საქართველოს სპეცსამსახურებს აფეთქებების მოწყობა არ შეუძლიათ

საქართველოს სპეცსამსახურებს აფეთქებების მოწყობა არ შეუძლიათ

საქართველოს სპეცსამსახურებს აფეთქებების მოწყობა არ შეუძლიათ, საგარეო საქმეთა მინისტრს - ქვეყნის ინტერესების დაცვა. ერთადერთი პარტიზანების იმედი დაგვრჩა.
   

    1998 წელი საქართველოში «ბოსნიის» ნიშნით დაიწყო. «დეიტონის ხელშეკრულება» და «ბოსნიის ფორმატი» ქართული პოლიტიკის საკვანძო ცნებები გახდა. ნამდვილად არ უნდა იყოს შემთხვევითი, რომ პრეზიდენტის საახალწლო მიმართვის შემდეგ მკვეთრად დაიძაბა ვითარება აფხაზეთში. განსაკუთრებით გალისა და ოჩამჩირის რაიონებში, სადაც აქტიურად მოქმედებენ პარტიზანული რაზმები. იქმნება სიტუაცია, როდესაც აქტიური და გაბედული მოქმედებით, პარტიზანული ჯგუფებისათვის რეალური დახმარებით, საქართველოს შეუძლია, მნიშვნელოვან შედეგებს მიაღწიოს.
    «თეთრი ლეგიონის» მიერ ოჩამჩირეში ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქებას აფხაზური რეჟიმის რეპრესიები მოჰყვა. გალის რაიონში დამატებითი დამსჯელი რაზმები შეიყვანეს, ხოლო ენგურჰესიდან საქართველოს დანარჩენ რეგიონებს, არძინბას ბრძანებით, მნიშვნელოვნად შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება. როგორც ცნობილია, ენგურჰესის სამართავი პულტი გალის რაიონში მდებარეობს; 1993 წლის ოქტომბრიდან მას სეპარატისტები აკონტროლებენ.
    ჰიდროელექტროსადგურის მომსახურე პერსონალი, ძირითადად ქართულია, ვინაიდან აფხაზებს სპეციალისტები არ ჰყავთ. ამასთანავე, ენგურჰესის გარეშე ვერც ქართული და ვერც აფხაზური მხარე ელექტროენერგიას ვერ მიიღებს. მართალია პულტს აფხაზები აკონტროლებენ, მაგრამ უკიდურეს შემთხვევაში, ქართულ მხარეს აქვს საშუალება ძველ კალაპოტში მიუშვას მდინარე და ენერგიის გამომუშავება საერთოდ შეწყდება.
    ერთი შეხედვით უცნაურია, რომ პარტიზანულ აქციებს რუსეთის ტელევიზია საკმაოდ ყრუდ გამოეხმაურა. ყოველ შემთხვევაში, ამჯერად ნამდვილად არ ტეხენ ისეთ ისტერიკას, როგორც რამდენიმე წლის წინათ. მიზეზი ადვილი ასახსნელია: ქართველ პარტიზანთა აქციებზე ყურადღების გამახვილებით, ძალაუნებურად ხდება ოფიციალური თბილისის პოზიციათა გაძლიერება «ბოსნიის ფორმატთან» დაკავშირებით. სეპარატისტთა ლიდერმა, ვლადისლავ არძინბამ, საქართველოს ინიციატივის საწინააღმდეგოდ ასეთი არგუმენტი მოიყვანა: «ბოსნიაში სამშვიდობო ოპერაცია განხორციელდა იმ პირობებში, როცა მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები, იღვრებოდა სისხლი, იღუპებოდნენ ადამიანები. აფხაზეთში კი, უკვე მეხუთე წელიწადია, მშვიდობა სუფევს, აფხაზი ხალხი აშენებს დამოუკიდებელ სახელმწიფოს» და ა.შ.
    მაშასადამე, საჭიროა ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც აფხაზები ვეღარ უარყოფენ საომარ მოქმედებათა გაგრძელების ფაქტს. ქართველ პარტიზანთა აქციები ოფიციალურ თბილისს ძალზე საჭირო არგუმენტს აძლევს «ბოსნიის ვარიანტის» სასარგებლოდ. განუწყვეტელი დივერსიები, აფეთქებები, ტერორისტული აქციები, სეპარატისტთა ე.წ. «მილიციის» ჟლეტა იმის დადასტურებაა, რომ ომი აფხაზეთში, ფაქტობრივად, გრძელდება. ამრიგად, არძინბა ვეღარავის დაარწმუნებს არგუმენტით: «ამჟამად საბრძოლო მოქმედებები აღარ არის და სამშვიდობო ოპერაციის ფორმატის შეცვლა რა საჭიროაო».
    საქართველოს ეძლევა შანსი (პირველად, 5 წლის განმავლობაში), პარტიზანული რაზმების მეშვეობით გააძლიეროს საბრძოლო მოქმედებათა წარმოება გალისა და ოჩამჩირის რაიონებში და თან, პროპაგანდისტული თვალსაზრისითაც არაფერი წააგოს, ვინაიდან სოხუმსა და მოსკოვში თავად არიან დაინტერესებულნი, დამალონ საბრძოლო მოქმედებათა ფაქტი აფხაზეთში, რათა პოლიტიკური თვალსაზრისით, არ გააძლიერონ საქართველოს პოზიციები ევროპულ სტრუქტურებში.
    მაშასადამე, თუ შნო და უნარი გააჩნიათ, ქართული სპეცსამსახურები სწორედ ახლა უნდა გააქტიურდეს და გამოიყენოს შექმნილი ხელსაყრელი ვითარება სამხედრო თვალსაზრისით, გალის რაიონში დივერსიული აქციები სერიოზულ პრობლემას არ წარმოადგენს. ამ რაიონს, აფხაზეთის ე.წ. «მილიცია» მხოლოდ ნომინალურად თუ აკონტროლებს. რუსეთის «სამშვიდობო ძალები» ამჟამად ბუფერის როლს ასრულებს და ფართომაშსტაბიანი პარტიზანული ომის გაშლის» შემთხვევაში, მათი კონფლიქტის ზონაში ყოფნა შეიძლება ხელსაყრელიც კი აღმოჩნდეს, რათა აფსუებმა ზუგდიდზე საპასუხო საარტილერიო დარტყმის განხორციელება ვერ შეძლონ.
    მეორე მხრივ, საეჭვოა, «ბოსნიის ვარიანტმა» ევროპულ სტრუქტურების მხარდაჭერა ჰპოვოს. ეს წინადადება რუსეთისათვის მხოლოდ იმიტომ არის უსიამოვნო, რომ მისი «სამშვიდობო ძალისხმევის» დისკრედიტაციას ნიშნავს. «ბოსნიის» თემის განუწყვეტელი მუსირებით, საქართველო, ფაქტობრივად, უნდობლობას უცხადებს რუსეთს - ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს ენგურის აუზში ძალთა რეალური განლაგების შეცვლას ან სამშვიდობო ძალების გაყვანას, მაგრამ საქართველო და «აფხაზეთი» არ არის მოსკოვის ერთადერთი ინტერესი. ასეთივე «სამშვიდობო» ამბიციები აქვს მას ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რეგიონებშიც. საქართველოს მხრიდან აქტიურად გამოხატული უკმაყოფილება კი ამ სივრცეზე რუსეთის «მასტაბილიზებელი» ფუნქციის დაკნინებას იწვევს. სწორედ ამ ფონზე იშლება დისკუსია ევროპაში საქართველოს წინადადებათა თაობაზე. კოპენჰაგენში გამართულ სამიტზე, რომელშიც საგარეო საქმეთა მინისტრები მონაწილეობდნენ, ეუთოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ - დანიამ, საგარეო საქმეთა მინისტრის სახით, გააკეთა განცხადება, რომლითაც საკმაოდ მკვახედ და უაპელაციოდ დაგმო საქართველოს წინადადებები «ბოსნიის ფორმატთან» დაკავშირებით. ეს არც უნდა გაგვიკვირდეს - ამას უნდა მივეჩვიოთ. არც ერთ ქვეყანას არ სურს აუტკივარი თავის ატკივება - ევროპელები შესანიშნავად იყენებენ ქართული დიპლომატიის პროვინციალიზმსა და უგერგილობას. მცირე შენიშვნისთანავე ქართველი დიპლომატები წელში წყდებიან, ენა მუცელში უვარდებათ და კრინტის დაძვრას ვერ ბედავენ - ევროპა და, ზოგადად, დასავლეთი ხომ დიდ ავტორიტეტად არის მიჩნეული. არადა, საკმაოდ მძლავრი ბერკეტები გაგვაჩნია, რათა საკუთარი პოზიციის დაცვა შევძლოთ იმავე ევროპულ სტრუქტურებში - მაგალითად, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, უნდა გამოსულიყო მისი ქართველი კოლეგა და პირში მიეხალა სათქმელი; ამასთანავე, საქართველოს პირდაპირ უნდა ეთქვა, რომ იგი მოახდენს ყველა იმ რეზოლუციის ბლოკირებას (ეუთო მუშაობს კონსენსუსის პრინციპით - ავტ.), რომელშიც არ იქნება გათვალისწინებული საქართველოს წინადადებები აფხაზეთის საკითხში.
    სომხეთს არ ეშინია ასე მოქცევისა და «ჩააგდო» კიდეც რეზოლუცია ლისაბონში, ვინაიდან დოკუმენტი შეიცავდა მისთვის მიუღებელ დებულებებს ყარაბაღის თაობაზე.
    სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკა, ამ თვალსაზრისით, კვლავ საშინლად პროვინციულია - ამიტომაც იქცა საქართველო ადვილად «ხელწამოსარტყმელ» ქვეყნად, რომლის ინტერესებს არავინ ითვალისწინებს.

 

7 დღე, 21 იანვარი, 1998 წ.