ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალ ავანტიურაში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ

ჩეჩნეთის წინააღმდეგ ახალ ავანტიურაში საქართველოს ჩათრევას ცდილობენ

     

 პარასკევს, რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების განხორციელების შესახებ.
   იგულისხმება ბლოკადა, რომელიც ისედაც ხორციელდებოდა 7 წლის განმავლობაში, მაგრამ ამჯერად ყოვლისმომცველი გახდება: ჩეჩნეთის ტერიტორიაზე ვეღარ გაივლის საქართველოდან და აზერბაიჯანიდან მომავალი მატარებლები. ორი წელია რუსეთი გაფაციცებით აშენებდა შემოვლით სარკინიგზო ხაზს დაღესტანში. ამჟამად, როგორც ჩანს, ხაზი მზად არის. ამიტომაც მიიღო ეს გადაწყვეტილება. ისევე როგორც მზად არის, ალბათ, შემოვლითი გაზსადენი აზერბაიჯანის «მცირე ნავთობის» ექსპორტირებისთვის ნოვოროსიისკისკენ; სხვა შემთხვევაში, ჩეჩნეთს შეუძლია «საპასუხო ზომის» სახით გადაკეტოს ნავთობსადენი, რაც საქართველოსთვის (ასევე უნდა ითქვას) უაღრესად ხელსაყრელი და მომგებიანია.
        მაგრამ ეს სხვა საკითხია. ამჯერად გაცილებით საინტერესო და ნიშანდობლივი ის გარემოებაა, რომ რუსეთმა ღიად, დაუფარავად, დეკლარირებულად მიმართა ბლოკადას როგორც პოლიტიკურ ზემოქმედების ხერხსა და მეთოდს.
        ამის საწინააღმდეგოდ რაღაც არ ისმის რუსული «გოსდუმის» დეპუტატთა, როგორც კომუნისტთა ასევე, ეგრეთ წოდებულ «დემოკრატთა» პროტესტები. არადა, აფხაზეთის «ბლოკადის» გამო ისინი დღენიადაგ გამოთქვამენ პროტესტს. «დემოკრატი» ეგორი იავლინსკი ქართველ ჟურნალისტთან საუბარში ზიზღით აღნიშნავდა: «როგორ არ გრცხვენიათ ქართველებს აფხაზი ბავშვები ხომ აფხაზეთში შიმშილით იხოცებიან, ადამიანები არ ხართ, ელემენტარული ადამიანობა ხომ უნდა გამოამჟღავნოთო...»
        ახლა რაღაც არ ისმის მისი საპროტესტო განცხადება «ჩეჩენი ბავშვების გადასარჩენად», რომელთაც უფრო მეტად ემუქრება შიმშილით სიკვდილის საფრთხე ვიდრე აფხაზეთს, ვინაიდან კარგად ვიცით, რა «ბლოკადასაც» ახორციელებს რუსეთი მდინარე ფსოუზე - «რუსეთ-აფხაზეთის» საზღვარზე; მცირეოდენი შეზღუდვები კი სულაც არ უშლით ხელს აფსუა სეპარატისტებს, რათა გაიტანონ ყველაფერი, რაც სურთ და სჭირდებათ.
        მიუხედავად ამისა, «გოსდუმის» წარმომადგენელმა საქართველოს ევროსაბჭოში მიღებისას ცრემლები ღვარა: «საქართველო აფხაზი ხალხის წინააღმდეგ ბლოკადას მიმართავს, რაც არაადამიანური სისასტიკეა - ფაშისტურ ქვეყანას ევროსაბჭოში როგორ იღებენო?!»
        ახლა აღარც ის დედაკაცი ჩანს სადმე. პირიქით, - რუსი დეპუტატები ყოველნაირად უწყობენ ხელს მთავრობას, რომ რაც შეიძლება მკაცრი სანქციები განხორციელდეს ჩეჩნეთის წინააღმდეგ. შესაბამისი დადგენილებაც კი მიიღეს, ოღონდ მასში «ბლოკადა», რა თქმა უნდა, არც ერთხელ არ იყო ნახსენები;
        ეს განსაკუთრებით გაიძვერულად შენიღბეს: «მთავრობამ უნდა განახორციელოს ზომები, რათა არ დაუშვას ჩეჩნეთში იარაღის შეტანა, ბოევიკების შეღწევა მეზობელი რესპუბლიკების ტერიტორიაზე».
        რეალურად ჩეჩნეთის გარშემო ნამდვილი ბლოკადა ხორციელდება. ინგუშეთ-დაღესტნისა და სტავროპოლის ტერიტორიაზე კონცენტრირებულია შინაგან ჯართა და სადესანტო დანაყოფთა მნიშვნელოვანი კონტინგენტი, გადაკეტილია ყველა გზა თუ საცალფეხო ბილიკი, ჩეჩნეთს შეუწყდა ელექტროენერგიის, აგრეთვე ბუნებრივი აირის მიწოდება: რაც მთავარია, ჩეჩნეთს აღარ აქვს საშუალება, გაყიდოს ერთადერთი სიმდიდრე - ნავთობი, ან გაცვალოს იგი პურსა და სურსათზე.
        ყველაზე მეტად აღმაშფოთებელი ისაა, რომ რუსეთის ხელისუფლება აქტიურად ცდილობს, საქართველო დაურთოს მთელს ამ ისტორიას. კრემლის მიერ კონტროლირებადი საინფორმაციო სააგენტო «იტარ-ტასი» ავრცელებს ცნობას, თითქოს თბილისმა მიმართა მოსკოვს თხოვნით, შეეცვალა მატარებლების მოძრაობის გრაფიკი.
        ამ მორიგი გაიძვერობით სურთ განამტკიცონ ჩრდილოეთ კავკასიაში ანტიქართული სტერეოტიპები და შექმნან ისეთი შთაბეჭდილება, რომ ლამის რუსეთი კი არა, საქართველო ახორციელებს «თავისუფლების მოყვარე ჩეჩნეთის» ბლოკადას.
        გაუგებარია, ამჟამად მაინც რატომ არ შეიძლება რუსეთს მოვთხოვოთ, შეწყვიტოს კატა-თაგვობანას თამაში ფსოუს საზღვარზე? «შეღავათები კი არ დააწესოს», არამედ მთლიანად ჩაკეტოს საზღვარი, ისევე როგორც თავად აკეთებს ამას ჩეჩნეთში?
        თუ არ დაგვთანხმდება, მაშინ, დავემუქროთ, რომ საქართველო-ჩეჩნეთის საზღვარზე დავაწესებდთ ისეთივე რეჟიმს, როგორიც რეალურად არსებობს რუსეთ-აფხაზეთის საზღვარზე.
        მაგალითად, თუ ფსოუზე შეუძლია გადაადგილება ყველას, «საბრძოლო ასაკის» მამაკაცთა გარდა, დანარჩენებს კი იქვე, ადლერთან ხვდებათ ავტობუსები და კომფორტულად მგზავრობენ სოჭამდე, რატომ არ შეიძლება იგივე გავაკეთოთ ჩვენც ჩეჩნეთის საზღვარზე: დაე, ჰქონდეს საქართველოს საზღვრის გადმოკვეთის უფლება ყველას, საბრძოლო ასაკის მამაკაცთა გარდა (როგორც ფსოუზეა); დაე, მათაც დახვდეთ იქვე საზღვართან ავტობუსები (რაკი ფულის გადამხდელები არიან ავტობუსების მეტი რა დახვდებათ?) და ისევე კომფორტულად იმგზავრონ თბილისამდე ან თუნდაც სტამბულამდე, როგორც აფსუა სეპარატისტები მგზავრობენ სოჭამდე და მოსკოვამდე?
        რატომ არ იყენებს საქართველოს ხელისუფლება ამ შესაძლებლობას? დარწმუნებული ვარ, იგი ძალზე ქმედითი მეთოდი იქნება რუსეთზე ზემოქმედებისათვის. რუსეთი უეჭველად ჩაკეტავს მთლიანად საზღვარს მდინარე ფსოუზე. მით უმეტეს, რომ თუ ყურადღებით დავაკვირდებით, არძინბასა და მთლიანად, აფსუანური სეპარატიზმისადმი სიმპათია მოსკოვში მნიშვნელოვანწილად გაუნელდათ. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ: სოხუმის ამჟამინდელ ხელისუფალთ სულაც არ ეპიტნავებათ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლა, არამედ «დამოუკიდებელი სახელმწიფოს», მშენებლობას აპირებენ, რომელიც თავის მხრივ თურქეთზე იქნება ორიენტირებული, სადაც «ნახევარმილიონამდე აფსუა მოჰაჯირი» ცხოვრობს.
        ამ წინააღმდეგობათა ჭკვიანურად გამოყენებით, შეიძლება იმასაც კი მივაღწიოთ, რომ რუსეთი დათანხმდეს ზღვიდანაც განახორციელოს აფხაზეთის ბლოკადა, რასაც დღემდე არ თანხმდებოდა სეპარატისტთა გააფთრებული წინააღმდეგობის გამო.
        იმავდროულად, ცოტა არ იყოს უცნაური პოზიცია დაიკავა ჩეჩნეთის ამჟამინდელმა ხელისუფლებამ - იგი საქართველოს მიმართავს «დახმარებისა და თანადგომის» თხოვნით. პრეზიდენტ მასხადოვის თქმით, «საქართველოსა და ჩეჩნეთს მრავალათასწლოვანი მეგობრობა აკავშირებს». ამიტომ საქართველო არ უნდა იყოს გულგრილი, როდესაც რუსეთი ფაშისტური გენოციდის პოლიტიკას ატარებს ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ.
        ბუნებრივად ჩნდება კითხვა: კი მაგრამ, თქვე დალოცვილებო, თუ საქართველო ასე გიყვართ, თუ იგი «მეგობრად» მიგაჩნდათ, მაშინ რატომ სვით ქართველების სისხლი პეშვით აფხაზეთში? შამილ ბასაევი ხომ ეგრეთ წოდებული «კონფედერაციის შეიარაღებულ ძალთა» მთავარსარდალი იყო და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მოსახლეობის ველურ ხოცვა-ჟლეტაში, რასაც აფსუა ფაშისტები ახორციელებენ?
        თუ ასეა, მე რატომ მომმართავ თხოვნით დახმარების შესახებ - მიმართე იმას, ვისაც თავად ეხმარებოდი, ანუ აფხაზეთს! სწორედ სეპარატისტული აფხაზეთია მორალურად ვალდებული, დაეხმაროს ჩეჩნეთს, თორემ საქართველოს, ამ თვალსაზრისით არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. პირიქით, სავსებით მორალური და გამართლებული იქნება, თუ რუსეთს დავეხმარებით და ამ გზით გადავუხდით სამაგიეროს ჩვენს სისხლისმსმელებს.
        საოცარია, მაგრამ ფაქტია: ზემოთ თქმულის მიუხედავად, ჩეჩნეთი რატომღაც არძინბასა და აფხაზეთს კი არ მიმართავს თხოვნით დახმარების შესახებ, «მთიელ ხალხთა კონფედერაციას» კი არ სთხოვს დახმარებას, არამედ საქართველოს ეხვეწება, შემიბრალე და დამეხმარე, - ხომ ხედავ რას მიშვებიანო.
        საინტერესოა, სად არის «მთიელთა სოლიდარობის სულისკვეთება», რაც აფხაზეთში უბედური, მშვიდობიანი ქართველების ჟლეტის იდეოლოგიური საფუძველი იყო? სად არიან ახლა ის ვირთხები ეგრეთ წოდებული «მთიელ ხალხთა კონფედერაციიდან», რომლებიც ასეთი «ვაჟკაცები» იყვნენ უმწეო საქართველოს განადგურებისას, ხოლო რუსეთს ვერ უბედავენ იგივეს და ამიტომ შეძვრნენ ისევ თავიანთ ბინძურ სოროებში?
        რატომ არ მიმართავს შამილ ბასაევი დახმარებისათვის «მთიელ ხალხთა კონფედერაციას»? სად არის ნაძირალა იური შანიბოვი? ან იუსუფ სოსლანბეკოვი? სად არიან ის ყაბარდოელები, ადიღეველები, ჩერქეზები, ვინც იმავე რუსეთის მხარდაჭერით აღფრთოვანებულნი, ნეტარებით ხოცავდნენ ქართველებს და ანადგურებდნენ საქართველოს?
        არადა, 1992-1993 წლებში მათ უამრავი საშუალება ჰქონდათ ღირსეულად დაემთავრებინათ ომი ისე, რომ არც საქართველო გაენადგურებინათ და აფსუათა მრავალი მოთხოვნაც დაეკმაყოფილებინათ. არ მოინდომეს, - საქართველოს დამცირება და გაჩანაგება არჩიეს - ახლა ყველაფერი საკუთარ თავს დააბრალონ ბასაევებმა, შანიბოვებმა და სოსლანბეკოვებმა. თავს დააბრალონ უპირველესად ის, რომ თავად ნამუსართმეულნი და გაუპატიურებულნი სხედან სოროებში, როცა მათ «ძმებს» საბოლოოდ ანადგურებენ.
       

სამეგრელოში ანდრეი სახაროვის გეგმა ხორციელდება
       

        ფოთში საზოგადოება «სამეგრელოს» შექმნამ ქართული საზოგადოების აღელვება და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია. ამ ორგანიზაციის წესდებასა და პროგრამაში რამდენიმე აშკარა პროვოკაციული დებულებაა, რომელთა შესაბამისად ისე გამოდის, თითქოს სამეგრელო «დაპყრობილი ტერიტორია და საქართველოს კოლონიაა».
        ეს არის შედეგი და «გვირგვინი» მარაზმში ჩავარდნილი ეგრეთ წოდებული «ზვიადისტების» სიჩლუნგისა. ერთ-ერთი იდეოლოგიური საფუძველი სამეგრელოში ტრაიბალისტური «მოძრაობის» წამოწყებისათვის სწორედ გადაგვარებული «ზვიადიზმია», რომელსაც არაფერი აქვს საერთო საქართველოს პირველი პრეზიდენტის იდეებთან ან თუნდაც მის მოღვაწეობასთან. ყოველ შემთხვევაში, თუ «მოღვაწეობად» მხოლოდ შეგნებულ ქმედებას მივიჩნევთ.
        ისიც უნდა ითქვას, რომ ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება სამეგრელოში ასეთი ორგანიზაციის შექმნის სხვა საფუძველს. აქ ახალი, თუ ყურადღებით არ დავაკვირდებით, თითქოს არაფერია. გავიხსენოთ ანდრეი სახაროვის ცნობილი პროვოკაციული ფორმულა, რომელიც მან პირველად წარმოთქვა საჯაროდ 1989 წლის ზაფხულში - «დემოკრატი ქართველოფობის», ვიტალი კოროტიჩის ჟურნალ «ოგონიოკისთვის» მიცემულ ინტერვიუში: «საქართველო პატარა იმპერიაა, რომლის შემადგენლობაში შედიან აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და სხვა ტერიტორიები».
        როგორ გგონიათ, ამ «სხვა ტერიტორიებში» ვის და რას გულისხმობდა რუსული დემოკრატიის მამამთავარი? დარწმუნებული ვარ, გულისხმობდა სამეგრელოსაც და სვანეთსაც იმავე ლოგიკით, რითაც რუსული სახელმწიფო ყოველთვის ცდილობდა განეცალკევებინა «ქართული ენა, ქართული ფენომენი» მისთვის «უცხო» «მეგრულისგან» და «სვანურისგან».
        აფხაზური სეპარატიზმიც სწორედ ამიტომ გააღვივეს, რათა შემდგომ სხვა პრობლემებიც შეექმნათ, - უკვე თვით ქართულ ეროვნულ სხეულში ჩაედოთ და აეფეთქებინათ ნაღმები. «სამეგრელოს ფაქტორსაც» კარგა ხანია ამწიფებდნენ და ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ახლა ჩათვალეს ხელსაყრელად ვითარება მისი აფეთქებისათვის. ან იქნებ სხვა გზა აღარ დარჩათ, ვინაიდან ყველა სხვა კოზირი უკვე აამოქმედეს და ბოლომდე გამოიყენეს? სამეგრელო კი უკანასკნელი კოზირია.
        შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებას ძალიან დიდი სიფრთხილე მართებს, რათა თავად არ შეუწყოს ხელი ვითარების გამწვავებას. ამ თემის მუსირება (უპირველესად ტელევიზიით) საერთოდ დაუშვებელია. სამეგრელოს თემაზე სპეკულაციები სწორედ იმ სპეცსამსახურებს აძლევთ ხელს, სადაც ეს ყოველივე დაიგეგმა. რამდენად «ნაყოფიერი» იქნება მათი ქმედება, უახლოესი მომავალი გვიჩვენებს. საეჭვოა შედეგს მიაღწიონ, ვინაიდან, საბედნიეროდ, ერის კონსოლიდაციის პროცესი შეუქცევადი გახდა. საბაზრო ეკონომიკა და შესაბამისი ახალი მიმართებები კი ამ კონსოლიდაციას არათუ ასუსტებს, არამედ პირიქით, - აძლიერებს.
        სხვათა შორის, მომხდარი ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა, ანუ სახელმწიფოებრიობა ვინმეს ახირება კი არა, ისტორიული აუცილებლობა, თვითგადარჩენის, ეროვნული მთლიანობის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება იყო. ძნელი წარმოსადგენი არ არის, როგორ განვითარდებოდა მოვლენები იმ თვალსაზრისით, თუ საქართველო «საბჭოთა კავშირს» უერთგულებდა და დარჩებოდა ერთიან სახელმწიფოს შემადგენლობაში. უეჭველად განხორციელდებოდა გორბაჩოვ-ლუკიანოვის მზაკვრული გეგმა «მოკავშირე და ავტონომიურ რესპუბლიკათა გათანაბრების» შესახებ. საქართველო იურიდიულად დანაწევრდებოდა ოთხ ნაწილად, ხოლო «მოკავშირე რესპუბლიკა აფხაზეთში» აფსუანური ხელისუფლება (რა მნიშვნელობა აქვს, არძინბა თუ ოზგანი) დაიწყებდა ადგილობრივი, ანუ აფხაზეთში მცხოვრები მეგრული თემის გამოყენებას სხვადასხვა პროვოკაციებისათვის.
        აბა კარგად გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 1989 წელს, როდესაც საბჭოთა კავშირი არსებობდა და «საბჭოთა ინტერნაციონალიზმის» იდეოლოგიაც მძლავრობდა, აფსუებმა თავიანთი ტელევიზიით გამოიყვანეს ვიღაც გარეწარი, რომელმაც მეგრელი ხალხის სახელით დაიწყო ლაპარაკი.
        საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში «საქართველოსა და აფხაზეთის გათანაბრების» შემდეგ ეს ტენდენციები კიდევ უფრო გაძლიერდებოდა; საქართველო კი არ იქნებოდა დამოუკიდებელი სახელმწიფო: აქედან გამომდინარე, არც რაიმე ბერკეტი შერჩებოდა თავის დასაცავად.
        დღეს გაცილებით მეტი შესაძლებლობები გვაქვს, მაგრამ უმთავრესი, რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს, არის ვითარების სწორი შეფასება. უპირველეს ყოვლისა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავაცნობიეროთ: სავსებით ობიექტურ მიზეზთა გამო, რუსეთი მართლა იქცა საქართველოს დაუძინებელ, უბოროტეს მტრად. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ თავად რუსეთი ან რუსი ხალხია «ბოროტი» ან «კეთილი». ასეთი ცნებებით პოლიტიკაში არ ოპერირებენ, - უბრალოდ, რუსეთის ხელისუფლება მოქმედებს და კვლავ იმოქმედებს თავისი ქვეყნის, თავისი ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
        ამ ინტერესებს კი ობიექტურად არ შეესაბამება სამხრეთ კავკასიაში ერთიანი, სტაბილური სახელმწიფოს არსებობა საქართველოს სახით, ვინაიდან თვით ასეთი სახელმწიფოს არსებობაც, თავისთავად იწვევს რუსეთისთვის ნეგატიური პროცესების განვითარებას ჩრდილო კავკასიაში.
        ეს ობიექტური რეალობაა, - განურჩევლად იმისა, რა პოლიტიკას გაატარებს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ, ან ვინ იქნება საქართველოს ხელისუფალი.
        ამიტომ, რუსეთი ყოველთვის შეეცდება სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებას საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციისათვის. მისთვის იდეალური ვარიანტია სამხრეთ საქართველოში ნაწილ-ნაწილ (მათ შორის მეგრულ-სვანურ-ქართულ) დანაწევრებული «საქართველოების» არსებობა, რომელთაგან თითოეული რუსეთზე იქნება დამოკიდებული.
        რუსეთის ამგვარ დამოკიდებულებას ვერ შევცვლით «ლოიალური» პოლიტიკით, რასაც ზოგიერთი  გვთავაზობს, ვინაიდან (ვიმეორებ) როგორი იდეალური პოლიტიკაც უნდა გაატაროს საქართველომ, თუ იგი დამოუკიდებელი ქვეყანა, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი იქნება და რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში არ შევა, მაინც, ობიექტურად, საკუთარი არსებობის ფაქტით შეუქმნის პრობლემებს რუსეთს.
       

დილის გაზეთი, 15 მარტი, 1999 წელი