საერთაშორისო მიმოხილვა. 4 სექტემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 4 სექტემბერი. 2024 წელი

აფხაზეთის „ძველ-ახალმა“ ე.წ. „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ სერგეი შამბამ დაადასტურა, რომ 1 სექტემბრიდან რუსეთმა ნამდვილად შეუწყვიტა დაფინანსება სეპარატისტულ და რეალურად ოკუპირებულ აფხაზეთს.

იგულისხმება ე.წ. „საბიუჯეტო დაფინანსება“, რაც იხარჯებოდა აფხაზეთის სახელმწიფო მოსამსახურეების, მათ შორის მილიციელების, მასწავლებლების, სამინისტროების თანამშრომლების ხელფასებზე.

ამით სერგეი შამბამ განაცხადა,  რომ ყველა ის „ჭორი“ რაც ვრცელდებოდა აფხაზურ სოციალურ ქსელში, რეალურად სულაც არ არის „ჭორი“ და ნამდვილი ამბავია.

რუსეთის მთავრობის დელეგაცია, რომელიც აფხაზეთში უნდა ჩასულიყო ერთობლივი სამთავრობათშორისო კომისიის (Межправительственная комиссия) სხდომაში მონაწილეობის მისაღებად, აფხაზეთში აღარ ჩავა და არანაირი სხდომა არ გაიმართება სოხუმში.

 

აქ თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ რაკი რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ნამდვილად არ არის შემთხვევითი აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ისტორიული ლიდერის, სერგეი შამბას ფიგურის გაძლიერება.

ახლახან ის აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივანი“ იყო, თუმცა „დაწინაურდა“ საგარეო საქმეთა მინისტრად და 2025 წელს ალბათ კენჭს იყრის პრეზიდენტადაც.

 

მოკლედ შეგახსენებთ რაშია საქმე და რატომ/როგორ მიაღწია მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობამ ამ „წითელ ხაზს“ (როგორც იქნა, 15 წლის შემდეგ):

მიმდინარე წლის აგვისტოში აფხაზეთის „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფებოდა.

ის მოსკოველია: ახალგაზრდობიდან იქ ცხოვრობს, იქ აქვს ძირითადი სახლი და მისი ოჯახიც მოსკოვში ბინადრობს; ანუ ამაში თავისთავად გასაკვირი ან უცნაური არაფერია.

19 აგვისტოს ბჟანია შეხვდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურას პუტინის გარემოცვაში: ვიცე-პრემიერ დიმიტრი კოზაკს.

ხოლო 26 აგვისტოს (!!!- „დროით ლუფტს“ მივაქციოთ ყურადღება) რუსეთის მთავრობის ადმინისტრაციაში შეიქმნა საოცარი დოკუმენტი (გიგზავნით), რომლითაც

ა) რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებს აეკრძალათ 1 სექტემბრიდან ნებისმიერი თანხის გადარიცხვა აფხაზეთისთვის;

ბ) რუსეთის ფედერაციის ენერგეტიკის სამინისტროს დაევალა აფხაზეთს შემოდგომა-ზამთრის პერიოდში რუსული ელექტროენერგია მიაწოდოს მხოლოდ და მხოლოდ კომერციულ ფასად. (შემოდგომა-ზამთრის სეზონზე აფხაზეთს ენგურჰესის გამომუშავებული ელექტროენერგია არ ჰყოფნის-დ)

გ) რუსეთის პარლამენტის (ფედერალური საკრებულოს, ფედერაციის საბჭოს და სახელმწიფო სათათბიროს) დეპუტატებს ეთხოვოთ აღარ განაგრძონ კონტაქტები აფხაზ დეპუტატებთან.

დ) ცნობად იქნეს მიღებული „პრეზიდენტ ბჟანიას“ ვალდებულება, რომ რუსულ მხარეს მიაწოდებს ინფორმაციას იმ აფხაზი დეპუტატების შესახებ, რომლებიც „ხელს უშლიან“ აფხაზეთის „პრეზიდენტისა“ და მთავრობის ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებას.

„დაპირისპირება“ აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებასა და პარლამენტს შორის, როგორც ბევრჯერ დაგვიწერია, სხვა არაფერია თუ არა სპექტკალი. თუმცა  „დოკუმენტში“ ეს ვალდებულებებიცაა დაფიქსირებული, რაც ბჟანიამ არაერთხელ შეპირდა „კურატორებს“ და არ შეასრულა.

სინამდვილეში არც აპირებდა მათ შესრულებას.

მოსკოვის მოთხოვნებია:

1) იმ ხელშეკრულების რატიფიცირება, რაც რუსეთის (!) სასამართლოთა გადაწყვეტილებებს იურიდიულ ძალას ანიჭებს აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგულისხმება დავები ეკონომიკურ, ფინანსურ და საინვესტიციო საკითხებზე. თუ მაგალითად ე.წ. „რუს ინვესტორს“ გააგდებენ აფხაზეთიდან და რუსეთის სასამართლოში იჩივლებს.

2) „აპარტამენტების“ შესახებ კანონის მიღება, რაც მოსკოვს სჭირდება, რათა მიაღწიოს დემოგრაფიული ვითარების შეცვლას აფხაზეთში.

3) რუსეთის ბიზნეს-სტრუქტურების „შესვლა“ აფხაზეთში და ე.წ. „დიდი პრივატიზება“, რათა ყველაფერი, რაც ფასეულია აფხაზეთში, რუსეთის კუთვნილება გახდეს, ხოლო აფხაზეთი იქცეს „დიდი სოჭის“ გაგრძელებად: Продолжение большого Сочи.

 

არც ერთი ამ მოთხოვნის შესრულებას, სინამდვილეში, აფხაზეთის ხელისუფლება არ აპირებს.

არც ოდესმე აპირებდა და არც ახლა აპირებს.

 

არის პუნქტები, რომლებიც ამ „ოქმში“ დასახელებული არაა, თუმცა არანაკლებ პრინციპულია რუსული მხარისთვის: ენგურჰესის პრივატიზება, აფხაზეთის ელექტროქსელების პრივატიზება, ახალი ათონის მონასტრის რუსული ეკლესიისთვის გადაცემა.

 

აფხაზურ მხარეს მიაჩნია, რომ მათ რუსეთს იმდენი და ისეთი საქმე გაუკეთეს, მოსკოვს არა აქვს უფლება რაიმე დამატებითი პირობები წამოუყენოს: მათ ხომ რუსული ბაზები განალაგეს აფხაზეთის ტერიტორიაზე, დაეხმარნენ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციაში და ა.შ.

 შესაბამისად „დამატებითი პირობების“ შესრულებას მით უმეტეს არ თანხმდებიან.

 

არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ 19 აგვისტოს მოსკოვში გამართული შეხვედრის (თუ თათბირის) შემდეგ, იმავე სერგეი შამბამ (ამ მომენტს მივაქციოთ ყურადღება) ბევრისთვის მოულოდნელად განაცხადა, რომ აფხაზეთი არ გეგმავს ოჩამჩირეში არანაირი რუსული საზღვაო-სამხედრო ბაზის დაფუძნებას მიუხედავად ადრე არაერთხელ გაჟღერებული პროვოკაციული „დაპირებებისა“.

ეს იყო პირველი მინიშნება აფხაზური ელიტების მხრიდან მოსკოვისადმი, რომ აფხაზეთი სტრატეგიულ საკითხებში „სტატუს კვოს“ შეცვლის და, შესაძლოა, სოხუმმა რუსული ბაზების გატანაც კი მოითხოვოს.

სხვათა შორის, თუ გავიხსენებთ როგორ „ლაგდებოდა“ ურთიერთობა მოსკოვსა და სოხუმს შორის 2008 წლის 26 აგვისტოს შემდეგ, როდესაც მოსკოვმა ცნო ე.წ „აფხაზეთის დამოუკიდებლობა“, აფხაზური მხარე (დაუჯერებელია თითქოს, მაგრამ ფაქტია) წინააღმდეგი იყო რუსული ჯარის დაკანონებისა აფხაზეთის ტერიტორიაზე: იყავით, იდექით აქ, მაგრამ იურიდიულად არ დაგაკანონებთ, ქართველებს კი ჩვენ თქვენს გარეშეც მოვერევითო....და მხოლოდ მას შემდეგ მოაწერა ხელი შეთანხმებას აფხაზეთში რუსული ბაზების დაკანონების შესახებ, რაც რუსეთის მთავრობასთან მიაღწია მეორე შეთანხმებას: ე.წ. „აფხაზეთის ბიუჯეტის ყოველწლიურად დაფინანსების შესახებ“.

ანუ პირდაპირ ეს ორი საკითხი თითქოს არ არის ერთმანეთთან მიბმული, თუმცა რეალურად ურთიერთდაკავშირებულია.

ყოველ შემთხვევაში აფხაზურ მხარეს მუდამ მიაჩნდა ასე და ამ მიმართულებით მოსკოვის „რბილი წაშანტაჟებაც“ არაა გამორიცხული.

გააჩნია, რამდენად შორს წავა ახლა მოსკოვი სეპარატისტულ აფხაზეთზე ზეწოლის თვალსაზრისით.

კრემლის უკმაყოფილებას სისტემური მიზეზი აქვს: არა მხოლოდ და არა იმდენად „აპარტამენტებშია“ საქმე ან თუნდაც ახალი ათონის მონასტერში: გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლი ვერ დაუშვებს, რომ ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანი ჩრდილო კავკასიის მეზობლად გაჩნდეს აფხაზური ე.წ. „სახელმწიფო“, რომელიც მაგალითად იქცევა სხვებისთვის და თურქეთიდან მოიზიდავს ჩერქეზ და აფხაზ „მუჰაჯირთა“ შთამომავლებს.

 

ეს გასაგებია, თუმცა ზეწოლის ბერკეტები, რაც ახლა აამოქმედა მოსკოვმა, რამდენად ქმედითი იქნება?

 

დარწმუნებით შეიძლება ითქვას: მათი „ქმედითობა“ გამოდგება ნულის ტოლი!

ფინანსური დახმარების შეწყვეტა? აფხაზეთი დასავლეთისგან და თურქეთისგან (NGO სექტორის გავლით) არათუ „იმდენივეს“ არამედ უფრო მეტსაც კი იღებს.

ეს არ არის საბიუჯეტო სახსრები, მაგრამ მნიშვნელოვანი თანხები იხარჯება აფხაზეთის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და კომერციული ეკონომიკური პროექტების განხორციელებაზე.

სეპარატისტულ აფხაზეთს თურქულ ბანკებში და სხვა ქვეყნების ბანკებში დაგროვილი აქვს ასეულობით მილიონი დოლარი;

 ეს ფონდები ნაწილობრივ შევსებულია კრიპტოვალუტის მაინინგით, რაც სინამდვილეში იქ სეპარატისტული სახელმწიფოს მხარდაჭერით ხორციელდებოდა და მრავალფეროვანი, მრავალწახნაგოვანი, მრავალსუბიექტური უცხოური დახმარებით.

ზოგჯერ ჩვენთვის მოულოდნელი წყაროებიდანაც.

 

ანუ ეს „ბერკეტი“ სინამდვილეში არანაირი „ბერკეტი“ არ არის.

 

რაც შეეხება ელექტროენერგიას: უკიდურეს შემთხვევაში, თუკი რუსეთი ელექტროენერგიას საერთოდ არ მიაწვდით, რამდენიმე კვირას გაძლებენ აფხაზები, სანამ ენგურჰესის კაშხალი წყლით აივსება.

ანუ არც ესაა  კრიტიკული.

სინამდვილეში ერთადერთი კრიტიკული ოფცია, რაც რუსულ მხარეს ჯერ არ გამოუყენებია საზღვრის ჩაკეტვაა!

აი ეს კი ნამდვილად დიდი დარტყმა იქნება, რაკი აფხაზეთში ვეღარ ჩამოვლენ რუსი ტურისტები, აფხაზები ვეღარ გაემგზავრებიან რუსეთში, ვეღარ ისარგებლებენ ადლერის (სოჭის ) აეროპორტით თურქეთში გადასაფრენად, რითაც ძალიან აქტიურად სარგებლობენ და ასე შემდეგ.

 

აი ამ შემთხვევაში კი აფხაზები უკვე მიიღებენ საპასუხო ზომებს: დაიწყებენ რუსულ საინფორმაციო სივრცეში იმ ნარატივის გავრცელებას, რომ „პუტინმა არა მხოლოდ სულელური დაუსრულებელი ომი წამოიწყო უკრაინის წინააღმდეგ არამედ ისეთი ერთგული მოკავშირეც კი დაგვაკარგვინა, როგორიც აფხაზეთია“.

ამ ნარატივს გააჟღერებენ თუნდაც იმავე ნავალნის გუნდის წევრები.

აფხაზებს ძლიერი და გავლენიანი ლობისტები ჰყავთ მოსკოვში ჩრდილო კავკასიური, აფხაზურ ადიღეური ელიტების სახით..... გარდა ამისა, აფხაზებმა საკმაოდ მყარი არხები გაჭრეს დასავლეთში ე.წ „ჟენევის ფორმატის“ წყალობით და იმ „მოედანზეც“ დემონსტრაციულად გააქტიურდებიან ისევ და ისევ პროვოკაციული ნარატივით: „ფსოუზე NATO-ს ჯარებს მიიღებთ რუსები ამ გზით, თუ აფხაზებს ასე მოგვექცევით!“

ბოლოს შესაძლოა თბილისშიც ჩამოვიდნენ რუსეთის „ლბილად წასაშანტაჟებლად“, ოღონდ არა იმისთვის, რათა ქართულ-აფხაზური „დღის წესრიგის“ ფუნდამენტურ საკითხებზე გამართონ მოლაპარაკება (ლტოლვილთა დაბრუნება, აფხაზეთის სტატუსი და ა.შ) არამედ ისევ და ისევ მოსკოვთან „სათამაშოდ“.

დღემდე ეს თამაში „ჭრიდა“, მოსკოვს რადიკალური ზომების მიღების ეშინოდა, თუმცა პუტინის მოთმინების ფიალა აივსო და მისთვის პრინციპული საკითხი „პიცუნდას აგარაკი“ სულაც არ არის.

თან რაც ცოტა არ იყოს კომიკურია, რეალურად ის აგარაკიც კი არ მისცეს აფხაზებმა: თითქოსდა განახორციელეს შესაბამისი დოკუმენტის რატიფიცირება, მაგრამ ისეთი პირობებით, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საპროტესტო „ნოტა“ გამოუგზავნათ.

შეიძლება თუ არა მოსკოვმა „უკან წაიღოს“, გაიწვიოს აფხაზეთის ე.წ. „დამოუკიდებლობის აღიარება?“

ალბათ არა, რადგან რუსებს თავი „ზესახელმწიფოდ“ მიაჩნიათ და იმ „ისტორიული გადაწყვეტილების“ შეცვლა უკვე  „ეუხერხულებათ“