ტაიმ-აუტი წყლის ნაყვაში

ტაიმ-აუტი წყლის ნაყვაში

        საინფორმაციო საშუალებებში წინააღმდეგობრივი ცნობები ვრცელდება მოსკოვში დასრულებული რუსულ-ქართული მოლაპარაკებების შესახებ, რომელიც რუსეთის «სამშვიდობო ძალთა» მანდატის ვადის გაგრძელებას ეხება.
        რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოლაპარაკებებისას ქართულმა მხარემ კვლავ დასვა «ელექტრომატარებლის» მოძრაობისა და პასპორტების გაცემის საკითხი, მაგრამ (როგორც ინფორმაციაშია ნათქვამი) «მას განემარტა, რომ მატარებლის მოძრაობა განპირობებულია, მხოლოდ და მხოლოდ, ჰუმანიტარული მოსაზრებებით, - მოსახლეობის დახმარების სურვილით, ხოლო აფხაზეთის მოსახლეობის პასპორტიზაცია რუსეთის კანონმდებლობის სრული დაცვით მიმდინარეობს».
        ჩვენთვის «დიდი შეღავათია», თუ რუსეთის კანონმდებლობა არ ირღვევა.
        მაშასადამე, რუსეთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არც მატარებლის მოძრაობას შეაჩერებს, არც პასპორტების გაცემას შეწყვეტს. მას იოტისოდენად არ აშინებს, თუ პროტესტის ნიშნად საქართველო სამშვიდობო ძალებს მანდატს არ გაუგრძელებს. სურ ერთია, ის «ძალები» არსად წავლენ და ამა თუ იმ ფორმით მაინც ენგურის აუზში დარჩებიან.
        ქართული მხარე მოლაპარაკებებს დასრულებულად არ მიიჩნევს. რუსეთში საქართველოს საელჩოს ცნობით, მოლაპარაკებები დროებით შეწყდა, დელეგაციის წევრები თბილისში დაბრუნდებიან და მიმდინარე კვირის ბოლოს ისევ გაფრინდებიან მოსკოვში.
        მოლაპარაკებებისას რუსულმა მხარემ (რასაკვირველია, ფორმალურად) შეახსენა ქართველ კოლეგებს გაეროს «კომპრომისული» წინადადება: აფხაზეთის მცხოვრებლებს დაურიგდეთ გაეროს დროებითი პირადობის მოწმობები, მაგრამ ეს საქართველოსთვის შეიძლება კიდევ უფრო მიუღებელი იყოს, ვიდრე სრული «პასპორტიზაცია» დღევანდელი ფორმით.
        საქმე ის გახლავთ, რომ დღეს აფხაზები იღებენ ჩანართს ყოფილ საბჭოთა პასპორტში. მათ ჯერ სრულფასოვანი რუსული პასპორტებიც არა აქვთ აღებული. ამ დოკუმენტით, არათუ «შორეულ საზღვარგარეთში» გაემგზავრებიან, არამედ ადლერს ძლივს გასცდებიან.
        სრული დარწმუნებით შეიძლება ითქვას: რუსეთი მათ არც მისცემს, ეგრეთ წოდებულ «საზღვარგარეთის» პასპორტებს, ვინაიდან ხელს არ აძლევს თუნდაც რუსეთის მოქალაქე აფხაზების კავშირთა გაცხოველება თურქეთში მცხოვრებ ჩრდილოკავკასიელ «მოჰაჯირებთან», ანუ XIX საუკუნეში გადასახლებულთა შთამომავლებთან.
        ხოლო გაეროს «დროებითი» დოკუმენტებით, სეპარატისტები ნებისმიერ ქვეყანაში გაემგზავრებიან. მაშასადამე, ეს სრულებით ფუჭი კომპრომისია და ასეთ კომპრომისს ისევ უკომპრომისობა სჯობს.
        რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლას, რუსი დიპლომატები დაჟინებით მოითხოვენ სარკინიგზო მარშრუტის გაგრძელებას თბილისამდე და სომხეთამდე. ამავდროულად, არც სურთ განიხილონ პარალელურად ლტოლვილთა დაბრუნების წინადადება - «ეს ქართულ-აფხაზური დიალოგის საკითხიაო».
        სინამდვილეში, საკვანძო პრობლემაც გალის რაიონში ერთობლივი ადმინისტრაციის შექმნაა, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, მოსახლეობის დაბრუნება (აფხაზური ადმინისტრაციის ქვეშ) მხოლოდ სეპარატისტული აფხაზეთის გაძლიერებასა და ამ მოსახლეობის დაკარგვას ნიშნავს. ერთობლივ ადმინისტრაციას კი სეპარატისტები არ დაეთანხმებიან არასდროს, არაფრის დიდებით, ვინაიდან ქართველი მოსახლეობით სავსე გალის რაიონში ეს, ფაქტობრივად, საქართველოს იურისდიქციის აღდგენას ნიშნავს.
        ამრიგად, მოსკოვის მოლაპარაკება, ჯერჯერობით, უშედეგოდ დასრულდა და არც რაიმე სასიკეთო პირი უჩანს. არადა, დრო იწურება. თუ 15 თებერვლამდე საქართველო გადაწყვეტილებას არ მიიღებს, შეიკრიბება გაეროს უშიშროების საბჭო და მიიღებს რეზოლუციას გაეროს სამხედრო დამკვირვებელთა გაყვანის შესახებ. შეიძლება ეს მოხდეს თებერვალში (ან უფრო ადრე), ვიდრე უშიშროების საბჭო ერაყის «მთავარ» საკითხს დაუბრუნდება.

დილის გაზეთი, 10 თებერვალი, 2003 წელი