წავა თუ არა ედუარდ შევარდნაძე დსთ-ს სამიტზე?

წავა თუ არა ედუარდ შევარდნაძე დსთ-ს სამიტზე?

   

    როგორც ცნობილია, 1999 წლის 26-28 თებერვალს მოსკოვში უნდა ჩატარდეს «დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის» წევრი სახელმწიფოების მეთაურთა მორიგი სამიტი. ამ მოვლენისათვის რუსეთი გაფაციცებით ემზადება, რათა კიდევ ერთხელ დააფიქსიროს საკუთარი პრიორიტეტი პოსტსაბჭოურ სივრცეზე.
    სხვა დანიშნულება კი ამ სამიტებს დღემდე არ ჰქონდათ. ელცინის «გამოჯანმრთელება» იმ დროისათვის, ალბათ, მოხერხდება. ყოველ შემთხვევაში, რუსეთის პრეზიდენტს იმ კონდიციამდე მაინც მიიყვანენ, რომ მაგიდასთან ჯდომა და ტექსტის წაკითხვა შეეძლოს.
    სამიტში მონაწილეობის მისაღებად ყველა პრეზიდენტი ემზადება; მხოლოდ ედუარდ შევარდნაძის დასწრებაა სათუო, რის გამოც საქართველოში რუსეთის ელჩმა უკვე გამოთქვა «სერიოზული შეშფოთება» - უეჭველია, მისი რეაქცია ოფიციალური მოსკოვის «შეშფოთებას» გამოხატავს.
    საქმე კი ის გახლავთ, რომ 26-28 თებერვალს (როცა რუსეთის დედაქალაქში თანამეგობრობის ლიდერთა შეკრებაა დანიშნული), ედუარდ შევარდნაძე თურქეთის ხელისუფალთა მიწვევით ამ ქვეყანას უნდა ეწვიოს ოფიციალური ვიზიტით.
    თავისთავად, ვიზიტს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჯერ ერთი, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან რუსი მესაზღვრეების გაყვანამ შექმნა სრულებით ახალი გეოპოლიტიკური ვითარება, რაც ზოგიერთი კონკრეტული საკითხის გარკვევას და დაზუსტებას მოითხოვს.
    გარდა ამისა, საქართველოს თურქეთის «ექსიმბანკის» 50-მილიონიანი ვალის შემდგომი რესტრუქტურიზაციის პრობლემა ჯერ არ გადაუწყვეტია, რასაც «მძიმე» ბიუჯეტის პირობებში სასიცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება.
    დავუმატოთ ამას «დიდი ნავთობსადენის» პრობლემა, რომელიც კვლავ ძალზე მწვავედ განიხილება, ვინაიდან თურქეთი ამ საკითხში არ თმობს საკუთარ პრეროგატივას.
    ერთი სიტყვით, თურქეთში ედუარდ შევარდნაძის ვიზიტი ეპოქალური მოვლენა უნდა გახდეს, - მან უნდა დაადასტუროს პრიორიტეტები, რომელიც უკანასკნელ წლებში თურქეთსა და საქართველოს ურთიერთქმედების შედეგად წარმოიშვა სამხრეთ კავკასიაში.
    ოფიციალური ვიზიტის გადატანა (სამუშაო ვიზიტი კიდევ სხვა საქმეა) ან თუნდაც ასეთი თხოვნით მიმართვა მეზობელი ქვეყნის ხელისუფლებისადმი გამორიცხულია, ვინაიდან ეს ქვეყნის შეურაცხყოფაა!
    ამას თვით ზესახელმწიფოთა ლიდერებიც ვერ ბედავენ მაშინაც კი, როდესაც საქმე პატარა ქვეყანაში ოფიციალურ ვიზიტს ეხება.
    მით უმეტეს, წარმოუდგენელია, ედუარდ შევარდნაძემ (ზემოთჩამოთვლილი მიზეზები რომც არ არსებობდეს) გადაიტანოს ვიზიტი, ან საერთოდ არ გაემგზავროს ანკარაში, სადაც უკვე დაგეგმილია შეხვედრები თურქეთის პრეზიდენტ სულეიმან დემირელთან და მთავრობის ხელმძღვანელობასთან.
    მაშასადამე, რჩება მხოლოდ ორი ვარიანტი: რამდენიმე დღით გადაიტანონ თვით დსთ-ს სამიტი, რათა საქართველოს პრეზიდენტმა შეძლოს მასში მონაწილეობა, ან პრეზიდენტი საერთოდ არ გაემგზავროს მოსკოვს.
    უკანასკნელი ვარიანტი უფრო შესაძლებელია, ვინაიდან წარმოუდგენელია, 11-მა პრეზიდენტმა საკუთარი გეგმები შეცვალოს, რათა დსთ-ს ერთ-ერთი სახელმწიფოს მეთაურს სამიტში მონაწილეობის საშუალება მისცენ.
    ეს საკითხი წინასწარი კონსულტაციებისას უნდა გარკვეულიყო (თუნდაც დსთ-ს აღმასრულებელი სამდივნოს დონეზე) - ახლა უკვე გვიან არის: ყველას გვახსოვს 1996 წლის ფაქტი, როდესაც სახელმწიფოს მეთაურთა სამიტი 26 მაისს გაიმართა. ეროვნული დღესასწაულის აღსანიშნავად თბილისში დაგეგმილი იყო სამხედრო აღლუმი. ედუარდ შევარდნაძემ (რათა სამიტი არ გაეცდინა) უპრეცედენტო, გაუგონარი ნაბიჯი გადადგა: აღლუმი საღამოსათვის გადაატანინა და სამიტიდან პირდაპირ «რესპუბლიკის მოედანზე» მივიდა.
    რუსეთის ტელეკომპანია «ნტვ»-მ მის ქმედებას შხამიან-ირონიული კომენტარი დაურთო: «Шеварднадзе пытался уклонится от участия в саммите . . .»... მაგრამ ბოლოს «საკუთარი» პარადის საღამოსათვის გადატანა მოუხდაო.
    თუ წელს შევარდნაძე რუსული ტელევიზიის კომენტარს და კრემლის რეაქციას უგულებელყოფს, თუ არ გააუქმებს ძალზე მნიშვნელოვან ვიზიტს თურქეთში და დსთ-ს სამიტს გააცდენს, მაშასადამე, 1995 წლის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხარისხი ნამდვილად გაზრდილა.
    არ არის გამორიცხული კიდევ ერთი ვარიანტი: ედუარდ შევარდნაძე არ დაესწროს სამიტს, მაგრამ ანკარიდან დაბრუნებისთანავე გაფრინდეს მოსკოვში - ბორის ელცინთან შესახვედრად, რათა ვახტანგ გოგუაძემ თუ სხვა რუსოფილებმა ბრალი არ დასდონ: წარმოგიდგენიათ, მოსკოვში არ წავიდა («ერთმორწმუნე» რუსეთის დედაქალაქში!!!) და თურქეთს ეწვიაო.
    ასეთი «დაბალანსება» საერთოდ დამახასიათებელია საქართველოს პრეზიდენტისათვის. ოღონდ ეს ნაბიჯი ქართული საზოგადოების მეორე ფრთას გააღიზიანებს, რომელსაც სულაც არ მიაჩნია აუცილებლად ასეთი ჟესტები რუსეთის გულის მოსაგებად მაშინ, როდესაც ჩრდილოელი მეზობლისათვის «კოჭის გაგორებით» მაინც არაფერი გამოდის - აფხაზეთში სიტუაცია არ უმჯობესდება, ლტოლვილები გალის რაიონში არ ბრუნდებიან, ხოლო რუსეთის შუამავლობით მიმდინარე მოლაპარაკებათა პროცესი საბოლოოდ შევიდა ჩიხში.
    საკვანძო მომენტი აქ სწორედ აფხაზეთის პრობლემაა. თურქეთში ოფიციალური ვიზიტის თანხვედრა შეიძლება გახდეს საბაბი რუსეთის მიმართ დემარშისათვის. ოღონდ ამ «საბაბით» თვით «დემარში» გარკვეულწილად შერბილდება: ედუარდ შევარდნაძეს 1994 წლიდან არც ერთი სამიტი არ გაუცდენია, რითაც «პრორუსული პოლიტიკის» შესაძლებლობათა «ამოწურვას» ცდილობდა - რათა დაემტკიცებინა საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის (არ გამოვრიცხავ საკუთარი თავისთვისაც) რომ რუსეთისადმი დათმობებით საქართველო აფხაზეთს ვერ დაიბრუნებს.
    მეორეს მხრივ, დსთ-ს მომავალი სამიტი «ჩვეულებრივი შეხვედრა» არ არის. მოსკოვში (როგორც რუსული მასმედია ამტკიცებს) თანამეგობრობის შემდგომი ბედი უნდა გადაწყდეს. ბორის ბერეზოვსკიმ შეიმუშავა ამ ორგანიზაციის რეორგანიზაციის პროექტი. იგი ითვალისწინებს «ზეეროვნული» ორგანოების შექმნას; ისლამ ქარიმოვმა და ლეონიდ კუჩმამ (აგრეთვე, ნურსულთან ნაზარბაევმა ქარაგმულად) უკვე გამოთქვეს უარყოფითი დამოკიდებულება ბერეზოვსკის პროექტისადმი, ვინაიდან ამ პროექტში არც თუ უსაფუძვლოდ შეამჩნიეს სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის შეზღუდვის მცდელობა.
    საქართველოს პრეზიდენტს საკუთარი პოზიციის ერთმნიშვნელოვნად გამოხატვა ხელს არ აძლევს, რადგან ნებისმიერ შემთხვევაში გაანაწყენებს ან იმ კოლეგებს, ვინც რუსეთისაგან დისტანცირებას არჩევს, ან თვით რუსეთს, რომელიც ყველა პრეზიდენტისაგან პოზიციის ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირებას ითხოვს.
    აქედან გამომდინარე, თურქეთში ოფიციალური ვიზიტის მომიზეზებით სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმა, ალბათ, საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
    არ არის გამორიცხული, საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ამ «თამაშს თამაშობდეს», ვინაიდან წარმოუდგენელია მას ჯერ კიდევ დსთ-ს სამიტის თარიღის შეთანხმებისას არ სცოდნოდა თურქეთში ვიზიტის შესახებ.
    კონსულტაციათა საწყის ეტაპზე კი, თარიღის ერთი-ორი დღით გადაწევა ნამდვილად შესაძლებელი იყო.

მერიდიანი, 3 თებერვალი, 1999 წელი

მთელ გვერდზე