«მრგვალები» კვლავ გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე           

«მრგვალები» კვლავ გამოდიან პოლიტიკურ ასპარეზზე            

           ზვიად გამსახურდიას მომხრეთა შორის ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც პოლიტიკურ ძალად, ასე თუ ისე, ჩამოყალიბდა, არის თენგიზ კიკაჩეიშვილის «მრგვალი მაგიდა».
           სხვა «ზვიადისტურ პარტიებზე», უბრალოდ, ლაპარაკიც არ ღირს, ვინაიდან მარაზმატული და იმავდროულად უაზრო აქციების გარდა, უკვე აღარაფრით გამოირჩევიან. «მანანისტები», ხომ საერთოდ კლოუნებად იქცნენ, რომლებიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის მოღვაწეობის დადებითი მხარის დისკრედიტაციასაც წარმატებით ახერხებენ.
           კიკაჩეიშვილს იმთავითვე (ჯერ კიდევ 1992 წლიდან, შემდგომ კი, გროზნოში ზვიად გამსახურდიას დაკრძალვისას წარმოთქმული სიტყვით) ეტყობოდა, რომ ზოგჯერ მაინც ფიქრობდა რაღაცას, თუმცა ზოგადად ამ მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი უაზრო სიჯიუტე და აკვიატებულობა მასაც ახასიათებდა, მაგრამ მთავარი, რაც მას განასხვავებდა სხვა «ზვიადისტებისაგან» ის იყო, რომ ზვიად გამსახურდიას აღიქვამდა პოლიტიკურ მოღვაწედ და არა რაღაც ფრთაშესხმულ მესიად, რომელიც ღვთისმშობელმა გამოგზავნა წილხვედრი ქვეყნის გადასარჩენად.
           უკვე ამის გამო კიკაჩეიშვილის მიმართ სხვა «ზვიადისტური» პარტიები «აღრენილ» დამოკიდებულებას ამჟღავნებდნენ, მაგრამ კიკაჩეიშვილი არა და არ იშლიდა ისეთ მოქმედებას, რაც ზოგადად, რომანტიზებული «ზვიადისტური» მოძრაობის იდეოლოგიურ ფარგლებში არ ეტეოდა.
           თენგიზ კიკაჩეიშვილმა 1995 წლის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა, ვინაიდან მაშინ ჯერ კიდევ ძლიერი იყო «უკანონო ხელისუფლებისადმი» ანტაგონიზმის ინერცია, მაგრამ იმასაც დროულად მიხვდა, რომ ასეთი შეურიგებელი პოზიცია ანეკდოტური ხდებოდა, ამიტომ 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში «მრგვალი მაგიდა» მონაწილეობას მიიღებს, რითაც სამოქალაქო ომის საბოლოო დასრულებისაკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგმება.
           სხვა «ზვიადისტური» პარტიების შეურიგებლობას ანეგდოტური იერი დაჰკრავს, ამიტომ, რამდენიც არ უნდა იგორაონ ლეიბებზე და იშიმშილონ, საზოგადოების არალუმპენიზირებული ნაწილის მხარდაჭერას ვეღარ მოიპოვებენ.
           რასაკვირველია, «მრგვალ მაგიდას» მომავალ არჩევნებში სერიოზული წარმატების მცირეოდენი შანსიც არა აქვს, მაგრამ მისი მონაწილეობა ამ არჩევნებში (ვიმეორებ) ხელს შეუწყობს არსებული ხელისუფლების საბოლოო ლეგიტიმაციას და სამოქალაქო ომის იურიდიულ დასრულებას.
           რა თქმა უნდა, სამარცხვინოა, რომ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 7 წლის შემდეგ ქვეყანას ისევ «ხელისუფლების ლეგიტიმურობაზე» უხდება ლაპარაკი, მაგრამ რას ვიზამთ - ესაა ქართული რეალობა.
           რაც შეეხება კიკაჩეიშვილის «შემორიგებასა» და ლეგიტიმურ პოლიტიკურ პროცესში ჩართვას - ეს, უპირველეს ყოვლისა, ზურაბ ჟვანიას დამსახურებაა, რომელმაც ძალზე ეშმაკურად და ჭკვიანურად მოახერხა «მრგვალების» დაინტერესება მიმდინარე პოლიტიკური პროცესით.
           კიკაჩეიშვილის «მრგვალი მაგიდა» ჯერ წვრილმანი საკითხების, შემდეგ კი უფრო მნიშვნელოვანი პრობლემების განხილვაში ჩაერთო. ზოგიერთი თვლის, რომ ჟვანია - კიკაჩეიშვილს სანაცვლოდ დეკემბერ-იანვრის მოვლენათა იურიდიულ შეფასებას დაჰპირდა, რაც, ალბათ, სიმართლეს არ უნდა შეესაბამებოდეს - უფრო ზუსტად, შესაძლოა, პარლამენტში ამ საკითხის განხილვა დაიწყოს, მაგრამ საეჭვოა, მან რაიმე რეალური შედეგი გამოიღოს.
           დეკემბერ-იანვრის მოვლენათა იურიდიული შეფასება (პარლამენტში) უეჭველად ნიშნავს კრიმინალური ხროვის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის დაგმობას.
           ამისათვის კი, ქართული პოლიტიკური ბომონდი და თვით თანამედროვე ქართული სახელმწიფოც მზად არ არის, ვინაიდან ეჭვქვეშ დადგება მთლიანად, არსებული სახელისუფლო სისტემის ლეგიტიმურობა, რამაც შეიძლება კიდევ ერთი სამოქალაქო ომი ან სხვა ტიპის დამანგრეველი პროცესი გამოიწვიოს.
           ოღონდ ამას გამოიყენებენ არა «ზვიადისტები», არამედ ის ძალები, რომელთაც სინამდვილეში, შინაარსობრივად საერთო არაფერი აქვთ ზვიად გამსახურდიას იდეებთან და მის მოღვაწეობასთან.
           როგორც ჩანს, თენგიზ კიკაჩეიშვილი («ზვიადისტობის» მიუხედავად) ამას მიხვდა, ამიტომ არ აპირებს «ზვიადისტური» იდეისა და არგუმენტაციის დათმობას არაზვიადისტური ძალებისათვის.
           რაც შეეხება მომავალ არჩევნებს, თენგიზ კიკაჩეიშვილის «მრგვალი მაგიდა» მომავალ არჩევნებში სრულიად დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას, ვინაიდან იგი კვლავინდებურად «შეუთავსებელია» სხვა, არაზვიადისტურ პარტიებთან.
           «ზვიადისტური პარტიების» ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ 1995 წლის არჩევნებში მონაწილეობდა, კიკაჩეიშვილთან ალიანსზე უარს იტყვის. თუმცა, ასეთი ალიანსი რომც შედგეს, მთლიანობაში «ზვიადისტურ ძალებს» (გაერთიანების შემთხვევაშიც კი) მომავალ არჩევნებში წარმატების შანსი არა აქვთ, ვინაიდან 4 წლის განმავლობაში მათ მნიშვნელოვანწილად დაკარგეს ელექტორატის» ის ნაწილი, რომელმაც შესაძლებლად მიიჩნია «ხუნტის» მიერ დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობა), რისი მიზეზიც გახდა აშკარად მოსკოვიდან შეკვეთილი 9 თებერვლის ტერაქტი და ელიავას ამბოხი, რაც აგრეთვე ობიექტურად მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს.

მერიდიანი, 23 ივნისი, 1999 წელი