წინასაარჩევნო კარუსელი

წინასაარჩევნო კარუსელი

    საპარლამენტო არჩევნების მოახლოება ადრე თუ გვიან არა მხოლოდ საარჩევნო მიტინგებში, არამედ სახელისუფლებო ძვრებშიც უნდა გამოხატულიყო. სხვა შემთხვევაში მოვლენათა განვითარება ზოგადად პოლიტიკის კანონებსა და ქართული პოლიტიკის ტრადიციებს შეეწინააღმდეგებოდა.
    მიხეილ სააკაშვილი მათ ინტუიციით გრძნობს. გვახსოვს მისი განცხადება ჯერ კიდევ ნოღაიდელის პრემიერობისას: „მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ მთვარობას სერიოზულ პრობლემებს შევუქმნიდიო“. საერთოდ, პრეზიდენტ სააკაშვილის სტილიდან გამომდინარე, იგი არ შეიძლება მეტ-ნაკლებ ოპოზიციაში არ იმყოფებოდეს საკუთარ მტავრობასთან. ეს ყველა „სახალხო პრეზიდენტის“ როლია ანუ იმ პოლიტიკოსისა, რომელიც ელიტათა „თავს ზემოთ“ ამყარებს ურთიერთბას მასასთან. მიხეილ საააკშვილს კი სწორედ ამგვარი სტილი აქვს. თუ დავაკვირდებით, იგი ყოველთვის ლაპარაკობს ხალხისთვის გასაგებ“ ენაზე და ძალიან იშვიათად ელაპარაკება ელიტას.
    ამგვარ ტექნოლოგიას თავისი პლუსები და მინუსები, ანუ დივიდენდები და საფრთხეები აქვს, თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა. ამჯერად კი, პრეზიდენტი სააკაშვილი ლოგიკურად აღმოჩნდა წინააღმდეგობრივ მდგომარეობაში ერთის მხრივ საკუთარ სტილსა და მეორეს მხრივ პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შორის.
    საქმე ისაა, რომ სამთავრობო კარუსელები, რაოდენ პოპულარულიც არ უნდა იყოს, მით უმეტეს წინასაარჩევნოდ, სხვა სახის პრობლემებს ქმნიან: 2004-2008 წლებში ბევრი ასეთი „კარუსელი“ დატრიალდა და ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ ერთმა დასავლელმა ჟურნალისტმა პრეს-კონფერენციაზე სახელმწიფოს მეთაურს ჰკითხა: „ამერიკელი და ევროპელი ჩინოსნები, რომლებსაც საქართველოსთან აქვთ საქმე, ხშირად ჩივიან, რომ თქვენს ქვეყანაში ყოველი ჩამოსვლისას ახალი მინისტრები ხვდებათ და ამაზე რას იტყვითო“.
    აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ იმდროინდელი კარუსელების მთავარი ფიგურა მაინც ირაკლი ოქრუაშვილი იყო: პრეზიდენტმა ვერა და ვერ მოუძებნა მას ადგილი სახელისუფლებო სისტემაში, რათა ერთის მხრივ ზედმეტი ხმაურით არ მოეშორებინა, მეორეს მხრივ კი მისი ზღვარგადასული ენერგია რაღაც ჩარჩოებში მოექცია. სულ ბოლოს აღიარა, რომ ოქრუაშვილთან დაკავირებით ნებისმიერი კონსტრუქციული გათვლა თავიდანვე ფუჭი იყო და თქვა კიდეც: „ჩემს მთავარ პოლიტიკურ შეცდომას სახელი და გვარი აქვს - ირაკლი ოქრუაშვილიო“.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    2008 წლის შემდეგ „სამთავრობო კარუსელები“ შეწყდა. ცვლილებები ხდებოდა, მაგრამ არა ისეთი ხმაურიანი, როგორც მანამდე. პრემიერ-მინისტრმა გილაურმა „სტაბილურობის ნიშა“ დაიკავა და ყველაზე ხანგრძლივ პრემიერადაც იქცა მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციაში. თუმცა, ბოლოდროინდელი „სამთავრობო მიწისძვრა“ მაინც გვახსენებს ჩვენი დისკურსის მთავარ კითხვას: რას ამჯობინებს პრეზიდენტი არჩევნების წინ: სტაბილურობას თუ მთავრობის ოპოზიციონერობას ანუ მორიგ ხმაურიან ცვლილებებს აღმასრულებელ გუნდში უშუალოდ არჩევნების წინ?
    ბუნებრივია, ბევრი რამ იქნება დამოკიდებული ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე, ოპოზიციის აქტიურობასა და მის პოტენციალზე, თუმცა ზოგიერთი სიმპტომი მაინც მიუთითებს, რომ ხელისუფლება, მთლიანობაში, ამჯერად მაინც უფრო სტაბილურობაზე გააკეთებს აქეცნტს, ვიდრე ქარცეცხლიან (2008 წლის ყაიდისა) ცვლილებებზე და სენსაციურ საკადრო აფეთქებებზე.
    ჩემი აზრით, ამაზე მიუთითებს ამჟამად განხორციელებული „საკადრო როქის“ იერი და შინაარსი: ჯანდაცვის მინისტრი ანდრია ურუშაძე სტრასბურგში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ჭიაბერიშვილმა შეცვალა. ყველაფრით ჩანს, რომ ეს გადაადგილება არ უნდა იყოს სოციალური სიდუხჭირითა და ჯანდაცვაში არსებული პრობლემებით განაწყენებული ელექტორატის დაკმაყოფილების ხერხი: სწირედ ანდრია ურუშაძის მინისტრობისას მიაღწია ხელისუფლებამ ორ, ადრე დეკლარირებულ და ბოლო დრომდე მიუღწევადად მიჩნეული ამოცანის გადაწყვეტას: დაზღვეულ მოქალაქეთა არსებით ზრდას და რეგიონებში ათეულობით ახალი საავადმყოფოს დაფუძნებას. ორივე ეს პროექტი ჩაშლის პირას იყო წინა მინისტრების დროს. მაშ თუ ასეა, რამ გამოიწვია ცვლილება?
    ყველაფერი ნათელი ხდება, თუ გავითვალისწინებთ, რომ ანდრია ურუშაძე უბრალოდ კი არ „გაუშვეს“, არამედ დედაქალაქის სოციალური სფერო ჩააბარეს - იგი სოციალურ და ჯანდაცვის საკითხებში გიგი უგულავას მოადგილედ დაინიშნა. ეს არის მკაფიო განაცხადი, რომ მმართველი გუნდი არ აპირებს ოქტომბერში თბილისი ოპოზიციას დაუთმოს და იმასაც აცნობიერებს, რომ დედაქალაქის მოსაგებად (რაც ქვეყნის მაშტაბით წარმატების აუცილებელი პირობაა) თბილისელთა უმთავრესი სოციალური პრობლემების - უმუშევრობის და ჯანდაცვის შერბილებაა საჭირო. აშკარაა, რომ 2008 წლისგან განსხვავებით, ამჯერად აქცენტი სწორედ დედაქალაქზე გაკეთდება, ხოლო საარჩევნო შტაბის ფუნქციას გიგი უგულავას გუნდი შეითავსებს. მიხეილ სააკაშვილი ვერ დაუშვებს თბილისში წაგებას იმის მიუხედავადაც კი, რომ პარლამენტი ქუთაისში შეიკრიბება. მას აუცილებლად სჭირდება წარმატება დედაქალაქში. თანაც არა მხოლოდ ხმების ოდენობის, არამედ საქართველოს უდიდესი ქალაქის პოლიტიკური მნიშვნელობიდამ გამომდინარე. ამ მნიშვნელობას კი სიმბოლური აქციები (ვთქვათ პარლამენტის გადანაცვლება) ვერ შეამცირებს.
    ახლა იგივე საკითხი სხვა რაკურსით: რატომ ზურაბ ჭიაბერაშვილი? დღემდე მას ჯანდაცვის სფეროსთან არავითარი შეხება არ ჰქონია: ოდესღაც ჟურნალისტი იყო, შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ლექტორი, ბოლოს დიპლომატი. აქედან ჩანს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა: ზურაბ ჭიაბერაშვილი შეარჩიეს სწორედ პოლიტიკური ნიშნით, როგორც „გუნდის“ გამოცდილი და ნაწრთობი (ჯერ კიდევ ვარდების რევოლუციიდან) წევრი, ვისაც შეუძლია ყველა რესურსის მობილიზება მომავალ არჩევნებში უმთავრესი პრობლემის გადასაწყვეტად: სოციალურად დაუცველი მოსახლეობის მოსამხრობად.
    ესე იგი, არჩევნები-2012 კვლავ ჩაივლის დევიზით „საქართველო-სიღარიბის გარეშე“, ხოლო გეოპოლიტიკური პროექტები უკანა პლანზე გადაინაცვლებენ, რაც სავსებით ბუნებრივია, თუ მოსახლეობის პრიორიტეტებს დავაკვირდებით, რომლებიც ჯიუტად იჩენენ ხოლმე თავს ყველა სოციოლოგიურ კვლევაში.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    არ გამართლდა (ყოველ შემთხვევაში ჯერ-ჯერობით) ვარაუდი, რომ სამთავრობო ცვლილებები ძალოვან მინისტრებსაც შეეხებოდა. ამ მიმართულებით მიხეილ სააკაშვილი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენს. ადრეც ფრთხილი იყო, უბრალოდ „ოქრუაშვილის ფენომენი“ არ აძლევდა საშუალებას, ძალოვანთა გუნდში წესი და რიგი დაემყარებინა.
    თუმცა დღეს ამ გუნდმა თავისი ფუნქცია უკვე მოიპოვა: ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და ბათო ახალაია სისტემის საყრდენებად იქცნენ და პრეზიდენტი მათ ასე იოლად არ შეელევა. იმაზეც კი საუბრობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრ გილაურს ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია შეცვლიდა, თუმცა ეს ვარაუდი წინა ეპოქების გამოძახილი უფრო იყო, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ეფექტურობას ანიჭებდა უპირატესობას სტაბილურობის და ეფექტიანობის სანაცვლოდ. დღეს ნიკა გილაური იდეალურ „ტექნიკურ პრემიერად“ ითვლება და 2012 წლის ოქტომბრამდე (მინიმუმ) მის მდგომარეობას არაფერი ემუქრება.
    იმავე ლოგიკაში თავსდება მიხეილ მაჭავარიანის დანიშვნა ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივნად: მომავალი არჩევნები ხომ პარტიული არჩევნები იქნება? მაჭავარიანი კი რამდენჯერმე ხელმძღვანელობდა ნაციონალთა საარჩევნო კამპანიას. მისი წინამორბედი, ზურაბ მელიქიშვილი სახელისუფლებო გუნდში „სასარგენლო“ გენმდივნად ითლებოდა მხოლოდ არჩევნებს შორის პერიოდში, მაგრამ არჩევნების წინ მისი რესურსი არასაკმარისად ჩაითვალა.
    ცხადია, რომ მომავალი საპარლამენტო მარათონის მონაწილენი გენერალური ბრძოლის წინ ძალთა კონცენტრაციას ახორციელებენ. თანაც ეს პროცესი თვით არცევნებამდე საკმაოდ დიდი ხნით ადრე სრულდება, რაც არა მხოლოდ ცხელ შემოდგომას, არამედ მხურვალე ზაფხულსაც მოასწავებს.

2012