ტერიტორიული მთლიანობა და პრორუსული ორიენტაცია

ტერიტორიული მთლიანობა და პრორუსული ორიენტაცია

თავისუფლება ბევრს არაფერს ნიშნავს ღირსების გარეშე
მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი

ქართველები, როგორც აღმოჩნდა, არც მოყვრად ვარგიან და არც მტრად
ვახტანგ გოგუაძე
საქართველოს პირველი პარლამენტის სპიკერი   

 

 

   გვიყვარდეს მოყვასი მწყალობელი!
   

    რამდენიმე დღის წინ, ერთ-ერთმა ყველაზე ნიჭიერმა და კომპეტენტურმა რუსმა ექსპერტმა, სერგეი მარკედონოვმა, საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე მსჯელობისას, თითქოსდა პარადოქსული მოსაზრება გამოაქვეყნა. ჯერ აღნიშნა: «საქართველოში პრორუსული ძალები არ არიანო»; ამ აზრის განვითარებისას კი, იქვე, ზომიერი ქართველი პოლიტოლოგის მოსაზრება მოიტანა და ვითომ სასხვათაშორისოდ დასძინა: «ეს ექსპერტი პრორუსული ორიენტაციისა არ გეგონოთ – პირიქით, იგი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნების მომხრეაო».
    დავაკვირდეთ ამ აზრობრივ კონსტრუქტს, რომელიც შემთხვევით არ მოხვდებოდა მარკედონოვის სტატიაში. ამით რუს პოლიტოლოგს უნდოდა ეთქვა, რომ საქართველოში «პრორუსული» ძალები არ არსებობენ, ვინაიდან (მისი აზრით) «პრორუსულად» მხოლოდ ის ძალა შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც არ უკავშირებს ერთმანეთს საქართველოს რუსეთზე ორიენტაციასა და ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას;
    ანუ ისეთები, რომლებიც «პრორუსულები» არიან და დარჩებიან იმის მიუხედავად, რას გააკეთებს მოსკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
    არადა, ამგვარი ძალები საქართველოში ნამდვილად არ არიან. თვით იგორ გიორგაძის მომხრენიც კი, ან ვალერი კვარაცხელია და ცხონებული ვახტანგ გოგუაძე, მარკედონოვის კლასიფიკაციით, არ შეიძლება «პრორუსულ ძალებად» ჩაითვალონ, რაკი რუსეთთან დაახლოება სწორედ იმ მიზნით უნდათ (და უნდოდათ), რათა საქართველოს მთლიანობა აღდგეს.
    მარკედონოვი კი თვლის (ისევე, როგორც რუსული ისტებლიშმენტის აბსოლუტური, კატეგორიული უმრავლესობა და თვით ხელისუფლებაც), რომ აფხაზეთი და «სამხრეთ ოსეთი» არასდროს საქართველოს აღარ დაუბრუნდება, «მატარებელმა ჩაიარა», ხოლო თუ საქართველოს რუსეთთან კეთილი ურთიერთობა სურს, ამ საკითხების ურთიერთდაკავშირებას თავი უნდა ანებოს.
    აი, ასე!
    რუსეთის ბოლოდროინდელი ნაბიჯები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ «მარკედონოვის ფორმულა» კრემლში უალტერნატივოა: მივაქციოთ ყურადღება, რომ პუტინმა აფხაზეთისათვის ბლოკადის მოხსნისა და ცნობილი დადგენილების ხელმოწერის პარალელურად საქართველოსთან ავია და საფოსტო კავშირიც აღადგინა, ღვინისა და ბორჯომის რუსულ ბაზარზე დაბრუნების პირობაც მოგვცა (რასაკვირველია მსო-ში რუსეთის გაწევრებაზე თანხმობის სანაცვლოდ) და ამით სწორედ ზემოხსენებულ პოლიტიკურ პარადიგმაში იმოქმედა: ანუ «აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ინკორპორირებას კი ვახორციელებ, მაგრამ გამოხრულ ძვალს თქვენთვისაც გადმოვაგდებ – ესეც იკმარეთ ქართველებმა და ჭკვიანად ეგდეთ, - თქვენი ადგილი იცოდეთო».
    რაც ყველაზე სავალალოა, პუტინის ეს «შეგონება» სულაც არ არის იმდენად უპერსპექტივო და ბრიყვული, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
    აბა კვლავ დავაკვირდეთ რუსული ტელე-მედიის პოლიტიკას ამ დღეებში: საქართველოს ხელისუფლება უმწეო პროტესტებს გამოთქვამს, რუსულ ტელეეკრანებზე კი ჩანს გახარებულ, სახეგაბადრულ ადამიანთა უზარმაზარი რიგები რუსეთის საელჩოსთან, - ვიზის ასაღებად (აკი «გაამარტივა» პუტინმა), ავიასალაროებთან – რუსეთში გასამგზავრებელი ბილეთის შესაძენად; ვინ მოთვლის ინტერვიუებს, რომელიც ამ დღეებში გავიდა რუსულ ტელეარხებზე ცნობილ ქართველ მომღერლებთან, რეჟისორებთან, ბიზნესმენებთან, მსახიობებთან, «უბრალო გრუზინებთან», რომლებიც აღფრთოვანებულნი არიან ვლადიმერ პუტინის «კეთილი ნებით», - ფრენების აღდგენით, საყვარელ მოსკოვში «პირდაპირ» მგზავრობის შესაძლებლობით . . . . და ეს ყოველივე საქართველოს პრეზიდენტის, მთავრობის, საგარეო საქმეთა სამინისტროს «ისტერიული» პროტესტების ფონზე.
    მართლაცდა «მასპინძელს უხარია და შენ ვინ გეკითხება?»
    თუკი საქართველოს მოსახლეობას ასე უხარია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა, თუკი უშველებელი რიგები დგას ქართველთა, ვისაც ერთი სული აქვთ როგორმე რუსეთში გააღწიონ, მაშასადამე, იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართული საზოგადოება, განსხვავებით ხელისუფლებისაგან, სულაც არ აღიქვამს რუსეთს მტრად იმის მიუხედავად, რას აკეთებს იგი აფხაზეთში! სწორედ ამის ჩვენება უნდა რუსეთს და წარმატებითაც ქმნის (ადასტურებს) ამ რეალობას.
    ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით კი, ნებისმიერი ერი და საზოგადოება იმსახურებს იმას, რასაც მის ქვეყანას უშვრებიან.
    დავაკვირდეთ ამ დღეების ქართულ მედიას: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიათა ანექსიაზე და, მთლიანობაში, მოსკოვის მიერ გატარებულ აგრესიულ პოლიტიკაზე (რაც ობიექტური რეალობაა და არა ხელისუფლების მოგონილი - ხელისუფლება რომც იყენებდეს ამ რეალობას წინასაარჩევნოდ ან ყურადღების გადასატანად. ამით მოცემულობის არსი არ იცვლება) მხოლოდ იმ ტელეარხებზეა საუბარი, სადაც ხელისუფლების გავლენა თვალსაჩინოა. ანუ, ე.წ. «სახელისუფლებო არხებზე». პრესაში კი, სადაც ხელისუფლების გავლენა სუსტია, ამ საქვეყნო, სამკვდრო-სასიცოცხლო ეროვნულ პრობლემაზე მესამე-მეოთხე გვერდებზე თუა საუბარი. ისიც ცალყბად, - რაიმე განსაკუთრებული ემოციის გარეშე. ისევე, როგორც იმ ერთადერთ ტელეარხზე, რომელზეც ხელისუფლებამ ჯერ კიდევ ვერ განავრცო თავისი გავლენა - იქაც შიდაპოლიტიკური ინტრიგები უფრო აღელვებთ, ვიდრე აფხაზეთი და სხვა ყველაფერი, რაც ქვეყნის რაობას, მომავალსა და თვით არსებობას უკავშირდება. ეს ისე – საქართველოში ავტორიტარიზმისა და დემოკრატიის ფუნქციონალური მიზანშეწონილობის შესახებ, რადგან სავსებით ლოგიკურად გამოდის, რომ რაც უფრო ავტორიტარული და ნაკლებდემოკრატიულია ხელისუფლება, მით უფრო აიძულებს იგი საზოგადოებას, გაითავისოს და იბრძოლოს ქვეყნის უმაღლესი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის და პირიქით.

    მართლაც, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ პუტინის ნაბიჯები მხოლოდ ხელისუფლებას აღიზიანებს ამ ქვეყანაში. სხვას კი ყველას ფეხებზე ჰკიდია; მაშ რას ვერჩით პუტინს? – ქართველებიცა და აფხაზებიც მისთვის კავკასიის ტერიტორიათა მოსახლეობაა და მეტი არაფერი: ორივეს მამაშვილურად დაუყვავა და ორივე დააპურა.
    სხვათა შორის, ამ პროცესში აფხაზეთის «სახელმწიფო» ისევე არ უცვნია (არც ცნობს არასდროს) როგორც საქართველოს სახელმწიფოს მიაფურთხა საჯაროდ - აკი მისთვის ეს ტერიტორიაა და არა სახელმწიფო ან სახელმწიფოები. სწორედ ამიტომ აკეთებენ აქცენტს «მოსახლეობის ჰუმანიტარულ ინტერესებზე განურჩევლად ეროვნებისა»
    დასავლელ კრიტიკოსებს კი, იმ ქვეყნებში რუსეთის ელჩებმა უმალვე ის უზარმაზარი რიგები უჩვენეს, რომელშიც გახარებული ქართველები (ისევე, როგორც ფსოუს საზღვართან გახარებული აფხაზები) დგანან და ცრემლმორეული სასოებით ელიან რუსულ ვიზას – მოსკოვში გასაფრენად.
    ერთობ «ძველმოდური ჭეშმარიტებაა», რომ თუ მთელმა ერმა გამარჯვება არ მოინდომა – გამსახურდია, შევარდნაძე ან სააკაშვილი კი არა, მაკედონელიც ვერ გაამარჯვებინებს.
    და კიდევ ერთი, ძალზე «არაპოლიტკორექტული» გამონათქვამი: მტერი თუ არ გძულს, ვერ გაიმარჯვებ!!!