სახელმწიფო ენის კანონი: ახალი პროექტი და ძველი პრობლემები

სახელმწიფო ენის კანონი: ახალი პროექტი და ძველი პრობლემები

სახელმწიფო ენის კანონი: ახალი პროექტი და ძველი პრობლემები

        რამდენიმე დღის წინ, ერთდროულად რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციამ, რომლებიც მონიტორინგს უწევენ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას (ეუთო, ევროსაბჭო, სხვადასხვა «განვითარების სააგენტოები»), საინტერესო განცხადებები გააკეთეს «სახელმწიფო ენის» კანონის თაობაზე.
        როგორც ცნობილია, ეს კანონი საქართველოს პარლამენტში განიხილება და მძვინვარე დებატებსაც იწვევს.
        თავისთავად, უცხოელთა ჩარევა ზოგიერთებისთვის გამაღიზიანებელია, მაგრამ ხსენებულ განცხადებებშიც ჩანს, რას მოითხოვენ ჩვენგან: რაკი მოგვიწვიეთ და გთხოვეთ დახმარება, კეთილი ინებეთ და გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები». ეს საყოველთაოდ ცნობილი, აპრობირებული და ფართოდ გავრცელებული პრაქტიკაა: ეუთო და სხვა ორგანიზაციები, ამ შემთხვევაში მოქმედებენ ცნობილი «თანადაფინანსების» პრინციპით, ანუ მოითხოვენ, შესაბამისი პროგრამა (ვთქვათ, «არაქართველებისთვის» სახელმწიფო ენის სწავლება) წილობრივად დაფინანსდეს _ მათ შორის საქართველოს ბიუჯეტიდანაც. და მხოლოდ ამ შემთხვევაში არიან თანახმა, განაგრძონ დაფინანსება.
        თუ ეს არ მოგვწონს, არავინ გვაძალებს – შეგვიძლია 100 პროცენტით თავად დავაფინანსოთ. თუმცა, ასეთ «საცდურზე» უარის თქმა ძნელია, მით უმეტეს, ჩვენი გაძვალტყავებული ბიუჯეტის პირობებში.
        ბუნებრივია, პროგრამის წილობრივი დაფინანსების შემთხვევაში, ევროპელები არსობრივადაც შეეცდებიან «ჩაერიონ» კანონის შემუშავებაში და აქაც მოგვაწოდონ «რეკომენდაციები», რომელთა გათვალისწინება არცთუ ისე იოლი იქნება.
        უკვე ცნობილია, რომ რეკომენდაციები შეეხება სახელმწიფო ენის გავრცელების «სირბილეს», ანუ «გვირჩევენ» მეტისმეტად არ გავამკაცროთ მოთხოვნები «არაქართველების» მიმართ, რომლებმაც არ იციან სახელმწიფო ენა. კანონის თავდაპირველ ვარიანტში შავით თეთრზე ეწერა, რომ «საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებულია, ფლობდეს ქართულ ენას». კაცმა რომ თქვას, ეს ფორმულირება, თავისი იდეოლოგიით, შეურიგებლობითა და რადიკალიზმით დიდად არ განსხვავდება 80-იანი წლების მეორე ნახევრის «ეროვნული მოძრაობის» პარტიათა პროგრამული დებულებისაგან.
        არადა, თუ დავუშვათ, «არაქართველმა» კანონის მოთხოვნა არ შეასრულა და ქართული არ ისწავლა, რა ვქნათ? ჩამოვართვათ მოქალაქეობა ქვემო ქართლში მცხოვრებ სამასი ათას აზერბაიჯანელს, ჯავახეთში მცხოვრებ ორასი ათას სომეხს და მათი დეპორტაცია დავიწყოთ?
        გაცილებით უფრო გონიერია თანდათანობითი (ერთი და ორი წელი ამას არ ეყოფა) ისეთი ვითარების შექმნა, როდესაც სხვა ეთნიკური წარმომავლობის მოქალაქეები დაინტერესებულნი იქნებიან ქართულის შესწავლით.
        ამ თვალსაზრისით, თითქოს უფრო გონიერი ჩანს მეორე ვარიანტი, რომ «საქართველოს მოქალაქეები სახელმწიფო ორგანოებთან ურთიერთობას ამყარებენ სახელმწიფო ენის მეშვეობით». მაგრამ ერთი შეხედვით მომხიბვლელობის მიუხედავად, ეს ფორმულირებაც აბსოლუტურად არარეალურია. საქართველოს პირობებში, მაგალითად, როგორ ვაპირებთ ვაიძულოთ ახალქალაქში ან ნინოწმინდაში მცხოვრები სომეხი საკრებულოს (სომეხ) თავმჯდომარეს ქართულ ენაზე მიმართოს წერილობით? ეს იმას ნიშნავს, რომ მივიღოთ იმთავითვე არარეალური და განუხორციელებელი კანონი, რომელიც, დაძაბულობისა და კონფრონტაციის გარდა, არაფერს შემოიტანს ამ ჩვენს ისედაც მყიფე სახელმწიფოში.
        ყოველთვის გვინდა ვიღაცას რაღაც დავაბრალოთ. არსებული რეალობა არც საბჭოთა კავშირის და არც რუსეთის ბრალი არ არის: განა რუსეთის ბრალია, რომ შაჰ-აბასმა ბორჩალოს ტომები გადმოასახლა ქვემო ქართლში? ისინი დღეს საქართველოს მოქალაქეები არიან და მათ ინტეგრაცია ერთიან სახელმწიფოებრივ ქსოვილში ურთულესი, ხანგრძლივი საქმეა.
        თუმცა, ქართული პოლიტიკის თავისებურებათა გათვალისწინებით, ეს პრობლემა ლამის ახალი სამოქალაქო ომის ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შექმნის. სახელმწიფო ენის კანონს პარლამენტი უახლოეს მომავალში (ალბათ, ივნისში) აუცილებლად მიიღებს, მაგრამ რეალურ ვითარებაზე იგი ვერანაირ ზეგავლენას ვერ მოახდენს.

დილის გაზეთი, 20 მაისი, 2002 წელი