საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 მარტი. 2024 წელი

არა და არ წყდება დასავლეთში შფოთვა იმის გამო, რომ „დასავლური სანქციები არ მუშაობს“ და რომ „დასავლეთმა სანქციათა 12 პაკეტი მიიღო რუსეთის წინააღმდეგ, თუმცა ისინი სრულიად უშედეგო აღმოჩნდა„ - პუტინის ეკონომიკა, სამწუხაროდ, არ დაინგრა და რუსეთი აგრძელებს აგრესიას უკრაინის გასანადგურებლად.

კი მაგრამ როგორ, რანაირად „იმუშავებდა“ დასავლური სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, როცა Radio free Europe Radio liberty ცნობით, ეს 12 სანქციათა პაკეტი შეეხო 2 000 რუსული სამხედრო საწარმოდან მხოლოდ 600 საწარმოს, დანარჩენები კი საერთოდ არ არიან სანქცირებულნი დღემდე?

312 რუსული ბანკიდან სანქციები შეეხო მხოლოდ......36 ბანკს. სხვები კი ჩვეულებრივ აგრძელებენ მუშაობას?

რანაირად უნდა ემუშავა სანქციებს ასეთ პირობებში?

რაც მთავარია, საკითხის მკვლევრები აღიარებენ, რომ ვერა და ვერ მიიღეს პასუხი კითხვაზე: რა ნიშნით, როგორ, რატომ არის შემოღებული სანქცია ვთქვათ A ბანკის წინააღმდეგ და არ არის შემოღებული სანქცია C ბანკის წინააღმდეგ?

პასუხი იკარგება სადღაც ბიუროკრატიულ Deep state ლაბირინთებში, სადაც „ეშმაკი ფეხს მოიმტვრევს“.

ბუნებრივია, ბიუროკრატიას ურჩევნია სანქციების არაეფექტურობა დააბრალოს  ჩინეთს, ყაზახეთს, „პარალელურ იმპორტს“ და ა.შ. ოღონდ კი არ გასცეს პასუხი კითხვას: რატომ არ არის ეს სანქციები ყოვლისმომცველი? რატომ არის მხოლოდ ნაწილობრივი?

თუკი 316 რუსული ბანკიდან მხოლოდ 36 ბანკია „ჩახსნილი“ საბანკო გადარიცხვათა ვერიფიკაციის სისტემიდან SWIFT, რატომ არის გასაკვირი, თუ რუსეთის მოქალაქეები ფაქტობრივად ვერ ამჩნევენ და ვერ გრძნობენ რაიმე დისკომფორტს მათი ქვეყნის აგრესიის გამო?

კიდევ უარესი: დასავლეთმა განაცხადა მაგალითად, რომ აღარ მიაწვდის რუსეთს მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას. ვთქვათ, არ აწვდის Apple მობილურ ტელეფონებს. მაგრამ......არ მიიღო გადაწყვეტილება დაბლოკოს რუსეთში უკვე არსებული ტელეფონების წვდომა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, რაც Apple-ის მენეჯმენტს შეუძლია გააკეთოს ღილაკზე ერთი თითის დაჭერით.

სისტემური შეცდომებიცაა დაშვებული: ევროპამ უარი თქვა რუსული გაზის და ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ შედეგად ენერგომატარებლები გაძვირდა, ანუ პუტინის ბიუჯეტმა მეტი შემოსავალი მიიღო.

გარდა ამისა, დასავლეთმა დააწესა „ზღვრული ფასები“ რუსულ ნავთობზე, მაგრამ არ აუკრძალა მოსკოვს ტანკერების შეძენა მთელს მსოფლიოში; შედეგად კი რუსული ჩრდილოვანი სანავთობო ფლოტი“ დადის მსოფლიო ოკეანეში და ავსებს პუტინის ბიუჯეტს.

. . . . . . . . . . . . . . . .  

რასაც ახლა მოვესწარით რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში, თითქოსდა ისტორიული მოულოდნელობაა, თუმცა სინამდვილეში აბსოლუტურად ლოგიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მოსკოვმა ერევანს უღალატა 2020 წელს და ფაქტობრივად „ჩააბარა“ შემდეგ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს იმის მიუხედავად, რომ მთიან ყარაბაღში იყვნენ რუსი ე.წ. „მშვიდობისმყოფელები“

თურქულ ანტალიაში (!) პრეს-კონფერენციაზე გამოსვლისას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: „სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები იშლება“ და „სომხურმა მხარემ უნდა განაცხადოს, რა სურს, რათა მოსკოვმაც მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებებიო“.

ეს მკვეთრი და აგრესიული განცხადებები მოჰყვა სომხეთის პარლამენტის სპიკერის ფრაზას, რომ ერევანს სურს ევროკავშირში გაწევრება. პირველ ეტაპზე კი უვიზო რეჟიმის მიღწევა. გარდა ამისა, სომხეთი აქტიურად ყიდულობს საფრანგეთისგან იარაღს.

ლავროვი აშკარად გულისხმობდა, რომ თუ სომხები „ჭკვიანად არ იქნებიან“, რუსეთი უბრალოდ შეუწყვეტს ბუნებრივი აირის მიწოდებას და....მორჩა!

ვისგან მიიღებენ ბუნებრივ აირს სომხები - აზერბაიჯანისგან?!

და აზერბაიჯანი რატომ მიაწვდის ბუნებრივ აირს, როდესაც სომხეთი არ თანხმდება „ზანგეზურის დერეფნის“ გაჭრას აზერბაიჯანიდან ნახჭევანისკენ?!

ერევანში იმედი აქვთ, რომ მოსახლეობას ენერგეტიკულად დააკმაყოფილებენ ატომური ელექტროსადგურის მეშვეობით, რომლის საწვავს (ურანს) მიღებენ უკვე არა რუსეთისგან, არამედ საფრანგეთისგან.

საფრანგეთი ნამდვილად დიდად აქტიურობს, თუმცა სომხეთი, როგორც ლავროვი ქარაგმულად მიანიშნებს, დაკარგავს რუსულ ბაზარს საკუთარი პროდუქციისთვის. პირველ რიგში იგულისხმება კონიაკი და მინერალური წყლები.

ლავროვი ანტალიაში არ შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. დემონსტრაციულად შეხვდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრს და ესეც, რასაკვირველია, პოლიტიკური დემარში იყო.

რუსი (სომხური ეთნიკური წარმომავლობის) მინისტრის  განცხადებაში მაინც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო იმის მოთხოვნა, რომ სომხეთმა მკაფიოდ ჩამოაყალიბოს რა უნდა და რას აპირებს: კი ამბობენ, „კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გავდივართო“, თუმცა რეალურად ამგვარი განაცხადი, ოფიციალურ დონეზე არ შეუტანიათ; ასევე „ევროკავშირში გვინდაო“ და ოფიციალური განაცხადი არ შეაქვთ.

როგორც ჩანს მოსკოვი ამ ოფიციალურ განაცხადებს დაელოდება, რაც მხოლოდ დროის საქმეა და მერე აამოქმედებს თავის ბერკეტებს. ჯერ-ჯერობით რუსულმა „როსპოტრებნადზორმა“ სომხურ მინერალურ წყალში „ჯერმუკ“ რაღაც შხამი „აღმოაჩინა“ და მისი იმპორტი შეზღუდა.

გვახსენდება 2006 წელი.......მაშინ სომეხი კოლეგები სამხრეთ კავკასიის „გადაფორმატირებაზე“ ლაპარაკობდნენ და სომხეთი რუსეთის „ფორპოსტად“ მიაჩნდათ რეგიონში.

15 წლის შემდეგ კი აღმოჩნდა, რომ არანაირი „ფორპოსტი“ სინამდვილეში ეს პატარა საცოდავი ქვეყანა არ ყოფილა და მოსკოვისთვის აზერბაიჯანთან, ასევე თურქეთთან სტრატეგიული თანამშრომლობა ბევრად მნიშვნელოვანი იყო.

 . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიაში და დასავლეთში გრძელდება სკანდალი გერმანული არმიის, ბუნდესვერის ოფიცერთა საუბრის ჩაწერის გამო რუსული სპეცსამსახურების მიერ.

როგორც გატყობინებდით, ამ საუბრისას გერმანელი ოფიცრები, ბრიტანელებთან ერთად, უკრაინისთვის Taurus რაკეტების გადაცემას განიხილავდნენ.

ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გერმანიის არმიას სულ 600 ამგვარი რაკეტა აქვს და 100 ერთეულს გადასცემს კიევს, როგორც კი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მიიღებს პოლიტიკურ  გადაწყვეტილებას.

რეალურად არაფერი გასაკვირი ან მოულოდნელი იმაში, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა ამ საუბრის ჩაწერა შეძლეს, ნამდვილად არ არის: ირკვევა, რომ სამხედრო მაღალჩინოსნები კონფერენციას ატარებდნენ დაუშიფრავი პლატფორმის Webex მეშვეობით და გასაკვირი ის იქნებოდა, რუსებს ვერ ჩაეწერათ.

საოცრებაა ზოგჯერ ეს დასავლური გულარხეინობა: როგორ შეიძლებოდა ამგვარი საკითხების განხილვა „ღია პლატფორმაზე“?!

„გამოძიებას ჩავატარებთო“- ახლა ამბობენ - არადა გვიან არის უკვე!

 . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკაში რომ გაუგონარი და არნახული დროებაა, ცხადია და ყოველ დღე დასტურდება: კონგრესის ქვედა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა განაცხადა, რომ მზად არის აპრილში გაიტანოს კენჭისყრაზე კანონპროექტი უკრაინისა და ისრაელისთვის ფინანსური დახმარების თაობაზე.

დღემდე ამ კანონის მიღებას დონალდ ტრამპის მომხრე „რესპუბლიკელები“ ბლოკავდნენ, თუმცა ახლა მოულოდნელი ახალი წინააღმდეგობა გაჩნდა: რაკი ისრაელისა და უკრაინის დახმარება ერთიანი „პაკეტია“, ე.წ. „მემარცხენე დემოკრატები“ წინააღმდეგნი არიან ისრაელის დახმარებისა ღაზას სექტორში შექმნილი ვითარების გამო.

  . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაცია პოლონეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც ე.წ. „პოლონელი ფერმერები“ ბლოკავენ უკრაინულ ექსპორტს „მორალს და ეკონომიკას მიღმა აღმოჩნდა“.

წარმოუდგენელია ზელენსკის არ დავეთანხმოთ ამ შეფასებაში.

ალბათ კიდევ ძალიან რბილადაც თქვა: „ჩვენ სისხლისგან ვიცლებით და ამ დროს პოლონელები......“

ე.წ. „პოლონელი ფერმერები“ ბლოკავენ უკვე არა მხოლოდ ხორბალს არამედ ნებისმიერ უკრაინულ სასოფლო-სამეურნეო ექსპორტს, რაკი უკრაინული ექსპორტი ხელს უშლით საკუთარი პროდუქციის გაყიდვაში ევროპულ ბაზრებზე.

ამით რუსეთი, რომელმაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო, აღწევს მისთვის ძალიან მნიშვნელოვან შედეგს: ანგრევს ევროპულ სოლიდარობას როგორც პოლიტიკური, ასევე ინსტიტუციური თვალსაზრისით.

იმიტომ, რომ არსებობს ევროკავშირის მტკიცე, ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უკრაინული ექსპორტის დაშვების შესახებ ევროპულ ბაზრებზე, თუმცა პოლონეთმა, უნგრეთმა და სლოვაკეთმა განაცხადეს, რომ ამ გადაწყვეტილებას უბრალოდ არ ემორჩილებიან მიუხედავად იმისა, რომ ეს „არდამორჩილება“ ევროკავშირის წესდების პირდაპირი, უხეში დარღვევაა.

გარდა ამისა, ირღვევა WTO-ს წესდებაც, ანუ საერთაშორისო ვაჭრობის ფუნდამენტური წესები.

გამოსავალი ჯერ არ ჩანს, რაც სერიოზულად უმძიმებს ვითარებას უკრაინას ისედაც სახიფათო მდგომარეობის ფონზე, რაც ფრონტის ხაზზე იქმნება ბოლო დროს.