უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ ქმნის რუსეთის ალტერნატივას

უკრაინა, რა თქმა უნდა, ვერ ქმნის რუსეთის ალტერნატივას

        საინფორმცაიო საშუალებათა ცნობით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი თედო ჯაფარიძე კიევში შეხვდა უკრაინის პრეზიდენტს – ლეონიდ კუჩმას. უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე შეხვედრაა.

        თედო ჯაფარიძის ყოველ ვიზიტს უკრაინაში რუსული მედია ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს, ვინაიდან არცთუ უსაფუძვლოდ მიიჩნევს უკრაინა-საქართველოს სტრატეგიული ალიანსის ერთ-ერთ ნიშნად. აღმოსავლეთ საქართველოს მთიანი რეგიონების დაბომბვის შემდეგ ჯაფარიძის ჩასვლა კიევში დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების შესაძლო შესყიდვას. კონტრაქტი არ შედგა, ძირითადად იმ მიზეზით, რომ კუჩმას დასავლეთში პრობლემები შეექმნა და მოსკოვთან ურთიერთობის გაფუჭება არ ისურვა. თუმცა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი 10 მილიონი ლარით რაიმე ქმედითი იარაღის შეძენა ვერც მოხერხდებოდა.
        საქართველო-უკრაინის ურთიერთქმედებაში რუსეთის განსაკუთრებული (ხშირად «უჩინარი») როლის დამადასტურებელია ის ფაქტი, რომ კიევში ყოფნისას ჯაფარიძე შეხვდა, აგრეთვე, რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს უკრაინაში, რუს მილიარდერ ვიქტორ ჩერნომირდინს.
        რა თქმა უნდა, ასეთი შეხვედრა მხოლოდ მასპინძელთა ინიციატივით და თვით ჩერნომირდინის თანხმობით შეიძლება შემდგარიყო. ან პირიქით: ჩერნომირდინის ინიციატივით და მასპინძელთა თანხმობით, რითაც არაფერი იცვლება. ყოველ შემთხვევაში საქართველოს წარმომადგენელი (ამ შემთხვევაში, თედო ჯაფარიძე) უცხო ქვეყანაში ყოფნისას მესამე სახელმწიფოს ელჩთან შეხვედრას ვერ მოითხოვდა – ეს არაკორექტულია.
        თუნდაც ეს ერთი ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინა არ არის მზად აქტიურად ჩაერიოს სამხრეთ კავკასიის საქმეებში და (მით უმეტეს) რუსეთის ალტერნატივა შექმნას.
        საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული ცნობით, თედო ჯაფარიძეს პრეზიდენტის მანდატი ჰქონდა, რომლის მიხედვითაც აწარმოებდა მოლაპარაკებას. ლეონიდ კუჩმასთან და უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრისას, ძირითადად, განიხილებოდა აფხაზეთის პრობლემატიკა.
        როგორც ჩანს, აქ მთავარი საკითხია უკრაინის სამშვიდობო ძალთა მონაწილეობა ოპერაციაში. თბილისი დიდი ხანია სთხოვს კიევს გამოგზავნოს თუნდაც ერთი ოცეული კონფლიქტის ზონაში, რაც ნამდვილად შეცვლის პოლიტიკურ კონფიგურაციას აფხაზეთის გარშემო.
        მაგრამ კიევში გამართულმა მოლაპარაკებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა: უკრაინა არც ერთი თვალსაზრისით ამისთვის მზად არ არის. რუსეთი თითქოს არ უწევს წინააღმდეგობას უკრაინის ჩართვას, ოღონდ აფხაზური მხარის თანხმობის გარეშე ენგურის მარჯვენა ნაპირზე რუსეთის გარდა, სხვა ქვეყნის შენაერთის შესვლა ნაკლებსავარაუდოა.
        მაგრამ, როგორც ცნობილია, კონფლიქტის ზონა მოიცავს 24 კილომეტრს ენგურის ორივე მხარეს. შეიძლება პირველ ეტაპზე უკრაინელები ენგურის მარცხენა მხარეს განლაგდნენ. ოღონდ კიევი კვლავ დაჟინებით მოითხოვს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის რეზოლუციას, ანუ გაეროს ეგიდით ოპერაციის ჩატარებას. ასეთი პირობით, უკრაინამ შეიძლება არათუ ოცეული, არამედ მთელი პოლკიც გამოაგზავნოს, ვინაიდან ფულს გაერო გადაიხდის, თანაც საკმოად მნიშვნელოვან თანხას.
        გაეროს უშიშროების საბჭოზე ეს საკითხი ვერ გავა, არა მხოლოდ იმ მიზეზით, რომ რუსეთი დაადებს ვეტოს. სინამდვილეში გაერო არასდროს დათანხმდება სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას მეზობელი ქვეყნების მონაწილეობით. ეს კატეგორიულად ეწინააღმდეგება უნივერსალური საერთაშორისო ორგანიზაციის წესდებას, სწორედ ამიტომ ვერ მიიღო გაეროს მანდატი რუსეთმა 1992 წელს. იმავე მიზეზით იგი აქტიურად ცდილობდა ამის მიღწევას.
        მეორე საკითხი, რაც აგრეთვე განიხილებოდა კიევში, ერაყის კრიზისი და ერთობლივი პოზიციის გამომუშავება იყო. ისევ და ისევ რუსეთის განაწყენების შიშით, კიევი ისეთივე ერთმნიშვნელოვან პოზიციას ვერ დაიკავებს, როგორსაც თბილისი. ჯერ ერთი, რუსეთი მას ისეთი გააფთრებით არ უტევს, როგორითაც ჩვენს ქვეყანას. გარდა ამისა, უკრაინას სერიოზულად «დაუსველდა» ავტორიტეტი დასავლეთში ერაყისათვის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემათა მიყიდვასთან დაკავშირებული სკანდალის გამო.
        ამდენად, ანტიერაყული კამპანიის ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა, საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას ვერაფერს მისცემს, ზიანი კი შეიძლება მოუტანოს: პრაღაში, ნატოს სამიტის დროს, უკრაინის მიმართ ყველაზე შეურიგებელი პოზიცია დიდმა ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიკავეს. ერაყის ომს კი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა და საფრანგეთი ეწინააღმდეგებიან.
        ამრიგად, უკრაინის პოზიციის ქვეტექსტი სავსებით ცხადი და გასაგებია.
        კიდევ ერთი თემა ერაყთან დაკავშირებით სუუამის ერთობლივი პოზიციის გამოხატვა იქნებოდა, მაგრამ ახსნილი მიზეზის გამო, ეს გამორიცხულია.

დილის გაზეთი, 13 თებერვალი, 2003 წელი