ჯერ ეკლესია, მერე სამშობლო?!

ჯერ ეკლესია, მერე სამშობლო?!

      რამდენიმე დღის წინ მასმედიით გავრცელდა ერთობ უცნაური ინფორმაცია, რომლის თანახმად, «პრეზიდენტი და საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი შეთანხმდნენ, საქართველოში ვიზიტად მოიწვიონ რომის პაპი იოანე პავლე მეორე».
        საინტერესო ისაა, რომ თვით საპატრიარქოს პრესცენტრი თუ სხვა კომპეტენტური «სამღვდელო პირნი» ამ ინფორმაციას უარყოფენ და ირწმუნებიან: «პაპის მოწვევის შესახებ არაფერი გვსმენიაო».
        იმავდროულად, პაპის ნუნცი აცხადებს, რომ კათოლიკური ეკლესიის საჭეთმპყრობლის ჩამობრძანება საქართველოში ალბათ არ მოესწრება.
        კითხვაზე: თუკი ადრევე დაიგეგმა პაპის ვიზიტი სომხეთში, რატომ მაშინვე არ დაიგეგმა მისი ვიზიტი საქართველოში? ნუნცი პასუხობს: «არ დაიგეგმა, იმიტომ, რომ საქართველოდან პაპს მოწვევა არ მიუღია, სომხეთიდან კი მიიღო».
        უეჭველად იგულისხმება შემდეგი: პონტიფიკს მოწვევა საქართველოდანაც რომ მიეღო, იგი საქართველოსაც ეწვეოდა კავკასიაში ჩამოსვლისას. მაშასადამე, საპატრიარქოს (ძალიან ცდილობენ ეს დამალონ, მაგრამ უკვე აშკარაა), უბრალოდ, არ სურდა რომის პაპის ჩამოსვლა საქართველოში.
       
        ღმერთო დიდებულო, რამდენჯერ შეიძლება აღმოვჩნდეთ ასეთ იდიოტურ მდგომარეობაში მხოლოდ იმიტომ, რომ იმ ხალხს, ვინც მნიშვნელოვან (ქვეყნისთვის მნიშვნელოვან) გადაწყვეტილებებს იღებს, საკმარისი გონიერება არ გააჩნია? როდემდე უნდა გვაჯობონ ჭკუით სომხებმა, - არადა, სომხურ ეკლესიას, ისტორიულად, ვატიკანთან ყოველთვის დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა - მიუხედავად ამისა, მაინც მოიწვიეს რომის პაპი.
        ქართულ საპატრიარქოში ვინმეს თუ უფიქრია, რა მძიმე შედეგი ექნება (არა რელიგიური, არამედ სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით) იმ ფაქტს, რომ რომის პაპი ჩამოვა კავკასიაში (პირველად ქრისტიანული ეკლესიის 2000 წლის განმავლობაში) და მხოლოდ სომხეთს ეწვევა, - საქართველოს კი არად ჩააგდებს?
        ქართული საპატრიარქო ყოველთვის აგრესიულად პასუხობს ყოველგვარ კრიტიკას და უმალვე «ეკლესიის შეურაცხყოფად» აცხადებს განსხვავებულ აზრს, მაგრამ როდესაც საქმე სახელმწიფოებრივ ინტერესებსა და პოლიტიკას ეხება, ნურას უკაცრავად, - აქ ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს! კეთილი ინებეთ და მიიღეთ გონივრული გადაწყვეტილება - ქვეყნის ინტერესების და არა საკუთარი ახირების შესაბამისად.
        უნდა ვინმეს თუ არა, მოსწონს თუ არა, ასეთი დონის გადაწყვეტილება (ვთქვათ, გადაწყვეტილება რომის პაპის მოწვევა-არმოწვევის თაობაზე) სწორედ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. რომის პაპი პოლიტიკური ფიგურაა, კავკასიაში მისი ჩამოსვლა პოლიტიკური აქციაა.
        ის, რომ იგი საქართველოს გვერდს აუქცევს და მხოლოდ სომხეთს ეწვევა – აგრეთვე პოლიტიკურ შედეგებს გამოიწვევს. ეს შედეგი უაღრესად ნეგატიური იქნება არა მხოლოდ რელიგიური თუ კულტურული (ამაზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობთ – ავტ.) არამედ სწორედ სახელმწიფოებრივი და პოლიტიკური თვალსაზრისით;
        თანაც დავაკვირდეთ (ვიმეორებ), რა იდიოტურ მდგომარეობაში აღმოვჩნდებით. საქართველოს თითქოს «პროდასავლური ორიენტაცია აქვს» – ამ დროს კი უარს აცხადებს რომის პაპის მიღებაზე!!! «პრორუსული» ორიენტაციის სომხეთი კი მას უდიდესი პატივით იღებს.
        ჩვენს საპატრიარქოში ნეტავ საერთოდ ვინმეს თუ ესმის, რას ნიშნავს რომის პაპის ვიზიტი? ან იმას თუ აცნობიერებენ, რა წონა და გავლენა აქვს ამ ფიგურას (მით უმეტეს დღევანდელ პაპს) დასავლურ სამყაროში?
        საეჭვოა, საერთოდ ფიქრობდნენ ასეთ კატეგორიებზე;
        საბედნიეროდ, ედუარდ შევარდნაძე სწორედ პოლიტიკური კატეგორიებით აზროვნებს, იგი უპირველესად, პოლიტიკური, პრაგმატული თვალსაზრისით აანალიზებს პრობლემას - ამიტომაც მიმართა თხოვნით პატრიარქს, მოეწვიათ რომის პაპი, ვინაიდან შესანიშნავად ესმის, რა დამანგრეველი შედეგები ექნება (ჩვენი ქვეყნისთვის) იოანე პავლე მეორის ჩამოუსვლელობას საქართველოში.
        მაგრამ ვაი თუ უკვე ძალიან გვიანია! ნუნცის განცხადებით, ესოდენ მოკლე დროში პაპის ვიზიტის მომზადება ვერ «მოესწრება»; ეს იმას ნიშნავს, რომ ვატიკანი აშკარად შეურაცხყოფილია საქართველოს საპატრიარქოს პოზიციით. რომის პაპის შეურაცხყოფა ვატიკანის შეურაცხყოფაა. არ იქნება ვოიტილა – იქნება სხვა, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. შეურაცხყოფა საქართველომ ვატიკანის ტახტს მიაყენა და არა კონკრეტულ პიროვნებას.
        კვლავ და კვლავ ვიმეორებ: ისეთი დაძაბული, ურთიერთსიძულვილითა და შეურიგებლობით გაჟღენთილი ურთიერთობა, როგორიც ჯერ კიდევ ქალკედონის შემდეგ არსებობდა სომხურ ეკლესიასა და დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროს (შემდგომში განსაკუთრებით რომის საღვთო ტახტს) შორის, - ქართულ ეკლესიას ნამდვილად არასდროს ჰქონია. გრიგორიანელები და კათოლიკები იერუსალიმის «მაცხოვრის ტაძარში» დღემდე ლამის «წვერით ათრევენ» ერთმანეთს და იმაზეც კი ვერ თანხმდებიან, აიღონ თუ არა ტაძრის ქონგურზე ასი წლის წინ ვიღაცის მიერ დადებული კიბე; არადა, მაცხოვრის ტაძარში მხოლოდ სომხების, მართლმადიდებლებისა და კათოლიკების კონსენსუსით შეიძლება თუნდაც ერთი კენჭის გადაადგილება.
        მიუხედავად ამისა, სომხებმა ჭკუა იხმარეს და სწორედაც პოლიტიკური მოსაზრებებით, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მსოფლიოში სომხეთის ავტორიტეტის განსამტკიცებლად და გასაზრდელად (ამაზე მეტი სახელმწიფოებრივი ინტერესი რა შეიძლება იყოს(!) – რომის პაპი, პირველად ისტორიაში, სომხეთში მოიწვიეს, ქართველებმა კი თავი გავიმასხარავეთ, - არ უნდა მოიწვიო, ან თუ არ მოიწვევ, მერე აღარ უნდა ეხვეწო - შემეშალა, შევცდი და ეგებ მაინც ჩამოხვიდეო.
        ამ ხვეწნის გამო თუ ჩამოვიდა, მაინც დამცირებულნი დავრჩებით («სამადლოდ ჩამოვიდაო»). თუ არ ჩამოვა და საერთოდ სადღა გამოგვეყოფა თავი?
        ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც არაკომპეტენტური (რბილად თუ ვიტყვით) გადაწყვეტილებებით საქართველოს საპატრიარქო ქვეყანას ზიანს აყენებს (დიახ, ზიანს აყენებს(!), მაგრამ თუ ეკუმენისტური მოძრაობიდან გამოსვლა ან ქვეყნიდან საეკლესიო განძის გატანა კიდევ შეიძლება «წვრილმანად» ჩაითვალოს, რომელიც ზიანს არ აყენებს ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომის პაპის ვიზიტი უდიდესი მნიშვნელობის მოვლენაა ქვეყნისთვის და ამ ვიზიტთან დაკავშირებით უპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება არავის ეპატიება.
        უფრო შორსაც წავიდეთ (დროში) და გავიხსენოთ იმავე საპატრიარქოს «ბრძნული» განცხადება (1989 წ.): «ყოველი ქართველი, ქართველის მკვლელი... და ა.შ. დღემდე ბოლომდე აღმოუფხვრელია ზიანი, რაც ამ «ბრძნულმა განცხადებამ» საქართველოს მიაყენა.
        ისე კი, რომის პაპი ნამდვილად არ უნდა ჩამოვიდეს საქართველოში, ვინაიდან სწორედ საქართველო შეიძლება აღმოჩნდეს ერთადერთი ქვეყანა, სადაც მას შესაძლოა «საპროტესტო მიტინგები მოუწყონ ანუ «ქვა და გუნდა ესროლონ».
        ღმერთო შენ გვიშველე!

7 დღე, 12 მაისი, 1999 წელი