გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ თავისი დამოკიდებულება კიდევ ერთხელ დაადასტურა

  

    გალში განვითარებულ მოვლენებს და მოსახლეობის გენოციდს სულაც არ მოჰყოლია ისეთი რეაქცია მსოფლიო საზოგადოების მხრიდან, როგორც ჩვენს ოფიციოზს სურს წარმოაჩინოს.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციამაც და ევროპის საბჭომაც ეს მოვლენები შეაფასა, როგორც «ორმხრივი შეტაკება», ამიტომ ორივე მხარეს მოუწოდა, «შეეწყვიტა ცეცხლი».
    არც ერთი სიტყვა «ეთნიკურ წმენდაზე», არც ერთი სიტყვა ძალადობაზე მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ. მხოლოდ გაკვრით ითქვა «ლტოლვილებზე», თანაც გაუთვითცნობიერებელ კაცს ისეთი შთაბეჭდილება დარჩება, თითქოს სამურზაყანოელები (ქალები, ბავშვები, მოხუცები) აფხაზმა ფაშისტმა კი არ განდევნეს სახლებიდან, არამედ თავად, საკუთარი სურვილით «გაეცალნენ საომარ მოქმედებებს».
    გაერომაც და ევროსაბჭომაც მხოლოდ ფორმალური მოვალეობა შეასრულეს. რაც შეეხება ევროკავშირის «კომისართა» განცხადებას, რომლებიც მიესალმნენ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - არ შეეყვანა ჯარი აფხაზეთში, ესეც წმინდა წყლის ფორმალობა იყო. ევროკავშირი ნებისმიერ შემთხვევაში მიესალმება მშვიდობას - თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საბოლოო და სამუდამო რღვევის ფასად და ყოველთვის დაგმობს ომის განახლებას.
    განსაკუთრებით ნიშანდობლივია ამ თვალსაზრისით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს განცხადება. ბრწყინვალედ იმუშავეს ჩვენმა რუსმა «მეგობრებმა». შესაძლოა, გაეროში საქართველოს ელჩმა პეტრე ჩხეიძემ სცადა კიდეც საბოლოო განცხადებაში ჩვენი ქვეყნის სასარგებლო რამდენიმე ფრაზის შეტანა, თუნდაც გენოციდის თაობაზე, მაგრამ ამაოდ დაშვრა. რატომ? - რასაკვირველია, ისევ და ისევ რუსეთის გაიძვერა ელჩის, ლავროვის ძალისხმევის შედეგად. ოღონდ ლავროვი, რა თქმა უნდა, ამგვარ პოზიციას პეტრე ჩხეიძეს არც გააცნობდა.
    გაეროში ეს საკითხი კარგა ხნის წინ ჩამოყალიბებული მექანიზმის მეშვეობით წყდება: იკრიბებიან უშიშროების საბჭოს წევრები (ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი) და იწყებენ ვაჭრობას: მე დაგიჭერ მხარს ერაყის საკითხში, სამაგიეროდ შენ დამიჭირე მხარი ლატვიის პრობლემის განხილვისასო და ა.შ.
    ამ უნამუსო, თაღლითური ვაჭრობის პროცესში საქართველოს უბედურება იმდენად უმნიშვნელოა, რომ ჩვენს ქვეყანას «ზესახელმწიფოები» მხოლოდ «ხურდაში თუ მოაყოლებენ».
    ალბათ ახლაც რაიმე მნიშვნელოვან პრობლემაზე ივაჭრებდნენ, მორიგდებოდნენ - რუსეთი გალის რაიონში მხარდაჭერას მიიღებდა რაიმე საკითხის გატანის სანაცვლოდ და მოსკოვს ისევ საქართველოს «ჩაუთვლიდნენ» ხურდაში.
    პეტრე ჩხეიძეს ვაჭრობის შედეგებს არც არავინ ეტყოდა. უბრალოდ, შეიკრიბებოდნენ სხდომაზე და უშიშროების საბჭოს ერთ-ერთი წევრი (როგორც წესი, ვთქვათ, კენია ან სალვადორი თუ ლუქსემბურგი) ითხოვდა სიტყვას, რათა წაეკითხა «უშიშროების საბჭოს განცხადება გალის მოვლენებთან დაკავშირებით».
    ამ დროს გაეროს მუდმივი წევრები (ამერიკა, რუსეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი), ვინც უსინდისოდ ივაჭრა უბედური სამურზაყანოელების სისხლითა და გვამებით, გულგრილი სახით სხედან - ვითომ თავად საერთოდ არაფერ შუაში არიან. მას შემდეგ, რაც განცხადების კითხვა დასრულდება, უმალვე გადადიან სხვა საკითხზე.
    გასაკვირი არაფერია - გაერთიანებული ერების ორგანიზაცია იმთავითვე შეიქმნა, როგორც ზესახელმწიფოთა «სავაჭრო კლუბი». არ დაიჯეროთ მაღალფარდოვანი ფრაზები «ერთა თანასწორობისა და თანამშრომლობის შესახებ». თუ ისტორიას გავიხსენებთ, გაეროს შესაქმნელად სწორედ ზემოხსენებული რამდენიმე სახელმწიფო შეიკრიბა, ხოლო დანარჩენები მათ მიიწვიეს, ანუ ყველა სხვა ქვეყანა გაეროში «სტუმარია» და მხოლოდ სათათბირო ხმის უფლება აქვს.
    1992-93 წლების ომის დროსაც, ქართული საზოგადოება საოცარი ილუზიით ცხოვრობდა საერთაშორისო ორგანიზაციებთან დაკავშირებით. იმდროინდელ «პარლამენტარებს» რატომღაც ეგონათ, გაეროში რუსეთის აგრესიის თაობაზე საპროტესტო ნოტის გაგზავნას რამდენადმე მნიშვნელოვანი რეაქცია მოჰყვებოდა.
    რა სისულელეს არ გაიგონებდი: თურმე, გაეროს წესდების თანახმად, თუ საქართველო რუსეთს გაეროში უჩივლებდა, მაშინ რუსეთის წარმომადგენელს «ვეტოს» გამოყენების უფლება არ ექნებოდა. ამიტომ საქართველოს სასწრაფოდ უნდა «ეფრინა» ნიუ-იორკში რუსეთის მამხილებელი დოკუმენტი, რათა გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაეგმო «აგრესია საქართველოს წინააღმდეგ».
    აქედან რომ არაფერი გამოვიდოდა, ჯერ კიდევ მაშინ ესმოდა ნებისმიერ ჭკუათმყოფელ ადამიანს. საქართველო და მთლიანად, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობა ითვლება რუსეთის გავლენის სფეროდ. რაკი დსთ-ს წევრი ხარ და კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ჯარები შემოგყავს - მაშასადამე, რუსეთისა ხარ. მორჩა და გათავდა! რაკიღა თავად ჰყოფ სხვის უღელში თავს, მსოფლიო თანამეგობრობის იმედად ნუღარ იქნები და ნუ გაგაკვირვებს, რომ შენი პრობლემები მას სულაც აღარ აღელვებს.
    ამიტომ ტყუილად გაქვს იმედი, რომ იგი რაიმეთი დაგვეხმარება ან ოდესმე რუსეთის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას მიიღებს.

მერიდიანი, 1 ივნისი, 1998 წ.