სეპარატისტებთან მოლაპარაკება რუსების გარეშე ერთადერთი გამოსავალია

სეპარატისტებთან მოლაპარაკება რუსების გარეშე ერთადერთი გამოსავალია


   

    საქართველოში ამჟამად შექმნილი ტრაგიკული და იმავდროულად, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სამარცხვინო ვითარება გამომდინარეობს სხვაობიდან ჩვენი ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ ამბიციასა და მის რეალურ მდგომარეობას შორის.
    თუ შევისწავლით ხელისუფლების მხრიდან საგარეო-პოლიტიკურ სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს - აქ მართლაც მნიშვნელოვან, რადიკალურ ცვლილებასთან გვაქვს საქმე. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრირებისთვის, მჭიდრო კონტაქტებს ამყარებს თანამედროვე მსოფლიოს უძლიერეს სახელმწიფოსთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან, თანამშრომლობს ჩრდილო ატლანტიკურ სამხედრო ბლოკთან, მონაწილეობს ყველაზე მასშტაბური, ამბიციური საკომუნიკაციო პროექტების განხორციელებაში, რასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება XXI საუკუნეში ეკონომიკური ბალანსისა და გეოპოლიტიკური გავლენის თვალსაზრისით.
    ერთი სიტყვით, საქართველო ატარებს პოლიტიკას, რომელიც უნდა გაატაროს დამოუკიდებელმა სახელმწიფომ. პოლიტიკა ტარდება, მიუხედავად იმისა, მოსწონს იგი ჩვენს დიდ ჩრდილოელ მეზობელს თუ არა. რა თქმა უნდა არ მოსწონს, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნისათვის სხვა სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. განმსაზღვრელი მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესებია - ეს ასეც უნდა იყოს და აქ ხელისუფლებას ვერ შეედავები. მაგრამ უბედურება ისაა, რომ დამოუკიდებელი, პრინციპული, ეროვნული ინტერესების დაცვის სურვილით განმსჭვალული საგარეო პოლიტიკა ტარდება იმ პირობებში, როდესაც იმავე რუსეთს, ფაქტობრივად, ყველა ბერკეტი და საშუალება აქვს საქართველო ამისათვის სასტიკად დასაჯოს, ხოლო თვით საქართველოს სახელმწიფოებრივი მდგრადობა, სტაბილურობა ისევ და ისევ რუსეთზეა დამოკიდებული, რომელსაც ჩვენი პოლიტიკით აქტიურად ვუპირისპირდებით.
    იმავდროულად კი, სხვა დიდ სახელმწიფოებს (მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს) კავკასიასა და საქართველოში ჯერჯერობით არ გააჩნიათ ქმედითი ბერკეტები საიმისოდ, რათა ჩვენს ქვეყანას რუსეთის რისხვა ააცილონ თავიდან და სტაბილურობის შენარჩუნებაში დაგვეხმარონ.
    სწორედ ამაში მდგომარეობს საქართველოს ამჟამინდელი ყოფის ტრაგიკულობა. ჩვენ ვატარებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას მაშინ, როდესაც სინამდვილეში არა ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდწილად ისევ რუსეთზე ვართ დამოკიდებული მრავალი თვალსაზრისით;
    გალის ტრაგედია სწორედ ამ პარადოქსის გამოვლინებაა: საქართველოს სურს საკუთარ ტერიტორიაზე გაატაროს «დიდი ნავთობსადენი». ამგვარი სურვილი სავსებით ბუნებრივია და ყველა თვალსაზრისით გამართლებული. იმავდროულად, რუსეთსაც სურს ეს ნავთობსადენი «ხელთ იგდოს», რათა კიდევ ერთი გეოპოლიტიკური კოზირი მოიპოვოს; ისიც ბუნებრივია, რომ რუსეთის სახელმწიფოებრივი ინტერესები საქართველოსათვის განმსაზღვრელი არ უნდა იყოს. საქართველომ არ უნდა თქვას უარი ნავთობსადენის გატარებაზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია. ასევე მოიქცეოდა ნებისმიერი დამოუკიდებელი სახელმწიფო. თეორიულად აქ ყველაფერი გასაგებია.
    მაგრამ პრაქტიკულად, იმ პირობებში, როცა ენგურზე დგას რუსის ჯარი, როცა რუსეთს «საქართველოს სული ხელში უჭირავს», როცა მას ნებისმიერ დროს შეუძლია ქვეყანას «ცეცხლი წაუკიდოს» გნებავთ გალში, გნებავთ ზუგდიდში, გნებავთ ცხინვალში და ამით დაგვსაჯოს, დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარება, საკუთარ ეროვნულ-სახელმწიფოებრივ ინტერესებზე ზრუნვა, თუნდაც იმავე ნავთობსადენის გატარებისათვის ბრძოლა, ფაქტობრივად თვითმკვლელობის ტოლფასია!
    რუსეთს რომ არ შეეძლოს რაიმე მოიმოქმედოს საწინააღმდეგოდ - მის გაცოფებას და გაღიზიანებას ყურადღებასაც არ მივაქცევდით, მაგრამ როცა მას შენი «სული ხელში უჭირავს», როცა მის ნებაზეა დამოკიდებული, მოგკლავს თუ გაცოცხლებს, აგაფეთქებს თუ დაგამშვიდებს - დამოუკიდებელი, ღირსეული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში დასაღუპად ხარ განწირული.
    ბოლოს და ბოლოს რა გამოვლინდა გალში? არძინბამ კიდევ ერთხელ ისარგებლა რუსეთ-საქართველოს დაპირისპირებით და მოსკოვს «კოჭი გაუგორა» - საკუთარი ინტერესებიც დაიკმაყოფილა, მაგრამ რუსეთსაც მისცა საქართველოს დასჯის საშუალება.
    ხვალ შეიძლება უარესი მოხდეს - სეპარატისტთა ბანდები სამეგრელოში შემოიჭრან, ზეგ რუსეთი ცხინვალიდან გაიყვანს სამშვიდობო ძალებს, იქაც ააფეთქებს ვითარებას ან საქართველოში არსებულ ოთხ სამხედრო ბაზას გამოიყენებს მთლიანად ქვეყანაში დესტაბილიზაციის პროვოცირებისათვის, შესაბამისი მიმართულებით აამოქმედებს თავის უმძლავრეს საინფორმაციო საშუალებებს, რომელთაც, ჩვენი ეროვნული მენტალიტეტის გათვალისწინებით, უდიდესი გავლენა აქვთ ქართულ საზოგადოებაზე და ა.შ.
    სხვაგვარად თუ ვიტყვით, არ შეიძლება ქვეყანა ატარებდეს დამოუკიდებელ პოლიტიკას მაშინ, როცა იგი სინამდვილეში არ არის დამოუკიდებელი იმ სახელმწიფოსაგან, რომელსაც მისი პოლიტიკა აღიზიანებს და აცოფებს.
    ამგვარი სხვაობა პოლიტიკურ ამბიციასა და პოლიტიკურ რეალობას შორის სისხლის მდინარეების ფასად დაგვიჯდება. მით უმეტეს, რომ მშველელი არ ჩანს - დააკვირდით, რა გულგრილად გამოეხმაურა მსოფლიო სამურზაყანოს ამბებს.
    «ნავთობსადენმა», შესაძლოა, გაზარდოს ინტერესი ჩვენი ქვეყნისადმი, მაგრამ, ჯერ ერთი, სანამ იგი მართლა გაივლის ჩვენს ტერიტორიაზე, რუსეთს შეუძლია ათჯერ გამოგვიყვანოს წირვა, გარდა ამისა, შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ნავთობსადენის უსაფრთხოების გარანტად დასავლეთმა მიიჩნიოს იგივე რუსეთი, რომელსაც საქართველოში ოთხი სამხედრო ბაზა აქვს, საზღვრებსაც იცავს, ენგურისა და ლიახვის აუზებს აკონტროლებს და ა.შ.
    ზემოთქმულიდან სრულებითაც არ გამომდინარეობს ვახტანგ გოგუაძისა და სხვა რუსოფილებისთვის სასურველი დასკვნა: დამოუკიდებლობაზე უარის თქმის შემთხვევაში საქართველო კიდევ ერთ, უფრო სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომს და სამხედრო განადგურებას ვერ ასცდება.
    ამიტომ პარადოქსი, განსხვავება, პოლიტიკურ კურსსა და რეალობას შორის სხვანაირად უნდა აღმოიფხვრას: რუსეთს ნებისმიერ ფასად უნდა წავგლიჯოთ ის ბერკეტები, რომელთა მეშვეობითაც იგი საქართველოს ააფეთქებს ნებისმიერ დროს, როგორც კი საჭიროდ ჩათვლის; უნდა მივაღწიოთ ისეთ ვითარებას, როცა რუსეთზე აღარ იქნება დამოკიდებული სტაბილურობა საქართველოში, ამის მისაღწევად კი ერთადერთი რეალური გზა არსებობს: მოვურიგდეთ სეპარატისტებს ისე, რომ მათი ინტერესები აღარ ემთხვეოდეს რუსეთის ინტერესებს.
    სანამ ქართული საზოგადოება არ შეიგნებს, რომ აფხაზეთისა და «სამხრეთ ოსეთის» პრობლემათა გადაწყვეტა არ არის რუსეთ-საქართველოს კომპრომისის საგანი, არამედ კომპრომისს თვით სეპარატისტებთან უნდა მივაღწიოთ, მანამ არაფერი გვეშველება, - დავრჩებით სისხლიან ჩიხში, რომლიდანაც გამოსავალი არ არსებობს, ვიქნებით ისეთ მდგომარეობაში, როცა ვატარებთ ანტირუსულ პოლიტიკას და იმავდროულად, მთლიანად რუსეთზეა დამოკიდებული ასეულობით ათასი ქართველის სიცოცხლე, ქვეყნის სტაბილურობა და სახელმწიფოებრივი მდგრადობა.
    ამ პარადოქსის შემდგომი შენარჩუნება ბოლოს და ბოლოს ეროვნული ტრაგედიით დასრულდება.

7 დღე, 15 ივნისი, 1998 წ.