ძმები ტატიშვილების გათავისუფლება

ძმები ტატიშვილების გათავისუფლება

ტატიშვილების საქმე

    პოლიტიკურ წრეებშიც და ფართო საზოგადოებაშიც დიდი რეზონანსი გამოიწვია სასამართლოს მიერ ძმები ტატიშვილების გათავისულებამ. თითქოს უმნიშვნელო ფაქტია: განა საზოგადოებას ყოველთვის აღელვებს ესა თუ ის კრიმინალური პროცესი? მაგრამ ამ შემთხვევაში მღელვარება სავსებით გასაგებია, ვინაიდან «ტატიშვილების საქმე» ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი იყო, როგორც ქვეყანაში კრიმინალური ანარქიის ალაგმვის პირველი წარმატებული მცდელობა.
    ამდენად არ არის შემთხვევითი, რომ ამ საქმეს დიდი ყურადღება დაუთმო სახელმწიფოს მეთაურმა, ხოლო საქართველოს ტელევიზიამ მას სპეციალური გადაცემა მიუძღვნა - ყველას გვახსოვს დიქტორის მრისხანე ხმა და დოკუმენტური კადრები, რომლებზეც მთელი პოლკის სამყოფი არსენალი იყო აღბეჭდილი.
    რა თქმა უნდა, არავინ ელოდა თუ ეს საქმე ასე უეცრად და მოულოდნელად «ჩაიფარცხებოდა» და ტატიშვილებს სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლებდნენ - ამ ფაქტმა სახელმწიფოს მეთაურის აღშფოთება გამოიწვია. სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მან სიტყვა შეაწყვეტინა გენერალურ პროკურორს (როდესაც იგი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე საუბრობდა) და განაცხადა, რომ სასამართლოებში პირდაპირ ვაჭრობაა გაჩაღებული, ხოლო მოსამართლეები გადაწყვეტილებებს იმის მიხედვით იღებენ თუ რამდენ ქრთამს მიუტანს ბრალდებულის ახლობელი.
    სავსებით აშკარაა, ეს მწვავე განცხადება სწორედ ზემოთხსენებულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთდა. ედუარდ შევარდნაძემ ბრალდებულთა გათავისუფლება პირად შეურაცხყოფად აღიქვა და, შეიძლება ითქვას, არც შემცდარა.
    მოსამართლეს, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებდა, არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, რომ ტატიშვილების გათავისუფლება სახელმწიფოს მეთაურის აღშფოთებას გამოიწვევდა. მან ისიც ძალიან კარგად იცოდა, რა მწვავედ აღიქვამდნენ ამ ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა, ვინაიდან მათი პრესტიჟიც შეილახა. და მაინც, მოსამართლემ, რომელიც უეჭველად ყოფილი «ნომენკლატურის» წარმომადგენელია, ეს ნაბიჯი გადადგა. ფაქტი უაღრესად საყურადღებოა და საინტერესო. მას რამდენიმე ასპექტი აქვს.
    ჯერჯერობით არავითარი საფუძველი არ არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილებაში რაიმე კრიმინალი ან ანგარება ვეძებოთ. ამგვარი  რომც იყოს, ესოდენ ადვილად შესამჩნევი და სამხელი არ იქნებოდა, მაგრამ ერთი რამ ცხადია: იურიდიული თვალსაზრისით მოსამართლეს ვერ შეედავები. სასამართლო იმის სასამართლოა, ვიღაც გაამართლოს და ვიღაც დასაჯოს - შეაჯეროს პროცესუალურ მხარეთა არგუმენტები და პირუთვნელი გადაწყვეტილება მიიღოს.
    ეს ჯერ კიდევ სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ (როგორც სახელმწიფოს მეთაურმა აღნიშნა) შინაგან საქმეთა სამინისტრომ და პროკურატურამ მუხლებზე უნდა დაიჩოქონ და მცხეთის მოსახლეობის წინაშე ბოდიში მოუხადონ ტატიშვილებს.
    მათთვის თავისუფლების აღკვეთა რომ მიესაჯათ და შემდგომ გამოაშკარავებულიყო ბრალდებულთა უდანაშაულობა - სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ სასამართლოდან ეჭვმიტანილთა გათავისუფლება მთელ მსოფლიოში ნიშნავს მხოლოდ ერთს: ბრალდებამ უბრალოდ ვერ დაჯაბნა დაცვა, ვერ დაარწმუნა სასამართლო თავისი არგუმენტაციის ურყეობაში. ხოლო ეს უკანასკნელი გადაწყვეტილებას (ჭოჭმანის შემთხვევაში) ყოველთვის ბრალდებულის სასარგებლოდ იღებს.
    ასეა მთელს მსოფლიოში, ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, მაგრამ. . . საქმე ის გახლავთ რომ საქართველო ჯერჯერობით ცივილიზებულ, სამართლებრივ ქვეყანად ვერ ჩაითვლება - შეიძლება უამრავი მაგალითი მოვიტანოთ იმისა, როდესაც საჭოჭმანო სიტუაციაში მოსამართლეს გადაწყვეტილება ბრალდების (და არა ბრალდებულის) სასარგებლოდ მიუღია (რაკი შეშინებია «ზემდგომ ორგანოთა» რისხვისა). ამ შემთხვევაში კი პირიქით მოხდა. რა იყო ეს? - პრინციპულობის გამოვლინება თუ . . . . . .
    სწორედ ამ კითხვის დასმით იწყება ყველაზე მთავარი და საინტერესო საკითხი: ყველამ ვიცით, ყველამ შევისისხლხორცეთ დემოკრატიის ანბანური ჭეშმარიტება: ხელისუფლებათა გაყოფა ნიშნავს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. სასამართლოს საქმეში ჩარევის უფლება არავის უნდა ჰქონდეს. მისი გადაწყვეტილება უზენაესია და შეუვალი!
    ქართულ დემოკრატიულ მოძრაობას გაგონებაც არ სურს სასამართლოზე რაიმე კონტროლის დაწესებისა - იგი კატეგორიულად მოითხოვს ჩამოერთვას პროკურატურას ზედამხედველობის ფუნქცია და ამას «საბჭოურ გადმონაშთად» მიიჩნევს.
    თეორიულად, რა თქმა უნდა, ქართველი «დემოკრატები» აბსოლუტურად მართალნი არიან: მსოფლიოს არც ერთ დემოკრატიულ ქვეყანაში არ არსებობს ინსტიტუტი, რომელსაც სასამართლოს გადაწყვეტილებაზე კონტროლის დაწესება შეუძლია. მოსამართლე ყველგან უმწიკვლოებისა და ხელშეუხებლობის ორეოლითაა გარშემორტყმული. «საბჭოთა» დიქტატურის პერიოდში კი, მოსამართლეები რაიკომის მდივნის წინაშე ცახცახებდნენ - რაც, რა თქმა უნდა, დაუშვებელია და შეუწყნარებელი.
    მაგრამ არ შეიძლება ისიც არ ითქვას, რომ «მედალს მეორე მხარეც» აქვს - მას შემდეგ, რაც სასამართლო სრულიად დამოუკიდებელი გახდა, იმ მოსამართლეებმა, რომლებიც მთელი ცხოვრების განმავლობაში ქრთამით ცხოვრობდნენ, «თავი აიშვეს» და რაკი აღარავისი ეშინიათ, რასაც სურთ, იმასაც აკეთებენ - აშკარა ყაჩაღებსაც ათავისუფლებენ (რა თქმა უნდა გარკვეული «პატივისცემის» ფასად).
    ვიმეორებ: არავითარი საფუძველი არ გამაჩნია ვამტკიცო, რომ მცხეთის სასამართლომ გადაწყვეტილება სწორედ ამ მოტივით მიიღო. შესაძლოა ამ შემთხვევაში მოსამართლე პატიოსანი კაცი იყოს, რომელიც მხოლოდ სინდისის კარნახით მოქმედებდა და რაკი ბრალდების არგუმენტაცია არასაკმარისად მიიჩნია - ეჭვმიტანილნი გაათავისუფლა. მაგრამ აქ უფრო საერთო ტენდენციაზე, «საზოგადო ჭირზე» ვმსჯელობ, ვიდრე კონკრეტულ შემთხვევაზე.
    საზოგადოებას კი, არავითარი რეალური ბერკეტი არ გააჩნია «სასამართლო მაფიაზე» ზემოქმედებისათვის. რაც შეეხება «ზემდგომ სასამართლოში» სარჩელის აღძვრას, გაუგებარია, რით არის ეს «ზემდგომი» - «ქვემდგომზე» უკეთესი და თუ «ქვემდგომი» იღებს ფულს, რატომ არ აიღებს «ზემდგომი»?
    ამ მაგალითიდან ნათლად იკვეთება ჩვენი ქვეყნის წინაშე მთელი სისრულით მდგომი ტრაგიკული დილემა: დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა, დიდით-პატარამდე კორუმპირებულ საზოგადოებაში, უეჭველად იწვევს კრიმინალურ ანარქიას, რადგან სამართალდამცავი სისტემა მხოლოდ ძალისმიერ კონტროლს ეყრდნობა და არა დემოკრატიულ მენტალიტეტს.
    როგორც კი ეს კონტროლი შესუსტდა - კორუმპირებულმა კლანებმა სასამართლოები თავის ფერხულში ჩაითრიეს. სასამართლოს «თავისუფლება» და «შეუვალობა» - მექრთამეობის «თავისუფლებად» იქცა. არსებობს კი საქართველოში გარანტია იმისა, რომ საზოგადოება შეძლებს ამ სფეროზე კონტროლის დაწესებას? დასავლეთში მთავარი გარანტია თვით საზოგადოების მენტალიტეტია: «საეჭვო» მოსამართლეს უბრალოდ არ აირჩევენ - მორჩა და გათავდა! მაგრამ როდესაც საზოგადოების მენტალიტეტი კრიმინალიზებულია და გარყვნილი - დემოკრატიული ინსტიტუტები ადვილად იქცევიან სათამაშოებად მაფიის ხელში. სწორედ ასე ხდება საქართველოში.

    ზემოთ მხოლოდ სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობდი, მაგრამ იგივე შეიძლება ითქვას სხვა სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებზე. მეორე მხრივ, ეს კონკრეტული შემთხვევა უტყუარი ნიშანია იმისა, რომ სისტემა, რომელიც ედუარდ შევარდნაძის წინაშე, სამოცდაათიან წლებში, შიშისაგან თრთოდა - დღეს მას უკვე აღარ ემორჩილება და ამზადებს ამბოხს, რაკი სერიოზულად უკმაყოფილოა დღევანდელი მმართველობით.
    ეს ჯერ მხოლოდ პირველი სიმპტომია სისტემის დაუმორჩილებლობისა (იგი სხვა ლიდერს ეძებს) - არჩევნების მოახლოების კვალობაზე, ამ სიმპტომთა ერთობლიობა პოლიტიკურ ტენდენციად გადაიქცევა. ეს, როგორც ჩანს, გარდაუვალია, ვინაიდან რეალურად არსებობს თითქმის გადაულახავი წინააღმდეგობა ბნელ, კორუმპირებულ, გარყვნილ საზოგადოებასა და იმ ნათელ, იმთავითვე კეთილშობილ დემოკრატიულ სისტემას შორის, რომლის შექმნასაც უშედეგოდ ვცდილობთ.
    P.S. თავად ტატიშვილებს, თუკი ისინი უდანაშაულონი არიან, შეუძლიათ ჩათვალონ, რომ ზემოთთქმული პირადად მათ არ ეხებათ.
   

«ივერია-ექსპრესი», 8 თებერვალი, 2005 წელი.