საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ოქტომბერი 2022 წელი
ომი უკრაინაში კრიტიკულ ფაზას უახლოვდება. უკრაინული არმია უტევს ნიკოპოლის, ხერსონის მიმართულებით და წინ მიიწევს.
რუსები ვერ იყენებენ ავიაციას მათ შორის ვერტმფრენებს (რომლებიც სახმელეთო ოპერაციების დროს უდიდეს როლს ასრულებენ) რადგან რეგიონში ცუდი ამინდია, - წვიმს და ნისლია;
ამით სარგებლობს უკრაინა და აქვე უნდა ითქვას, რომ უკრაინულმა გენერალიტეტმა უკვე დაჯაბნა რუსული გენერალიტეტი პროფესიონალიზმით, ოპერაციების დაგეგმვით და ძალთა `მიმართულებითი კონცენტრაციის` უნარით; ოღონდ ამაში უკრაინულ გენერალიტეტს უეჭველად ეხმარებიან ამერიკელი გენერლები. ამაზე არავინ ლაპარაკობს, ღიად NATO ამას არ აღიარებს, თუმცა ეს ნამდვილად ასეა - დასავლელი გენერლები კიევში არიან; და უკრაინის ალიანსში მიღება რომც გადაიდოს, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი უკვე ეხმარება უკრაინას ყველაფრით, რაც შეუძლია; მათ შორის ტექნიკით და კოსმოსური თუ სხვა დაზვერვის მონაცემებით. რჩება მხოლოდ ცოცხალი ძალა, რაც უკრაინაც არც იმდენად სჭირდება უკვე, რადგან ინგლისმა ათი ათასობით უკრაინელი მეომარი გადაამზადა და ბოლოდროუნდელი წარამტებები სწორედ მათი ბრძოლებში ჩართვის შედეგია.
გუშინ დასავლური ქვეყნების დაზვერვამ მედიას აცნობა, რომ რუსული წყალქვეშა ნავების ბაზიდან, მურმანსკის მიდამოებში, გაუჩინარდა დიდი წყალქვეშა ნავი `ბელგოროდი`.
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია: `ბელგოროდი` რეალურად კი არ გაუჩინარდა, არამედ ზღვაში გავიდა და ატლანტიის ოკეანისკენ აიღო გეზი არა ბალტიის ზღვის, არამედ ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის მიმართულებით, საიდანაც შემდეგ დისლოცირდება ატლანტიის ოკეანეში - ამერიკის ან ევროპის სანაპიროებთან ნეიტრალურ წყლებში.
წყალქვეშა ნავი `ბელგოროდი` არის პუტინის სტრატეგიული იარაღი: ამ წყალქვეშა ნავს მიაქვს რამდენიმე მეგატონის ბირთვული საბრძოლო ნაწილის მქონე ტორპედო `პოსეიდონი`. ამ ტორპედოს/წყალქვეშა აპარატს აქვს უნარი წყალქვეშ განავითაროს დიდი სისწრაფე და აფეთქდეს უშუალოდ ამერიკის ან ევროპის სანაპიროსთან.
პუტინის პროპაგანდა იმუქრებოდა, რომ წყალქვეშა რაკეტა (და არა უბრალოდ `ტორპედო`) `პოსეიდონის` ასეთი სიმძლავრის აფეთქება ევროპის ან ამერიკის სანაპიროსთან ახლოს, გამოიწვევს ცუნამის, რომელიც სანაპიროზე მდებარე ქალაქს წალეკავს. ნიუ იორკი აღარ იარსებებს ან ცხოვრებისთვის გამოუსადეგარი გახდებაო - იმუქრებოდა პუტინი.
არ არის გამორიცხული, ეს ტექნოლოგიური `მიღწევა` სრული ბლეფი იყოს.
თუმცა არც ისაა გამორიცხული, ამგვარი იარაღი მართლა ჰქონდეს რუსეთს.
შესაბამისად, თუკი პუტინი ვა-ბანკზე ნამდვილად წავიდა, ბირთვული ტაქტიკური იარაღი გამოიყენა უკრაინის წინააღმდეგ, ხოლო ამერიკამ უპასუხა........ თუ დაიწყო გლობალური ბირთვული ომი, ეს `ბელგოროდი`, რომელსაც 6 თვის სიცოცხლისუნარიანობის მარაგი აქვს - მისი რაკეტა თუ ტორპედო `პოსეიდონით` ჩასაფრებული იქნება სადმე ამერიკის ნაპირებთან, დაწვება ფსკერზე გაუნძრევლად, ჩართავს ხმის ჩამხშობ სისტემებს და მისი აღმოჩენა, სპეციალისტების აზრით, ამ უძრავ, `გამორთულ` მდგომარეობაში თითქმის შეუძლებელია.
იმედი ვიქონიოთ, ამერიკის ზემძლავრ სამხედრო-საზღვაო ფლოტს აქვს ტექნოლოგია, რომ იგი აღმოაჩინოს და საჭირო მომენტში წყალქვეშა დარტყმით გაანადგუროს, სანამ `პოსეიდონის` გაშვებას მოასწრებს.
ამ რაკეტა/ტორპედოს ხშირად `უპილოტო წყალქვეშა ნავსაც` უწოდებენ, - იმდენად დიდია.
თვით ხსენებული წყალქვეშა ნავი `ბელგოროდიც` უზარმაზარია - ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში და ზოგიერთი ცნობით, ეს წყალქვეშა რაკეტა/ტორპედო/დრონი მასზე ქვემოდან მაგრდება. კორპუსში უბრალოდ ვერ დაეტევა
ზუსტად ეს არავინ იცის.
. . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის საველე `ვოენკომატმა`, რომელიც ლარსი-ყაზბეგის სასაზღვრო პუნქტზე გახსნეს რუსებმა, 180 `პავესტკა` გასცა ამ დღეების განმავლობაში. ანუ 180-მა რუსმა, ვინც საქართველოში გადმოპარვას ცდილობდა, იქვე მიიღო გაწვევის უწყება და იქედან პირდაპირ ჯარში უკრეს თავი.
. . . . . . . . . . . . . . .
ჩერნოგორიამ 6 რუსი დიპლომატი და 30 რუსეთის მოქალაქე გააძევა ქვეყნიდან შპიონაჟისთვის.
ეს მნიშვნელოვანია, რაკი ჩერნოგორიელები სულ ახლახანს რუსეთის `ბრატუშკებად`(ძმობილებად) ითვლებოდნენ ხორვატებისგან განსხვავებით და ყველა თვალსაზრისით იგივე სერბები არიან, თუმცა ცალკე რესპუბლიკა ჰქონდათ.
. . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა განაცხადს უკრაინის ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში მიღების შესახებ, ჩეხეთის რესპუბლიკის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, ჩრდილოეთ მაკედონიის, მონტენეგროს, პოლონეთის, სლოვაკეთის და რუმინეთის პრეზიდენტებმა დაადასტურეს მტკიცე მხარდაჭერა "2008 წლის ბუქარესტის ნატოს სამიტის გადაწყვეტილებისადმი უკრაინის ალიანსში მომავალ წევრობასთან დაკავშირებით". „ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას რუსეთის შეჭრისგან თავის დაცვაში, მოვითხოვთ რუსეთს დაუყოვნებლივ გაიყვანოს ყველა საჯარისო ქვედანაყოფი ოკუპირებული ტერიტორიიდან და მოვუწოდებთ ყველა მოკავშირეს, არსებითად გაზარდონ სამხედრო დახმარება უკრაინისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
დიპლომატიური ენიდან თუ `გადმოვთარგმნით`, ეს იმას ნიშნავს, რომ 9 ქვეყანა არ ეთანხმება მთლიანობაში ალიანსის ანუ დასავლეთ ევროპის `სიფრთხილეს` უკრაინის ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით.
. . . . . . . . . . . . . . .
როგორც ვიწინასწარმეტყველეთ, ხელშეკრულება აფხაზეთსა და რუსეთს შორის `ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ`, რეალურად ნიშნავს, რომ აფხაზები რუსეთის მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ბრძანებულებას ხელს მოაწერს პრეზიდენტი პუტინი!!!
სხვები კი, როცა მოქმედი პასპორტები ამოეწურებათ, ე.წ `ჩვეულებრივი წესით` რუსული პასპორტების განახლებას, ანუ ახალი რუსული პასპორტების აღებას უსასრულოდ დაელოდებიან.
აი მაგალითად: გუშინ პრეზიდენტმა პუტინმა პირადად (!) გასცა განკარგულება, მოქალაქეობა მიენიჭოს ვინმე ალიას ავიძბას - აფხაზ `ბოევიკს`, რომელიც იბრძოდა უკრაინის წინააღმდეგ დონბასში.
ეს აქტი ადასტურებს, რომ ამიერიდან რუსეთის მოქალაქეობას მხოლოდ ის აფხაზები მიიღებენ პირადად პუტინის ბრძანებით, რომლებიც საქმით დაამტკიცებენ, რომ იბრძვიან რუსეთის სასარგებლოდ ან ფრონტზე ან სხვა სფეროებში. ხოლო ისინი, ვინც ახლა წერენ ან ლაპარაკობენ: `აფხაზეთმა პუტინს `პიცუნდის აგარაკი` არ უნდა გადასცესო` და ვინც თუნდაც ფეისბუკზე აქვეყნებს პოსტებს, რომ რუსეთმა აფხაზებს გენოციდი მოუწყო მე-19 საუკუნეში, რუსულ პასპორტებს ვეღარ განაახლებენ და რუსული პასპორტების გარეშე დარჩებიან, როცა მათ ვადა გაუვათ.
აქვე უნდა ითქვას, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში, სოხუმში, რუსეთს აქვს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი საელჩო და საკონსულო მთელს პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
რა თქმა უნდა `დიპლომატებად` იქ გაფორმებულები არიან სხვადასხვა დარგის რუსულ სპეცსამსახურთა წარმომადგენლები. ისინი ყურადღებით აკვირდებიან არა მხოლოდ იმას, ვინ რა გადაწყვეტილებებს იღებს აფხაზურ `პარლამენტში`, ვინ არის წინააღმდეგი, რომ აფხაზეთში ჩატარდეს რუსული მობილიზაცია და აფხაზები უკრაინას შეაკვდნენ, არამედ ვინ რას წერს სოციალურ ქსელებში და ასე შედეგ.
ეს სიები რასაკვირველია იგზავნება მოსკოვში და როდესაც მოქმედი რუსული პასპორტების ვადა ამოიწურება, შესაბამისი განყოფილება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში და რეგიონულ სამსახურებში, - რომლებიც აფხაზეთს კურირებენ, - პუტინს `რეკომენდაციებს` გაუგზავნიან: ვინ `იმსახურებს` რუსულ პასპორტს და ვინ არა.
ეს ძალიან სერიოზული სანქციაა აფხაზეთის წინააღმდეგ, რაკი აფხაზურმა ელიტებმა არ დაუთმეს პუტინს ბინების თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა რუსებისთვის, არ დაუთმეს ენგურჰესი და ელექტროგადამცემი ხაზები.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ლუკაშენკოს აფხაზეთში ვიზიტისას, ბელორუსის ავტორიტარმა მმართველმა ძალიან საინტერესო რამ თქვა: `პუტინი, სოჭში შეხვედრისას, გვიან ღამემდე მელაპარაკებოდა აფხაზეთზეო.`
ეს სიმართლეს ჰგავს.
საეჭვოა პუტინს მაინცდამაინც ბიჭვინთის აგარაკი აღელვებდეს. 100%-იანი დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ მას ბევრად მეტად აღელვებს სტრატეგიული საკითხები.
კერძოდ ის, რომ აფხაზური ელიტები არ არიან მის მიმართ ისე ლოიალურნი, როგორც მაგალითად დნესტრისპირეთის ან `სამხრეთ ოსეთის` ხელისუფლება.
აქვე შევნიშნავ, რომ აფხაზეთში სულ უფრი აქტიურად ინფილტრირდება თურქეთის გავლენა (არ ჩანს, თუმცა ასეა) და ესეც ძალიან აღელვებს პუტინს.
თურქეთში 1 მილიონი (!) ჩერქეზი და აფხაზი ცხოვრობს, რომელთა წინაპრებმა აფხაზეთი და სოჭის მიდამოები მე-19 საუკუნეში, რუსეთთან ომის შედეგად დატოვეს.
ამ თამაშში საქართველოს აქვს კოზირები (ისევე როგორც არსებობს რისკები) თუმცა ამ კოზირებს ვერ ვიყენებთ რისკების გასანეიტრალებლად და დივიდენდის მისაღებად.
ამ კონტრექსტში ისიც უნდა ითქვას, რომ აბსოლუტურად სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა ჩერქეზთა გენოციდის აღიარება საქართველსო პარალმენტის მიერ 2011 წელს.
. . . . . . . . . . . . . . .
ძალიან უცნაური მოწოდებით გამოვიდა რომის პაპი ფრანცისკი. მან ერთდროულად მიმართა უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს, შეწყვიტონ ომი.
კი მაგრამ, უკრაინის პრეზიდენტი რა შუაშია? უკრაინა შეიჭრა რუსეთში თუ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში?