აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა პაპუასებმა აღიარეს

აფხაზეთის სახელმწიფოებრიობა პაპუასებმა აღიარეს

        გასულ კვირას რუსული ტელეარხებისათვის უმთავრეს სენსაციად და მთავარ «ნიუსად» იქცა კადრები «დიპლომატიურ დოკუმენტზე» ხელმოწერის შესახებ – ნაურუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისა და ოფიციალური ურთიერთობების დამყარების შესახებ.
        სხვათა შორის, ნაურუ რუსულად ასე გამოითქმის (აქცენტის დასმით) ნაუ(!)რუ. ანუ ლამის «ურა!»
        სწორედ «ურაზე» მიიღეს ეს «ისტორიული მოვლენა». ხუმრობა ხომ არ არის – კიდევ ერთმა სახელმწიფომ ცნო რუსეთის მიერ საქართველოსათვის წაგლეჯილი რეგიონების დამოუკიდებლობა.
        იჯდა სერიოზული სახით ნაუუუ(!)რუს საგარეო საქმეთა მინისტრი კირენ კეკე და ხელს აწერდა დოკუმენტს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ. არადა, ნაურუელი დიპლომატის არათუ პაპა, არამედ მამაც კი ალბათ შიშველი დარბოდა კოცონის გარშემო, ხოლო წინაპრები თეთრკანიანებს ჭამდნენ.
        არის ეჭვი, რომ ბრიტანელი მოგზაური ჯეიმს კუკი ზუსტად ნაურუელმა პაპუასებმა შეჭამეს. არ არის გამორიცხული, მას სწორედ ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის წინაპარი აგემოვნებდა და (გენებიდან გამომდინარე) ახლადშეძენილი კოლეგებისკენაც აპარებდა თვალს.
        აფხაზებს რომ კითხო, ბიზანტიისა და ხეთების სამეფოს კულტურული შთამომავლები არიან. არადა, პაპუასების აღიარებით ამაყობენ, რომლებმაც ეს გადაწყვეტილება უბრალოდ გაყიდეს – 50 მილიონ დოლარად. ადრე ოქრო-ვერცხლსა და თავისი კუნძულის სხვა სიმდიდრეს ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილოზე, საყურეებსა და სამაჯურებზე ყიდდნენ.
        სახელმწიფო ნაურუ მდებარეობს ეკვატორთან, წყნარი ოკეანის ერთ პატარა კუნძულზე. აი, დაახლოებით ისეთზე, რობინზონ კრუზომ რომ მოიწყო ცხოვრება. Mმოსახლეობა სულ 14 ათასია. ტერიტორიით კი ნუცუბიძის პლატოს ოდენაა. დედაქალაქი არა აქვს, რადგან ქალაქი იმ კუნძულზე საერთოდ არ არის და დედაქალაქი როგორღა იქნება?
        საოცარია, რომ ნაურუ გაეროში სწორედ საბჭოთა კავშირის ინიციატივით მიიღეს 1987 წელს. კრემლმა ალბათ იმ პერიოდიდან გათვალა: «რა იცი რა ხდება». თუ სტრატეგიული წყალქვეშა ნავების ბაზად ვერ გამოდგა მაშინ, დღეს ეგება საქართველოს დანაწევრებაში მაინც მოეხმაროს?
        ბუნებრივია, თავმოყვარე ქვეყნისათვის ასეთი ფორმით (50 მილიონი დოლარის სანაცვლოდ) სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღება სამარცხვინო იქნებოდა, მაგრამ ნაურუ ნაურუა და პაპუასი იმის პაპუასია, რომ მორალსა და ღირსებაზე სპეციფიური წარმოდგენა ჰქონდეს. ისევე, როგორც კულინარიაზე.
        უფრო მეტად საინტერესო ისაა, რა არის, ბოლოს და ბოლოს, საჭირო იმისთვის, რომ ამა თუ იმ ქვეყნის დამოუკიდებლობა სხვა სახელმწიფოებმა ცნონ? ამჯერად იგულისხმება ნორმალური სახელმწიფოები. რატომ აღიარეს ევროპულმა ქვეყნებმა კოსოვო და არ აღიარეს ე.წ. «სამხერთ ოსეთის რესპუბლიკა?».
        პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ «სამხრეთ ოსეთი», ისევე, როგორც აფხაზეთი სინამდვილეში არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო! კოსოვოში ერთ რომელიმე მეზობელ ქვეყანას არ შეუყვანია ჯარი, არ გაუკონტროლებია მისი საზღვრები და არ მოუხვევია თავს საკუთარი მოქალაქეობა, კანონმდებლობა და ა.შ.
        საწყალი ადოლფ ჰიტლერი. გასული საუკუნის 30-იან წლებში იგი ვერ მიხვდა, რომ «თანამემამულეებით» დასახლებული სუდეტის ოლქისა და დანციგის დამოუკიდებლობა უნდა ეცნო, შემდეგ იქ ჯარი შეეყვანა «გარეშე აგრესიისაგან დასაცავად» და მისი საზღვრები გაეკონტროლებინა – მან კი პირდაპირ მიიერთა ეს ტერიტორიები.
        პუტინი ბევრად ეშმაკურად იქცევა: აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობას აღიარებს სწორედ იმ გათვლით, რომ რეალურად დამოუკიდებელნი ისინი არც არასდროს იქნებიან.
        რა «დამოუკიდებლობაა», თუკი სახელმწიფოს საზღვრებს, მის ფინანსურ სისტემას და მთელ ტერიტორიას სხვა სახელმწიფო აკონტროლებს? კიდევ უფრო საოცარია, რომ რუსეთი ვეღარც აცნობიერებს (საზოგადოების დონეზე), რამდენად უსვამს ხაზს ნაურუს მიერ რუსეთის მხარდაჭერა თანამედროვე მოსკოვური სახელმწიფოს დეგრადაციას:
        სახელმწიფო, რომელიც ოდესღაც მსოფლიოს აზანზარებდა და უდიდეს კოალიციებს ედგა სათავეში (მათ შორის ევროპაშიც) დღეს ნაურუსგან (!!!) ყიდულობს მოკავშირეობას მათხოვრული 50 მილიონი დოლარით.
        აფხაზ და ოს სეპარატისტებს კი ნუ გაუკვირდებათ, თუკი მათ «დამოუკიდებლობას» (ესე იგი სახელმწიფოებრიობას) არც ერთი ნორმალური ქვეყანა არ ცნობს. და მთავარი მიზეზი აქ არა საქართველოსადმი სიყვარული, ამერიკის თხოვნა ან საერთაშორისო სამართლის უზენაესობის აღიარებაა, არამედ ელემენტარული ეროვნული თავმოყვარეობა და ღირსების შეგნება:
        არ შეიძლება აღიარო დამოუკიდებლად სახელმწიფო, რომელიც სინამდვილეში მთლიანად დამოკიდებულია მეზობელ სახელმწიფოზე. არ შეიძლება სცნო იმ ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რომლის დამოუკიდებლობას ეს მეზობელი ნაურუსმაგვარი «პაპუასეთისაგან» 50 მილიონ დოლარად ყიდულობს!
        სწორედ ამიტომ, ნაურუს მიერ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის აღიარება ჩვენთვის სასარგებლოცაა. ურა ნაუუურუ!