«დავხვრიტოთ ჩეჩნები, არ ვესროლოთ აფხაზებს!»

«დავხვრიტოთ ჩეჩნები, არ ვესროლოთ აფხაზებს!»

 

    ლოთი ქობალიას სასამართლო პროცესზე ცნობილმა კინოოპერატორმა, წარსულში აქტიურმა პოლიტიკურმა მოღვაწემ გოგა ხაინდრავამ განაცხადა, რომ არასდროს აპატიებს ჩეჩნებს აფხაზეთში ქართველების წინააღმდეგ ბრძოლას: აფხაზს არ ვესვრი - ჩეჩენს კი არ დავინდობ, აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.
    მისი განცხადება უაღრესად დამახასიათებელია ქართული საზოგადოების განწყობისათვის; ამდენად, მასზე ნამდვილად ღირს ყურადღების გამახვილება. მით უმეტეს, რომ ეს განწყობა რამდენიმე მეტად უცნაურ სტერეოტიპს განეკუთვნება. თავად გოგა ხაინდრავასთან არანაირი პრეტენზია არ შეიძლება ვინმეს ჰქონდეს - გულწრფელი, ალალ-მართალი და პატიოსანი კაცია, ვერანაირ ანგარებას მას ვერ დააბრალებ, - დეკემბერ-იანვრის მოვლენებშიც და აფხაზეთის ომშიც იგი მონაწილეობდა სავსებით გულწრფელად, ეს პოზიცია გამომდინარეობდა მისივე შინაგანი რწმენიდან. ამით განსხვავდებოდა გოგა ხაინდრავა იმ ძალებისაგან, რომელთაც არაფერი ამოძრავებდათ ბოღმისა და დაუკმაყოფილებელი ამბიციის გარდა, რასაც გადააყოლეს საქართველო.
    მაგრამ გოგა ხაინდრავას ზემოხსენებულ განცხადებას თუ დავუბრუნდებით, მასში სრულად არის ასახული ჩვენი ქვეყნის ბოლოდროინდელი ტრაგედიისა და არანაკლებ ლოგიკური დღევანდელობის მთავარი მიზეზი, - პიროვნული პოზიციის გაურკვევლობა და ერთგვარი აღრეულობაც.
    დავაკვირდეთ, გოგა ხაინდრავა ამბობს: «აფხაზებს არ ვესვრი». კი მაგრამ, რატომ არ ესვრი? რა თქმა უნდა ეს განცხადება ბატონი გოგას რაინდული ბუნებიდან გამომდინარეობს: «აფხაზს არ ვესვრი» - არის გამოხატულება იმ გრძნობისა, რომელიც ქართველს უნდა ჰქონდეს ზოგადად აფხაზის მიმართ . . . მაგრამ აქ უეჭველად კონკრეტული მიზეზიცაა: გოგა ხაინდრავა «აფხაზს არ ესვრის» იმის გამო, რომ გულის სიღრმეში მიაჩნია, - აფხაზი თავის სამშობლოს იცავდა, მას სხვა სამშობლო არ გააჩნია. სწორედ ამიტომ არ ესვრის იგი აფხაზს, სწორედ ამიტომ არის მზად ყველაფერი აპატიოს . . . . გამოდის, გოგა ხაინდრავა (და მასთან ერთად ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი) აფხაზს მტრად არ აღიქვამს, არ ამოძრავებს სიძულვილი მის მიმართ, - აბა სხვაგვარად რით უნდა აიხსნას, რომ აფხაზს არ ესვრი? თუ მოსისხლე მტერია, თუ სამშობლო წაგართვა, თუ წარსული ძმობა შეგიგინა, თუ დედა გიტირა, დაგამარცხა, დაგამცირა - რატომ არ უნდა ესროლო? რატომ არ უნდა გადაუხადო სამაგიერო? რატომ არ უნდა იმოქმედო პრინციპით «სისხლი სისხლის წილ?» მაგრამ გოგა ხაინდრავას ამ პრინციპით მოქმედება არ შეუძლია იმიტომ კი არა, რომ აფხაზების ეშინია, ან ზოგადად არ შეუძლია მტერს ესროლოს (აკი იქვე ამბობს «ჩეჩენს არ დავინდობო»), არამედ სხვა მიზეზის გამო: მას შინაგანად სწამს, რომ აფხაზს ჰქონდა საფუძველი და უფლება იარაღი აეღო ხელში და მისთვის ესროლა; მას შინაგანად სწამს, რომ აფხაზის ბრძოლა რაღაცით გამართლებული იყო და სწორედ ამიტომ არ აღიქვამს მას მტრად, სწორედ ამიტომ ავრცელებს აფხაზზე თავის რაინდულ კოდექსს, რომლის თანახმად თუ ადამიანი მართალი საქმისთვის იბრძვის, შენ მისი სიმართლე უნდა აღიარო და არა უნდა ესროლო.
    არავითარი სხვა მიზეზი აქ არ შეიძლება არსებობდეს, - იმით, რომ «აფხაზს არ ესვრი», შენ აღიარებ, რომ აფხაზი თავად მართალი იყო, როდესაც იარაღია აიღო და გესროლა. აღიარებ, რომ იგი გარკვეულწილად იძულებული იყო ასე მოქცეულიყო, მას სხვა გზა არ ჰქონდა, თუ ასე არ არის, - ვიმეორებ კითხვას: რატომ არ უნდა ესროლო აფხაზს? მხოლოდ იმიტომ რომ აფხაზი ცოტაა და ქართველი ბევრი? მხოლოდ იმიტომ, რომ ის სუსტია და შენ ძლიერი? მაგრამ ჯერ ერთი, როგორღა არის სუსტი, როდესაც დედა გიტირა, დაგამარცხა და სამშობლოდან გაგაძევა, როგორღა არის სუსტი როდესაც მოგერია? თუ მოგერია, ესე იგი შენზე ძლიერია ან ყოველ შემთხვევაში სისუსტის გამო აღარ დაინდობა! მაშ, რატომ არ უნდა ესროლო?
    თუ აფხაზი კი არა, მისი ხელით სხვა გებრძოდა - მით უარესი აფხაზისთვის. მას ხომ საზარელი მუხთლობა ჩაუდენია, უზნეოდ მოქცეულა: ათასწლეულებით შეზრდილ ძმას, ქართველს, - სხვა ამჯობინა, სხვას ამოეფარა, სხვისი ხელით დაგამარცხა . . . . განა დაინდობა ამის შემდეგ და მაინც, - რატომ არ უნდა ესროლო? ამიტომ, ვიმეორებ ამ განცხადებას: «აფხაზს არ ვესვრი», ერთადერთი ახსნა შეიძლება ჰქონდეს, - აფხაზს არ ესვრის არა იმიტომ, რომ იგი ზოგადად მიაჩნია ძმად, არა იმიტომ, რომ მცირერიცხოვანია და ებრალება, არამედ იმის გამო, რომ, მისი ღრმა რწმენით, აფხაზის ბრძოლას გამართლება ჰქონდა, აფხაზი თავის სამშობლოს იცავდა, მას სხვა სამშობლო არ გააჩნია, ანუ აფხაზი მართალი საქმისთვის იბრძოდა, - მას თავისი სიმართლე გააჩნია, იგი მართალი იყო - იმიტომ არ ესვრის აფხაზს!
    ზოგიერთს შეიძლება მოეჩვენოს: გოგა ხაინდრავა გულისხმობს, რომ აფხაზეთის ომში ორივე მხარე მართალი იყო, - აფხაზიც მართალი იყო და ქართველიც. იქნებ ამიტომ ამბობს «აფხაზს არ ვესვრიო?» იქნებ იმას გულისხმობს, რომ თუ აფხაზს ჰქონდა თავისი სიმართლე, სიმართლე ქართველსაც ჰქონდა? მაგრამ თავისი სიმართლე ყველას შეიძლება ჰქონდეს. თავისი სიმართლით ნებისმიერი ბოროტებისა და დანაშაულის გამართლება შეიძლება. მაშასადამე, «თავისი სიმართლე» კი არ არის მთავარი, არამედ ზოგადი სიმართლე . . . გოგა ხაინდრავა არ იტყოდა, «აფხაზს არ ვესვრიო», აქ საქმე მხოლოდ «თავის სიმართლეში» რომ იყოს; საქმე ის გახლავთ, რომ, როგორც ჩანს, მისი აზრით აფხაზებს არა მხოლოდ თავისი სიმართლე გააჩნიათ, არამედ ზოგადი სიმართლეც, - ისინი, გარკვეულწილად, ზოგადადაც მართალნი არიან, ამიტომ არ ესვრის აფხაზს.
    ლოგიკურ ჯაჭვს შემდეგ საკითხთან მივყავართ ბუნებრივად: აფხაზიც მართალი იყო (ზოგადად) და ქართველიც. მაგრამ ეს შეუძლებელია! ორ დაპირისპირებულ მხარეთაგან თითოეულს შეიძლება «თავისი სიმართლე» ჰქონდეს, მაგრამ ყოვლად შეუძლებელია ორივე მათგანი მართალი იყოს სიმართლის იმ საერთო ზოგადი ღირებულების მიმართ, რომელიც ობიექტურად არსებობს, - კაცობრიობის მიერ გამომუშავებულ და ადამიანთა მოდგმის მიერ დაკანონებული კრიტერიუმს მხოლოდ ერთი მხარე შეიძლება შეესაბამებოდეს; ორივე არ შეიძლება იყოს მართალი. ან აფხაზი იყო მართალი, ან ქართველი.
    თუ ქართველი აფხაზეთში სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას იცავდა, მაშინ ორი აზრი არ უნდა არსებობდეს, - ქართველი აფხაზეთში იბრძოდა მართალი საქმისთვის, მისი საქმე იყო წმიდათა-წმიდა და ღვთითკურთხეული, მას სრული უფლება ჰქონდა ებრძოლა, ხოლო რას ნიშნავს ბრძოლა? ბრძოლა მტრის დამარცხებას ნიშნავს, სხვა აზრი და შინაარსი ბრძოლას არ გააჩნია; არავინ იბრძვის დამარცხებისთვის - ყველა ყოველთვის იბრძვის გამარჯვებისთვის ანუ ქართველი აფხაზეთში იბრძოდა იმისთვის რათა დაემარცხებინა მტერი.
    ვინ იყო ეს მტერი? რასაკვირველია, გლობალური თვალსაზრისით აფხაზეთში სხვა გვებრძოდა, მაგრამ ხომ აფხაზის ხელით გვებრძოდა, ხომ აფხაზის გამოყენებით, ხომ მასზე დაყრდნობით გვებრძოდა? მაშასადამე, თუ აფხაზს ესვრი, ამით იმ სხვას ესვრი, - აფხაზი დასანდობი არ არის, ქართველი ხომ მართალი საქმისთვის იბრძოდა აფხაზეთში? ბრძოლა კი (კვლავ და კვლავ) მტრის დამარცხებას ნიშნავს. აფხაზს ესვრი თუ იმ სხვის ჯარისკაცს - მნიშვნელობა არა აქვს. ამ შემთხვევაში აფხაზი და ის სხვა ერთი მთლიანია, - მტერია, რომელიც უნდა მოსპო და გაანადგურო. მაშ როგორღა, რატომღა ამბობ «აფხაზს არ ვესვრიო?». დასკვნა მხოლოდ ერთია: თუკი ამბობ, რომ აფხაზს არ ესვრი, მაშასადამე, აღიარებ, გრძნობ, რომ აფხაზი მართალი იყო, ხოლო რაკი ორი სიმართლე არ შეიძლება არსებობდეს, აღიარებ იმასაც, რომ აფხაზი მართალი იყო, შენ კი მტყუანი.
    სხვაგვარად არ შეიძლება, ან აფხაზი იყო მართალი ან ქართველი. თუ აფხაზი მართალი იყო, მაშინ ქართველი - მტყუანი გამოდის; ხოლო თუ ქართველი იყო მართალი, მაშინ აფხაზი - მტყუანია; არ შეიძლება ორივე მართალი იყოს! არ შეიძლება ორივე სამშობლოს იცავდეს, არ შეიძლება ორივე მართალი საქმისთვის იბრძოდეს, სამშობლო არც ორი არსებობს, არც გაორებული - სამშობლო ერთია და განუყოფელი.
    ამრიგად, ჩემი ღრმა რწმენით, განცხადება «აფხაზს არ ვესვრი» უეჭველად, უეჭველად გამომდინარეობს იმ ცნობიერი (თუ ქვეცნობიერი) შეხედულებიდან, რომ აფხაზი მართალი იყო. მაშინ ისმის კითხვა, რომელიც გოგა ხაინდრავას განცხადების მეორე ნაწილიდან გამომდინარეობს (აფხაზს, არ ვესვრი - ჩეჩენს კი არ დავინდობ): თუ აფხაზს არ ესვრი, მაშინ ჩეჩენს რატომ არ დაინდობ? თუ მიგაჩნია, რომ აფხაზი მართალი იყო, მაშინ რატომ მიგაჩნია ჩეჩენი მტყუანად? პასუხი ასეთია: იმიტომ, რომ აფხაზი საკუთარ სამშობლოში ცხოვრობს, თავის მიწა-წყალს იცავდა, ჩეჩენი კი გადამთიელია, იგი ჩემს(?) სამშობლოში ჩამოვიდა, ჩემს სახლში (?) შემოიჭრა, სხვის საქმეში ჩაერია, მესროლა, მომკლა, შეურაცხმყო, - ამიტომ უნდა ვესროლო, ამიტომ არ უნდა დავინდო!
    კი მაგრამ, დალოცვილო, თუ აფხაზი მართალი იყო, მაშინ აფხაზეთი როგორღა არის შენი სამშობლო? თუ აფხაზი მართალი იყო, გამოდის იგი სამშობლოს იცავდა, შენ კი მისთვის სამშობლოს წართმევას ცდილობდი; თუ შენ სამშობლოს იცავდი, მაშინ აფხაზი მართალი ვერასგზით ვერ იქნებოდა, ხოლო თუ აფხაზი მართალი იყო, თუ იგი სამშობლოს იცავდა, თუ გაორებული სამშობლო არ შეიძლება არსებობდეს, ისევე როგორც არ შეიძლება არსებობდეს ორი სიმართლე, ორი ჭეშმარიტება თუ (აქედან გამომდინარე) ის მიწა-წყალი აფხაზის სამშობლოა და არა ქართველის, მაშინ რას ერჩი ჩეჩენს? გამოდის, რომ შენ სამშობლოში კი არ ჩამოვიდა, შენ კი არ შემოგეჭრა სახლში, არამედ პირიქით, შენ შეიჭერი სხვის (აფხაზის) სამშობლოში, შენ ცდილობდი მისთვის (აფხაზისთვის) სამშობლო წაგერთმია.
    არ შეიძლება ერთი და იგივე ტერიტორია ორი სხვადასხვა ერის სამშობლო იყოს, ხოლო ჩეჩენი აფხაზის სამშობლოში ჩასულა იმისთვის, რათა მცირერიცხოვან აფხაზ ერს დახმარებოდა, მოეგერიებინა ქართველთა აგრესია; აბა სხვა რა სურდა ქართულ ჯარს აფხაზეთში? რასაკვირველია, ქართული ჯარის მიზანი იყო აფხაზები დაემარცხებინა; თუ აფხაზი მტერი იყო, ეს მიზანი სავსებით გამართლებულია. მაშინ მტერს უნდა ესროლო არა მხოლოდ ომის დროს, არამედ ომის შემდეგაც, ყოველთვის უნდა იყო მზად ესროლო მტერს, ყოველთვის უნდა გწამდეს შენი სიმართლისა, ხოლო თუ ომის დამთავრების შემდეგ ამბობ «აფხაზს არ ვესვრიო» - ამით აღიარებ, რომ მართალი არ იყავი, როდესაც აფხაზეთში ომს აწარმოებდი.
    აქ ხომ ომის დაწყება-არდაწყებაზე არ არის საუბარი. შეიძლება აფხაზი მტრად მიგაჩნდეს, მაგრამ ომის დაწყება არ გსურდეს პოლიტიკური მიზეზების გამო. გოგა ხაინდრავას ეს არ უგულისხმია, მისი განცხადება «აფხაზს არ ვესვრი» - იყო არა პოლიტიკური არამედ მორალური დამოკიდებულების გამოხატვა და რაკი ასეა, თუ აფხაზის ბრძოლა გამართლებული იყო მორალურად, მაშინ გამოდის, რომ მორალურად გამართლებული იყო ჩეჩენის ბრძოლაც, ჩეჩენი ხომ იმას ცდილობდა რომ აფხაზის დამარცხება არ დაეშვა?
    აი, ამგვარ აბსურდამდე მივყავართ განცხადებას «აფხაზს არ ვესვრი მაგრამ ჩეჩენს არ დავინდობ». თუ აფხაზს არ ესვრი, მაშინ ჩეჩენსაც არ უნდა ესროლო, ხოლო თუ ჩეჩენს არ დაინდობ, მაშინ არც აფხაზია დასანდობი.
    პატივცემულ მკითხველს ვთხოვ ნუ განრისხდება და ავტორს იმას ნუ დააბრალებს, რაც მას აზრადაც არ გაუვლია: აფხაზეთი საქართველოს განუყოფელი, სისხლხორცეული ნაწილია; წყეულიმც იყოს საქართველოს ყველა მტერი და დუშმანი, მაგრამ ერთი რამ უნდა გავიგოთ - ომი აფხაზეთში იყო უბინძურესი პროვოკაცია არა მხოლოდ ქართველებისა და აფხაზების, არამედ მთლიანად, მთელი კავკასიის, კავკასიელ ხალხთა ბუნებრივი ერთიანობის წინააღმდეგ.
    ეს რომ პროვოკაცია იყო თუნდაც შემდეგი მაგალითიდან ჩანს: ჩეჩენი აფხაზეთში ათჯერ, ოცჯერ ნაკლები იბრძოდა, ვიდრე ვთქვათ ადიღეველი ან ყაბარდოელი, მაგრამ ამ უკანასკნელთა მიმართ არანაირი აგრესია არ იგრძნობა, მათ წინააღმდეგ არ ყალიბდება მტრის სტერეოტიპი, არავინ ამბობს «ადიღეველს არ დავინდობ», ან «ყაბარდოელს არ დავინდობო» - პირიქით, მათთან უკეთესი ურთიერთობებიც კი აქვთ, ვიდრე ჩეჩნებთან. რატომ? პასუხი ერთია: იმიტომ, რომ ჩეჩენი იბრძვის თავისუფლებისათვის, ჩეჩენი სისხლისგან იცლება, ადიღე-ყაბარდოელი კი მონურ ბედს დაემორჩილა . . . . მაშასადამე ჩეჩენის ჩაწიხვლა ადვილია, ადიღე-ყაბარდოელს კი ის სხვა დაიცავს ვისაც ეყმო - ამდენად, ძლიერია და საშიში.
    ვაი, რომ გაიმარჯვა იმ სხვამ! გაიმარჯვა სიცრუითა და გველური ეშმაკობით, გაიმარჯვა ძმის-ძმაზე გადაკიდებით, შხამისა და ბოღმის თესვით, გაიმარჯვა ერთხელ და სამუდამოდ.

«კვირიონი», 14 სექტემბერი, 1996 წელი.