ქართული ოპოზიცია - შეცდენილნი და მიტოვებულნი

ქართული ოპოზიცია - შეცდენილნი და მიტოვებულნი

 

    ისტორიზმის თემა ხშირად ფიგურირებს ქართულ საზოგადოებრივ ცნობიერებაში ამა თუ იმ მოვლენის ან პიროვნების მიერ გადადგმული ნაბიჯის შეფასებისას.
    ჩვენი ხალხის განსაკუთრებული თეატრალობა, მისი არტისტული ბუნება ვერ ეგუება მერკანტილიზმს პოლიტიკაში და ყოველთვის ცდილობს, პოლიტიკური ბრძოლის პერიპეტია ისტორიის სიდიადით შეაფერადოს და ეპოქალური მნიშვნელობა მისცეს. მაშინ, როცა ხშირ შემთხვევაში ამ მოვლენათა შინაარსი ეპოქალურ ძალთა ჭიდილი ან ისტორიულ კონცეფციათა შეჯახება კი არა, ელემენტარული, ყოველდღიური, ბანალური ადამიანური ვნებაა.
    თუ ამ კუთხით განვიხილავთ ბოლო წლების (ან თუნდაც ბოლო დღეების) მოვლენებს, ბევრი რამ ნათელი გახდება ჩვენთვის. რაკი ქართული პოლიტიკური ელიტა ვერ გვიწყენს, შეიძლება ისტორიული ექსკურსითა და ფსიქოლოგიური ტესტირებით შეზავებული მცირე ექსპერიმენტიც ჩავატაროთ მასზე, რათა მტყუან-მართლის ძიებაში გათანგულ «რიგით მოქალაქეს» ჰქონდეს საშუალება, რეალურად დაინახოს განსხვავება ამა თუ იმ პიროვნების (ან პიროვნებათა ჯგუფის) დეკლარირებულ და შინაგან, სიღრმისეულ მოტივაციებს შორის.
    ამ მომენტის იგნორირება ადრეც და დღესაც ჩვენი საბედისწერო შეცდომა იყო. მართალია ისტორია პიროვნულ მოტივაციას მნიშვნელობას არ ანიჭებს, მაგრამ თვით ისტორია სხვაგვარად წარიმართებოდა, ადამიანებს რომ მისთვის «ფასი დაედოთ» და სათანადო ყურადღება მიექციათ. ეს უნივერსალური კანონია ყველა ერისთვის და არც ჩვენ ვართ გამონაკლისი.
    ამგვარი ექსპერიმენტის ჩატარების საუკეთესო მეთოდის შედარებაა.

    სამშაბათს, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურმა, ედუარდ შევარდნაძემ ბოლო ორი წლის განმავლობაში უკვე მეოთხედ განაცხადა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. ამ განცხადებას კვლავ დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა. როგორც მოსალოდნელი იყო, საპარლამენტო «უმრავლესობა» და «უმცირესობა» ერთმანეთს დაერია და სხდომათა დარბაზში, ისევე როგორც ერთი წლის წინ - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრალდებათა კორიანტელი დატრიალდა.
    მათ შორის ჩვენთვის ყველაზე საინტერესოა ბრალდებები, რომლებიც საქართველოს უახლეს ისტორიაში წიაღსვლასა და ზემოთხსენებული «მოტივაციის» პრობლემას მოიცავდნენ.
    მაგალითად, ორგზის ექსპრემიერ სიგუას გულმხურვალე გამოსვლას (სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ), შევარდნაძის მომხრეებმა (განსაკუთრებით ე.წ. «ელიტარული ინტელიგენციის» კოჰორტიდან) შემდეგი «არგუმენტები» დაუპირისპირეს: «კენიის ხორცი გაიხსენე, სიგუა!», «ეგ დოკუმენტები იანაევის დოკუმენტს ხომ არ ჰგავს?» (იგულისხმება დოკუმენტი, რომლითაც, სიგუას მტკიცებით, გამსახურდიას იანაევთან ალიანსი «დასტურდებოდა» - ავტ.); «შენ და გამსახურდიამ დაღუპეთ საქართველო»; «ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, ვინა ხარ და რას წარმოადგენ!»; «უნდა გაირკვეს, როგორ ჩატარდა 11 ოქტომბრის არჩევნები მარნეულში, სადაც კენჭი იყარე» და ბოლოს, ყველაზე განსაცვიფრებელი (ამავე დროს, ნიშანდობლივიც) არგუმენტი, - რიტორიკული კითხვის სახით განცხადებული: «ვინ დაანგრია თბილისი?»
    თანამედროვე ჟურნალისტურ სტილს შეიძლება მთლად არ ეთანხმებოდეს, მაგრამ, მიუხედავად ამ გამოთქმის არარაფინირებული ფორმისა, მაინც გავიხსენოთ - წინაპარს უთქვამს: «სინდისიც კარგი საქონელიაო».
    ზემოთმოყვანილ კითხვებს სვამდა ხალხი, ვინც ყოველდღე თბილისის ზღვაზე დარბოდა, მათ მიერვე «ზნეობრივ გმირად» გამოცხადებულ ექსპრემიერს თვალებში შესციცინებდა და ყოველმხრივ მხარდაჭერას უცხადებდა.
    თუ მაშინ უმწიკვლოდ მიიჩნევდნენ მის შინაგან მოტივაციას, დღეს რა საფუძველი აქვთ, ამაში ეჭვი შეიტანონ? მხოლოდ ის, რომ მაშინდელი «სახელმწიფოს მეთაური» არ მოსწონდათ, დღევანდელი კი მოსწონთ?!
    «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ერთ-ერთმა ლიდერმა, ირინა სარიშვილმა, მისთვის ჩვეული პირდაპირობით განაცხადა, რომ «სიგუას მოქმედება და დღეს განვითარებული მოვლენები მოსკოვიდან იმართება». მისი აზრი, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. მაგრამ არანაკლებ საყურადღებო იქნებოდა ქ-ნ ირინა სარიშვილის აზრი იმის თაობაზეც, თუ საიდან იმართებოდა პროცესები, რომლებიც საქართველოში 1991 წლის შემოდგომაზე განვითარდა.
    ხელისუფლების მხარდამჭერთა შორის განსაკუთრებული ძლევამოსილებით გამოირჩევა ჯაბა იოსელიანის ფიგურა. მან არაორაზროვნად განაცხადა საქართველოს ტელევიზიით: «ჩვენ (ანუ «მხედრიონი» - ავტ.) ქაოსს არ დავუშვებთ საქართველოში».
    ეს მრისხანე განცხადება სერიოზული გაფრთხილება უნდა გახდეს ოპოზიციონერთათვის, რომლებიც საქართველოში დესტაბილიზაციას გაბედავენ. მათთვის არც თუ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ რამდენადაც «ვაჟკაცები» და «პირში მთქმელები» არიან ისინი ედუარდ შევარდნაძის მიმართ, იმდენადვე «კურდღლები» არიან (ბ-ნ ჯაბას საყვარელი გამოთქმა რომ ვიხმაროთ), როდესაც საქმე ჩვენს «ბებერ მოჯაჰედდინს» ეხება.
    ჯაბა ისეთივე სიმტკიცით გაატარებს ცხოვრებაში ამ ლოზუნგს («ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს!»), როგორი სიმტკიცითა და მიზანსწრაფულობითაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ (დღევანდელი ოპოზიციის მხარდაჭერით), ცხოვრებაში ატარებდა მეორე ლოზუნგს: «ჩვენ არ დავუშვებთ დიქტატურას!»
    რაოდენ საოცარიც უნდა იყოს, მიუხედავად ოპოზიციის ესოდენი აქტიურობისა, რეალურად მას ნამდვილად არ სურს შევარდნაძის გადადგომა.
    დღევანდელ პირობებში, ზოგიერთი «საბრალდებო სიტყვის» გათვალისწინებით, ეს პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ უეჭველად ასეა! ოპოზიციონერთა მიზანი შევარდნაძის გადადგომა არ არის. მათ სურთ აიძულონ იგი, გარკვეულ დათმობებზე წავიდეს, - კაბინეტის შეცვლაზე დათანხმდეს, «საქორწინო გენერლად» იქცეს, მინისტრთა პორტფელები დაარიგოს, ერთი სიტყვით, «სხვის ჭკუაზე იაროს».
    არაფერი ამ საქმიდან არ გამოვა! როდესაც საქმე ძალაუფლებას ეხება, შევარდნაძე «სხვის ჭკუაზე» არასდროს დადიოდა და არც ახლა ივლის. ოპოზიციონერთა მცდელობა სრული კრახით დასრულდება, რადგან მათ მეტოქეს უძლეველი არგუმენტი აქვს: «თუ ხართ კაცები, თუ ხართ დეპუტატები, თუ ხართ მოქალაქენი, - დააყენეთ კენჭისყრაზე და გადაწყვიტეთ ეს საკითხი!»
    საქმეც სწორედ ის არის, რომ ასე საკითხის გადაწყვეტა არავის სურს - არც «უმრავლესობას» და არც «უმცირესობას». წინააღმდეგ შემთხვევაში, რით ავხსნათ ის უცნაური გარემოება, რომ შევარდნაძის გადადგომის მოთხოვნით გამართული პერმანენტული საპარლამენტო ისტერიების მიუხედავად, ეს საკითხი ოპოზიციამ ვერა და ვერ მიიყვანა კენჭისყრამდე?
    ხუთშაბათს ხომ საქმე მთლად ანეკდოტამდე მივიდა: თემურ ჟორჟოლიანმა, რომელმაც სამშაბათს განაცხადა, რომ საქართველოში კრიმინალურ-ტერორისტული რეჟიმია დამყარებული და ამისთვის მთავარი პასუხისმგებლობა სახელმწიფოს მეთაურს დააკისრა; ვინც ბრალი დასდო შევარდნაძეს ქვეყნის დაქცევაში - როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, უმორჩილესად სთხოვა მას «გამოიყენოს თავისი მაღალი ავტორიტეტი საქართველოს საკეთილდღეოდ» და საქართველო წარმოადგინოს გაეროში. რასაკვირველია, ოპოზიციას უბრალოდ შეეშინდა საკუთარი მოთხოვნის ბოლომდე მიყვანისა და, როგორც ყოველთვის, უკან დაიხია.
    მორიგმა საპარლამენტო ისტერიამ (ისევე, როგორც ეს არაერთგზის მომხდარა) მხოლოდ «ორთქლის გამოშვების» ფუნქცია შეასრულა. ოპოზიცია ვერ აცნობიერებს, რომ ყოველი მისი აღუსრულებელი მუქარა აძლიერებს ხელისუფლების პოზიციას და პირიქით - აკნინებს მას ელექტორატის თვალში.
    თუმცა, როგორც ჩანს, ასეთია ოპოზიციის ბედი პოსტკომუნისტურ საქართველოში.

«7 დღე» 1 ოქტომბერი 1994წ.