საერთაშორისო მიმოხილვა. 6 მაისი 2022 წელი
აფხაზეთში, რუსეთის მოთხოვნით, დააპატიმრეს ყოფილი კულტურის მინისტრი დენის აგრბა. მას ბრალად ედება მილიონობით რუბლის მოპარვა იმ ფინანსური დახმარებიდან, რაც რუსეთმა გამოჰყო აფხაზეთის დასახმარებლად. კულტურის ახალ მინისტრად ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე დაინიშნა.
იმედი აქვთ, ის მაინც არ მოიპარავს.
. . . . . . . . . . .
პენტაგონმა, მისი ოფიციალური სფოუქსპერსონის, კირბის სახით პირველად სენსაციურად დაადასტურა, რომ სწორედ ამერიკულმა სპეცსამსახურებმა, უპირველესად კოსმოსურმა დაზვერვამ მიაწოდეს უკრაინელ სამხედროებს რუსული ფლაგმანის `მოსკვას` ზუსტი ლოკაციის მონაცემები შავ ზღვაში, რის შემდეგაც უკრაინელებმა `მოსკვა` რაკეტებით გაანადგურეს და ჩაძირეს.
ფაქტობრივად ამით ამერიკამ აღიარა, რომ უკვე ჩართულია ომში უკრაინის დასაცავად - რუსეთის წინააღმდეგ
თუმცა პენტაგონი აზუსტებს: უშუალოდ გადაწყვეტილების მიღებაში, ანუ ჩაეძირათ თუ არა `მოსკვა` ამერიკას მონაწილეობა არ მიუღიაო. `ეს გადაწყვეტილება` უკრაინელებმა თავად მიიღესო.
ოღონდ ეს `პოლიტიკური დაზუსტებაა` და ბევრს არაფერს ცვლის.
პენტაგონი ასევე ამბობს, რომ არ აწვდის უკრაინელებს იმ ლოკაციათა მონაცემთ, რომლებიც უშუალოდ რუსეთის ტერიტორიას ეხება.....თუმცა ფაქტია, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინელებმა რუსეთის ტერიტორიაზეც დაბომბეს რამდენიმე წერტილი უდიდესი სიზუსტით.......
ასევე პენტაგონი პირდაპოირ დასცინის მოსკოვს როცა ამბობს: `უკრაინულ არმიას არ ვაწვდით მონაცემებს იმის შესახებ, რუსი გენერლები ზუსტად სად იმყოფებიან უკრაინის ტერიტორიაზეო`.....არადა ცნობილია, რომ უკრაინელებმა რამდენიმე გენერალი, ადმირალი და რუსეთის ჯარის მაღალი რანგის ოფიცერი გაანადგურეს ამ ომის დროს.
ასე რომ, ამერიკის დახმარება არა მხოლოდ რაოდენობრივად იზრდება, არამედ ხარისხობრივადაც: კოსმოსური დაზვერვის მონაცემები უძლიერესი რესურსია, რომელიც უკრაინულ არმიას ფასდაუდებელ დახმარებას გაუწევს.
. . . . . . . . . . .
აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არასასიამოვნო არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: მიიღოს თუ არა მონაწილეობა G20 სამიტში, რომელიც ინდონეზიაში ნოემბერში უნდა ჩატარდეს.
წინასწარი თანხმობაა საჭირო.
მოსკოვმა დაადასტურა, რომ პუტინი იქ აუცილებალდ ჩავა, მაგრამ თუ ომი მანამდე არ დასრულდა ანუ პუტინი არ დამარცხდა, ბაიდენს გაუჭირდება სამიტზე ჩასვლა და პუტინთან ერთიან ფოტოსესიაში მონაწილეობის მიღება.....
გარდა ამისა, ამერიკის პრეზიდენტის უარი, მონაწილეობა მიიღოს ამ სამიტში, წყნარ ოკეანეზე ჩინეთის პრიორიტეტის დადასტურება იქნებოდა.
G20 (2022) ძალიან მნშვნელოვანია, რაკი პანდემიის შემდეგ ახალი მსოფლიოს დაფუძნებას ისახავს მიზნად. თუმცა დილემის არსი ისაა, რომ პუტინი, მისი აგრესიით, თავად აფუძნებს ახლა საკუთარ `მსოფლიოს` რუსულ-ჩინური ავტოკრატიული და აგრესიული რეჟიმით.
. . . . . . . . . . .
ევროკავშირი აგრძელებს მცდელობას, დაასანქციროს პუტინის მეგობარი ქალი, არინა კაბაევა.
ჯერ ჯერობით უშედეგოდ ცდილობს.
ცოტამ თუ იცის და კიდევ უფრო ნაკლები ამბობს ღიად (პოლიტკორექტულობის გამო) რა არის ამ ყოყმანის ნამდვილი მიზეზი: რეალური მიზეზი ისაა, რომ კაბაევას დასანქცირებას ეწინააღმდეგებიან ევროპაში ყოვლისშემძლე ფემინისტური ორგანიზაციები შემდეგი ნიშანდობლივი არგუმენტით: კაბაევა პუტინის ოფიციალური ცოლი არ არის, საყვარელია და არ შეიძლება ქალი დასაჯო მხოლოდ იმიტომ, რომ სექსუალურია და მამაკაცს უყვარსო. `ქალი ქალურობისთვის არ უნდა ისჯებოდეს`- ასეთია მტავარი მთავარი სლოგანი.
ცოლი რომ იყოს, სხვაა.
ერთ შეხედვით დაუჯერებელი სჩანს, რომ ეს შეიძლება იყოს მიზეზი, თუმცა ნამდვილადდ ესაა.
რაც იმას არ ნიშნავს რასაკვირველია, რომ ევროკომისიას ამგვარი შანტაჟი არ მობეზრდება, ზეწოლას თავს ვერ დააღწევს და უახლოეს მომავალში პუტინის საყვარელს არ დაასანქცირებს.
მით უმეტეს, რომ არინა კაბაევა დეპუტატია და ოფიციალური პირი. - მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
როგორც სახელმწიფო სათათბიროს წევრი, ის უკვე სანქცირებულია სხვა რუსი დეპუტატებივით. ოღონდ აქ ლაპარაკია მის პერსონალურ საქნცირებაზე. თუმცა ეს გადაწყვეტილება ევროკომისიამ რამდენჯერმე გადადო ზუსტად იმ თითქოს `დაუჯერებელი` მიზეზით, რაც მოგახსენეთ.
. . . . . . . . . . .
სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვოლოდინმა აშკარა გაბრაზებით უპასუხა კითხვას: `ხომ არ გეგმავს რუსეთი მობილიზაციის გამოცხადებას` - - - `არა, არა არააააა.....` - მიუგო ვოლიდინმა.
ვოლოდინი თანამდებობით მეოთხე პირია რუსეთის სახელმწიფო იერარქიაში.
აშკარაა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ძალიან ეშინია მობილიზაციის თემისა, რაკი ეს აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთში სულ უფრო არაპოპულარული ხდება ორი მიზეზით:
ა) დიდი მსხვერპლი, რაც ინტერნეტისა და სოციალური ქსელების ეპოქაში ვერანაირად ვერ დაიმალება
ბ) `სწრაფი და დიდებული გამარჯვების` გაცრუებული მოლოდინი.
მობილიზაციის გამოცხადება პუტინის რეჟიმის დასასრულის დასაწყისი შეიძლება გახდეს.
ამის საპირისპიროდ, უკრაინამ უკვე ორჯერ გამოაცხადა ნაწილობრივი მობილიზება, რადგან უკრაინელებმა იციან რისთვის იბრძვიან: ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. აი პუტინს კი სულ უფრო უჭირს რუსებს აუხსნას, რისთვის გრძელდება ეს ომი ამდენი მსხვერპლით: უკრაინის მთლიანად დასაპყრობად? ნაწილობრივ დასაპყრობად? უკრაინის ე.წ. `დენაციფიკაციისთვის`? `უკრაინის დემილიტარიზაციისთვის? `
ყველაზე ჩამორჩენილი ადამიანისთვისაც კი ცხადია რუსეთში, რომ ეს მიზნები სრულებით მიუღწეველი აღმოჩნდა, ხოლო დონბასის გათავისუფლება რომც მოხერხდეს (ანუ დონეცკისა და ლუგანსკის დაპყრობა მხოლოდ, მარიუპოლის აღებით) ეს მაინც დამარცხებად აღიქმება - იმდენად დიდი იყო `დერჟავნიკული` საზოგადოების `შეკვეთა` და მოლოდინები.
. . . . . . . . . . .
რუსი ფსიქიატრები აღიარებენ, რომ უკრაინაში ომის (ანუ რუსული აგრესიის) დაწყებიდან რუსეთში მკვეთრად, 25%-ით გაიზარდა მძიმე ნევროზთა და ფსიქიკური აშლილობის შემთხვევებმა.
25% ძალიან დიდი რიცხვია.
. . . . . . . . . . .
ისრაელის ხელისუფლება ადასტურებს, რომ პუტინმა პირადად დაურეკა პრემიერ-მინისტრ ნაფტალი ბენეტს და ბოდიში მოუხადა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვის განცხადების გამო, თითქოს `ჰიტლერს ებრაული სისხლი ჰქონდა`.
მთელი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში პუტინს ბოდიში არავისთვის არასდროს არ მოუხდია.
კომიკური ვითარებაა: როგორც წესია, ისრაელმაც და რუსეთმაც გაავრცელეს ინფორმაცია, ესე იგი `პრეს-რელიზი` ამ საუბართან დაკავშირებით. ოღონდ პუტინის ადმინისტრაციის პრეს-რელიზში საერთოდ არაფერია ნათქვამი `ბოდიშთან` დაკავშირებით.
წარმოუდგენელია ისრაელი ასე ცრუობდეს. ისრაელი დემოკრატიული ქვეყანაა სიტყვის თავისუფლების პატივისცემით.
მაშასადამე, იოლი მისახვედრია, რომ სწორედ პუტინის ადმინისტრაცია იტყუება, თითქოს პუტინმა ბენეთს `რეგიონში შექმნილი ვითარების `გასარკვევად დაურეკა და არა ბოდიშის მოსახდელად.
ოღონდ რუსებმა ამის შესახებ არაფერი იციან: ოფიციოზი, ესე იგი ოფიციალური პროპაგანდა უმალავთ, რომ მათი`ველიკოდერჟავული` ქვეყნის პრეზიდენტმა პირადად დაურეკა `ვიღაც ისრაელის პრემიერს` ბოდიშის მოსახდელად.
რამდენად გულწრფელია პუტინის `ბოდიში` ოფიციალურად გაცხადდება და ნათელი გახდება იმით, გადადგება თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი.
თუ არ გადადგება, საერთოდ ჰომერულ ხარხარს გამოიწვევს ეს ყოველივე: აბა სად გაგონილა საგარეო საქმეთა მინისტრის `წამოყრანტალების` გამო (თუ ეს მართლა შეცდომა იყო და პუტინი ნანობს) სახელმწიფოს მეთაური ბოდიშებს იხდიდეს და მინისტრი თანამდებობაზე დარჩეს?!
. . . . . . . . . . .
NATO-ს შტაბ-ბინამ გაავრცელა განცხადება, რომ ბოლო 4 დღის განმავლობაში ალიანსის საჰაერო თავდაცვის ძალები, კონკრეტულად ავიაგამანადგურებლები, ოთხჯერ გაიგზავნენ შავი ზღვის და ბალტიის ზღვის საჰაერო სივრცეში, რათა თვალი ედევნებინათ რუსული თვითმფრინავებისთვის, რომლებიც მეტისმეტად მიუახლოვდნენ ჩრდილო ატლანტიკური კავშირის საჰაერო სივრცეს.
რუსული თვითმფრინავები ამ სივრცეებს უახლოვდებიან, მერე შორდებიან, უკანასკნელ მომენტში გზიდან გადაუხვევენ და ა.შ. ანუ მთლიანობაში თითქოს სარაკეტო დარტყმათა რეპეტიციას ატარებენ.
შეიძლება თუ არა ანალოგიურ ხერხს მიმართონ NATO-ს სამხედრო თვითმფრინავებმა რუსეთის საჰაერო სივრცესთან? როგორ არ შეიძლება. აკეთებენ კიდეც საპასუხოდ..... მაგრამ განსხვავება ისაა, რომ რუსული ტელევიზიები საკუთარ მაყურებლებს ამას არ უყვებიან, რათა არ დაზაფრონ ან ნერვები არ მოუშალლონ. ევროპაში კი ამგვარი რამ არ იმალება - მედია ფართოდ აშუქებს რუსული ბომბდამშენების ან გამანადგურებლების მიახლოებას და ევროპული საზოგადოებაც იძაბება.
ასეთ სხვაობებს რუსეთისა და დასავლეთის რეალიებს შორის პუტინი ხშირად იყენებს სხვა სფეროებშიც.
ავტორიტარულ და დიქტატორულ რეჟიმებს ეს `უპირატესობა` (თუ შეიძლება ამას `უპირატესობა` ეწოდოს) ნამდვილად აქვთ დემოკრატიებთან შედარებით: არათავისუფალი მედია-გარემო და მოსახლეობის ზომბირების უნარი
. . . . . . . . . . .
რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ იმ ქვეყნებსაც კი აფრთხობს, რომლებიც მოსკოვის მიმართ მუდამ განსაკუთრებული სიფრთხილით და პიიტეტით გამოირჩეოდნენ: უზბეკეთის დედაქალაქში, ტაშკენტში, აკრძალეს კონცერტი ცენტრალურ მოედანზე, რომელიც `გამარჯვების დღეს` ეძღვნებოდა და რუსულად უნდა ემღერათ.
. . . . . . . . . . .
მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსებს აუკრძალა ევროპის ქვეყნებში ბინების და სახლების შეძენა, მდიდარი რუსები დუბაიზე და არაბულ ქვეყნებზე, ასევე თურქეთზე გადაერთვნენ.
თუმცა უძრავი ქონება იქ მაინც საკმაოდ ძვირია საშუალოზე ოდნავ მაღალი შემოსავლის რუსებისთვის.
სად არის ხელმისაწვდომი? რა თქმა უნდა საქართველოში - თბილისსა და ბათუმში.
შესაძლოა სწორედ ამ მოლოდინებითაა განპირობებული ბინების ბოლოდროინდელი მნიშვნელოვანი გაძვირება ჩვენს ქვეყანაში.
დათო