სავალუტო ცარცის წრე საქართველოში

სავალუტო ცარცის წრე საქართველოში

      

        ბერტოლდ ბრეხტის შესანიშნავი პიესის რობიკო სტურუასეულ ინტერპრეტაციაში «დედობის» პრეტენზიის მქონე ერთი ნამდვილი და მეორეც ცრუპენტელა მშობელი ბავშვს ლამის შუაზე გახლეჩს და შემდეგ მაინც «ნამდვილი» დედა დაუთმობს.
        - აბა, ბავშვს შუაზე ხომ არ გავხლეჩო.
        დაახლოებით, ასეთი მიზანსცენა იქმნება ამჟამად ჩვენს ურთიერთობებში მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს ორი საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოს, ერთი შეხედვით, ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებს უყენებს: სსფ ყოველთვის მოგვიწოდებს შევამციროთ ხარჯები და «ძუნწად» დავგეგმოთ შემოსავლები, ანუ შევიმუშაოთ «ძლიერი» (გაწონასწორებული, უდეფიციტო) ბიუჯეტი.
        მსოფლიო ბანკი პირიქით, წინასწარ გვიწესებს ჯანდაცვისა და განათლების საბიუჯეტო დაფინანსების კვოტებს. ეს მაჩვენებელი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 7,5 პროცენტზე (სხვადასხვა დროს სხვადასხვა მოცულობით) ნაკლები არ უნდა იყოს.
        მსოფლიო ბანკი მხოლოდ ამ პირობით თანამშრომლობს საქართველოსთან, თუმცა, ქართველ ფინანსისტებს ესოდენ მკაცრი ჩარჩოები «ევიწროებათ» და ყოველთვის ეჩვენებათ, რომ ბანკის მოთხოვნა ეწინააღმდეგება სავალუტო ფონდის «რეკომენდაციებს», ანუ გადაულახავ დილემას ქმნის.
        ზემოთ აღწერილ მიზანსცენასთან მსგავსებას ისიც აძლიერებს, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აფინანსებს ბიუჯეტს. მისი კრედიტები მთლიანად ირიცხება ეროვნული ბანკის ანგარიშზე და ხმარდება ვალუტის სტაბილურობის შენარჩუნებას.
        ეს მონეტარისტული ეკონომიკური კონცეფციის საფუძველია მაშინ, როდესაც მსოფლიო ბანკი სწორედ ბიუჯეტს აფინანსებს, ოღონდ, ხსენებული მკაცრი პირობით.
        «დათმობით» კი ყოველთვის მსოფლიო ბანკი თმობს - მხოლოდ სავალუტო ფონდს აქვს უფლება «გახსნას შლიუზები» საქართველოს დახმარებისათვის გამოყოფის თვალსზარისით, სხვა ფინანსური ცენტრები მის ვერდიქტს მორჩილი მოთმინებთი ელიან.
        ამ შემთხვევაშიც, სავალუტო ფონდის გადაწყვეტილება მსოფლიო ბანკისათვის «მწვანე ნიშნად» იქცა. აქვე უნდა ითქვას, რომ განცხადებები, თითქოს «2000 წლის სეკვესტრირებული ბიუჯეტი» საშემოსავლო ნაწილში არ შესრულდა, უბრალოდ, არ არის სიმართლე.
        ამ განცხადებათა ავტორები, ხშირ შემთხვევაში, თავს იკატუნებენ, თითქოს, არ იციან, რომ «ბიუჯეტის ზოგადი არშესრულება» და «ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის არშესრულება» ერთი და იგივე არ არის.
        ასე რომ ყოფილიყო, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, უბრალოდ, არ მიიღებდა გადაწყვეტილებას 141 მილიონი დოლარის გამოყოფის შესახებ, ვინაიდან, «კრედიტორებთან ურთიერთობათა გარკვევა» მხოლოდ მეორე პირობა იყო. პირველი - საბიუჯეტო გადასახადების დაგეგმილი პარამეტრებით აკრეფა. მათ კი ნამდვილად ვერ მოვატყუებდით.
        აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის ამჟამინდელი და სავალუტო ფონდის ახლო მომავალში დაგეგმილი ვიზიტები, უფრო აწ უკვე დამტკიცებული ბიუჯეტის სტრუქტურისა და პროგრამათა რეალური განხორციელების საკითხებს მიეძღვნება და ეს ბევრად უფრო სერიოზულ პრობლემად შეიძლება იქცეს აღმასრულებელი ხელისფლებისთვის, ვინაიდან ახლად დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება ძალზე რთულ და მტკივნეულ სოციალურ ტრანსფორმაციასთან იქნება დაკავშირებული.
        თანაც, სამივე სფეროში, რომლის ფინასირებას ითვალისწინებს მსოფლიო ბანკის სამწლიანი პროგრამა (215-მილიონიანი დაფინანსებით) - ჯანდაცვა, განათლება, ენერგეტიკა.
        მაგალითად, განათლების სისტემისთვის გამოყოფილი 60 მილიონი დოლარი «რეალობად იქცევა» მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეძლება ამ საბიუჯეტო სფეროში კადრების მნიშვნელოვანი შემცირების განხორციელებას.
        მსოფლიო ბანკი მზად არის, თანხის ნაწილი დაიხარჯოს სამსახურიდან დათხოვნილთა კომპენსაციისთვის, მაგრამ მიაქციეთ ყურადღება: თბილისში ყოფნისას ჯუდი ო'კონორმა (მსოფლიო ბანკის შესაბამისი დეპარტამენტის ხელმძღვანელმა) მოითხოვა, პარალელურად, სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში (მათ შორის სამინისტროებში) რადიკალური «საკადრო შეკვეცის» განხორციელება.
        ეს ერთგვარი «იუძლებითი ასორტიმენტია» - თუ გვინდა მივიღოთ მრავალმილიონიანი დახმარება, რაც უბრალოდ, სასიცოცხლოდ აუცილებელია დღეს ქვეყნისათვის.
        რაც შეეხება ჯუდი ო'კონორს, მისი სანდომიანობა და გარეგნული კეთილგანწყობა არ გამორიცხავს გაანჩხლებას, თუ იგი შეამჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის ქმედება დამატებით არგუმენტებს სძენს სავალუტო ფონდს - მსოფლიო ბანკის «დასასმენად» ამერიკის კონგრესის ასიგნებათა ქვეკომიტეტში.
        ეს ორი ორგანიზაცია ხომ ტრადიციულად «ჭამს ერთმანეთს».
        აქედან გამომდინარე, მსოფლიო ბანკის «ქალბატონმა» შესაძლოა, სავალუტო ფონდს კი დაუთმოს ჩვენი თავი, მაგრამ თბილისში არსებულ წინააღმდეგობებზეც ითამაშოს საკმოად ოსტატურად და ვითომ «სხვათა შორის».
        ამის ნიშნები უკვე გამოჩნდა.

დილის გაზეთი, 27 იანვარი, 2001 წ.