აფხაზეთის საკითხში ყველაზე რეალური ზვიად გამსახურდიას ვარიანტია

აფხაზეთის საკითხში ყველაზე რეალური ზვიად გამსახურდიას ვარიანტია

    პარასკევს, საქართველოს პარლამენტის ხმათა აბსოლუტური უმრავლესობითა და თითქმის ყველა ფრაქციის თანხმობით მიღებული დადგენილება «აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო ძალთა ყოფნის პირობათა შესახებ» კიდევ ერთხელ მეტყველებს: ქვეყანა მნიშვნელოვან მიჯნას მიუახლოვდა. ხელისუფლება მიხვდა, პრობლემის «გაყინვა» (მით უმეტეს «დაკონსერვება») შეუძლებელიცაა და ძალზე საშიშიც, ვინაიდან ლტოლვილთა მრავალათასიანი სოციალური მასის ამოძრავება მძლავრი პოლიტიკური ფაქტორი ხდება. პრობლემის კიდევ ერთხელ გადავადება (ვთქვათ 1998 წლისთვის) გამოიწვევს ხელისუფლების ნებისმიერი ნაბიჯის უეჭველ კავშირს მოახლოებულ არჩევნებთან და ნეგატიური ფსიქოლოგიური სტერეოტიპების შექმნას.
    ამრიგად, ხელისუფლება იძულებულია იმოქმედოს, ვინაიდან უმოქმედობა მას სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხეს უქმნის. მოვლენათა შემდგომი განვითარების ვარიაცია ძირითადად იმ გეოპოლიტიკურ წრეში ტრიალებს, რომელიც საქართველოს გარშემო იქმნება მსოფლიო თუ რეგიონულ ძალთა მოქმედების შედეგად. ნავთობსადენი, «ევრაზიული დერეფანი», ტაშკენტი-ბაქო-თბილისი-კიევის გეოპოლიტიკური ღერძი ამ ურთიერთმოქმედების განმსაზღვრელი ფაქტორებია, ამდენად მოვლენათა პროგნოზირება არც ისე ძნელია, ვინაიდან არსებობს ჩამოყალიბებული ფაქტოლოგიური ბაზა და ცნობილია ზემოთხსენებულ «წრეში» მოქმედ ძალთა ინტერესები. განვიხილოთ მოვლენათა შემდგომი განვითარების რამდენიმე ვარიანტი.
    პირველი: 31 ივლისამდე კონფლიქტის ზონაში არაფერი შეიცვლება, საქართველო მოითხოვს სამშვიდობო ძალების გაყვანას, რუსეთს გაჰყავს სამშვიდობო ძალები ენგურის მარცხენა სანაპიროდან, მაგრამ უარს აცხადებს ჯარი გაიყვანოს გალის რაიონიდან ანუ ენგურის მარჯვენა ნაპირიდან.
    ეს ვარიანტი ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან საქართველოს შეუძლია მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას და მოახდინოს დემონსტრირება, რომ აფხაზეთი, ფაქტობრივად, რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს გამოიწვევს რუსეთის, როგორც «მშვიდობისმყოფელის» დისკრედიტაციას და ამის შემდეგ უკვე აღარავინ ანდობს სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას. ამდენად, რუსეთი ჯარს ნამდვილად გაიყვანს, ოღონდ შეეცდება, ეს პროცესი, რაც შეიძლება მეტად გაჭიმოს დროში.
    მეორე: რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანისთანავე, აფხაზური შეიარაღებული ფორმირებები იკავებენ ყოფილ «უსაფრთხოების ზონას» ანუ დგებიან ენგურზე, აძევებენ გალის რაიონიდან ქართულ მოსახლეობას და დაპირისპირება გრძელდება ენგურის გასწვრივ.
    ამ შემთხვევაში, საქართველო იძულებულია შეურიგდეს რეალობას, რომელიც უწინდელზე უარესია, ან დაიწყოს ახალი ომი აფხაზეთში, რაც უეჭველად საქართველოს სრული განადგურებით დასრულდება, ვინაიდან უმალვე ამოქმედდა ყველა ის ფაქტორი, რომელიც მოქმედებდა 1992-93 წლებში.
    მესამე: აფხაზურ მხარესთან შეთანხმებით, ჯერ კიდევ ჯარების გაყვანამდე საქართველო გამოდის ინიციატივით, მოიწვიონ საერთაშორისო კონფერენცია გაეროს (ან შავი ზღვის თანამეგობრობის) ეგიდით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ «საქართველოს მეგობარი ქვეყნები» (აშშ, გერმანია, საფრანგეთი, და სხვები). კონფერენცია იმართება (ვთქვათ) სტამბოლში. დასავლეთი დიდძალ თანხას გამოჰყოფს აფხაზეთის ეკონომიკური რეაბილიტაციისთვის, საქართველო და აფხაზეთი აფორმებენ ხელშეკრულებას, რომლითაც «სტატუსის საკითხი» გადაიდება რამდენიმე წლით. აფხაზეთში იწყება ლტოლვილთა ეტაპობრივი დაბრუნება.
    ეს ვარიანტი გამორიცხული არ არის, მაგრამ იმდენად კონფრონტაციულია რუსეთის მიმართ, საეჭვოა, საქართველოს ხელისუფლებას ეყოს გამბედაობა, ამ გზით წავიდეს. გარდა ამისა, აფხაზებმა შეიძლება უარი თქვან კონფერენციაში მონაწილეობაზე, რადგან არასაკმარისად მიიჩნიონ დასავლეთის გარანტიები.
    მეოთხე: საქართველო გამოდის ინიციატივით, კონფერენცია მოიწვიოს მოსკოვში, ოღონდ ისეთი ფორმატით, რომელიც გადამწყვეტ როლსა და ფუნქციას ანიჭებს რუსეთს და დაახლოებით იმავე სისტემით, როგორითაც 1992 წლის 2 სექტემბრის შეხვედრა.
    ამ შემთხვევაში, რუსეთის სამშვიდობო ჯართა გაყვანის მოთხოვნა საერთოდ აბსურდული ხდება. თუ მოლაპარაკება ისევ რუსეთის ეგიდით (სხვაგვარად თუ ვიტყვით: «რუსეთის მოედანზე») უნდა წარიმართოს, მაშინ რა აზრი აქვს სამშვიდობო ჯარების გაყვანას? ეს იგივეა, მტერს სახეში შეაფურთხო და უმალვე უთხრა: «მოდი ვიმეგობროთო». რუსეთი შეიძლება, კიდეც დათანხმდეს ამ ვარიანტს, მაგრამ მხოლოდ იმისთვის, რომ კვლავ დაადასტუროს საკუთარი პრიორიტეტი და მსოფლიოს დაანახოს, ვინ არის კავკასიის ბატონ-პატრონი.
    მეხუთე: ოფიციალური თბილისი აკეთებს განცხადებას, რომლითაც «კისლოვოდსკის დეკლარაციის» ფარგლებში მოუწოდებს ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს (რასაკვირველია, მოსკოვის მონაწილეობით, მაგრამ არა მისი ეგიდით) გაიმართოს კონფერენცია აფხაზეთის პრობლემის სრულმასშტაბიანი გადაწყვეტის მიზნით. განსაკუთრებული როლი მიეკუთვნება ჩეჩნეთს. შესაძლოა, კონფერენცია მოიწვიონ გროზნოში ან ჩრდილოეთ კავკასიის ერთ-ერთ დიდ ქალაქში. ამ კონფერენციის ფარგლებში, აფხაზეთთან იდება ხელშეკრულება, «მშვიდობის» შესახებ, სტატუსის საკითხი (ისევე, როგორც მესამე ვარიანტში) გადაიდება (ვთქვათ) 2002 წლამდე, იწყება ლტოლვილთა დაბრუნება, ხოლო შეთანხმების შესრულების გარანტია იქნება არა მოსკოვი, არამედ ჩრდილოეთ კავკასიური ელიტები (ჩეჩნეთის ხელისუფალთა ჩათვლით). სამაგიეროდ, საქართველო აწესებს შეღავათიან სატრანზიტო ტარიფებს ჩრდილოეთ კავკასიისათვის და ხდება (როგორც გაეროს წევრი) ამ რეგიონის საერთაშორისო პროტეჟე - თურქეთთან და დასავლეთთან დამაკავშირებელი ხიდი.
    ჩემი აზრით, ყველაზე მეტად რეალური და სავარაუდო სწორედ ეს ვარიანტია, რადგან იგი სხვა ვარიანტებზე მეტად ითვალისწინებს რეალობას და პოლიტიკური ტექნოლოგიის კანონებს. არ არის გამორიცხული მესამე და მეხუთე ვარიანტების ერთგვარი შერწყმაც. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გვახსოვდეს: აფხაზებთან რეალური კომპრომისის გარეშე არც ერთი ვარიანტი არ იმუშავებს. ქართული საზოგადოება უნდა შეურიგდეს აზრს, რომ საქართველო ვეღარ შეძლებს ერთდროულად დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას. კომპრომისი აფხაზებთან შეიძლება ნიშნავდეს ფედერაციული კავშირის გაფორმებას, ოღონდ სამი პირობით: ერთიანი საერთაშორისო სამართალ-სუბიექტურობის შენარჩუნებით, გალის რაიონის მთლიანად საქართველოსთვის გადმოცემით და აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიაზე ქართველ ლტოლვილთა დაბრუნებით. ამ შემთხვევაში კვლავ უნდა დავუბრუნდეთ საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეას და დავთანხმდეთ კვოტებზე (ან სხვა მექანიზმზე), რომელიც უზრუნველყოფს აფხაზური უმცირესობისთვის ხმათა უმრავლესობას აფხაზეთის პარლამენტში - სხვა გამოსავალი უკვე აღარ არსებობს.

7 დღე, 3 ივნისი, 1997 წ.