«საკრებულოებში» დიდი თავპირისმტვრევა იწყება

«საკრებულოებში» დიდი თავპირისმტვრევა იწყება


   

    როგორც მოსალოდნელი იყო, საკრებულოთა თავმჯდომარეების არჩევნები, საქართველოს მთელი მასშტაბით, დიდი აურზაურითა და აყალ-მაყალით მიმდინარეობს.
    თბილისში ოპოზიციამ შეძლო გაერთიანება და «ლეიბორისტი» კახაძის საბჭოს თავმჯდომარედ არჩევა. «მოქალაქეთა კავშირი», რომელიც ხმათა რაოდენობით პირველ ადგილზე გავიდა, ამას, როგორც ჩანს, შეურიგდა. იგივეს ცდილობს ოპოზიცია სხვა რაიონებშიც, რა თქმა უნდა, მეტნაკლები წარმატებით. პრინციპი ყველგან ერთია - გაერთიანება მმართველი პარტიის წინააღმდეგ.
    ბუნებრივია, ოპოზიციური პარტიები ცდილობენ გამონახონ საერთო ენა და «თავმჯდომარის პოსტები» ადგილებზე გადაინაწილონ, ანუ (სხვაგვარად თუ ვიტყვით) ერთ რაიონში ერთმა მათგანმა მოიპოვოს «თავმჯდომარეობა», მეორეში - სხვამ და ა.შ. მაგრამ ამგვარი მეთოდი ყოველთვის არ ჭრის. მაგალითად, თბილისში საბჭოს თავმჯდომარე ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი გახდა. ამან ერთბაშად ისეთი უპირატესობა შესძინა შალვა ნათელაშვილის პარტიას, რომ ნებისმიერ სხვა ქალაქსა და რაიონში «თავმჯდომარეობა» უკვე გაცილებით ნაკლებმნიშვნელოვანია.
    ამრიგად, «მოქალაქეთა კავშირის» დასამარცხებლად ოპოზიცია შესაძლო კონკურენტის (ლეიბორისტული პარტიის) გაძლიერებაზე წავიდა. ერთი წლის შემდეგ ეს მათ ძალიან ძვირად დაუჯდებათ (მაშინ უკვე «ნამდვილი» 5-პროცენტიანი ბარიერი ექნებათ გადასალახი) და იძულებულნი იქნებიან აღიარონ, რომ პოლიტიკაში მხოლოდ სიძულვილითა და «ჯიბრით» მოქმედება დაუშვებელია. ამით ირღვევა პოლიტიკური ტექნოლოგიის ელემენტარული კანონები. არსად, დედამიწის ზურგზე ასეთი რამ არ მოხდებოდა, - ამგვარი უცნაურობა შესაძლებელია მხოლოდ საქართვლეოში.
    შედეგად კი, საკრებულოები თბილისშიც და ქვეყნის სხვადასხვა რაიონებშიც არაქმედუნარიანი გახდებიან; «მოქალაქეთა კავშირი». აუცილებლად გამოიყენებს იმ გარემოებას, რომ ოპოზიცია ყოველთვის ვერ იქნება ესოდენ კონსოლიდირებული. დროთა განმავლობაში (განსაკუთრებით არჩევნების მოახლოების კვალობაზე) გაჩნდება წინააღმდეგობა, რასაც მმართველი პარტია უეჭველად გამოიყენებს - რიცხვით უმრავლესობას მას ვერავინ წაართმევს.
    ჯერჯერობით «საარჩევნო მარათონი» გრძელდება. ძნელი შესამჩნევი არ არის: ზოგიერთ რაიონში თბილისში შეხმატკბილებული ოპოზიცია უკვე დაეჯახა ერთმანეთს, სხვაგან პარტიული კუთვნილებაც აღარაა განსაზღვრული - საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ რეალურ ძალაუფლებას იყოფენ ადგილობრივი «ელიტის» წევრები, შემთხვევითი პიროვნება იქ ძნელად თუ მოხვდება.
    «თბილისური პარტიებიც», ადგილებზე, ითვალისწინებენ ამ თავისებურებას და არ შედიან კონფლიქტში «რეგიონალურ» ელიტასთან. მით უმეტეს, რომ ეს სრულიად უპერსპექტივო საქმეა. თვითმმართველობა გამოიწვევს ამ ელიტის გახლეჩას, მის შიდა დაპირისპირებას. ელიტის ერთი ნაწილი გამგებლის ირგვლივ (ვგულისხმობ რაიონის გამგებელს), დაირაზმება მეორე - საკრებულოს შემადგენლობაში. პირველი უფრო კონსოლიდირებული და ერთიანი იქნება, ვიდრე მეორე. ნებისმიერ შემთხვევაში, კონფლიქტი გარდაუვალია, ბევრგან იგი მუშტი-კრივში, ზოგან კი სროლაშიც გადაიზრდება. «ორივე ელიტა» შეეცდება დაპირისპირებაში მოსახლეობა ჩაითრიოს და მას შესაბამისი მოტივაცია შესძინოს. უახლოეს მომავალში, ამ ნიადაგზე «მინისამოქალაქო ომების» მთელ სერიას ვიხილავთ. ზოგი მიჩუმათდება, ზოგი – ვერა; საფუძველი უკვე ჩაყრილია, - დაპირისპირება რაიონებში მწვავდება, მალე დაიწყება ყველაზე მთავარი: გამგებლის კარების აჭედვა, შემდეგ კი ვინ იცის, - უკვე გუბერნატორებისა. «თბილისიდან ჩარევა» აუცილებელი გახდება. «თბილისური ოპოზიციაც», რა თქმა უნდა, გამოიყენებს ამ არგუმენტს, დააბრალებს ყოველივეს ხელისუფლებას, ეს უკანასკნელი კი მიმართავს ნაცად თეზისს «დესტრუქციული ელემენტების შესახებ, რომელთაც სურთ ჩაშალონ ნავთობპროექტის განხორციელება» და ა.შ.
    სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: «თვითმმართველობით» საქართველოს მოსახლეობა ბევრს ვერაფერს მოიგებს; უფრო პირიქით, - მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება, ამაღლდება სხვადასხვა მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირების ხარისხი, რომლებიც ქონებასა და ძალაუფლებას გაინაწილებენ.
    ეს ყოველივე, უმთავრესად შედეგია იმ ყოვლად გაუგონარი, უგუნური გადაწყვეტილებისა, რომელიც ხელისუფლებამ მიიღო (კანონის შესაბამისად, მაგრამ ეს დებულებაც თავისთავად უგუნურია) ადგილობრივი არჩევნების პარტიული სიებით, პროპორციული წესით ჩატარების შესახებ.
    ფაქტობრივად, ეს იმას ნიშნავს, რომ არანაირი «ადგილობრივი თვითმმართველობა» საქართველოში არ არსებობს. შეიქმნა მხოლოდ ახალი ასპარეზი პარტიულ ამბიციათა დასაკმაყოფილებლად.

მერიდიანი, 14 დეკემბერი, 1998