უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილი

უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილი

 

    როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს პარლამენტმა მიიღო აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ «დაგვიანებით შემოტანილი» ბიუჯეტი.
    მიუხედავად ხანგრძლივი შეხლა-შემოხლისა, ბოლოს დეპუტატებმა «თვინიერება» გამოამჟღავნეს და სამი დღის განმავლობაში, ზედიზედ სამი მოსმენით მიიღეს კანონი. არადა, თავდაპირველად ბევრი ფრაქცია ისეთი «მძვინვარებით» ილაშქრებდა ბიუჯეტის წინააღმდეგ, კაცს შეიძლებოდა ეფიქრა, - ესენი არათუ ბიუჯეტს დაამტკიცებენ, არამედ დაუყოვნებლივ გამოუცხადებენ მთავრობას ომს და მის გადადგომას მოითხოვენო.
    რეალურად კი ასე არ მოხდა, - ბოლოს ყველა მილიონი «თავის ადგილზე დალაგდა», - როგორც ჩანს, ყველა სოციალურმა ჯგუფმა (აგრეთვე მათმა პოლიტიკურმა ლობიმ პარლამენტში) კუთვნილი «წილი» მიიღო და დამშვიდდა. თუ ყურადღებით დავაკვირდებოდით საპარლამენტო ჯგუფების არგუმენტაციას, ადვილი შესამჩნევი იქნებოდა, რომ მათ სავსებით კონკრეტული მოთხოვნები ჰქონდათ სწორედ იმ ჯგუფების დასაკმაყოფილებლად, რომლებმაც მათი საარჩევნო კამპანია დააფინანსეს.
    ნორმალურ სახელმწიფოში ეს სავსებით მისაღები მოვლენაა, მაგრამ ცუდია, როდესაც ჯერ ერთი, ამგვარი მცდელობა «ხალხზე ზრუნვის» დემაგოგიით იფარება და მეორეც: საქართველო კვლავინდებურად კორუმპირებულია და ნებისმიერი მოვლენა, რომელსაც ვთქათ დასავლეთში ჯანსაღი შინაარსი აქვს, ჩვენში მანკიერ თვისებას იძენს.
    1997 წლის ბიუჯეტის დამტკიცება ორი ძალზე მნიშვნელოვანი მომენტით აღინიშნა. პირველი: მოხდა შეთანხმება საპარლამენტო ფრაქცია «მოქალაქეთა კავშირსა» და «მაჟორიტარს» შორის. გარდა ამისა, ცენტრალურმა ხელისუფლებამ მიაღწია კომპრომისს აჭარის ხელისუფლებასთან საბიუჯეტო შემოსავალთა გაყოფის საკითხში.
    რაც შეეხება ვახტანგ რჩეულიშვილის პოზიციას, იგი კვლავ იწყებს «დრეიფს» მოქალაქეთა კავშირისაკენ, რაც როგორც ჩანს განპირობებულია არა იმდენად ხელისუფლების «სოციალური ექსპერიმენტით», რამდენადაც იმ გარემოებით, რომ ახლოვდება ადგილობრივი არჩევნები (1997 წლის შემოდგომაზე ან 1998 წლის გაზაფხულზე ამ არჩევნების ჩატარება გარდაუვალია) და «სოციალისტთა» ლიდერს კიდევ ერთხელ სურს სცადოს «თანასწორუფლებიანი ბლოკის» შეკვრა «მოქალაქეებთან». რაც ალბათ მაინც შეუძლებელი იქნება, - ვახტანგ რჩეულიშვილმა დაკარგა შანსი გამხდარიყო მოქალაქეთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი (1994-95 წლებში) მომავალში კი რაიმე პარტიათაშორისი ალიანსი მაინც უთანასწორო იქნება. თუმცა, პოლიტიკური სცენიდან გაქრობას ეს მაინც სჯობია.
    ასეა თუ ისე, «მოქალაქეთა კავშირის» ალიანსი «მაჟორიტართან» იმის გარანტიას ნამდვილად ქმნის, რომ მმართველი პარტია შეძლებს პარლამენტში არა მხოლოდ იმ კანონების დამტკიცებას, რომელთა მიღება ხმების უბრალო უმრავლესობას მოითხოვს, არამედ იმ კანონებისაც, რომელთა დამტკიცებისათვის კვალიფიციური უმრავლესობაა საჭირო.
    აჭარასთან დაკავშირებით კი ედუარდ შევარდნაძემ შეიძლება ითქვას კარდინალური გადაწყვეტილება მიიღო. ბოლოს და ბოლოს, ნებისმიერ ქვეყანაში «ცენტრსა» და «რეგიონს» შორის დამოკიდებულებას განსაზღვრავს ის, თუ როგორი წესით იყოფენ ისინი გადასახადებს.
    პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონის თანახმად, ამიერიდან დამატებითი ღირებულების გადასახადის 30 პროცენტი, საბაჟო გადასახადის 40 პროცენტი და საშემოსავლო გადასახადის 100 პროცენტ აჭარის ბიუჯეტში ჩაირიცხება. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისსა და ბათუმს შორის ბოლო დროს ერთგვარი დაძაბულობა იგრძნობოდა «თავისუფალ ეკონომიკურ ზონასთან» დაკავშირებით, - ეს შეიძლება კომპრომისადაც ჩაითვალოს.
    ცენტრალური ხელისუფლება დღევანდელ პირობებში არასგზით არ დათანხმდება ბათუმში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» შექმნას, ხოლო აჭარის ელიტამ შეიძლება თავი იმით დაიმშვიდოს, რომ ავტონომიის საბიუჯეტო შემოსავალი მკვეთრად გაიზრდება, ხოლო აჭარა დამატებით დივიდენდებს მიიღებს ტრანზიტით და (აქედან გამომდინარე) კიდევ უფრო მეტად იქნება დაინტერესებული ტვირთბრუნვის გაზრდით, კომუნიკაციების განვითარებით, თურქეთთან საქართველოს კეთილმეზობლობით, - ზოგადად საქართველოს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური მდებარეობის აქტიური გამოყენებით.
    შესაბამისად, ზემოთხსენებული დაძაბულობა შეიძლება შერბილდეს. თუმცა, ფრაქცია «აღორძინება» დროდადრო კვლავ დასვავს კენჭისყრაზე «თეზ»-ის განხილვის საკითხს.
    კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც ბიუჯეტის განხილვის პროცესიდან შეიძლება გამოვიტანოთ, იმაში მდგომარეობს, რომ «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» გახლეჩა უკვე შეუქცევად პროცესად იქცა და ამ «გახლეჩის» სიღრმისეული მიზეზი იყო არა პოლიტიკური უთანხმოება, არამედ პიროვნული დაპირისპირება პარტიულ ლიდერებს შორის.
    ყოველ შემთხვევაში, არც მთლიანობაში, არც ცალკ-ცალკე, ამ პარტიას დღეს არ შესწევს უნარი სერიოზული ზეგავლენა მოახდინოს პოლიტიკურ პროცესთა განვითარებაზე თუ ეს პროცესები სახელისუფლო კაბინეტებსა და პარლამენტის დარბაზს არ გასცდება. მაგრამ თუ კვლავ შეიქმნა ექსტრემალური ვითარება და პოლიტიკამ ისევ ქუჩაში გადაინაცვლა, - ეროვნულ-დემოკრატიული პარტია «თავის სტიქიაში» აღმოჩნდება.

«დიდი ნავთობსადენის» საკითხი უკვე გადაწყვეტილია?

აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის დროს, ჰეიდარ ალიევმა გააკეთა სენსაციური განცხადება: «მე დარწმუნებული ვარ, რომ «დიდი ნავთობსადენი» აუცილებლად გაივლის საქართველოს ტერიტორიაზე». ეს განცხადება იმას ნიშნავს, რომ ბაქოში საბოლოოდ გაიმარჯვა «პროთურქულმა» ორიენტაციამ, ხოლო აზერბაიჯანული ელიტა დარწმუნდა: რუსეთთან კომპრომისის გზით იგი უკვე ვეღარ შეძლებს ყარაბაღის პრობლემის იმგვარ გადაწყვეტას, სუვერენიტეტის დათმობად რომ ღირდეს. ასეთივე დასკვნებამდე სულ მალე მივა ქართული ელიტაც.
    ამდენად, «ჩრდილოურმა ვარიანტმა» ალიევისთვის ყოველგვარი ღირებულება და მნიშვნელობა დაკარგა - აზერბაიჯანი საბოლოოდ იღებს გეზს თურქეთისა და (ზოგადად) დასავლეთისაკენ, რათა პერსპექტივაში სცადოს ყარაბაღის პრობლემის მოგვარება მათი მეშვეობით.
    თურქეთში «გასასვლელის» მოსაპოვებლად კი, აზერბაიჯანს საქართველო სჭირდება, ისევე როგორც საქართველოს სჭირდება აზერბაიჯანთან კავშირი, რათა მასთან ერთად ააშენოს «ევრაზიული ხიდი» ცენტრალური აზიიდან - ევროპაში ნედლეულის გადასატვირთად.
    საქართველოს ხელმძღვანელებს არაერთგზის უთქვამთ: «საქართველო აზერბაიჯანის გარეშე გეოპოლიტიკური ჩიხია, ისევე, როგორც აზერბაიჯანი საქართველოს გარეშე».
    სინამდვილეში, ჩვენი ქვეყნის მდებარეობა კიდევ უფრო ხელსაყრელია, ვინაიდან თბილისში იკვეთება არა მხოლოდ ცენტრალური აზია-აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის ღერძი, არამედ მეორე ხაზიც: მოსკოვი-ერევანი-თეირანი, ანუ საქართველოს შეუძლია დაიცვას ბალანსი და ორივე მიმართულებით განახორციელოს თავისი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები. თუმცა, პრიორიტეტულად მაინც «დასავლური» მიმართულება უნდა ჩაითვალოს.
    მოსკოვში, რასაკვირველია, დიდად არ ეპიტნავებათ საქართველო-აზერბაიჯანის ალიანსი. ისევე, როგორც თვით ნავთობსადენის «დასავლური მარშრუტის» განხორციელება, მაგრამ რუსეთი ამ შემთხვევაშიც ძალზე ფრთხილად და ოსტატურად ასრულებს თავის «გეოპოლიტიკურ პარტიას». «პირდაპირი დარტყმა» მას შედეგს არ მოუტანს, - მოსკოვში ეს შესანიშნავად ესმით. «სომხური ბერკეტის» შესაძლებლობებიც თითქმის ამოწურულია, ამიტომ კრემლი ახალ მოკავშირეებს ეძებს და პოულობს კიდეც: გასულ კვირას, თურქმენეთმა (!) დაადასტურა თავისი უარყოფითი პოზიცია «საუკუნის პროექტის» მიმართ მანამ, სანამ არ იქნება განსაზღვრული კასპიის ზღვის სტატუსი «ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით».
    დაინტერესებულ მხარეებს კი სწორედ კასპიისპირა სახელმწიფოები წარმოადგენენ, რომელთაგან ორს (რუსეთსა და ირანს) სურთ არ დაუშვან აზერბაიჯანის მიერ საკუთარი სიმდიდრის თავისუფლად განკარგვა.
    ძნელი გასარკვევია, რით «მოისყიდა» მოსკოვმა აშხაბადი. თუმცა, აქ შესაძლოა თეირანის გავლენა უფრო იყოს, ვიდრე მოსკოვისა. თურქმენეთის პროტესტი ბევრს ვერაფერს შეცვლის, მაგრამ კიდევ უფრო მეტად გაამძაფრებს ნერვიულ ატმოსფეროს ნავთობსადენის გარშემო.
    ზოგადად, შეიძლება ითქვას, რომ ქართული საზოგადოება სავსებით მართალია, თუკი დიდ იმედს ამყარებს ამ ნავთობსადენზე. მაგრამ ეს საზოგადოება იმ აზრსაც უნდა შეეგუოს, რომ თუ ნავთობსადენის საკითხი გადაწყდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე, ეს აფხაზეთის სამუდამო დაკარგვას ნიშნავს, ვინაიდან დასავლეთის ბევრი ქვეყანა სისხლხორცეულად იქნება დაინტერესებული საქართველოში სტაბილურობით; ამდენად, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რათა ხელი ააღებინონ თბილისის აფხაზეთის დასაბრუნებლად ახალი ომის გაჩაღების მცხელობაზე. უომრად კი, როგორც ჩანს, აფხაზეთში არაფერი გამოვა.

ვლადისლავ არძინბა მოლაპარაკებას წყვეტს

    ხუთშაბათს, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე, აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა, ვლადისლავ არძინბამ განაცხადა, რომ წყვეტს მოლაპარაკებას ქართულ მხარესთან, ვინაიდან მისი თქმით «საქართველოს არ სურს განიხილოს სამოკავშირეო სახელმწიფოს მოდელი, რომელსაც მას აფხაზეთი სთავაზობს».
    არძინბას ეს განცხადება ძალიან ცუდი ნიშანია. იგი მიუთითებს, რომ სოხუმში საერთოდ აღარ ეშინიათ საქართველოს რეაქციისა და აღარც ეგრეთ წოდებული «მსოფლიო საზოგადოებრივ აზრს» უწევენ ანგარიშს. 1994 წლიდან საქართველოსთან გამართული მოლაპარაკებები არძინბასთვის იყო «ვალის მოხდა» საერთაშორისო სამართლისა და საზოგადოებრივი აზრის მიმართ. როგორც ჩანს, აფხაზებმა მაქსიმუმის «გამოწურვა» შეძლეს ამ მოლაპარაკებებიდან და მიაღწიეს ყველაფერს, რისი მიღწევაც შეიძლებოდა ფაქტობრივი მდგომარეობის იურიდიული გაფორმების თვალსაზრისით. ამის შემდეგ სეპარატისტებისათვის მოლაპარაკებამ ყოველგვარი აზრი დაკარგა. მათ კარგად უწყიან, რომ საქართველო ვერ დაეთანხმება მათ წინადადებას «ფედერაციული კავშირის» შესახებ, ვინაიდან ეს აფხაზეთისა და საქართველოს თანასწორუფლებიანობის აღიარებას ნიშნავს. მომავალი «ქართულ-აფხაზური უნია» კი ისევე დაიშლება, როგორც «ჩეხეთ-სლოვაკეთი».
    განსხვავება მხარეთა პოზიციებში თვალსაჩინოა: მიუხედავად იმისა, რომ ორივე კონცეფცია ფედერალიზმის იდეას ეფუძნება, აფხაზებისთვის ფედერაცია არის პირველი ნაბიჯი სრული დამოუკიდებლობისაკენ, საქართველოსთვის კი პირიქით - ფედერაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალებაა.
    შექმნილი ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი მხოლოდ ევოლუციური უნდა იყოს. მაგალითად, საქართველოს პარლამენტმა შეიძლება მიიღოს კანონი (კონსტიტუციური თავი) ქვეყნის ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ, რომელიც გაითვალისწინებს საქართველოს ფედერალიზაციას (სხვა გამოსავალი აღარ არის), შემდგომ გაფორმდება ფედერაციული ხელშეკრულებები ფედერაციის სუბიექტებთან (აჭარისა და «სამხრეთ ოსეთის» ჩათვლით) და შედეგად, პოლიტიკური თვალსაზრისით, აფხაზი სეპარატისტები აღმოჩნდებიან ძალზე წამგებიან მდგომარეობაში, ვინაიდან, თუ ამჟამად ისინი საუბრობენ ურთიერთობებზე «აფხაზეთის რესპუბლიკასა» და «საქართველოს რესპუბლიკას» შორის, საქართველოს ფედერალიზაციის შემდეგ სულ სხვა რეალობა შეიქმნება, - უკვე საუბარი იქნება ურთიერთობებზე აფხაზეთსა და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს კი ერთი და იგივე არ არის, - «ფედერაციული კავშირის» იდეა ამ შემთხვევაში დაკარგავს შინაარსს, ვინაიდან შეუძლებელია თანასწორსუბიექტურობის პრინციპზე აიგოს ურთიერთობები ერთის მხრივ «რესპუბლიკასა» და მეორე მხრივ, - მთლიანად «ფედერაციას» შორის.
    ზემოთქმულთან დაკავშირებით, ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ გასულ კვირას, «ტრადიციონალისტთა კავშირმა» და «ქარტია-91»-მა მცხეთაში გამოსცეს ერთგვარი «მანიფესტი», რომლითაც მხარი დაუჭირეს საქართველოს ფედერაციის შექმნას, - ეს ძალიან სასარგებლო ფაქტია ხელისუფლებისთვის, თუ იგი ნამდვილად ფიქრობს ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად ფედერაციული ურთიერთობების დამყარებას ყოფილ ავტონომიებთან და არ აპირებს არსებული მდგომარეობის შენარჩუნებას «დაკონსერვების პრინციპით»: სჯობს არაფერი შეიცვალოს, ვიდრე შეიცვალოს უარესობისაკენ.

უკანასკნელი მოჰიკანის სიკვდილი

    პარასკევს, ჩინეთში გარადაიცვალა XX საუკუნის უკანასკნელი «მოწმე» - «დიდი ჩინელი» დენ სიაო პინი.
    იგი პირადად მონაწილეობდა 1917 წლის მოვლენებში რუსეთში, იცნობდა ლენინს, სტალინს, ტროცკის, შემდგომ მისი აქტიური მონაწილეობით მოხდა რევოლუცია ჩინეთში, დასრულდა მეორე მსოფლიო ომი, დაიწყო ცივი ომი, კულტურული რევოლუცია, მოხდა განხეთქილება საბჭოთა კავშირთან, ჩინეთი მივიდა სამოქალაქო ომის პირას (მაო ძე დუნის გარდაცვალების შემდეგ). დენ სიაო პინმა დაიწყო გრანდიოზული რეფორმა ჩინეთში - სხვათა შორის უფრო ჭკვიანურად, წინდახედულად და (რაც მთავარია) მიზანშეწონილად, ვიდრე გორბაჩოვმა. შედეგიც თვალსაჩინორა: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მკაცრად აკრიტიკებს ჩინეთს «ადამიანის უფლებათა დარღვევის გამო», ჩინეთის ეკონომიკაში ასეულობით მილიარდი დოლარის ინვესტირება მოახდინა, საბჭოთა კავშირ-რუსეთში კი მხოლოდ... 170 მილიონი დოლარისა!
    მიზეზი გასაგებია: ამერიკელ ინვესტორს უპირველეს ყოვლისა სტაბილურობის დონე აინტერესებს ამა თუ იმ ქვეყანაში და არა დემოკრატიულობის ხარისხი. დენ სიაო პინი ამას მიხვდა. მასვე ეკუთვნის მახვილგონივრული გამონათქვამი: «არა აქვს მნიშვნელობა, რა ფერისია კატა, - მთავარია იგი თაგვებს იჭერდეს კარგად».
    ამავე დროს, დენ სია პინი ბოლომდე დიქტატორად (ჭკვიან და სასტიკ დიქტატორად) დარჩა. სწორედ მისი ბრძანებით ამოწყვიტა ჩინეთის არმიამ ათი ათასი (!) სტუდენტი ტიან-ან-მინის მოედანზე 1989 წლის მაისში.
    შეიძლება ითქვას, დენ სიაო პინის გარდაცვალებით კაცობრიობამ დაკარგა ერთ-ერთი უკანასკნელი პოლიტიკური მოღვაწე, რომელმაც დიდი ზეგავლენა მოახდინა მსოფლიო ისტორიის განვითარებაზე II ათასწლეულის მიწურულს.

დილის გაზეთი, 25 თებერვალი, 1997 წ.