ომის სუნთქვა: პანკისელ ფანატიკოსთა განადგურება ლაფანყურთან

ომის სუნთქვა: პანკისელ ფანატიკოსთა განადგურება ლაფანყურთან

    რუსეთ-საქართველო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე მომხდარმა ინციდენტმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რა მყიფეა მშვიდობა საქართველოში. უფრო ზუსტად კი, რა მყიფეა თვით საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც გარს გვარტყია. ჩვენი საბრალო ქვეყანა ტოლკიენის „ხმელთაშორეთს“ ჰგავს - ჰობიტთა პატარა სამშობლოსავით რომ სუნთქავს საზარელი ურჩხულებისა და გაუთავებელი ომების გარემოცვაში.
    თავდაპირველად, თვით ოპერაციის შესახებ, რომელსაც სამი სამხედრო მოსამსახურე შეეწირა: სოფელ ლაფანყურის მაცხოვრებლები, რომლებიც ლოპოტას ულამაზეს ხეობაში საქეიფოდ ავიდნენ, შემთხვევით შეეჩეხენ დაღესტნიდან გადმოსულ რაზმს. ოფიციალური ცნობით, დაუპატიჟებელ სტუმართა ოდენობა ოცს არ აღემატებოდა, თუმცა ზუსტად ეს არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს: „ნულოვანი წლების დასაწყისში“ პანკისის ხეობაში ხუთასამდე „ბოევიკი“ იყო რუსლან გილაევის მეთაურობით.
    „სტუმრებს“ ადგილობრივებთან შეხვედრა არ ესიამოვნათ: საქართველოს წინააღმდეგ ისინი არაფერს გეგმავდნენ, - ჩვენი ქვეყნის გამოყენება „მხოლოდ“ თავშესაფრად სურდათ იმ მოვლენათა გათვალისწინებით, რაც დაღესტანში განვითარდა. თუმცა ამაზე ქვემოთ.
    აქვე გავითვალისწინოთ, რომ „ძებნის ოპერაცია“ ნებისმიერ შემთხვევაში დაიწყებოდა: დაკარგულები თუ აღარ გამოჩნდებოდნენ (მკითხველი მიხვდება, რასაც ვგულისხმობ), მათ საძებნელად მაინც დიდი ძალები გაიგზავნებოდა საზღვარზე. ამიტომ დაღესტნელებმა ამჯობინეს, მძევლებისთვის არაფერი დაეშავებინათ, არამედ გამოეყენებინათ ისინი ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისას. როდესაც მესაზღვრეებმა მიაგნეს, „ბოევიკებმა“ ლაფაყურელები გაათავისუფლეს და უკვე ისინი აიყვანეს ტყვედ. უწყინარი მაცხოვრებლების ნაცვლად მესაზღვრეების დაკავება ომსა და მშვიდობაზე ჩრდილოკავკასიურ წარმოდგენათა სტილშია; შემდეგ კი, ნაცვლად მესაზღეებისა, ის პოლიციელები და სამხედროები დააკავეს, რომლებიც დანებებასა და იარაღის დაყრას სთავაზობდნენ.
    ამ შემთხვევაში, ბაჩო ახალაიას ულტიმატუმზე უარი დაჯგუფების წევრთა პრაგმატული გადაწყვეტილება იყო: გასაგებია, ბრძანება თბილისიდან მოდიოდა და ისიც ცხადია, რომ თუ დაღესტნელებს დაატყვევებდნენ, მოსკოვი აუცილებლად მოითხოვდა მათ ექსტრადირებას, ხოლო საქართველოს ხელისუფლება ამ მოთხოვნას დაეთანხმებოდა (უბრალოდ სხვა გზა არ ექნებოდა), რათა ისედაც დაძაბულ ვითარებაში კრემლისთვის საბაბი არ მიეცა „ტერორიზმის მხარდაჭერის“ ძველის-ძველ ბრალდებათა განსაახლებლად.
    ამავე მიზეზით, თბილისი ვერც მოჯაჰედთა ბოლო წინადადებას დათანხმდებოდა: „საქართველოს არაფერს ვერჩით, რაკი აღმოგვაჩინეთ, მზად ვართ დაღესტანში დავბრუნდეთო“. რუსეთის სასაზღვრო უწყებას მაშინ უკვე გაცხადებული ჰქონდა აშკარა ტყუილი, რომ თურმე ეს რაზმი დაღესტნიდან კი არ შემოვიდა საქართველოში, არამედ პირიქით, საქართველოდან - დაღესტანში აპირებდა გადასვლას; ანუ მოსკოვი მხოლოდ საბაბს ელოდა იმავე ბრალდებათა გასაჟღერებლად. თანაც, იმ ვითარებაში, როდესაც უკვე იწყება უპრეცედენტო სამხედრო მანევრები შავიდან - კასპიის ზღვამდე სტრატეგიული ავიაციისა და სამხედრო ფლოტის გამოყენებით. ამ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლებისთვის ერთადერთი გამოსავალი მომხდურთა ნებისმიერ ფასად განადგურება იყო. სხვა ყველა სვლა პრობლემატური და წამგებიანი აღმოჩნდებოდა.
    როგორც მოგვიანებით პრეზიდენტმა აღიარა, დაღესტნელები კარგად იყვნენ შეიარაღებულნი და მაგრადაც იბრძოდნენ. შედეგად, 11 მოჯაჰედი კი განადგურდა, მაგრამ სამი ახალგაზრდა მეომარი დავკარგეთ. თუმცა, ეს ეპიზოდი გახდა მკაფიო მესიჯი ყველა ჩრდილო კავკასიელი მეამბოხისთვის, რომ საქარველო მათ თავშესაფრად ვერ გამოდგება: თუ თავშესაფარს ეძებენ, „მოძმე აფხაზეთს“ მიმართონ, რომლის „დამოუკიდებლობისთვისაც“ იბრძოდნენ 20 წლის წინ.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    რამდენიმე სიტყვა დაღესტანში შექმნილი ვითარების შესახებ: ჩვენთვის ეს „სხვისი ომია“, მაგრამ მაინც ძალიან საშიში, სახიფათო, უმოწყალო და საზარელი ომი! საოცარია, რა სიტყვა-სიტყვით იმეორებს ქართული მედია და ზოგიერთი ექსპერტი რუსული პროპაგანდის კლიშეებს. მაგალითად, რატომღაც არავინ აყენებს ეჭვქვეშ დაღესტნის შეიხ საიდ ეფენდი ალ ჩირკავის მკვლელობის ოფიციალურ ვერსიას, რომ თურმე იგი „შეჰიდმა ქალმა ააფეთა“ იმის გამო, რომ შეიხი სალაფიტებსა და ტრადიციული ისლამის მიმდევართა შერიგებას ცდილობდა.
    ეს აშკარა ტყულია: ჩრდილო კავკასია არც არაბეთია და არც ავღანეთი. ჩრდილო კავკასიელებისთვის (იმავე დაღესტნელებისთვის) ეთნიკური იდენტიფიკაცია უფრო მნივნელოვანია, ვიდრე რელიგიური. მით უმეტეს გამორიცხულია, ისლამის სიწმინდის მოტივით მაჰმადიანმა-მაჰმადიანი (მთიელმა ქალმა - უხუცესი) მოკლას: ამ რეგიონში სხვა კულტურა და ეთიკური სისტემაა.
    ამდენად, ბევრად უფრო სარწმუნოდ ის ვერსია მიმაჩნია, რომ შეიხი რუსულმა სპეცსამსახურებმა მოკლეს: მის სახლში წინასწარ დამონტაჟებული ბომბი მაშინ ააფეთქეს, როდესაც იქ სალაფიტები შევიდნენ მოლაპარაკებისთვის. „თვითმკვლელმა ქალმა სხეულზე დამონტაჟებული ბომბი ააფეთქაო“. კი მაგრამ, ვინ ჩაატარა ექსპერტიზა და ვინ დაადგინა, მართლა ასე მოხდა აფეთქება თუ ბომბი „გარედან“ მოიყვანეს მოქმედებაში სწორედ იმ დროს, როცა უდიდესი ავტორიტეტის შეიხი სალაფიტებისა და სუფიტების მორიგებას ცდილობდა?
    ამით ორ მიზანს მიაღწიეს ერთდროულად: არ დაუშვეს მაჰმადიანთა ორი ჯგუფის კონსოლიდაცია და ააგორეს რეპრესიათა ახალი ტალღა დაღესტანში, რითაც აიძულეს ვაჰაბიტები „გარეთ“ (საქართველოში) ეძებათ თავშესაფარი, ანუ მიეცათ რუსეთისათვის საბაბი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის განსაახლებლად.
    რუსული პროპაგანდის კალკირების მეორე მაგალითია დერბენტის ეპიზოდი, სადაც, როგორც საყოველთაოდ დამკვიდრებული რუსული კლიშე გვამცნობს „ვაჰაბიტმა კონტრაქტორმა შვიდი სამხედრო მოსამსახურე მოკლა“. რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება, რომ იმ „კონტრაქტორის“ გვარი ალიევია, ხოლო დახოცილი მეომრები ციმბირელი რუსები არიან, ანუ ეს არა რელიგიური, არამედ ეთნიკური შურისძიება იყო! მაგრამ ეს დისკურსი რუსეთს კატეგორიულად არ აძლევს ხელს, ამიტომაც ცდილობს დისკურსის შეცვლას და მის გადაყვანას რელიგიური ფანატიზმის სფეროში.
    ბუნებრივია, მოსკოვისთვის იდეალური იქნება კახეთის მთიანეთში დაძაბულობის კერათა მუდმივად შენარჩუნება. დაღესტნის იმარატი დაგვემუქრა კიდეც „საშინელი შურისძიებით უდანაშაულო მოჯაჰედთა დახოცვის გამო“. იმ რელიეფსა და ბუნებაში პარტიზანთა დევნა კი უამრავ პრობლემასთანაა დაკავშირებული. საბედნიეროდ, საქართველოს მოკავშირე ამ შემთხვევაში არა რუსეთი ან ნატო (სასაცილოა ამ საკითხში მისი დახმარების იმედად ყოფნა), არამედ კავკასიონის მთები და მომავალი ზამთარია, რომელიც ყრუდ ჩაკეტავს ყველა საცალფეხო ბილიკს „ომის ტერიტორიიდან“ - მშვიდობიანი კახეთისაკენ.

2012