სახელისუფლო იმპოტენციის სინდრომი

სახელისუფლო იმპოტენციის სინდრომი

     

   საბაჟოების მართვის უცხოელი სპეციალისტებზე გადაცემის გადაწყვეტილება მძვინვარე პოლიტიკური ბატალიების საგანი ხდება. ქართული პოლიტისტებლიშმენტის «ეკონომიკური ინტერესი» საკითხისადმი, დაპირისპირების ფიგურანტთა სტატუსი და სკანდალის წინასაარჩევნო პერიოდთან თანხვედრა სრულ საფუძველს ქმნის იგი იმ კატეგორიის კონფლიქტს მივაკუთვნოთ, რომლის ერთი ხელის მოსმით გადაჭრის ალბათობაც მიზერულია.
        ამჟამად კონფლიქტის მონაწილე მხარეების (თბილისი და ბათუმი) არგუმენტაციასა და სკანდალის პერიპეტიებზე არ შევჩერდებით. პოზიციები დაფიქსირებულია და მათზე ბევრი დაიწერა
        ჩვენთვის ფაქტი საგულისხმოა, როგორც სახელმწიფოში არსებული ზოგადი სიტუაციის ერთგვარი მიკრომოდელი.
        ერთი რამ ცხადია: ამგვარი პრეცედენტი მსოფლიო საზოგადოებრიობისა და საერთაშორისო ფინანსურ-საკრედიტო ორგანიზაციათა თვალში საქართველოს რეპუტაციას არაფერს მატებს (უფრო ზუსტად კი, საკმარისზე მეტად ლახავს).
        როცა ხელისუფლება ასეთი ფუძემდებლური მოვალეობისათვის თავის გართმევას ვერ ახერხებს, მის ქმედუნარიანობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
        საცნაურია კორუფციის ზეჭარბი დონე იმ სტრუქტურებშიც, რომლის უშუალო პრეროგატივასაც წარმოადგენს ამა თუ იმ სახის (მათ შორის საბაჟო) შემოსავლების სრული მოცულობით აღრიცხვა. ]
        ელემენტარულად, - თუ ვერ ახერხებ შემოსავლების აღრიცხვას, გადასახადების აკრეფას, საზღვრების კონტროლს და საკუთარი მოქალაქეების ე.წ. ბუნებრივი უფლებების დაცვას, რაღა სახელმწიფო ხარ?!
        ისღა გრჩება, მიზეზად «მძიმე მემკვიდრეობა», «მოსახლეობაში საგადამხდელო კულტურის არქონა», «რესტრუქტურიზაციის პროცესის მტკივნეულობა», «პროფესიონალიზმის დეფიციტი» და «სპეციალისტთა უკმარისობა» დაასახელო - მაგრამ ასე ყველაფრის გამართლება შეიძლება.
        არსებული ქაოსისა და ანარქიის პირობებში, შესაძლოა, საბაჟოს უცხოელთათვის გადაცემა ერთადერთ გამოსავლად ჩაითვალოს, რომ არა მთელი რიგი ფაქტორები, რომლებსაც, ჩვენი სინამდვილის გათვალისწინებით, განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს.
        შეუძლებელია ხელისუფლებას არ ესმოდეს, რომ საბაჟოებზე მართვის უფლების უცხოელებისთვის გადაცემით პრობლემა ვერანაირად ვერ გადაიჭრება და ეს ვერ იქნება პანაცეა. ეს იქნება პალიატივი, ანუ სახელმწიფო ორგანიზმის კვდომის გარკვეული პერიოდით შეჩერება, რაც ვერ უზრუნველყოფს მთლიანად სტრუქტურის რეორგანიზაციას და იმ კონდიციამდე მიყვანას, რომელიც ამჟამინდელ ქაოსს ერთხელ და სამუდამოდ გამორიცხავს - რა თქმა უნდა, თუ უცხოელების პატრონაჟის ქვეშ ცხოვრებას სამუდამოდ არ ვაპირებთ.
        საბოლოოდ ყველაფერი სწორედ სახელმწიფო პოლიტიკის პატერნალისტურ ბუნებაში უნდა ვეძიოთ, რაც ქართული ყოფის ყველა სფეროსა და ნიუანსში ვლინდება. ქვეყანა, სადაც ყველაფერს ძმაბიჭობის, ბიძაშვილ-მამიდაშვილობის, ნათესაურ-კლანურობის პრინციპი წარმართავს, უკეთეს მდგომარეობას არც იმსახურებს.
        რაც შეეხება კონკრეტულ გადაწყვეტილებას: ინგლისური ფირმა, რა თქმა უნდა, საქართველოს ბიუჯეტის შესრულებაზე ჩვენი ლამაზი თვალების გამო არ იზრუნებს და გაწეული სამსახურისათვის გვარიან გასამრჯელოსაც ითხოვს.
        ნუთუ ძნელი იყო ამ თანხით რამდენიმე ათეული ახალგაზრდის შესაბამისი კვალიფიკაციის მისაღებად უცხოეთში გაგზავნა და თავად საბაჟოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის უზრუნველყოფა?
        შეიძლება ვინმემ თქვას:. ხომ გაიგზავნა რამდენიმე ახალგაზრდა და ყველამ იცის, რა შედეგიც მივიღეთ - ისეთი ამბები დაატრიალეს, რომ ორიოდე კვირაში გამოაპანღურესო. ამაში ოპონენტებს ძნელია არ დაეთანხმო, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მიზეზი ისევ და ისევ იმ «ფსიქოლოგიური დომინანტში» უნდა ვეძიოთ, როგორიცაა ნაცნობ-მეგობრობის ინსტიტუტი, რომლითაც ასე მოგვაქვს თავი. მარტივად - საქმე ელემენტარულ ჩაწყობა-გარიგებასთან გვაქვს. უეჭველია, სწორედ ამგვარი პრინციპებით ხელმძღვანელობდნენ იმ კომისიის წევრები, რომლებმაც ზემოხსენებული ახალგაზრდები შეარჩიეს.
        ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართულ ბიუროკრატიას სახელმწიფოებრივი აზროვნებისა არაფერი სცხია და კაცმა რომ თქვას, რაში სჭირდება? თავს უამისოდაც მშვენივრად გრძნობს. რაც ყველაზე სავალალო და დამაფიქრებელია, სწორედ ეს პიროვნებები გვევლინებიან რეფორმების, ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციის პროპაგანდისტებად, დღენიადაგ გვმოძღვრავენ პრესითა თუ ტელევიზიით, რომ თურმე «ხელფასისა და პენსიის გაუცემლობას გაგებით უნდა მოვეკიდოთ, რადგან ამაში საგანგაშო არაფერია» (!) და თავადაც ანალოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან (მამა უცხონდათ, სულ ხელფასზე «ზიან» და ბებია-ბაბუების გამოგზავნილი სოფლის ნობათით გააქვთ თავი).
        პერმანენტულად ხდება აქცენტირება «პოსტავტორიტარული საზოგადოების ცნობიერებაზე», «დრომოჭმული ფასეულობების ერთგულებაზე», «საყოველთაო ნიჰილიზმზე», «სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის პროცესისგან მოქალაქეთა გაუცხოებაზე» და ა.შ.
        თითქოსდა, ვინმეს ახსოვდეს იმგვარი საზოგადოების არსებობა, რომელიც ისეთ ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებაზე «ამაღლებულიყო», როგორიც, ვთქვათ, შიმშილია.
        თუ ჩვენი ყოფიერების დემოკრატიზაცია მსხვერპლად მაინც და მაინც ამას მოითხოვს, იქნებ თავადაც გადმობრძანებულიყვნენ ძვირადღირებულ «მერსედესებიდან», უარი ეთქვათ ფეშენებელურ სახლებ-აგარაკებზე და მოსახლეობისათვის «ჭირთათმენის» ცოცხალი მაგალითი მიეცათ.
        საბოლოოდ მთელი ეს განსჯა-ანალიზი ერთ მარტივ დასკვნამდე დადის: ძველი აზროვნებით, ძველი კადრებითა და ძველი იდეებით «ახალი საქართველოს» შენება შეუძლებელია - სავლეს პავლედ გარდასახვის შანსი კი მიზერული.
        შეგნებულად არ გავამახვილე ყურადღება იმ სკანდალის პერიპეტიებზე, რომელიც ტენდერში გამარჯვებულ ინგლისურ ფირმა «აი-თი-ეს»-ს უკავშირდება.
        როგორც ცნობილია, კონკურსში მონაწილე შვეიცარული ფირმა ინგლისელ კოლეგებს სატენდერო კომისიის წევრებისათვის ორი მილიონი დოლარის ქრთამის მიღებაში ადანაშაულებს.
        ფაქტი ერთობ ნიშანდობლივია. ერთი მხრივ, იმის გათვალისწინებით, რომ თუ ბრალდება სიმართლეს შეეფერება (დადასტურებას ამ შემთხვევაში რა თავში ვიხლით), ადვილი წარმოსადგენია, ჩემი კორუმპირებულობის უცხოელი თაღლითებით შეცვლა რა სარგებლობასაც მოგვიტანს.
        და მეორეც: კომისიაში მინისტრების მთელი კოჰორტა და პრეზიდენტის თანაშემწე ფიგურირებდნენ.
        ვიმეორებ: ფაქტი მეტად საცნაურია. უპირველესად, ჩვენი ბიუროკრატიის მენტალიტეტიდან გამომდინარე.
        როგორც ირკვევა, შვეიცარიული ფირმის («ეს-ჯი-სი») ავტორიტეტი, ფინანსური შესაძლებლობები, გავლენის არეალი და რეპუტაცია მნიშვნელოვნად აღემატებოდა მათი კონკურენტებისას.
        ამას ციფრებიც მოწმობს:
        შვეიცარიული ფირმა «ეს-ჯი-ეს»-ს წარმომადგენლობა 140 ქვეყანაში ჰყავს; წლიური მოგება 2,19 მილიარდი დოლარია.
        ინგლისური ფირმა: წარმომადგენლობა 66 ქვეყანაში; წლიური მოგება - 586,5 მილიონი დოლარი.
        როგორც იტყვიან, კომენტარი ზედმეტია.

მერიდიანი, 19 მაისი, 1999 წელი