მინისტრების გადაყენებით გულს კი მოვიფხანთ, მაგრამ კუჭები ისევ ცარიელი გვექნება

მინისტრების გადაყენებით გულს კი მოვიფხანთ, მაგრამ კუჭები ისევ ცარიელი გვექნება

    «მთავრობის გაფართოებულმა» სხდომამ, გასულ კვირას, არა მხოლოდ 6 თვის განმავლობაში ეკონომიკის განვითარების შედეგები შეაჯამა, არამედ რამდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი პრეცედენტიც შექმნა:    ირინა სარიშვილი და ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები არათუ «სამეურნეო აქტივის კრებაზე», იყო დრო, პარლამენტში და «სახალხო ფრონტის» ყრილობაზეც არ კადრულობდნენ სიტყვით გამოსვლას, იმდენად ეთაკილებოდათ ყოველგვარი კონტაქტი «კომუნისტურ ელიტასთან».

    მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა, - დრონი მეფობენ და არა მეფენი. თუმცა, «მეფე» დღეს იგივეა, არც კარისკაცებში ჩანს მნიშვნელოვანი «საკადრო ცვლილებები», მაგრამ ქალბატონი ირინა, ბუნებრივად და ლოგიკურად მიიჩნევს სიტყვით გამოვიდეს იმ საკრებულოს წინაშე, რომელსაც მისმა პარტიამ ჯერ კიდევ 1988 წელს გამოუტანა განაჩენი: «კორუფციაში ჩამპალი მაფიოზური ბანდა».
    9 წლის განმავლობაში, ამ «კეთილშობილთა არეოპაგს» მნიშვნელოვანი ცვლილება ნამდვილად არ განუცდია, «ზავორგს» «სახელმწიფო მინისტრი» ეწოდება, «ტეკა»-ს მდივანს - მერი და ა.შ. სამაგიეროდ, «ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ» «განიცადა» მნიშვნელოვანი ცვლილება; არა მხოლოდ და არა იმდენად გაყოფის გამო, რამდენადაც შინაარსობლივად: ოდესღაც ანარქისტული, რომანტიული და რევოლუციური სულისკვეთებით გაჟღენთილი პარტია, ამჟამად უკვე «დადინჯდა» და სწორედ იმ «მარაქაში» გაერია, რომელსაც ყოველთვის ზიზღითა და ეჭვით უყურებდა.
    ამის მაჩვენებელია ირინა სარიშვილ-ჭანტურიას საკმაოდ ვრცელი «მოხსენებაც». ედპ თანდათანობით, თუმცა განუხრელად ხდება ამჟამინდელი ელიტის ნაწილი, ითვისებს თამაშის წესებს, უნარ-ჩვევებს, მის ფერსა და კანს «იხორცებს», ხდება ისეთივე, როგორიც ეს ელიტაა. სარიშვილის გამოსვლის შინაარსს მნიშვნელობა არა აქვს: მთავარია ფორმა, მიზანი და სტილი.
    ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში ქალბატონმა ირინამ ძალზე საყურადღებო რამ თქვა კახა თარგამაძის შესახებ: «მან (კახა თარგამაძემ - ავტ.) მოიშორა სამინისტროდან ის ხალხი, რომელთაც რეფორმის გატარება შეეძლოთ». მეტად ნიშანდობლივი, საყურადღებო ბრალდებაა. აბა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს (ვინ დაიჯერებდა 1988 წელს!), რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები თვით შინაგან საქმეთა მინისტრზე დიდი «რეფორმატორები» არიან, მით უმეტეს, თუ არც ერთი «მოადგილე» (რომლებიც კახა თარგამაძემ «ორგანოებიდან» გააძევა) ეროვნული მოძრაობიდან მოსული არ არის და იმავე «ორგანოებშია» გაზრდილი?
    რას იზამ, თუ «ელიტაში» შესვლა გსურს, მისი თამაშის წესებიც უნდა გაიზიარო. იმავე კატეგორიის სიმპტომია ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში «გამოცდილ» სამეურნეო მუშაკთა და ყოფილ პარტიულ მოღვაწეთა აღზევებაც. დროს თავისი მიაქვს: მიტინგი ისტორიის კუთვნილება ხდება. ახლა ბრძოლა მიმდინარეობს სხვა მეთოდებით, კაბინეტურ ინტრიგას გამოცდილ-გამობრძმედილი ნომენკლატურა ესაჭიროება. მათ გარეშე დღეს (და ხვალ) ვერც ერთი პარტია, თუნდაც ათგზის «ეროვნული» იყოს, ვერ მიაღწევს სანუკვარ მიზანს, ანუ ხელისუფლების მწვერვალს.
    ირინა სარიშვილი-ჭანტურიას გონებამახვილური პოლიტიკური ინტრიგა ბუნებრივად «მოთავსდა» ინტრიგათა მთელ ქსელში. ფინანსთა მინისტრი და საგადასახადო ინსპექციის თავმჯდომარე აშკარად «შეასკდნენ» ერთმანეთს. დავით სალარიძის თქმით: «მე ბიუჯეტს რესტორნებით ვერ შევასრულებ», «მსხვილი გადამხდელები» კი აქციონირებულნი არიან და ზოგიერთი მათგანის აქციათა საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილი თვით სახელმწიფო მინისტრსაც უდევს ჯიბეში. არა, გადაიხდის, რა თქმა უნდა, გადაიხდის «კოკა-კოლა» თურქეთის ვალს. წელს თუ არ გადაიხდის, გაისად გადაიხდის, აბა სად წავა? თუ არ გადაიხდის, აგერ არის მისი «უძრავ-მოძრავი» ქონება, რომლითაც კომპანია პასუხს აგებს სახელმწიფოს წინაშე. მართალია სახელმწიფო მინისტრი თავადაც «მეწილეა», მაგრამ ვერა და ვერ «მომწიფდა» ჩვენი საზოგადოება შეცვლილი რეალობის აღსაქმელად. დიდება პრეზიდენტს, რომელმაც ბოლოსდაბოლოს თქვა «ახალი ქართველების» გულისნადები: «მდიდარი უნდა მოვიყვანო სახელმწიფო პოსტზე, აბა ღარიბ-ღატაკი და უკან შარვალ გამოხეული მინისტრი ვის რაში სჭირდება?» იგულისხმება: «მშიერი» მინისტრი სანამ «გაძღება», რეფორმათა «მატარებელიც ჩაივლის». საერთაშორისო სავალუტო ფონდს ამდენი დრო არა აქვს - იქაური ბიუროკრატია ადგილობრივ სპეციფიკას არ ითვალისწინებს.
    საოცარია პირდაპირ: ზოგჯერ «რესპუბლიკური პარტია» მოენატრება კაცს. აბა, ერთი ვინ ახსნის ასეთ უცნაურობას: გვახსოვს ყველას, წინა პარლამენტში რა ხმაურს სტეხდა ოპოზიცია მცირეოდენი ეჭვის საფუძველზეც კი. ახლა მთავრობის «აქციონირება» ლამის ლეგალურად მიმდინარეობს, ოპოზიცია კი კახა თარგამაძეს მისდგომია და სრულიად უპერსპექტივო საქმეს «დასდევს». ერთი შეხედვით, რა დროს «ელიზი» და «ომეგაა», აფხაზეთში სამშვიდობო ძალებს ვადა გაუთავდათ, «შეყოვნებული მოქმედების ნაღმი ფეთქდება», მაგრამ საქართველოს სსრ სამეურნეო აქტივზე ავღანეთში საომარი მოქმედებების მიმდინარეობას არასდროს იხილავდნენ. ამგვარ შეკრებებზე უფრო «გლობალური» საკითხები წყდება. პრეზიდენტსაც სხვათა შორის, «წასცდა» ორი, ერთმანეთთან დაკავშირებული ფრაზა: «...ვინც ჩემ შემდეგ მოვა ხუთი, ექვსი თუ შვიდი წლის შემდეგ (სიცილი) - დაუკარით ტაში, ჰო, დაუკარით...» და მეორე: «... შენ რომ გამოდიხარ და განცხადებებს აკეთებ, ხომ უნდა დაფიქრდე? თუ ემზადები, ჩემს შემდეგ შენ მოხვიდე...» მაინც ვინ? დაიძაბა ვითარება «აქტივზე» - ედუარდ შევარდნაძე სიტყვებს «ჰაერში არ ისვრის.»
    როგორც ჩანს, პროცესის შინაარსი ის არის, რომ ქართულ ელიტაში იწყება «თაობათა ცვლის» მტკივნეული პროცესი, ედპ-ს ლიდერმა შესანიშნავად უწყის: წარმატებისათვის ხალხის (მოსახლეობის, ანუ ამომრჩევლების) მხარდაჭერა, საკმარისი ნამდვილად არ არის. მთავარია, ელიტამ მიგიღოს, შეგიჩვიოს, გაღიაროს, გენდოს. რაც უფრო მეტ მინისტრს «დაასრიალებ», მით მეტად ირწმუნებს შენს ძალას. ელიტას, ისევე, როგორც ხალხს მთლიანობაში, «მძიმე ხელი» უყვარს.

7 დღე, 28 ივლისი, 1997 წ.