«წითელარმიელთა შესანიშნავი ხუთეული» მოსკოვში იკრიბება

«წითელარმიელთა შესანიშნავი ხუთეული» მოსკოვში იკრიბება

        ბოლო დღეებში მასმედიით ვრცელდებოდა წინააღმდეგობრივი ცნობები შევარდნაძე-პუტინის მომავალი შეხვედრის შესახებ. ამ შეხვედრის თაობაზე პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრისას მოილაპარაკეს, რომელიც მას შემდეგ შედგა, რაც ოფიციალურმა თბილისმა სამშვიდობო ძალებს აფხაზეთში მანდატის ვადა გაუგრძელა. მომავალი დიალოგის თემაც, რასაკვირველია, აფხაზეთი იქნება. ჯერჯერობით, არ არის ზუსტად ცნობილი, სად გაიმართება შეხვედრა, თუმცა, ყველაზე მეტად სავარაუდო ადგილი მაინც მოსკოვია, თარიღად მარტის შუა რიცხვები დასახელდა.

        ამ შეხვედრის თაობაზე მცირე გაუგებრობაც მოხდა - რუსეთის ზოგიერთმა ინტერნეტ-საიტმა ედუარდ შევარდნაძე დაასახელა იმ სამიტის მონაწილედ, რომელიც 23 თებერვალს (წითელი არმიის დღეს!) შედგება მოსკოვში ერაყის კრიზისთან დაკავშირებით. ეს სრული დეზინფორმაციაა. საქართველოს პრეზიდენტი (მით უმეტეს, მისი პოზიციის გათვალისწინებით) ასეთ შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებს, ვინაიდან ეს აშკარად ანტიამერიკული აქციაა.
        რუსული მედიის ცნობით, მოსკოვში შეიკრიბებიან უკრაინის, ბელორუსიის, ტაჯიკეთის, ყაზახეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რათა იმსჯელონ ერაყში მომავალი ომის თაობაზე და ერთობლივი დეკლარაციაც მიიღონ. ბუნებრივია, პუტინს დსთ-ის კიევის სამიტზეც შეეძლო ამგვარი დეკლარაციის მიღების ინიცირება, მაგრამ იქ ეს «არ გავიდოდა».
        ჯერ ერთი, ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთისა და თურქმენეთის პრეზიდენტები უკრაინის დედაქალაქში საერთოდ არ ჩავიდნენ (რათა დსთ-ის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარედ ლეონიდ კუჩმას არჩევაში არ მიეღოთ მონაწილეობა), ხოლო საქართველოსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ასეთ დოკუმენტს ხელს არ მოაწერდნენ.
        მაშინ პუტინმა დიდი საერთაშორისო კრიზისის პირობებში რუსეთის «პოსტსაბჭოური პრიორიტეტის» გამოსავლენად სხვა ხერხს მიმართა. 23 თებერვლის სამიტი თავისთავად სერიოზული დემარში იქნება (მით უმეტეს, ასეთი შემადგენლობით). გარდა ამისა, არსებობს სერიოზული ეჭვი, რომ მარტის შუა რიცხვებში მოსკოვში პრეზიდენტ შევარდნაძესთან შეხვედრას რუსეთის ლიდერი დაამთხვევს ეგრეთ წოდებული «კავკასიური ოთხეულის» სამიტს, ანუ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებთან შეხვედრას, რასაც რუსული მედია შესაბამისად გააფორმებს.
        აქ გასათვალისწინებელია ორი მომენტი: რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი უეჭველად სწორედ ამ სამიტის დეტალების შესათანხმებლად იმყოფებოდა ბაქოში «ზესაიდუმლო ვიზიტით».
        საქართველოს პრეზიდენტის მოსკოვში ჩასვლას ორმხრივი შეხვედრის აუცილებლობა განაპირობებს (აფხაზეთში არსებული რთული ვითარების გათვალისწინებით), ხოლო სომხეთის პრეზიდენტისას - მადლიერება არჩევნების პირველ ტურში (ჯერ მხოლოდ პირველ ტურში) რუსეთის მიერ «გაწეული დახმარებისთვის».
        ამავე დროს, იგეგმება პუტინის ვიზიტი ყირგიზეთში და მოლდოვის პრეზიდენტისა – მოსკოვში.
        ერთი სიტყვით, კრემლი ყოველნაირად ცდილობს ერაყის ომის დროს შექმნას პოსტსაბჭოური სივრცის კონსოლიდაციის შთაბეჭდილება. მართალია, ეს მხოლოდ შთაბეჭდილებაა, მაგრამ პოლიტიკაში შთაბეჭდილებაც არ ნიშნავს ცოტას. მით უმეტეს, თუ ყოველივეს დაემთხვევა «საბჭოთა არმიის დღეს» გამართული სამიტი, რომელიც მართლა ერაყის თაობაზე ერთობლივი პოზიციის გამომუშავებას მიეძღვნება.
        რუსეთის მხრიდან ეს გეოპოლიტიკური პოზიციის წინასწარი ფიქსირება იქნება, ვინაიდან საეჭვოა მარტის შუა რიცხვებამდე ამერიკელებმა ერაყში ომი დაიწყონ. ისლამურ სამყაროში წმიდა დღესასწაულები სწორედ მარტის შუა რიცხვებამდე გრძელდება, ამ ფაქტორის უგულებელყოფა კი ვაშინგტონს არ შეუძლია.
        რაც შეეხება «წითელარმიელთა» სამიტს, თვით მისი გამართვაც კი (ერაყის თემაზე) ვლადიმირ პუტინის მორიგი დიპლომატიური წარმატებაა. არანაკლები, ვიდრე ერთობლივი (ფაქტობრივად, ანტიამერიკული) დეკლარაცია საფრანგეთის პრეზიდენტ შირაკთან და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ შრიოდერთან.
        მართლაც, მოულოდნელია სამიტის მონაწილეთა შორის უკრაინისა და ყაზახეთის პრეზიდენტების გამოჩენა. ლეონიდ კუჩმას დასავლეთმა (მისთვის ზოგადად ჩვეული სწორხაზოვნებით) სწორედ ერაყისთვის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემათა მიყიდვის გამო შეაქცია ზურგი. სხვა რაღა დარჩებოდა უკრაინელ ლიდერს, რომელსაც პუტინმა «საჭირო დროს» შეაშველა ხელი და სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარეობა დაუთმო? ეს ხომ თავიდან ბოლომდე პუტინის ინიციატივა იყო, თორემ სხვები ეწინააღმდეგებოდნენ კიდეც - «მამა და მარჩენალო, არ მიგვატოვო, შენი თავმჯდომარეობის გარეშე რა გვეშველებაო». სომხეთის «არმონაწილეობა მოსკოვის სამიტში» «კავკაისური ოთხეულის» შეხვედრითაა განპირობებული.
        ტაჯიკეთთან დაკავშირებით დიდი ხანია ყველაფერი გარკვეულია. რაც შეეხება ყაზახეთის პრეზიდენტს, - «წითელარმიელთაგან» იგი ყველაზე გამოცდილი და ეშმაკი პოლიტიკოსია. ბელორუსი ლუკაშენკო, მაგალითად, ლუკმად არ ეყოფა. ნურსულთან ნაზარბაევმა თავის ქვეყანაში იმოდენა დასავლური კაპიტალი დააბანდა, ახლა «მაინც ვეღარსად წავლენ» და მანევრის საშუალება აქვს.
        თვით დეკლარაციის შინაარსს კი დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

დილის გაზეთი, 22 თებერვალი, 2003 წელი