საერთაშორისო მიმოხილვა. 7 თებერვალი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 თებერვალი. 2024 წელი

ე.წ. „სამხრეთ ოსეთმა“ ჩრდილო კორეას ანგარიში გაუხსნა „სამხრეთ ოსეთის ბანკში“.

ეს ანეკდოტური ინფორმაცია დღეს დილით რამდენიმე სოლიდურმა წყარომ დაადასტურა.

დასავლეთში აღნიშნავენ, რომ ასეთია პუტინისა და ჩრდ. კორეის დიქტატორ კიმის მოლაპარაკების შედეგი: რუსეთი ჩრდილო კორეისგან იღებს საარტილერიო ჭურვებს, სამაგიეროდ რუსეთი ეხმარება მას მიიღოს წვდომა მსოფლიო საბანკო სისტემაზე იმით, რომ.......„სამხრეთ ოსეთის“ ბანკში გახსნას საკორესპონდენციო ანგარიში.

გარდა ამისა, პუტინის ბრძანებით, რუსულ ბანკებში მოიხსნა ყადაღა „ჩრდილო კორეის“ აქტივებზე, რაც დაყადაღებული იყო გაეროს გადაწყვეტილების თანახმად.

აქ ყველაზე საინტერესო (და ჩვენთვის მნიშვნელოვანი) ისაა, რომ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ბანკი გამოიყენება ჩრდილო კორეის ფინანსური ოპერაციებისთვის.

ამ ხრიკს პუტინმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიმართა, როდესაც ყირიმის ანექსიის შემდეგ მას შეუზღუდეს დასავლურ ბანკებთან წვდომა, „სამხრეთ ოსეთში“ გაუხსნა საკორესპოინდენციო ანგარიშები ოკუპირებულ ყირიმს, ასევე დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებს.

მათ სწორედ „ცხინვალის ბანკით“ შეეძლოთ გადარიცხვების განხორციელება მთელს მსოფლიოში.

ანუ რუსეთი ახორციელებდა ამ გადარიცხვებს სინამდვილეში, მაგრამ.....აქ მთავარი კითხვა და უბრალოდ აღმაშფოთებელი საკითხია ევროპული თუ ამერიკული ბიუროკრატიის მოუქნელობა და გარკვეულწილად სიჩლუნგეც: რატომ არ შეიძლება დაბლოკონ ყველა ის ტრანზაქცია, რაც „სამხრეთ ოსეთის“ ბანკის მეშვეობით ხორციელდება? ანუ რომლის „წარმომავლობა“ ცხინვალია?

 თუმცა არა - 2014 წლიდან იძახიან, რომ „სამხრეთ ოსეთი“ ოკუპირებული ტერიტორიაა და რაკი საერთაშორისო იურისდიქციას არ ცნობს, მის წინააღმდეგ სანქციებს ვერ შემოიღებენ.

უკაცრავად მაგრამ.......ამაზე მეტი იდიოტიზმი გაგონილა?

სწორედ „სამხრეთ ოსეთის ბანკის“ გამოყენებით აფინანსებდა მოსკოვი, წლების განმავლობაში, ყველა ტრანზაქციას ოკუპირებულ ყირიმთან და დონბასთან დაკავშირებით ისე, რომ მისი ბანკები დამატებით სანქციების ქვეშ არ მოყოლილიყვნენ.

თითქოსდა ცხადი არ არის, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. „სამხრეთ ოსეთის ბანკის“ მიღმა იგივე რუსული სისტემური ბანკები დგანან. ბევრი მათგანი კი დღემდე არ არის დასანქცირებული.

ამიტომაც სჭირდებათ „სამხრეთ ოსეთის ბანკი“, რათა საერთაშორისო ბიუროკრატიას არგუმენტი არ მისცენ დასასანქცირებლად; ეს ბიუროკრატია კი (ვიმეორებ) მხრებს იჩეჩს: „ტრანზაქციები სამხრეთ ოსეთის ბანკის მეშვეობით ხორციელდება და არა რუსული ბანკებისა....ამიტომ არ ვიცით რა ვქნათ......“

 . . . . . . . . . . . . . . . . . .  

აშშ ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპს არ გააჩნია იმუნიტეტი საქმეებზე, რომლებიც მისი პრეზიდენტობის დროს ჩადენილ შესაძლო დანაშაულებს ეხება.

ტრამპი და მისი ადვოკატები მოითხოვდნენ სასამართლოს აეკრძალა პროკურატურისთვის სისხლის სამართლის საქმეების წარმოება ყოფილი პრეზიდენტისა და პრეზიდენტობის კანდიდატის წინააღმდეგ, თუმცა ეს მოთხოვნა „სააპელაციომ“ უარყო.

თუმცა კვლავინდებურად არ არის გარკვეული ბევრად უფრო არსებითი საკითხები

ა) გაგრძელდება თუ არა გამოძიება იმ შემთხვევაში, თუკი დონალდ ტრამპს აირჩევენ პრეზიდენტად?

ბ) გამოიტანს თუ არა სასამართლო რომელიმე სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელ განაჩენს საპრეზიდენტო არჩევნებამდე და თუ გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს, დააპატიმრებენ თუ ვერა ქვეყნის 45-ე პრეზიდენტსა და მთავარ საპრეზიდენტო კანდიდატს, რომელიც ყველა გამოკითხვით, უკვე 4-5 პუნქტით უსწრებს დემოკრატთა კანდიდატ ჯო ბაიდენს?

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი მოსკოვში ჩავიდა და აცხადებს, რომ ინტერვიუ ექნება ვლადიმერ პუტინთან.

კრემლს ეს ინფორმაცია ჯერ არ დაუდასტურებია.

ტაკერ კარლსონი მუშაობდა Fox News-ზე მაგრამ იქიდან გაუშვეს, რაკი მისი განცხადებების გამო (2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ საარჩევნო აპარატების მეშვეობით),  ამ რესურსმა, რომელიც მერდოკებს ეკუთვნის, დიდი ჯარიმა გადაიხადა.

კარლსონის განცხადებამ პუტინთან ინტერვიუს შესახებ ამერიკაში დიდი სკანდალი გამოიწვია. „რესპუბლიკელმა“ სენატორებმა კარლსონს „მოღალატეც“ კი უწოდეს. ცნობილმა ჟურნალისტმა, კრისტიან ამანპურმა (CNN) დაწერა, რომ კარლსონი ნუ იტყუება, თითქოს პირველია ვინც უკრაინაში აგრესიის დაწყების შემდეგ ცდილობდა პუტინთან ინტერვიუს ჩაწერას - მეც ვცდილობდიო.

და თუ ასეა, ცოტა არ იყოს გაუგებარი ხდება, რას ერჩიან მაშინ კარლსონს? როგორც ჩანს მიზეზი ის არის, რომ ტაკერ კარლსონი ინტერვიუს დროს შესაძლოა არ იყოს პუტინის მიმართ კრიტიკული, თუმცა ეს ჯერ არავინ იცის.

თვით ტაკერ კარლსონი აცხადებს, რომ აქვს გარანტია ილონ მასკისგან: მისი ინტერვიუ პუტინთან არ დაიბლოკება X-ზე ანუ Twitter-ზე.

მეორეს მხრივ, რაღაც პარანოიდალური თვისებები აქვთ პუტინს და კრემლის პროპაგანდისტულ მანქანას: როგორი პოპულარულიც არ უნდა იყოს X, ეს მაინც სოციალური ქსელია - გავლენით და მოცულობით ვერ შეედრება ტელევიზიებს. და თუკი კრისტიან ამანპური ანუ CNN ცდილობდა ინტერვიუს ჩაწერას პუტინთან, მას რატომ უთხრეს უარი?

როგორც ჩანს მთავარი მართლაც კრიტიკული კითხვების შიშია - კრემლს სურს ინტერვიუ ჰგავდეს დასავლური მედიის ინტერვიუებს სსრკ კომპარტიის გენერალურ მდივნებთან, როდესაც დასავლელი ჟურნალისტები ცდილობდნენ, „უხერხული კითხვებით“ არ გაებრაზებინათ კრემლის მეპატრონე.

არადა, პუტინის სპეცსამსახურებმა რამდენიმე თვის წინ დააპატიმრეს ამერიკელი ჟურნალისტი Evan Gershkovich. მას „შპიონაჟს“ აბრალებენ თუმცა სინამდვილეში დააპატიმრეს იმ მიზნით, რათა გაცვალონ ბერლინში დაპატიმრებულ რუს კილერზე, ვინც ჩეჩენი აქტივისტი, ზელიმხან ხანგოშვილი მოკლა.

რეალურად, ტაკერ კარლსონისთვის მთავარი პუტინთან ინტერვიუს შინაარსი კი არ არის, არამედ მისი სკანდალურობა. ამისთვის იგი ყველაფერს გააკეთებს.

ეს იციან კრემლში. ამიტომაც ჭოჭმანობენ

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ სცადა „რესპუბლიკელი“ ოპონენტების დარწმუნება კონგრესში, რომ აუცილებელია უკრაინის დახმარების პაკეტის მიღება.

პრეზიდენტმა თქვა, რომ თუ ეს კანონპროექტი არ იქნება დამტკიცებული, იგი მთელი საარჩევნო კამპანიის მანძილზე იძახებს, რომ მიგრაციული კრიზისი მექსიკასთან საზღვარზე „რესპუბლიკელთა“ ბრალია.

საქმე ის გახლავთ, რომ „თეთრმა სახლმა“ უკრაინის დახმარების პაკეტი არა მხოლოდ ისრაელისთვის და ტაივანისთვის დახმარებას დაუკავშირა, არამედ მექსიკასთან სასაზღვრო ინფრასტრუქტურის გაძლიერებასაც.

მაგრამ „რესპუბლიკელებს“ და დონალდ ტრამპს ეს ზომები არასაკმარისად მიაჩნიათ.

ამიტომაც იბლოკება მთელი პაკეტი.

თუმცა საეჭვოა პრეზიდენტ ბაიდენის მუქარამ „სრული კამპანიის განმავლობაში ვიძახებ, რომ თქვენი ბრალია მექსიკასთან საიმიგრაციო კრიზისიო“, დონალდ ტრამპი ან მისი მხარდამჭერი კონგრესმენები თუ სენატორები დიდად შეაშფოთოს.

არის სიმპტომები რაღაც კომპრომისის ძიებისა „საზღვრის საკითხში“, თუმცა ორივე მხარე („რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც) მაქსიმუმის მიღებას ცდილობს წინასაარჩევნოდ, რათა ამომრჩევლის თვალში არ გამოჩნდნენ როგორც „დამარცხებულები“ და „სუსტები“. ეს მოტივაციური კომპლექსი არა მხოლოდ საქართველოში არსებობს, არამედ  ამერიკაშიც

ასევე,  „პაკეტურ განხილვას“ დემოკრატები რესპუბლიკელების თანაბრად ითხოვენ. უბრალოდ, თუ ჯო ბაიდენი „პაკეტს“ უკავშირებს ისრაელის დახმარებას, „ტრამპი (ცხადია, ის დგას ამ წინააღმდეგობის მიღმა) „პაკეტში“ განიხილავს იმავე საზღვრის საკითხს.

 . . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელი აგრძელებს სამხედრო ოპერაციას ღაზის სექტორში. მიმდინარეობს მძიმე ბრძოლები ახლა უკვე სექტორის სამხრეთისკენ, ანუ ეგვიპტის საზღვრისკენ.

მიუხედავად იმისა, რომ ისრაელის არმიას უდიდესი უპირატესობა აქვს, „ჰამასი“ აგრძელებს ულტიმატუმებით გამოსვლას. მაგალითად, ეგვიპტისა და კატარის შუამავლობით, მან შეიმუშავა წინადადებათა პაკეტი, რომელიც მართლაც უფრო ულტიმატუმს ჰგავს: ისრაელმა უვადოდ (!) შეწყვიტოს ცეცხლი და შეწყვიტოს ბლოკადა, ანუ ეგვიპტის საზღვრისა და საზღვაო საზღვრის ჩაკეტვა, რაც ნამდვილად შექმნის ღაზის სექტორში იარაღის შეტანის საფრთხეს.

ისრაელი, რასაკვირველია, ამ ულტიმატუმს არ მიიღებს, რადგან ეს დამარცხების აღიარება იქნებოდა.

არ მიიღებს, რაკი სამხედრო თვალსაზრისით უპირატესობა აქვს. მხოლოდ დროის საქმეა ალბათ, რომ მთელი სექტორი გააკონტროლოს. სხვა თემაა, რომ ეს დრო მეტისმეტად კი გაიწელა.

მაგრამ აქ ყველაზე ნიშანდობლივია „ჰამასის“ პოზიცია ღაზის სექტორში.

ეს ტერორისტული ორგანიზაცია ახლაც არ იხევს უკან და რაც მთავარია, ყველა გამოკითხვით, იმ უბედურების შემდეგ, რაც დატრიალდა ღაზაშიც და ისრაელშიც, დღეს რომ ჩატარდეს არჩევნები, „ჰამასი“ კვლავ გაიმარჯვებს ღაზის სექტორში.

ეს არის მასობრივი ფანატიზმი.