საქართველო მიშას შემდეგ: ვისთვის „უღიმღამობა", ვისთვის „მშვიდობა"

საქართველო მიშას შემდეგ: ვისთვის „უღიმღამობა", ვისთვის „მშვიდობა"

«Какя сука разбудила ленина, кому мешало, что ребёнок спит?»

ნ. კორჟავინი

ექს-შინაგან საქმეთ მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასამართლო სხდომაზე ძალიან საინტერესო და ნიშანდობლივი რამ თქვა, შემდეგ კი ტექსტად გააფორმა და გამოაქვეყნა: „საქართველოში იწყება უღიმღამო ხანა . . . ." აქ საკვანძო ტერმინი და ვანოს მენტალობის გასაღები ცნება „უღიმღამობაა". სწორედ ეს მენტალობა აკავშირებს მას მიშასთან და „ვარდების რევოლუციის" შედეგად ქვეყნის სათავეში აღმოჩენილ იმ ახალგაზრდულ გუნდთან, რომელიც საკუთარ სიმართლეში ურყევად დარწმუნებული კი იყო, მაგრამ, ერთი რუსული გამონათქვემის შესაბამისად «были страшно далеки от своего народа».

გაუპატიურების მორიგი კადრების შედეგად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა „სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხისმგებლობის გამიჯვნის" აუცილებლობაზე დაიწყეს საუბარი, რაც ელემენტარული „გულუბრყვილობაა", რადგან როდესაც საქმე პოლიტიკოსებს, მით უმეტეს ხელისუფალთ ეხება, ამგვარი გამიჯვნა, სინამდილეში, არ არსებობს და არც ოდესმე არსებულა კაცობრიობის ისტორიაში, რაც არ უნდა ილაპარაკონ „პოლიტკორექტორებმა".

თუმცა, აქ უფრო მეტად საგულისხმო სხვაა: ჯერ კიდევ ბოლო სკანდალამდე და მით უმეტეს ამ ამბის შემდეგ, უიშვიათესი გამონაკლისი როდია ადამიანი, ვინც თვალებანთებული გეტყვის: „ბათუმის ცათამბჯენი უნდა დაინგრეს, რადგან იგი „ცოცხებით გაუპატიურების" სიმბოლოაო!". ეს ადამიანი ვეღარ ამჩნევს, „არ ხედავს", უკვე ვეღარ გააგებინებ და შეიძლება საშინელი აგრესიაც გამოიწვიო თუ მიანიშნებ, რომ ის, ვინც „ცოცხით აუპატიურებდა", დღეს „მართალი კაცია" და ქუჩაში ამაყად თავაწეული დადის.

ამ დონის ფანატიზმი, როგორიც დღეს „ანტიმიშისტებს" ახასიათებთ, მხოლოდ „ანტიზვიადისტებს" ახასიათებდათ 1991 წლის შემოდგომაზე. და ეს არ შეიძლება იყოს ვინმეს ან რაიმეს ბრალი, გარდა თვით ხელისუფლებისა!!!

წინა პრეზიდენტს, - ედუარდ შევარდნაძეს - ის უპირატესობა ჰქონდა როგორც ზვიად გამსახურდიას, ასევე მიშა სააკაშვილის მიმართ, რომ შესანიშნავად იცნობდა თავისი ხალხის ფსიქოლოგიას. ამდენად, 30 წლიანი მმართველობის დასალიერს, მისდამი დამოკიდებულება „გულგრილი ზიზღის" ფარგლებს არ გასცილებია და ამიტომაც ზის ახლა მშვიდად კრწანისში.

მმართველობის ხანგრძლივობას ამ დისკურსში მნიშვნელობა არა აქვს: მიშა 9 წელი მართავდა ქვეყანას, პრეზიდენტი გამსახურდია - სულ რამდენიმე თვის განმავლობაში. მერედა რა, ამით? განსხვავებით შევარდნაძისგან, პირველმა და მესამე პრეზიდენტმა ქვეყანა სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანეს: როდესაც ადამიანი სრული თავდაჯერებით გეუბნება: „ბათუმის ცათამბჯენი უნდა დაინგრეს, რადგან ცოცხით გაუპატიურების სიმბოლოაო", ეს უკვე მართლაც იმ დონის ფანატიზმია, რაც დიდ სისხლისღვრას მოასწავებს, ხოლო ამ კატეგორიას რომ არ ჰქონდეს ყოფილი ხელისუფლების „ისედაც წამსვლელობის" განცდა (ოქტომბრის შემდეგ), დარწმუნებული ვარ, დღეს თბილისის ქუჩებში ისეთივე სისხლისღვრა იქნებოდა, როგორც 1991 წლის დეკემბერში.

რატომ? რა არის ამ სინდრომის გამომწვევი მთავარი მიზეზი? საბედნიეროდ გვაქვს საშუალება, შევადაროთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი ორი პრეზიდენტის (გამსახურდიასა და სააკაშვილის) მმართველობა მათი უმთავრესი ინტენციით. ორივე მათგანი მიზნად ქართული საზოგადოების ცხოვრების წესის რადიკალურ ცვლილებას ისახავდა. ოღონდ თუ პირველი ეთნო-ნაციონალისტურ დისკურსში მოქმედებდა, მეორე იგივეს აკეთებდა „მოდერნიზაციის" ლოზუნგითა და დასავლური ყაიდის დემოკრატიული დიზაინით.

ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა და არც შეიძლებოდა გამოსულიყო. დავუბრუნდეთ ისევ ვანო მერაბიშვილის წამოცდენას - „უღიმღამობის" შესახებ. მისთვის და მისი მენტალური თვალსაწიერიდან „უღიმღამობაა", ხოლო ქართველთა მენტალური უმრავლესობისთვის - მშვიდობა და სტაბილურობა. „უღიმღამობა" იმას ნიშნავს, რომ, ვთქვათ, ბათუმში ცათამბჯენები აღარ აშენდება. „ნუ აშენდება, სამაგიეროდ გორი და თბილისი არ დაიბომბება და მშვიდობა იქნება!" - ისხლეტს საპირისპირო მენტალობა.

„ჩვენ ისტორიით დაღლილი ერი ვართ"- წერდა ერთი ქართველი ისტორიკოსი „ეროვნული მოძრაობის გარიჟრაჟზე". ბოლო 25 წელია, ერი და საზოგადოება ცხოვრობს მუდმივი სტრესის, მუდმივი „დაუმშვიდებლობის", მოსვენებისადმი მუდმივი მისწრაფების მდგომარეობაში და ნაცვლად სიმშვიდისა, ზოგჯერ უარეს დღეშიც იგდებს თავს. მაგალითად, სამხრეთ ოსეთში „შემაწუხებელი" სისხლისღვრის დასამთავარებლად ზვიად გამსახურდიას დამხობას მოჰყვა ბევრად უარესი ომი აფხაზეთში და ა.შ. მიუხედავად ამისა, სიმშვიდისა და მოსვენებისადმი მისწრაფება იმდენად ძლიერია, რომ მენტალური უმრავლესობა მზადაა „მეცხრე წრეზე" წავიდეს - ახლა უკვე სააკაშვილისა და მისი შემაწუხებელი (!) მოდერნიზაციის წინააღმდეგ. აქ იმალება სწორედ მიშასადმი „მენტალური უმრავლესობის" ფანატიკური სიძულვილის მიზეზთა-მიზეზი, მაშინ როდესაც „ცოცხით გაუპატიურება" და სხვა ამგვარი არგუმენტები მხოლოდ ამ განწყობის ლეგიტიმაციის საშუალებაა. თუ ბიძინა ივანიშვილი ამ მომენტს არ გათვალისწინებს (მის გუნდში შემძვრალი „მენტალური უმცირესობის" ზეწოლით), ისიც ამგვარად დაამთავრებს!

არ შეიძლება ერს თავს მოახვიო ის, რაც მას სინამდვილეში არ უნდა! ედუარდ შევარდნაძე იმიტომ ზის კრწანისში, რომ სწორედ მის დროს არსებული ვითარება (ესე იგი სიმშვიდე, სტაბილურობა და „ხელჩაქნეულობა") შეესაბამებოდა ყველაზე მეტად „მენტალური უმრავლესობის" ქვეცნობიერ მოთხოვნებს. დღესაც პრეზიდენტი იქნებოდა, „პასიონარულ უმცირესობას" რომ არ დაემხო მშვიდობიანი რევოლუციით - უმრავლესობის გულგრილი ჩაურევლობის პირობებში,

თუმცა, უმცირესობის დომინირება დიდხანს მაინც ვერ გაგრძელდებოდა და არც გაგრძელებულა: იწყება ხანგრძლივი „უღიმღამო ხანა", როდესაც ადამიანებს საკუთარი „არაევროპული" ღირებულებების და პრიორიტეტების შესაბამისად მშვიდი ცხოვრების, ბავშვების მშვიდობიანად აღზრდის, „ძმაკაცებში ქეიფის" საშუალება ექნებათ და ტკბილად დაიძინებენ იმ რწმენით, რომ მათ სახლს ბომბი არ დაეცემა, ცხოვრების წესის შეცვლას და მისთვის სრულიად უცხო ღირებულებების მიღებას კი არავინ აიძულებთ პრეტენზიული, თუმცა სრულიად უსაფუძვლო ლოზუნგი: „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი!".

ეძინებათ მანამ, სანამ ახალ ისტორიულ ციკლში მორიგი „პასიონარი" არ წამოაძახებთ: „სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება . . . . ".