ქართული პოლიტოკრატია

ქართული პოლიტოკრატია

    რვაფეხას სინდრომი

    «კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდება» - ეს უბრალო, მაგრამ ამავე დროს ძალზე ღრმა გამონათქვამი განსაცვიფრებელი სიზუსტით ახდა საქართველოში. სამოცდაათწლიანმა სულიერმა და ფიზიკურმა მონობამ იმდენად გადააგვარა, გახრწნა საზოგადოება, რომ თვით ამ საზოგადოების მანკიერებათა წინააღმდეგ მიმართულმა მოძრაობამაც მანკიერი ხასიათი შეიძინა და თავისთავად კეთილშობილი იდეა (დემოკრატიისა და ეროვნული თავისუფლებისა) უზნეობამდე გადაგვარდა, - საშინელი, საზიზღარი ფენომენი მოგვცა, რომელსაც, რასაკვირველია, არც დემოკრატიასთან, არც თავისუფლებასთან არავითარი კავშირი არა აქვს.
    ეს ფენომენი მრავალმხრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს მანამ, სანამ იგი მართლაც ყოვლისმომცველად ქცეულა და საბოლოოდ გაბატონებული მდგომარეობა მოუპოვებია.
    1988 წლიდან საქართველოში გაშლილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შედეგად ჩამოყალიბდა განსაკუთრებული პოლიტიკური დაჯგუფება, რომელსაც პირობითად შეიძლება პოლიტოკრატია ვუწოდოთ. ამ თემაზე ჩვენში არ მსჯელობენ, რადგან მავანთა მცდელობის შედეგად მას მკაცრი ტაბუ ადევს და თუ ამ თვალსაზრისით რაიმე თქვი, უეჭველად გელის «ედუარდისტის», «ზვიადისტის», «კომუნისტის» ან «ფაშისტის» იარლიყი. თვით ტერმინსა და მის შინაარსს არავითარი მნიშვნელობა არა აქვს - ამ ტერმინ-ბრალდებით პოლიტოკრატია თავს იცავს არასასურველი, მისთვის საშიში ტენდენციებისაგან და სხვაგვარად მოაზროვნეთა შანტაჟირებას ცდილობს.
    ქართული პოლიტოკრატია - ეს არის დაახლოებით 100-150 კაცისაგან შემდგარი, ნახევრადპოლიტიკური, ნახევრადსოციალური და ნახევრადკრიმინალური დაჯგუფება, რომელსაც ის უმთავრესი ნიშან-თვისება გააჩნია, რომ სურს მიითვისოს პოლიტიკური მონოპოლია საქართველოში. ხსენებული დაჯგუფება ძირითადად საკმაოდ დაბალი ინტელექტისა და გონებრივი უნარის ადამიანებისაგან შედგება, რომელთაც, ამავე დროს, საკუთარ თავზე ერთობ დიდი წარმოდგენა აქვთ და მიაჩნიათ, რომ სწორედ და მხოლოდ მათ ეკუთვნით საქართველოში საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური პროცესების წარმართვის პრეროგატივა.
    ფაქტობრივად, მათი სახით, საქართველოში ჩამოყალიბდა პოლიტიკური კლანი, რომელსაც კლანურობის ყველა მახასიათებელი გააჩნია - მტკიცედ განსაზღვრული, ძალაზე (გავლენაზე) დამყარებული იერარქიულობა და მჭიდრო კავშირი კრიმინალურ სამყაროსთან.
    განვლილ მოვლენათა ანალიზი, ისევე როგორც დღეს შექმნილი რეალობა, ნათლად გვიჩვენებს, რომ ქართული პოლიტოკრატია ამ რეალობას საკუთარ თარგზე ჭრის და კერავს - მისთვის მთავარია საკუთარი ინტერესები ანუ მთავარია, თუ რამდენად შეესაბამება ესა თუ ის რეალობა მის ინტერესებს. და თუ არ შეესაბამება - მაშინ ვაი რეალობას! პოლიტოკრატია ყველაფერს გააკეთებს მის შესაცვლელად, - თუნდაც ობიექტურად არსებული ეროვნული ინტერესების ხარჯზე.
    ქართველ პოლიტოკრატთა შორის ერთობ რესპექტაბელური პიროვნებანიც არიან. მაგრამ მათი გარეგნული «იმიჯის», მით უმეტეს, მათ მიერ პროპაგანდირებული სტერეოტიპების მიუხედავად, ისინი ყოველთვის, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ.
    მაგალითად, თუ პოლიტოკრატია მხარს უჭერს საქართველოში საპარლამენტო და არა (ვთქვათ) საპრეზიდენტო რესპუბლიკას - ეს იმიტომ კი არა, რომ მართვის ამგვარი ფორმა საქართველოსათვის უფრო მისაღებად მიაჩნიათ, არამედ, უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ საპარლამენტო რესპუბლიკის ფორმა მათ შანსს უტოვებს შენარჩუნდნენ როგორც პოლიტიკური ელიტის წევრები, არ გაუშვან ხელიდან გავლენა და ამ გავლენით მოპოვებული საკმაოდ მსუქანი «ლუკმაც».
    პოლიტოკრატიას შეუძლია დაიწყოს სამკვდრო-სასიცოცხლო ომი, - არა იმიტომ, რომ ქვეყანას სჭირდება, შემდეგ კი შეწყვიტონ ეს ომი - კვლავდაკვლავ არა იმიტომ, რომ ქვეყანამ მიაღწია საწადელს, - არამედ იმიტომ, რომ მათ ასე სჭირდებათ და «ასე აწყობთ».
    პოლიტოკრატია შეიძლება დაუპირისპირდეს რომელიმე პიროვნებას (ვთქვათ ზვიად გამსახურდიას, ან ედუარდ შევარდნაძეს) არა იმიტომ, რომ გულწრფელად მიაჩნია მათი პოლიტიკა ქვეყნისათვის მიუღებლად, არამედ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკაში საკუთარი კორპორატიული ინტერესებისათვის საშიშ ტენდენციებს ხედავს.
    ისევე, როგორც ე.წ. «საარჩევნო კანონი» დაიწერა 1992 წელს სწორედ ამ პოლიტოკრატიის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ახალი კონსტიტუციაც მხოლოდ და მხოლოდ მათ მიერ იქნება «ვიზირებული» ანუ მათ ინტერესებთან იქნება მოყვანილი შესაბამისობაში.
    ე.წ. «საარჩევნო პრეფერენციების» სისტემა ქართველ პოლიტოკრატებს იმისათვის დასჭირდათ, რომ არც ერთი მათგანი პარლამენტს გარეთ არ დარჩენილიყო. ერს ისინი «ბრმად» ვერ ენდობიან: ხომ შეიძლება, იგი «შეცდეს» და რომელიმე «გამოჩენილი მოღვაწე» არ აირჩიოს? - რაც, რასაკვირველია, ისევ და ისევ ერის «სიბნელისა» და ჩამორჩენილობის მაჩვენებელი იქნება.
    ამავე თარგზე გამოიჭრება ახალი კონსტიტუციაც - მასში ჩადებული იქნება ისეთი მექანიზმები, რომლებიც პოლიტოკრატიის ბატონობას მარადიულს გახდის. სხვაგვარი პროექტის გატანას რეფერენდუმზე იგი უბრალოდ არ დაუშვებს, რადგან ერი მისთვის მხოლოდ სახედარია, რომელსაც თავი საჭირო მიმართულებით უნდა უქნა.
    ქართული პოლიტოკრატიის ძირითადი შინაგანი თვისება მისი უზნეობაა. სწორედ ამ წიაღში შეიქმნა ბინძური ფორმულა: «პოლიტიკა და ზნეობა შეუთავსებელია», რომელიც ერთგვარი ინდულიგენცია გახდა იმ უამრავი საზარელი დანაშაულისათვის, პოლიტოკრატიამ რომ ჩაიდინა საქართველოში – საკუთარი ერის წინააღმდეგ.
    უზნეობითაა გამსჭვალული მათი შინაგანი ბუნება, უზნეობა კარნახობს მათ გამოსავალს ერთი შეხედვით გამოუვალი მდგომარეობებიდან. თუ ზნეობა ბარიერია პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისათვის ბრძოლაში, დაე დაიმსხვრეს ეს ბარიერი, - ოღონდ იზეიმოს პარტიულმა, კლანურმა ინტერესმა. უზნეობის დონით თანამედროვე ქართული პოლიტოკრატია ყოფილ კომპარტიულ ნომენკლატურას თუ შეედრება და მრავალ შემთხვევაში - აჭარბებს კიდეც მას.
    უზნეობა აძლევს საშუალებას ამგვარ «პარტიას», ჯერ ერთ ლიდერს უჭერდეს მხარს, ყველაფერში ეთანხმებოდეს, დითირამბებს უმღეროდეს, შემდეგ კი მეორეს «აეკიდოს». ორივე შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი არგუმენტები მოჰყავდეს საკუთარი პოზიციის გასამართლებლად; უზნეობა აძლევს საშუალებას პოლიტოკრატიას, სამამულო ომისადმი დამოკიდებულება იმის მიხედვით განსაზღვროს, თუ რას უქადის იგი მას - როგორც პოლიტიკურ ძალას; უზნეობა აძლევს საშუალებას, კავშირი დაამყაროს თუნდაც ქვეყნის მოსისხლე მტერთან, სული მიჰყიდოს ეშმას, ოღონდ კი არსებობა და გავლენა შეინარჩუნოს; ამავე თვისებიდან გამომდინარეობს პასუხისმგებლობის თავიდან არიდების პერმანენტული მცდელობაც.
    პოლიტოკრატიისათვის მთავარი ის კი არ არის, რა შედეგს გამოიღებს ქვეყნისათვის ესა თუ ის გადაწყვეტილება, არამედ ის, თუ თავად იგი როგორ წარმოჩინდება ამ დროს ელექტორატის თვალში, ხომ არ დაკარგავს «ქულებს», პრესტიჟს, გავლენას. იგი შეიძლება შინაგანად ეთანხმებოდეს კიდეც ამა თუ იმ გადაწყვეტილებას (ქვეყნისათვის საბედისწეროს), მაგრამ მაინც საჯაროდ გაჰკიოდეს პროტესტს - ფარულად კი ბინძურ გარიგებას დებდეს მმართველ ძალასთან ხელისუფლების გაყოფის შესახებ.
    რას წარმოადგენენ დღეს საქართველოში მოქმედი პარტიები? ფაქტობრივად, თავიანთი სოციალური არსით, ისინი არიან ნახევრადკრიმინალური, ფსევდოპარტიული დაჯგუფებები, რომელთაც უმჭიდროესი კავშირი ჰქონდათ და აქვთ კრიმინალურ სამყაროსთან, მაფიოზურ კლანებთან, უფრო მეტიც - ზოგიერთი მათგანი პირდაპირ შეეზარდა კიდეც მაფიოზურ კლანებს, საკუთარი და მათი წარმომადგენლებით აავსო სახელმწიფოებრივი სტრუქტურები, «გააჯერა» აღმასრულებელი ხელისუფლება და მისი ძალისმიერი მექანიზმი.
    ნუ გაიკვირვებთ, მაგრამ დღეს საქართველოში მოქმედი ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, არცთუ ისე შორეულ წარსულში (სანამ დღევანდელ «გავლენას და პატივს» მიაღწევდა) ცხოვრობდა იმით, რომ მანქანებს იპარავდა და ქურდებს წილში უჯდებოდა - პოლიტიკურად იცავდა. დღეს უკვე იმდენად გამდიდრდნენ, გასივდნენ, გაფოფინდნენ, რომ ასეთი «წვრილფეხობა», რა თქმა უნდა, აღარ სჭირდებათ და უფრო «მაღალ მიზნებს» ეპოტინებიან ჭუჭყიანი ხელებით.
    ამჟამად, ქართული პოლიტოკრატიის მიზანია შექმნას ისეთი სახელმწიფოებრივი მოდელი, რომელიც მას სამუდამოდ გააბატონებს საქართველოში - არ დაუშვებს «უცხო სხეულის» შემოჭრას მათი ძალაუფლების სფეროში. ისინი უკვე დღეს იყოფენ გავლენის სფეროებს . . .
    ნუ გაქვთ არჩევნების იმედი - არჩევნებში ხმები ისე დაითვლება და ისე განაწილდება, როგორც მათ აწყობთ: არა ამომრჩევლის ნების მიხედვით, არამედ ამა თუ იმ პარტიულ-კრიმინალური დაჯგუფების რეალური ძალის (ფიზიკური ან ფულადი) გავლენის გათვალისწინებით.
    ამ ხერხით, თუნდაც ხალხში ძალზე არაპოპულარულმა პარტიამ შეიძლება საკმარისზე მეტი «ქულა» დააგროვოს და «რბილი სკამიც» დაისაკუთროს. ისიც გასათვალისწინებელია, რომ პოლიტოკრატიის ნაწილი ვერასდროს გაიმარჯვებს მთელზე, - ანუ მისი ბატონობა მხოლოდ კოლექტიური, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე შეიძლება იყოს, რაკი «დამარცხებულ» ნაწილს ყოველთვის რჩება უამრავი «არგუმენტი» - გამარჯვებულის წინააღმდეგ. სხვაგვარად რომ ვთქვათ: «მან ძალზე ბევრი იცის» იმისათვის, რათა დამარცხდეს და წავიდეს არენიდან.
    სწორედ ამიტომ, ტყუილად ჰგონია ზოგიერთს, რომ მომავალ არჩევნებში ერთი-ორი პარტია გაიმარჯვებს, ხოლო დანარჩენები კი სამუდამოდ წავლენ პოლიტიკური ასპარეზიდან - ნურას უკაცრავად! მომავალ არჩევნებში (რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები პროპორციით) გაიმარჯვებს კვლავ პოლიტოკრატია მთლიანობაში და არა მისი რომელიმე ნაწილი, რადგან (ვიმეორებ) ურღვევია კორპორაციული სული და მოქმედებენ კლანური კანონები, რომელთა დარღვევის უფლებასაც არავინ არავის მისცემს და თუ ვინმე მაინც გაბედავს. . . . . . საქართველოში უამრავი გაუხსნელი ტერორისტული აქტი მოხდა. . . . .
    ამიტომაც ვშიშობ რომ ჩვენი ქვეყანა უკვე ვეღარასოდეს მოიშორებს ამ ობობას, რომელიც განსაკუთრებული სიჯიუტითა და მიზანსწრაფულობით ქსოვს თავის ბადეს.
    დარწმუნებით შეიძლება ითქვას: კაცობრიობის ისტორიას არ ახსოვს, რომელიმე სოციალურ დაჯგუფებებს იმდენი ზიანი მიეყენებინოს საკუთარი სამშობლოსათვის, რამდენიც ქართულმა პოლიტოკრატიამ მიაყენა საქართველოს. სწორედ მის სინდისზეა (და არა ზვიად გამსახურდიას ან ედუარდ შევარდნაძის) ის საშინელი ნგრევა, რომელიც საქართველომ განიცადა; მის სინდისზეა ქვეყნის დამაქცეველი ძმათამკვლელი სამოქალაქო ომი, კრიმინალურ ხროვათა გაბატონება, აფხაზეთის დაკარგვა, მოსახლეობის სოციალური განადგურება და ასე შემდეგ. მის სინდისზეა საზოგადოებაში საშინებლი უზნეობის დამკვიდრებაც.
    სწორედ ამიტომ, ვერასგზით გაექცევა ისტორიულ პასუხისმგებლობას.

«მსგეფსი», 19-26 აპრილი, 1994 წელი.