საერთაშორისო მიმოხილვა. 28 სექტემბერი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 სექტემბერი 2022 წელი

ევროპა შეძრა მორიგმა იდუმალმა ინციდენტმა, რომელიც აშკარად რუსეთსა და პუტინს უკავშირდება:

ბალტიის ზღვაში გუშინ  შენიშნეს გაზის გაჟონვა. აღმოჩნდა, რომ ბუნებრივი აირი, შვედეთისა და დანიის ეკონომიკურ ზონაში ჟონავდა რუსეთისა და გერმანიის დამაკავშირებელი გაზსადენიდან North stream -1.

როგორც მოგახსენეთ, ამ გაზსადენს ორი მილი აქვს და ორივე მილზე ერთდროულად (!!!) მოხდა აფეთქება, რამაც ზღვაში გაჟონვა გამოიწვია.

ეს არ არის რუსეთიდან - ევროპისთვის მიწოდებული ბუნებრივი აირი: რუსეთმა გაზის მიწოდება ევროპას ამ მილსადენით რამდენიმე კვირის წინ შეუწყვიტა. მაგრამ ორივე მილი სავსე იყო ე.წ. `ტექნიკური გაზით` და სწორედ იგი ჟონავდა.

ამ აფეთქების შედეგად მილსადენები წყლით აივსო და შესაძლოა სამუდამოდ გამოუსადეგარი გახდეს.

აბსოლუტურად არავითარ ეჭვს არ იწვევს, რომ აფეთქებები პუტინის მოწყობილია. თუმცაღა, როგორც ყოველთვის, ევროპელი პოლიტიკოსები `პოლიტკორექტულ` განცხადებებს აკეთებენ: `ჯერ არ ვიცით ზუსტად`....`იქნებ ტექნიკური გაუმართავობის ბრალია.....`(ორივე, ცალ-ცალკე ზღვის ფსკერზე მდებარე მილსადენში?-დ) `დაველოდოთ გამოძიებას.....` და ა.შ.

 ეს სიფრთხილე (თუ შეიძლება ამას `სიფრთხილე` ეწოდოს ომის დროს) ევროპული სტილია და არათუ ევროპული სტილი, არამედ ევროპული ცივილიზაციური კოდი, რომელსაც აღარაფერი ეშველება: `ევროპული პოლიტიკური ენა` მუდამ გულისხმობს ზომიერებას და სიფრთხილეს.

ერთადერთი გამონაკლისი გახდა პოლონეთის პრემიერი მათეუშ მორავეცკი.  მან მომხდარს `საბოტაჟის აქტი` უწოდა, რაშიც მხოლოდ და მხოლოდ დივერსია იგულისხმება, თუმცა რუსეთი და პუტინი არც მას უხსენებია.  შემდეგ კი შვედეთის პრემიერ მინისტრმა, ანნ ლინდემ თქვა რაღაც მსგავსი.

თუმცა მეტ-ნაკლებად თავისუფალი ექსპერტები უკვე პირდაპირ ამბობენ, რომ პუტინმა ააფეთქა გაზასენები (დიახაც, ორივე ცალ-ცალკე და ერთდროულად)

 

მთავარი კითხვა ახლა ორია: `როგორ?` და `რა მიზნით?`.

პირველ კითხვაზე პასუხი არსებობს;  თანაც ძალიან მაღალი დამაჯერებლობით:

რამდენიმე წლის წინ, მურმანსკთან მოხდა იდუმალი ინციდენტი: წყალქვეშა ნავში დაიღუპა ოცდაათამდე რუსი სამხედრო სპეციალისტი. მშრალ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ისინი დაიღუპენ `წყალქვეშა აპარატის გამოცდისას`.

დასავლური სპეცსამსახურებიდან პრესაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ იგულისხმებოდა ზეახალი მინი-წყალქვეშა ნავი `მალიუტკა` (Малютка), რომლის დანიშნულებაა წყალქვეშა მილსადენების მწყობრიდან გამოყვანა, - მათი აფეთქება.

`მალიუტკა` მაგრდება დიდ წყალქვეშა ნავზე, მისი მეშვეობით უახლოვდება მიზანს ანუ დივერსიის ადგილს, შემდეგ ეხსნება დიდ წყალქვეშა ნავს, დამოუკიდებლად გადის ასეულობით კილომეტრს და აზიანებს მილსადენებს.

უცნობია, ეს წყალქვეშა აპარატი უპილოტოა თუ პილოტირებული; ასევე უცნობია, გარედან მაგრდება წყალქვეშა ნავზე თუ შიგნით - ზოგიერთი წყალქვეშა ნავი იმოდენაა, მცირე აპარატი კი არა სამსართულიანი სახლი დაეტევა შიგ.

თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არა აქვს. მთავარია, რომ ეს აპარატი პირდაპირ განკუთვნილია იმისთვის, დააზიანოს სტრატეგიული მილსადენები და რაც მთავარია იგი რადარებისთვის უხილავია. ანუ მოძრაობს ნელა, მოძრაობს წყალქვეშ უხმაუროდ და მისი აღმოჩენა შეუძლებელია.

სწორედ ამით აიხსნება ის უცნაურობა, რომ დანიისა და შვედეთის სანაპირო წყლებთან, სადაც 24 საათის განმავლობაში თვალყურს ადევნებენ ყოველ სანტიმეტრს, ყველა `გაფაჩუნებას`...... `მალიუტკა` ისე მიუახლოვდა დივერსიის ადგილს და მერე ისე გაიპარა, ვერავინ ვერაფერი გაიგო

 

ახლა მეორე საკითხი: რაში დასჭირდა ეს დივერსია პუტინს, თუკი ამ მილსადენებით რუსული ბუნებრივი აირი ისედაც არ მიეწოდება ევროპას?

 ალბათ იმისთვის დასჭირდა, რომ

ა) ამით გააფრთხილა დასავლეთი: `მაქვს ისეთი იარაღი, რომლითაც მთლიანად გავანადგურებ თქვენს წყალქვეშა მილსადენ სისტემას. მაგალითად, ნორვეგიიდან ზღვის ფსკერზე პოლონეთისკენ  მიმავალ გაზსადენსაც Baltic pipe , რომელსაც მოახლოებული ზამთრის წინ   სტარტეგიული მნიშვნელობა ენიჭება - ევროპას ახლა უკანასკნელ იმედად დარჩა სწორედ ნორვეგია და მისი წყალქვეშა მილსადენი, რათა ამ ზამთარს რაღაც საშინელება არ მოხდეს ევროპაში.

ამ მილსადენის აფეთქება იმავე `მალიუტკას` მეშვეობით უკვე მართლა კატასტროფა გახდება მთელი კონტინენტისთვის. გარდა ამისა, ამით პუტინი ამერიკასაც აფრთხილებს და საერთოდ ყველა ქვეყანას, რომ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში ნებისმიერი მილსადენის აფეთქება შეუძლია: მიუახლოვდება კომუნიკაციას დიდი წყალქევშა ნავი, გაუშვებს უპილოტო პატარა წაყალქვეშა ნავს, ააფეთქებს მილსადენს, შემდეგ იმ უპილოტო აპარატსაც ააფეთქებს, რათა კვალი არ დატოვოს და ვერც ევრაფერს დაუმტკიცებ. და რომც დაუმტკიცო შერცხვება ამ ომის დროს მით უმეტეს?

 

ბ) ამით პუტინმა მთელს დასავლეთს მიანიშნა კიდევ ერთხელ, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელია(ბირთვული იარაღის გამოყენების ჩათვლით) და რომ რუსულ გაზს ევროპა ვეღარასოდეს მიიღებს, ანუ `ერთადერთი გამოსავალი` დასავლეთისთვის უკრაინის რუსეთისთვის ჩაბარებაა.

 

ეს ისტორია კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო მართლა საზარელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდა რუსული დერჟავული ნაციონალიზმის და მისი ამჟამინდელი შეშლილი ლიდერის გამო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ასლან კობახიამ, რომელიც აფხაზეთში ძალიან გავლენიანია და ხშირად `ალაპარაკებენ` აფხაზეთის სახელით, გუშინ განაცხადა, რომ არავითარი მობილიზაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე არ იქნება; და რომ აფხაზეთში რუსული კანონები არ მოქმედებს ანუ აფხაზები უკარინაში არ წავლენ იმის მიუხედავადაც კი, რომ თითქმის ყველანი აფხაზეთის მოქალაქეები არიანო.

საინტერესო არგუმენტიც მოიყვანა: აგერ საქართველოში ასი ათასობით რუსი ცხოვრობს ან დასახლდა, მაგრამ რუსეთმა რომ ისინი ჯარში გაიწვიოს, განა საქართველოს ხელისუფლება დაეთანხმება? რასაკვირველია არ დაეთანხმება, ოღონდ კობახიას იმის თქმა `დაავიწყდა`, რომ საქართველოს რუსეთში `მტრულ სახელმწიფოდ` თვლიან, ხოლო მოკავშირე აფხაზებს აჭმევენ, აცმევენ, ინახავენ, ომში ეხმარებიან და მოკავშირედ მიიჩნევენ.

აფხაზების უმრავლესობას კიდევ ის არგუმენტი მოჰყავს მობილიზაციის წინააღმდეგ, რომ `ენგურსმიღმა` მეზობლები ამით ისარგებლებენ და აფხაზეთს დაიპყრობენო «Заингурские соседи»  - სეპარატისტებს აქვთ ასეთი მახინჯი სიტყავთშეთანხმება ქართველების აღსანიშნავად.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკვე ქვეყნდება ე.წ. `რეფერენდუმთა` შედეგები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. რა თქმა უნდა 99,99% რუსეთთან შეერთების მომხრეაო - ამბობს მოსკოვი.\

რასაკვირველია, ადამიანებს რომ ავტომატით დაადგები სახლში (!) და `ხმა მიეციო` ეტყვი, ოჯახის ამოწყვეტის შეეშინდება.

გუშინ დასავლურმა მედიამ, მათ შორის BBC-მ გამოაქვეყნა იმ გამოკითხვის შედეგი, რომელიც იანვარში (ანუ რუსული აგრესიის დაწყებამდე) ჩატარდა დონბასის არაოკუპირებულ ტერიტორიაზე, ესე იგი იმავე ხერსონში და ზაპოროჟიეში, რომლებიც იმ დროს მოსკოვს ჯერ კიდევ ერ ჰქონდა დაპყრობილი. რუსეთში ინტეგრაციის სასარგებლოდ რაღაც მიზერმა მისცა ხმა. თუმცა ოკუპაციის პირობები სულ სხვაა და რაიმე `თავისუფალ აზრის გამოთქვაზე` ხომ ლაპარაკი ზედმეტია.

ამ `რეფერენდუმებით` ახლოვდება `ჭეშმარიტების მომენტი`: 29 ან 30 სექტემბერს პუტინი უნდა გამოვიდეს (როგორც წინა მიმოხილავში მოგახსენეთ) State of the union სფიჩით სახელმწიფო სათათბიროს წინაშე  და უნდა გამოაცხადოს ამ ტერიტორიების შემოერთება. მერე კი სხვა გზა უბრალოდ აღარ დარჩება თვითონ გარდა იმისა, რომ ულტიმატუმი წაუყენოს უკრაინას - გაიყვანოს `საოკუპაციო ჯარები` რუსეთის ტერიტორიიდან`.

შავი ანეგდოტია, რომ მას შემდეგ, რაც დონბასს რუსეთი შემოიერთებს, უკრაინული ჯარი `საოკუპაციო` ხდება რუსული კანონმდებლობით და სახელმწიფოს მეთაური, ანუ პუტინი, რომელმაც დადო ფიცი, - არ დაუშვას რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, - კონსტიტუციით და კანონით ვალდებული ხდება  (!) `ტერიტორიული მთლიანობა` უზრუნველყოს ყველა სამხედრო საშუალებით, ბირთვული იარაღის ჩათვლით.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული `ე.წ. `რეფერენდუმეთა` შედეგების აღიარება რუსეთის მიერ და ამ ტერიტორიების შემოერთება იქნება `წითელი ხაზი`, რის შემდეგაც ნებისმიერი მოლაპარაკება შეწყდება მოსკოვთან.

ახლა მსოფლიოს უდიდესი Think tank-ები აანალიზებენ და დებენ ვარაუდებს, როგორ იმოქმედებს პუტინი. ისინი თანხმდებიან იმაზე, რომ პუტინი უცბად და მაშინვე არ გამოიყენებს ატომურ იარაღს, არამედ დაიწყებს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას ბელორუსის ტერიტორიიდან, ოკუპირებული ტერიტორიიდან, წყალქვეშა ნავებიდან, ხომალდებიდან, საჰაერო სივრციდან სტრატეგიული ბომბდამშენებით და ა.შ.

კრიტიკული ინფრასტრუქტურაა ელექტროსადგურები, სარკინიგზო კვანძები, ხიდები, სტრატეგიული ავტომაგისტრალები, ელქტროგამანაწილებელი კვანძები, კომუნიკაციები, მათ შორის ტელე და სატელეფონო კვანძები და ა.შ.  - ისე, რომ საზამთროდ უკრაინა წყვდიადში და სიცივეში აღმოჩნდეს.