საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ივნისი 2022 წელი
სამწუხაროდ, ნიდერლანდი და დანია ღიად გამოვიდნენ უკრაინისათვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დამტკიცების წინააღმდეგ.
თავის პოზიციას ეს ორი ქვეყანა იმით ხსნის, რომ უკრაინაში `არამდგრადი დემოკრატიული ინსტიტუტებია`.
თუმცა რეალურად, რასაკვირველია, უარის მიზეზი ის სქემაა, რომელიც სსრკ და აღმოსავლური ბლოკის დაშლის შემდეგ შემოიღო დასაველთმა, რომ ევროკავშირის წევრობა პოსტსაბჭოთა და პოსტკომუნისტური ქვეყნისთვის შესაძლებელია მხოლოდ `NATO`-ს გავლით ანუ ჯერ NATO, შემდეგ EU.
ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წესდების მიხედვით კი, მისი წევრი შესაძლებელია გახდეს მხოლოდ ის სახელმწიფო, რომელსაც არა აქვს ტერიტორიული პრობლემები.
უკრაინას და საქართველოს კი სამწუხაროდ აქვთ ტერიტორიული პრობლემები!
ძალიან გასაკვირი იქნება, თუ ამ ვითარებაში ევროკავშირი შეძლებს (სენსაციად ჩაითვლება) უკრაინას და საქართველოს კანდიდატობა დაუდასტუროს. სხვა არანაირი პრობლემაც კი რომ არ არსებობდეს... არადა საქართველოს დემოკრატიის და მართლმსაჯულების პრობლემებიც აქვს.
შესაბამისად, ალბათ ბრიუსელში და დიდ ევროპულ დედაქალაქებში (პარიზი, ბერლინი, რომი) მწიფდება გადაწყვეტილება, რომელიც გუშინ გერმანიის `საგარეომ` გააჟღერა: `პირობითი კანდიდატობა` ანუ ფაქტიურად` კანდიდატობის კანდიდატობა`.
ოღონდ....პრობლემა ისაა, რომ ეს `პირობითობაც` არ არის კონკრეტულად გაწერილი, ანუ კონკრეტულად რას მოითხოვენ უკრაინისგან, საქართველოსგან და მოლდოვასგან.... ზოგადი ფრაზებია `სასამართლოს დამოუკიდებლობა`, რეფორმების გაგრძელება და ა.შ.
. . . . . . . . . .
სულ უფრო და უფრო იძაბება ვითარება ირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით, რაზეც ერთ-ერთ წინა მიმოხილვაში ვწერდით.
ირანელ ფანატიკოს ანტისემიტ აიათოლლათა მორიგი პროვოკაციული ნაბიჯი გახდა ურანის გამდიდრების ცენტრიფუგებიდან სათვალთვალო კამერების მოხსნა. გუშინ ამის თაობაზე პანიკური განცხადება გააკეთა მსოფლიო ატომური სააგენტოს პრეზიდენტმა რაფაელ გროსიმ.
ცენტრიფუგებთან დამაგრებული ვიდეოკამერების (Online stream 24 საათის განმავლობაში რომ უზრუნველჰყოფდნენ) მოხსნა ირანში იმას ნიშნავს, რომ ურანის გამდიდრების პროცესს ვეღარავინ გააკონტროლებს და ირანმა სულ რაღაც 3-4 კვირაში შეიძლება გაამდიდროს ურანი ამჟამინდელი 60%-იდან - - 90% მდე, რაც ატომური ბომბის შესაქმნელად იქნება საკმარისი.
ტრაღედიაა, რომ ამერიკას ახლა სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა ირანის შესაკავებლად, რომ ხსენებულმა ფანატიკოსმა აიათოლლებმა ისრაელი არ გაანადგურონ თუნდაც საკუთარი ქვეყნის განადგურების ფასად.
მაგალითად, სჭირდება, რომ მოსკოვმა ვეტო არ დაადოს გაეროს უშიშროების საბჭოში მორიგ რეზოლუციას ირანის დასასჯელად და მეტი სანქციების შემოსაღებად.
მერედა....დღევანდელ ვითარებაში, როცა ამერიკა მძიმე შეიარაღებას აწვდის უკრაინას, მოსკოვს რა მოტივაცია ექნება ვეტო არ გამოიყენოს?
გამოდის, პუტინი ქვეწარმავლურად აყენებს ბაიდენს არჩევანის წინაშე უკრაინასა და ისრაელს შორის.
გასაგებია და კომენტარიც კი ზედმეტია ალბათ: ისრაელი ხომ `იუდა-ქრისტიანული` ცივილიზაციის საძირკველია.
. . . . . . . . . .
ე.წ. დონეცკის სასამართლომ სიკვდილით დასჯა (!!!) მიუსაჯა სამ უცხოელს (ორი - ინგლისელია), რომლებიც უკრაინის მხარეს იბრძოდნენ და მარიუპოლში ტყვედ ჩაბარდნენ.
რუსები უსინდისოდ იჩეჩენ მხრებს: `აბა ჩვენ რა შუაში ვართ, რუსეთში სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, მაგრამ დონეცკის რესპუბლიკა ჩვენს მიერ აღიარებული დამოუკიდებელი სახელმწიფოა და საკუთარი სისხლის სამართლის კოდექსი აქვსო`
უსინდისობის მწვერვალი!
ზუსტად არ არის მაინც ცნობილი, რომელი ევროპული ქვეყნების მოქალაქეა ეს სამი სიკვდილმისჯილი. შესაძლოა მათ შორის არიან ბრიტანელები (ზოგიერთი ცნობით ორია ინგლისელი), რამაც ლონდონსა და მოსკოვს შორის კონფლიქტი ახალ ეტაპზე უნდა აიყვანოს.
მით უმეტეს, თუ სიკვდილით დასჯის განაჩენი სისრულეში იქნება მოყვანილი.
თუმცა სავარაუდოა, რომ მოსკოვი ამ თემით პრემიერ-მინისტრ ჯონსონის შანტაჟირებას დაიწყებს.
რასაკვირველია, სინამდვილეში მათი სიცოცხლე მოსკოვის ხელშია და არა დონეცკის ან ლუგანსკის ე.წ. `რესპუბლიკების` ხელში
. . . . . . . . . .
ვლადიმერ პუტინის მორიგი პარანოიდული განცხადება: ``მსოფლიოში სულ რამდენიმე სუვერენული სახელმწიფოა. მათ შორის არის რუსეთი...სხვა ყველა დანარჩენი, მათ შორის ევროპული სახელმწიფოები, ამერიკის მონები არიან``
ისმის კითხვა: ასეთ პარანოიკს რა ან რაზე უნდა ელაპარაკოს დასავლეთი?
ამასობაში კი....ფრანგული გამოცემა Paris match ამტკიცებს, რომ პუტინს რუსეთის რეგიონებში მოგზაურობისას დაჰყვება სპეცსამსახურთა თანამშრომლების ჯგუფი, რომელიც აგროვებს მის ეკსკრიმენტებს (ანუ განავალს და შარდს), მერე მიაქვს მოსკოვში, რათა ვერავინ იპოვოს, ანალიზი არ ჩაუტაროს და ვერ გაიგონ, რომ პუტინს აქვს კიბო.
ამის გაგება ეკსკრიმენტთა ლაბორატორიული ანალიზით სრულებით შესაძლებელია.
. . . . . . . . . .
`ბორჯომის` მეპატრონე, რუსი მილიარდერი მიხაილ ფრიდმანი კიევში გაიქცა და ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობას სთხოვს იმ არგუმენტით, რომ ლვოვშია დაბადებული - გაზრდილი.
არ არის გამორიცხული, ზელენსკიმ ეს თხოვნა კიდეც დააკმაყოფილოს.
ამ შემთხვევაში დასავლეთი ფრიდმანს ალბათ სანქციებს მოუხსნის, ოღონდ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ `ბორჯომის` პრობლემები ამით დასრულდება: მაღალი ალბათობით, რუსეთი ამის შემდეგ ჩაუკეტავს თავის ბაზარს `ბორჯომს`, რადგან ჩვენი მინერალური წყალი `რუსულად` ითვლებოდა, სანამ ფრიდმანი რუსეთის მოქალაქე იყო. თუ `უკრაინული` გახდება, რუსეთი მას დაბლოკავს.
უმჯობესი იყო მთელი ამ წლების განმავლობაში ალტერნატიულ ბაზრებზე გვეფიქრა, რაზეც ფრიდმანი რა თქმა უნდა არ ზრუნავდა. არადა რუსეთში `ბორჯომის` 60% იყიდება!
რუსეთის ბაზარი აბსოლუტურად ტოქსიკურია ყველა თვალსაზრისით და სანამ ქართული ბიზნესი და ქართული მთავრობა ამას არ გაითვალსიწინებს სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში, სულ ვიქნებით ასე `სათრეველასავით` (ილია ჭავჭავაძის ტერმინია `ურემზე მიბმული სათრეველა`) მასზე მიბმული.
. . . . . . . . . .
ფინეთმა განაცხადა, რომ როგორც კი NATO-ს წევრი გახდება, რუსეთთან საზღვარზე `დიდ ფინურ კედელს` ააშენებს, რათა რუსებმა ევროპაში შეღწევა ვერ შეძლონ. ფინელთა თქმით, ყოველწლიურად უამრავი რუსი გარბის `ბედნიერი და აყვავებული რუსეთიდან`- ევროპაში.
გუშინ ამერიკის სენატმა მოიწონა ფინეთის და შვედეთის განაცხადი, გახდეს NATO-ს წევრი.
თუმცა თურქეთი კვლავინდებურად ჯიუტობს და ვეტოს დადებით იმუქრება, რაკი ვერ მიიღო (როგორც ანკარაში აცხადებენ) მყარი გარანტიები, რომ სტოკჰოლმი და ჰელსინკი შეწყვეტენ `ქურთი სეპარატისტების` მხარდაჭერას.
არადა ეს `მხარდაჭერა` რაში გამოიხატება? განა იარაღს აწვდიან? არამც და არამც! ლტოლვილ ოჯახებს იფარებენ და აზრის გამოთქმის საშუალებას აძლევენ.
. . . . . . . . . .
ზელენსკის პროტესტის შემდეგ (გუშინ, სატელეფონო საუბრისას) საფრანგეთის პრეზიდენტმა ემმანუილ მაკრონმა მას განუცხადა, რომ მისი ქვეყანაა მზადაა უკრაინის არმიას მიაწოდოს შორსმროლელი, 155მმ კალიბრის ქვემეხები.
მანამდე მაკრონი თავისუფლად ლაპარაკობდა, რომ რუსეთის `დამცირება` დაუშვებელია, თუმცა კიევისგან მკაცრი პასუხი მიიღო.
უკრაინის კრიზისის ერთ-ერთი ჭკუისსასწავლებელი შედეგი ისაა, რომ ამგვარი `შერცხვენები` და ღია კრიტიკა დასავლელ ლიდერებზე `კეთილად` მოქმედებს და `მუშაობს` ნამდვილად.
ეს მომენტი ალბათ ყველამ უნდა გაითვალისწინოს - არა მხოლოდ უკრაინამ.
. . . . . . . . . .
პირველი სენსაცია `საუკუნის Hearing-ზე` ამერიკის კონგრესში - 2021 წლის 6 იანვარს ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში შეჭრის თაობაზე:
მაღალი რანგის გენერალმა კომიტეტს განუცხადა, რომ როდესაც ბრბო კონსგრესის შენობაში შეიჭრა, ამერიკის ეროვნულ გვარდიას (ასე ეწოდება ამერიკაში შინაგან ჯარებს) არა დონალდ ტრამპმა არამედ ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა უბრძანა სიტუაციაში ჩარეულიყო.
იმავე დღეს ტრამპმა პენსს `მოღალატე` უწოდა. ფორმალური საბაბით, რომ არ ეთანხმებოდა არჩევნების გაყალბების თაობაზე პრეზიდენტის განცხადებებს. ახლა ირკვევა, რომ `მოღალატეობის` დაბრალების მეორე საფუძველიც ჰქონია: ბრძანება ეროვნულ გვარდიას, აღეკვეთა უწესრიგობა
ისე, მაიკ პენსის მოქმედებაც ცოტა უცნაურია, რადგან ამერიკული კონსტიტუციით ვიცე-პრეზიდენტი არის პრეზიდენტის `უტყვი აჩრდილი` და შეუძლია მხოლოდ პრეზიდნეტის დავალებები შეასრულოს.
ანუ ტრამპს თვითონ არ სურდა ასეთი ბრძანების გაცემა და პენსს დაავალა? თუ საერთოდ არ დაუვალებია და ვიცე-პრეზიდენტმა, კონგრესის გაუპატიურებისგან გადასარჩენად, თვითნებურად გასცა ასეთი ბრძანება?
ალბათ ეს ყოველივე გაირკვევა Hearing-ზე... თუმცა მთელს მსოფლიოში ამერიკის ბევრი გულშემატკივარი სწუხს, რომ ამგვარი საჯარო-სამსოფლიო გამოძიება, პირდაპირ ეთერში, სამწუხაროდ დიდად შელახავს ამერიკის რენომეს.
ხალხურად თუ ვიტყვით და ჟარგონით `დემოკრატები და რესპუბლიკელები დაჭამენ ერთმანეთს` და არც უკრაინისთვის ეცლებათ იმდენად, არც საქართველოსთვის. სამწუხაროდ.