საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მარტი. 2025 წელი

დიდებული, ნამდვილად სასიხარულო ამბავია, რომ უკრაინის არმიამ 30 საათიანი სპეცოპერაციის შედეგად გაათავისუფლა პატარა სოფელი Nadia ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქში და გაყარა იქიდან ოკუპანტები.

სოფლის ადმინისტრაციის თავზე უკრაინული ორფეროვანი ლურჯ-ოქროსფერი დროშა ააფრიალეს.

თითქოსდა რა მოხდა ასეთი? რატომ არის ამ პატარა სოფლის და მიმდებარე 2 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის განთავისუფლება ესოდენ მნიშვნელოვანი?

დიახაც ძალიან მნიშვნელოვანია სამი ურთიერთდაკავშირებული მიზეზის გამო

 

ა) ეს მოხდა არა დონეცკის, არამედ ლუგანსკის რაიონში. დონეცკის რაიონი რუსებს მხოლოდ სანახევროდ აქვთ ოკუპირებული და იქ ბრძოლები გრძელდება. ლუგანსკის რაიონი კი 2022 წელსვე თითქმის მთლიანად, 99%-ით დაიპყრეს რუსმა ოკუპანტებმა და Nadia-ს გათავისუფლება, იქიდან რუსი ოკუპანტების გაყრა ამიტომაცაა სერიოზული წარმატება

 

ბ) დადასტურდა, რომ რფ კურსკის ოლქში წინ წასაწევად და ნაწილობრივი წარმატების მისაღწევად რუსებმა სერიოზული ძალები გადაისროლეს საკუთარ ტერიტორიაზე (სადაც უკრაინული არმია შეიჭრა შარშან) და ზუსტად ამიტომაც, იძულებულნი გახდნენ თავდაცვითი პოზიციები „მოეშიშვლებინათ“, რითაც ისარგებლა უკრაინულმა არმიამ

 

გ) უკრაინამ ამ წარმატებას მიაღწია საუდის არაბეთში „ჯვარედინი“ მოლაპარაკების პარალელურად, რაც სწორედ გუშინ დაიწყო:

ამერიკელი დიპლომატები ცდილობენ რუსებს და უკრაინელებს ელაპარაკონ არაპირდაპირ: რუსული დელეგაცია ერთ სასტუმროშია, უკრაინული დელეგაცია - მეორე სასტუმროში. ამერიკელებს კი მიაქვთ-მოაქვთ წინადადებები და ამ დროს უკრაინულ პოზიციებს დიპლომატიურად ნამდვილად აძლიერებს სამხედრო წარმატება.

. . . . . . . . . . . . . . . . .

საინტერესო ციფრებს აქვეყნებს Business Insider: 2022 წლის რუსული აგრესიის დაწყებიდან, ბრძოლის ველზე უკრაინამ დაკარგა 1 100 ტანკი, ხოლო რუსეთმა - 3 200 ტანკი!

სამხედრო სპეციალისტები თვლიან, რომ ტანკებში დანაკარგი ბევრად მეტყველია, ვიდრე ცოცხალი ძალის დანაკარგიც კი.

ნაწილობრივ ეს აიხსნება იმით, რომ სწორედ რუსეთი იყო აგრესორი და არა უკრაინა, მაგრამ მიზეზები ამით არ ამოიწურება: დასავლურმა ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებმა, რაც უკრაინის არმიას გააჩნდა, თავისი ეფექტიანობა უფრო მეტად აჩვენა, ვიდრე რუსულმა.

მიუხედავად ამისა, იგივე რესურსი აღნიშნავს, რომ რუსეთს შეუდარებლად მეტი ინდუსტრიული საშუალება აქვს აწარმოოს ტანკები და შეავსოს დანაკლისი, ვიდრე უკრაინას.

იმის მიუხედავადაც კი, რომ უკრაინის არმია ამერიკულ, გერმანულ, ფრანგულ და ბრიტანულ ტანკებსაც იღებდა.

თან საკუთარი საწარმოო სიმძლავრეებიც აქვს.

კურსკში ბრძოლებისას უკრაინამ 55 ტანკი დაკარგა, ხოლო რუსეთმა - 66.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სხვათა შორის, ეს ბოლო ციფრები იმაზეც მეტყველებს, თუ რამდენად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობა კურსკის ოლქში.

„ტანკების დანაკარგი“, როგორც ტერმინი, ნიშნავს ტანკს, რომელიც აღუდგენლად განადგურდა, სერიოზულად გამოვიდა მწყობრიდან (იმდენად, რომ ქარხანაში დაბრუნება სჭირდება) ან მოწინააღმდეგემ იგდო ხელთ.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთმა სწორედ გუშინ, როდესაც საუდთა შუამავლობით არაპირდაპირი მოლაპარაკება დაიწყო მოსკოვსა და კიევს შორის, განაცხადა, რომ 2024 წლის 22 მარტს მოსკოვთან მდებარე „კროკუს სითი ჰოლ“-ში მომხდარი ტერაქტი, რომელსაც 150 ადამიანი (!!!0 ემსხვერპლა „ერთ-ერთი მტრული სახელმწიფოს ორგანიზებული“ იყო.

ოღონდ რუსული სპეცსამსახურები ამ „მტრულ სახელმწიფოს“ არ ასახელებენ.

ეს ამბავი „ჯვარედინი მოლაპარაკებებისას“ არგუმენტად სჭირდებათ.

ხსენებული  ტერაქტი მოაწყო ექვსმა ტაჯიკმა ისლამისტურ/ტერორისტული ქვენაგრძნობით და ამას არავითარი კავშირი უკრაინის ომთან არ ჰქონია.

თუმცა შარშანვე, რუსები ამტკიცებდნენ, თითქოს ტაჯიკები (ოთხი მათგანი დააპატიმრეს) უკრაინის სამხედრო დაზვერვის დავალებით მოქმედებდნენ, ხოლო იმ სამხედრო დაზვერვას დასავლური სახელმწიფოები უმაგრებდნენო ზურგს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ირკვევა, რომ აშშ პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წერილით (ფაქტობრივად ულტიმატუმით) მიმართა რამდენიმე დღის წინ ირანის სულიერ ლიდერს, აიათოლა ჰომენეის და ირანის ბირთვული პროგრამის შეწყვეტა მოსთხოვა.

მანამდე გატყობინებდით ტრამპის განცხადების შესახებ, რაც საჯაროდ გააკეთა: „ან შეგვითანხმდებით და შეწყვეტთ ურანის გამდიდრებას, ან სამხედრო გზით შეწყდება ეგ თქვენი ბირთვული პროგრამაო“.

ეს რაც საჯაროდ გააჟღერა, მაგრამ ირანის სულიერი ლიდერისთვის (და არა ირანის პრეზიდენტისთვის მაგალითად) იმავე შინაარსის წერილის გაგზავნა უკვე პირდაპირ ულტიმატუმად აღიქვეს და აიათოლა ხამენეის წარმომადგენელმა საჯაროდ უარყო: არაფერსაც არ შევწყვეტთო.

სხვა პასუხი არც იყო მოსალოდნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ირანის აიათოლათა რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის თვალში ავტორიტეტს/ლეგიტიმურობას დაკარგავდა.

 ვაშინგტონში ამას ელოდნენ, ოღონდ  რაკი ახლა ირანის ბირთვული ობიექტების დაბომბვა ტრამპს ხელს არ აძლევს (ამით მთელს რეგიონს ააფეთქებს) აქცენტი ისევ სანქციათა გაძლიერებაზე კეთდება.

„ნული ირანული ნავთობი მსოფლიო ბაზრებზე“ - ასეთია აშშ ადმინისტრაციის მიდგომა ახლა. მაგრამ......„ნული ირანული ნავთობი“ არ გამოვა ჩინეთთან დაპირისპირების გარეშე.

ჩინეთი კი ირანი არ არის. მეორე გლობალურ ზესახელმწიფოდ იქცა თანდათანობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპის ყველაზე მთავარი „ფრონტი“ მაინც შიდა/ამერიკული ფრონტია.

Bloomberg აქვეყნებს ძირითადი სასამართლო პროცესების არასრულ სიას, უფრო ზუსტად თემატიკას, რაც ამჟამად მიმდინარეობს ტრამპის საპრეზიდენტო ბრძანებულებების, მისი ან მისი ადმინისტრაციის სხვადასხვა ხარისხის გადაწყვეტილებების თაობაზე:

 

ა) ემიგრაცია. მათ შორის ექსტრადიციის საკითხები, „დაბადებით მოქალაქეობის“ (Birthright citizenship) აკრძალვა.

არ არის გამორიცხული, ეს თემატიკა ამერიკის უზენაეს სასამართლომდეც მივიდეს, რაკი არსებობს კონსტიტუციის დარღვევის ნიშნები, ხოლო უზენაესი სასამართლო, ამერიკაში, კონსტიტუციური სასამართლოს ფუნქციას ასრულებს

 

ბ) USAID-ს დანგრევა/გაუქმება, Radio free Europe/Radio liberty-ს ასევე Voice of America-ს გაუქმება....

ამაზეც სასამართლო დავაა, თუ რამდენად ჰქონდა უფლება პრეზიდენტს, კონგრესის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ასე ერთბაშად გაეუქმებინა და ა.შ.

 

გ) DOGE ანუ მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი, რომელსაც ილონ მასკი ხელმძღვანელობს, დადანაშაულებულია ათი ათასობით სახელმწიფო მოხელის სამსახურიდან „გაშვებაში“ უსაფუძვლოდ და ამის გამო სასამართლო პროცესები მხოლოდ იწყება.

ტრამპს  იმაზეც უჩივიან, რომ ტრანსგენდერებს აუკრძალა არმიაში სამსახური.

 

ოღონდ ამერიკის სასამართლო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე, ეს სასამართლო პროცესები და იურიდიული პროცედურები  შესაძლოა წლობით გაიწელოს და შედეგი მხოლოდ ნაწილობრივ დადგეს მომჩივანთათვის.

მანამდე კი, On the ground, ტრამპის ბრძანებულება იმოქმედებს.

თავად ტრამპსაც ანუ მის ადმინისტრაციასაც აქვს აპელაციის უფლება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მისთვის არასასურველი გამოდგება.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ტრამპის დავალებით, აშშ ემიგრაციის სამსახურმა 500 000 ემიგრანტს გაუგზავნა შეტყობინება (ულტიმატუმი), რომ 24 აპრილამდე უნდა დატოვონ ქვეყანა.

წინააღმდეგ შემთხვევაში ძალით იქნებიან დეპორტირებულნი.

გამორიცხულია ამ პროცესმა, თუ მართლა დაიწყო, უმტკივნეულოდ ჩაიაროს.

ზუსტად ამას გულისხმობდა დონალდ ტრამპი, როდესაც ჯერ კიდევ საარჩევნო კამპანიის დროს ამბობდა, რომ არმიის გამოყენებას არ გამორიცხავს.

მაგრამ უდიდესი რისკია, რადგან ქუჩის შეტაკებებმა, მით უმეტეს არმიის ჩართულობით, შესაძლოა უდიდესი ზიანი მიაყენოს ამერიკის იმიჯს.

შეტყობინებების ესე იგი ულტიმატუმის 80% მიუვიდათ ნიუ იორკის ჰარლემის მაცხოვრებლებს.

ჰარლემი არის „აუღებელი ციხე სიმაგრე!“ ~

„მტრისას და ავისას“ იქ ომის დაწყება. არალეგალური იარაღითაა სავსე და ზოგიერთი „ამერიკის დაუძინებელი მეგობარიც“ მიეხმარებათ.

რატომაც არა?

. . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული მეინსტრიმული პრესა ვარაუდობს, რომ დონალდ ტრამპის ყველაზე „სუსტი წერტილი“ მისი მმართველობის მეორე ვადაში მაინც ილონ მასკი გახდება.

თუნდაც იმიტომ, რომ უკვე გამოჩნდა მონაცემები ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დამატებითი სახსრების გამოთხოვის შესახებ კონგრესისგან, მასკის კომპანიებისთვის SpaceX, აგრეთვე მარსის ათვისებისთვის, Starlink-ის პროგრამის გასაფართოებლად და ა.შ.

ჟურნალისტები და მკვლევრები წერენ: ილონ მასკმა კოლოსალური თანხა, 300 მილიონი დოლარი შესწირა დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას და ახლა ათეულობით მილიარდ დოლარს იღებს ტრამპისგანო.

სხვათა შორის, იმასაც აღნიშნავენ კონკრეტული მაგალითების და კვლევების დალინკვით, რომ დონალდ ტრამპის მომხრეების დიდი ნაწილი არათუ სიმპათიით არ არის განწყობილი ილონ მასკის მიმართ, არამედ ხშირად მისი ჰეითერიც კია. ანუ მოძულე.

ბოლო მაგალითი იყო ფილადელფიის ინციდენტი, სადაც ტრამპი და მასკი ჩავიდნენ ამერიკული ჭიდაობის ტურნირზე დასასწრებად.

ხალხმა მასკს უსტვინა, ტრამპს კი - არა.

ტრამპს ოვაციით შეხვდნენ, მასკს - არა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

სულ უფრო იძაბება ვითარება გრენლანდიის გარშემო: დანიის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი ამ რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა Mute B. Egede „უკიდურესად აგრესიული“ უწოდა ამერიკული დელეგაციის ამ კვირაში დაგეგმილ ვიზიტს გრენლანდიაში.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიან აშშ პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში Michael Waltz და ვიცე-პრეზიდენტის ცოლი ანუ აშშ „მეორე ლედი“ Usha Vance.

ისინი იქ არავის მიუწვევია. თავისი ნებით ჩადიან და.....  თუ არ შეუშვებენ, ამას დიდი სკანდალი მოჰყვება.

მანამდე ტრამპმა თქვა: „გრენლანდია ამა თუ იმ გზით ამერიკის ნაწილი მაინც უეჭველად გახდებაო“.