ყარაბაღი - ომი ჭიშკართან

ყარაბაღი - ომი ჭიშკართან

 

(ბოლო რამდენიმე დღეა, ყარაბაღის ფრონტზე ვითარება საომარს მიუახლოვდა)

«სირიაში ან დონბასზე ომი ჩვენზე როგორ იმოქმედებსო» – მსჯელობენ ქართველი ექსპერტები. არადა, სირია ან უკრაინა კი არა, აგერ «ყურისძირში», მართლა მეზობლად, ისეთი ომი მზადდება, რომელსაც თვით საქართველოს ტერიტორიაზე გამართული ვერც ერთი კონფლიქტი ვერ შეედრება მასშტაბითა და ხანგრძლივობით:

აშკარად იღვიძებს მთიანი ყარაბაღის «მფშვინვარე ვულკანი», რომელიც 21 წლის განმავლობაში მიძინებული იყო  –   მას შემდეგ, რაც 1994 წელს, სომხეთმა, აზერბაიჯანმა, მთიანმა ყარაბაღმა და ყარაბაღის აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა, «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» საპარლამენტო ასსამბლეის ხელმძღვანელთა შუამავლობით, გააფორმეს შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის (და არა ომის დასრულების) შესახებ.

იურიდიული თვალსაზრისით, ამ შეთანხმების მნიშვნელობა თითქმის ნულის ტოლია  – ხელმომწერ მხარეთა და შუამავალთა წონის გათვალისწინებით. მაგრამ პოლიტიკურად, იგი გამოხატავდა მოსკოვის, ერევანის, ბაქოსა და კიდევ ერთი უხილავი, თუმცა ძალიან ძლიერი მოთამაშის – ანკარას – დაინტერესებას,  შეწყვეტილიყო ომი, ხოლო მხარეებს დროებითი სტატუს–ქვო შეექმნათ, რათა რესურსები დაეგროვებინათ ახალი ეტაპისთვის.

ეს იყო სწორედაც დროებითი ცეცხლის შეწყვეტა, ანუ წმინდად სამხედრო შეთანხმება, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 3 საათი, 2 კვირა, თუმცა შეიძლება გაგრძელდეს 21 წელიც. ამით მისი ბუნება არ იცვლება. მივაქციოთ ყურადღბა: ოსი სეპარატისტები ხშირად ამბობენ: «ქართველებთან ცეცხლის დროებით შეწყვეტის შეთანხმება 1992 წლიდან 2008 წლამდე გაგრძელდა, ანუ მთელი 16 წელიო».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სომხეთ–აზერბაიჯანის დროებით დაზავებას წინ უძღოდა აზერბაიჯანული არმიის უსასტიკესი მარცხი: სომხებმა არა მხოლოდ მთიანი ყარაბაღი დაიპყრეს და გაწმინდეს «მტრული მოსახლეობისაგან» (ქალაქები აგდამი, შუში და ასე შემდეგ), არამედ ყარაბაღის მიმდებარე რამდენიმე რაიონი, რომელიც წმინდად აზერბაიჯანული იყო მოსახლეობით და საბჭოთა დროინდელი ადმინისტრაციული საზღვრების შესაბამისად. გარდა ამისა, სომეხმა მეომრებმა  გაჭრეს «ლაჩინის დერეფანი» მთიან ყარაბაღსა და საკუთრივ სომხეთს შორის. ესე იგი ყარაბაღი უკვე აღარ იყო ანკლავი, როგორც წინა ეპოქაში.

ამ უსასტიკესი მარცხის შემდეგ, აზერბაიჯანის სათავეში დამკვდრდა გამოცდილი და ჭკვიანი პოლიტიკოსი, ჰეიდარ ალიევი. მან გახსნა ქვეყნის მთავარი რესურსი – კასპიის ენერგეტიკული «ბეღელი» – და ამით გაუკვალა გზა აზერბაიჯანს გაძლიერებისაკენ.

ბაქოში ათეულობით მილიარდი დოლარი მოედინებოდა. ნუ დავიჯერებთ დემაგოგიას, თითქოს «ეს ფული ალიევების კლანმა მოიპარა,  ხალხს კი არაფერი შეხვედრია». სინამდვილეში, ამ 20 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი  სწრაფად განვითარდა, ცხოვრების დონით დიდად გაუსწრო იმავე სომხეთსა და საქართველოს, ერთ სულ მოსახლეზე მშპ–ს ოდენობით ძალიან პრესტიჟულ საფეხურზე ავიდა მსოფლიო რეიტინგში (16 000 დოლარი!), საერთაშორისი პოზიციები გაიმყარა და თანამედროვე პოლიტიკური თუ გეოპოლიტიკური კომუნიკაციის თვალსაზრისითაც შთამბეჭდავ გამარჯვებებს მიაღწია: მაგალითად, მოიგო «ევროვიზია» და ჩაატარა ძალიან პრესტიჟული «ევროოლიმპიადა».

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მაგრამ  იქნება კი ეს ყოველივე საკმარისი, რათა ახალი ომი მოუგოს რეგიონში რუსეთის სტრატეგიულ მოკავშირე სომხეთს? მოსკოვი სისხლხორცეულადაა დაინტერესებული სტატუს–ქვოს შენარჩუნებით. მას არაფრის დიდებით არ აძლევს ხელს არც აზერბაიჯანის გამარჯვება (არანაირი დათმობის, თუნდაც «ევრაზიულ კავშირში» შესვლის სანაცვლოდ) და არც სომხეთის ისტორიული დამარცხება, ესე იგი საბოლოო «ჩამოშლა».

მიზეზი ისაა, რომ კრემლი  სტრატეგიას გრძელვადიან პერსპექტივაზე აგებს: სომხური საზოგადოება იყო, არის და იქნება ბევრად ლოიალური რუსეთის მიმართ, ვიდრე აზერბაიჯანული. აზერბაიჯანელები სხვა (ისლამურ) ცივილიზაციას წარმოადგენენ, ამიტომ, მათთან ნებისმიერი სტრატეგიული კომპრომისი მაინც დროებითი და «სიტუატიური» იქნება. სომხები კი, ერთის მხრივ ქრისტიანები არიან და, იმავდროულად, რეგიონიდან ვერსად წავლენ, ესე იგი თურქეთი და აზერბაიჯანი ვერ «აორთქლდება» რაც არ უნდა მოხდეს.

მიუხედავად ამ რეალობისა, მოსკოვი ბოლო დრომდე იცავდა მოჩვენებით ნეიტრალიტეტს. აზერბაიჯანს უხვად აწვდიდა ყველაზე თანამედროვე იარაღს. თანაც მსოფლიო ფასებით. მაგრამ ანალოგიურ და კიდევ უკეთეს იარაღას აწვდიდა სომხეთს!  რაკი სომხეთი რუსეთის პატრონაჟით არსებული «კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის» წევრია, იგი რუსეთისგან იარაღს, ფაქტიურად, უფასოდ იღებდა – ფორმალური კრედიტების ფასად, რომელიც მომავალში ჩამოეწერება.

სომხეთის ტერიტორიაზე მდებარეობს რუსული სამხედრო ბაზა. რუსეთს კი (იმავე ორგანიზაციის ფარგლებში)  აქვს ვალდებულება, დაიცვას სომხეთი გარეშე თავდასხმისაგან, ან საომარი მოქმედებების დროს, რომელიც გაფორმდება, როგორც გარეშე თავდასხმა.

აზერბაიჯანელები იმაზე აპელიერბენ, რომ რაკი ყარაბაღი ოფიციალურად არ არის სომხეთის ტერიტორია, რუსეთს ეს არგუმენტი არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ თუ ომი განახლდა, სომხური ფორმირებებისათვის განსაკუთრებული პრობლემა არ იქნება აზერბაიჯანთან საზღვარზე შეტაკების პროვოცირება და «სომხეთზე თავდასხმის» ინსცენირება, რაც მოსკოვს შესაბამისი არგუმენტებით აღჭურვავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

იმ ვითარებაში, როდესაც, სამხედრო თვალსაზრისით, რუსეთის არმია მთლიანად აკონტროლებს სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საჰაერო სივრცეს, ხოლო დაღესტანში განლაგებული «ისკანდერის» რაკეტები სულ იოლად მისწვდებიან ბაქოს, რისი იმედი აქვს აზერბაიჯანს, ცოტა არ იყოს გაუგებარია.

თუმცა, როგორც რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი მართებულად წერს, თვით ყველაზე ჭკვიანი პოლიტიკოსებიც კი, ომს ყოველთვის არ იწყებენ რაციონალური მოსაზრებებით. «ხშირად მოვლენათა დინებას მიჰყვებიან».

არადა, რამდენიმე რაიონში მხარეებმა უკვე თვითმავალი ქვემეხებისა და ზალპური ცეცხლის დანადგართა გამოყენება დაიწყეს – პირველად 21 წლის მანძილზე. ანუ, სიტუაცია «წკიპზეა» ნამდვილ ომამდე, როდესაც მხარეები უკვე კომუნიკაციების დაბომბვებს და ფართომასშტაბურ შეტევებს დაიწყებენ ფრონტის ერთდროულად რამდენიმე მონაკვეთზე.

საქართველოსათვის საფრთხე პირველ რიგში  სწორედ კომუნიკაციებისათვის ომს უკავშირდება. სამხედრო მოქმედებათა ლოგიკამ შესაძლოა მოსკოვი მიიყვანოს თურქეთიდან აზერბაიჯანისაკენ მიმავალი სახმელეთო გზების გადაჭრის აუცილებლობამდე. ხოლო «სამხრეთ ოსეთის» საზღვრიდან ცენტრალურ ავტოტრასამდე სულ 450 მეტრია!

2015