველოში, კერძოდ, გონიოს პოლიგონზე ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარება 2001 წლის ზაფხულში – ვინ წარმოიდგენდა ამას რამდენიმე წლის წინ?
        Mმესამე: რუსეთის სამხედრო ბაზების ლიკვიდაცია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ანუ როგორც «მოძრაობის» ლიდერები გაყვიროდნენ, რამდენიმე წლის წინ (ახლა დაავიწყდათ ეს ტერმინი), «საქართველოს დეოკუპაცია».
        ისტორიულად, მცირე ხნის წინ ესეც წარმოუდგენელი იყო, - ამერიკა (მით უმეტეს, ასეთ დონეზე) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში აშკარა ჩარევას ვერ გაბედავდა.
        1994 წელს ჯონ (მალხაზ) შალიკაშვილს რაღაც წამოცდა რუსული ჯარის მოქმედების შესახებ საქართველოში და მეორე დღეს იძულებული გახდა კრემლისათვის ბოდიში მოეხადა.
        დღეს კრემლს ბოდიშს არავინ უხდის ასგზის მწვავე დემარშებისთვის, თუმცა ეს ყოველივე მხოლოდ «სტრატეგიულ განზრახულობად» დარჩება, თუ საქართველომ არ იკისრა პასუხისმგებლობა (ჩვენს ნაცვლად ამას ვერავინ გააკეთებს) რუსეთის ბაზების საბოლოოდ გაყვანაზე.
        ეს საკითხიც უახლოეს მომავალში პრინციპულად გადაწყდება. ყოველ შემთხვევაში, 2000 წლის ბოლომდე ბევრი რამ გაირკვევა ამ მიმართულებით.

მერიდიანი, 15 სექტემბერი, 2000 წელი