საქართველოს კინოელიტა პოლიტიკური თვითდამკვიდრების გზაზე

საქართველოს კინოელიტა პოლიტიკური თვითდამკვიდრების გზაზე

ქართველ კინემატოგრაფისტებს, ანუ შევარდნაძის მიერ გამოძერწილი «ელიტარული ინტელიგენციის» იმ ნაწილს, რომელიც კინოსთან არის დაკავშირებული, პოლიტიკური ამბიცია არასდროს აკლდა. ნაწილობრივ ეს ალბათ ქართული კინოს «ფრონდერული» სულისკვეთებით იყო განპირობებული. თუმცა, შევარდნაძე ამ შემთხვევაში თავისი უმთავრესი პრინციპის ერთგული რჩებოდა - მან კინოხელოვნების სფეროში «ლოიალური დისიდენტის» ფენომენი შექმნა, რომლის პარადოქსულობა იმაში მდგომარეობს, რომ რამდენადაც უფრო მეტად «დისიდენტური» იყო ამა თუ იმ კინოხელოვანის ნაწარმოები, იმდენადვე ლოიალური იყო თვით ავტორი შევარდნაძის მიმართ. არადა, შევარდნაძისათვის პირად ძალაუფლებასა და გავლენას განუზომლად უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ყოველთვის, ვიდრე მარქსისტულ - ლენინური იდეების შეურყვნელობას.
    დღეს «კინოელიტა» შევარდნაძის ყველაზე მძლავრი კოჰორტაა, რაც საპარლამენტო არჩევნებმა და პარლამენტში შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმაც დაადასტურა.
    ამ კოჰორტაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა, როგორც ჩანს, ელდარ შენგელაია ხდება. შეიძლება თამამად ითქვას, რომ იგი ნელ-ნელა იკავებს იმ ადგილს, რომელიც ადრე ჯანსუღ ჩარკვიანს ეკავა - ამ ადგილს პირობითად შეიძლება «მთავარი ინტელიგენტის» პოსტი ვუწოდოთ.
    მიზეზთა და მიზეზთა გამო, ჯანსუღ ჩარკვიანმა ეს პოსტი დაკარგა. თუმცა, პრეზიდენტს დიდხანს არ მოუწია მისი შემცვლელის ძებნა. ახალი ეპოქისათვის შენგელაიას რაფინირებული «ევროპეიზმი» და საზოგადოებაში დამკვიდრებული «ლიბერალური იმიჯი» უფრო მისაღები აღმოჩნდა, ვიდრე ჩარკვიანის «პირდაპირობა», რომელიც ყოველთვის ზუსტად იყო მიმართული.
    ელდარ შენგელაიასათვის ახალი პოსტი საკუთარ ჟურნალისტურ ამქარში «ძველი ანგარიშების გასწორების» საშუალებაც არის - კინოსტუდია «ქართული ფილმი» ყოველთვის წარმოადგენდა შინაგანი წინააღმდეგობებით გამსჭვალულ, კორპორაციული სულით გაჟღენთილ ორგანიზაციას, რომლის ლიდერი, რეზო ჩხეიძე, ბოლო დროს კარგავს შევარდნაძის «ფავორიტულ» იმიჯს. რისი უმთავრესი მიზეზიც, როგორც ჩანს, თამარ ჩხეიძის შეურიგებლობაა.
    ედუარდ შევარდნაძეს უკვე წამოსცდა ერთხელ მისი მისამართით: «თქვენ ჯერ ზრდილობა ისწავლეთ და შემდეგ იკამათეთ პოლიტიკურ თემებზე». სახელმწიფოს მეთაური აშკარად იმას გულისხმობდა, რომ ზრდილობას ადამიანი ოჯახში სწავლობს.
    ელდარ შენგელაიას აღზევება, უფრო ფართო გაგებით, იმის მომასწავებელია, რომ ზემოთხსენებულ ელიტაში, უახლოეს ხანებში «თაობათა ცვლის» მტკივნეული პროცესი განვითარდება.
    საბჭოური ეპოქის ფავორიტთა ადგილს დაიკავებენ იმავე ეპოქიდან გამოსული ის პიროვნებანი, რომლებიც ედუარდ შევარდნაძის «ახალ იმიჯს» უფრო ადვილად მოერგებიან. სხვა საკითხია, თავად ელდარ შენგელაიას რამდენად აღმოაჩნდება პოლიტიკური ნიჭი, რომელიც ხელოვანის ნიჭზე გაცილებით იშვიათია - ყოველ შემთხვევაში, პოლიტიკური ბრძოლის დიდოსტატი პირველ ხანებში მას უეჭველად შეუსწორებს და აპატიებს შეცდომებს. მაგრამ მხოლოდ პირველ ხანებში.

«მიმომხილველი», 2 დეკემბერი, 1995 წელი.