საერთაშორისო მიმოხილვა. 10 ივლისი. 2023 წელი
სამწუხაროდ, ყველა ინდიკატორი მეტყველებს იმაზე, რომ ვილნიუსის სამიტზე არ იქნება მიღებული მკაფიო გადაწყვეტილება უკრაინის NATO-ში გაწევრებასთან დაკავშირებით.
პირველ რიგში ამის წინააღმდეგნი არიან აშშ და გერმანია.
ბაიდენმა გუშინ პირდაპირ თქვა, რომ უკრაინა `არ არის მზად გახდეს ალიანსის წევრი`.
ბევრი საუბარია რეფორმებზე, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაზე და ა.შ. თუმცა სინამდვილეში მთავარი წინაღობა ის არის, რომ უკრაინა ჯერ ვერ აკონტროლებს თავისი სუვერენული (საერთაშორისოდ აღიარებული) ტერიტორიის 20%-ს და ამ ვითარებაში უკრაინის ალიანსში მიღება გამოიწვევს NATO-ს ავტომატურად ჩართვას კონფლიქტში, რაკი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წესდება ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს წევრი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.
სამაგიეროდ, NATO ერთიანია იმაში, რომ თუ (და როდესაც) უკრაინა აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას 1991 წლის საზღვრებში, მას ალიანსში მიიღებენ MAP -ის ანუ `საგზაო რუკის` გარეშეც.
ჯერ-ჯერობით კი, ევროატლანტიკური თანამეგობრობა უკრაინას ეხმარება გაიმარჯვოს ომში.
და ამ დახმარებას გააგრძელებს გამარჯვებამდე.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
როგორც მოსალოდნელი იყო, კლასტერული (კასეტური) ბომბების უკრაინისთვის მიწოდების გადაწყვეტილება პრეზიდენტ ბაიდენს უახლოესი მოკავშირეების მხრიდან მწვავე კრიტიკად დაუჯდა.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა დიდი ხნის წინ შეუერთდა `კლასტერული ბომბების` აკრძალვის კონვენციას, რადგან ეს იარაღი არაჰუმანურია (და `ჰუმანური იარაღი` რომელია?_დ.), შესაბამისად იგი არ იწონებს ვაშინგტონის გადაწყვეტილებას.
აშშ არ შეერთებია კონვენციას. ისევე, როგორც უკრაინა და რუსეთი.
საპასუხოდ, პენტაგონმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უკრაინას მხოლოდ იმგვარ კლასტერულ ჭურვებს მიაწვდიან, რომლის კომპონენტებს სრული აფეთქების ყველაზე მაღალი პროცენტი აქვთ: `კასეტური ჭურვების` მოწინააღმდეგეები ზუსტად იმაზე აპელირებენ, რომ კლასტერული ბომბის ბევრი შემადგენელი არ ფეთქდება, მიწაზე, მიწაში ან წყალში რჩება და შემდეგ მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სახიფათოა.
აქ აღსანიშნავია ზელენსკის ტაქტიკა: იგი მუდმივად აყენებს დასავლეთს იმგვარი მორალური დილემებისა და არჩევანის წინაშე, როდესაც ისინი ვალდებულნი და იძულებულნი არიან გააკეთონ მკაფიო არჩევანი.
ეს აუცილებელია, რადგან დასავლეთში კონფორმიზმი ფართოდაა გავრცელებული. მათ შორის ელიტურ ჯგუფებში: რომ არა უკრაინული არმიის გმირული წინააღმდეგობა, ეს ჯგუფები 2014 წლიდანვე მზად იყვნენ უკრაინა რუსეთისთვის `ჩაებარებინათ`.
უკრაინა მოითხოვს, ვილნიუსის სამიტზე იგი `მიიწვიონ` NATO-ში (Invitation), რაც ფორმალურად არ ნიშნავს ჯერ წევრობას. ანუ არ ნიშნავს `მეხუთე პუნქტის` ამოქმედებას. თუმცა პოლიტიკურად უძლიერესი მესიჯი იქნება
. . . . . . . . . . . . . . . . . .
ამასობაში უკრაინა გეგმაზომიერად, თუმცა მიზანმიმართულად და შეუქცევადად `ბურღავს` რუსულ თავდაცვით ხაზს დონეცკისა და ზაპოროჟიეს მიმართულებით.
ჯერ-ჯერობით საუბარია რუსეთის მიერ 6 თვის განმავლობაში აგებულ პირველ თავდაცვით ხაზზე. სულ სამი თავდაცვითი ხაზი ააგეს - დოტებით, სანგრებით, დანაღმული ველებით და ასე შემდეგ.
ყველაზე ძლიერია მეორე თავდაცვითი ხაზი. თუმცა უკრაინელები მას უკვე საკმაოდ მიუახლოვდნენ ანუ პირველი ხაზი ფაქტობრივად გაარღვიეს 4 ან 5 ადგილას.
ასეთი დასკვნა დადო `BBC`-ს სამხედრო ანალიტიკოსთა ჯგუფმა.
რუსეთი იძულებულია ზურგში არსებული რეზერვები გადაისროლოს კრიტიკული მიმართულებით. ხოლო მას შემდეგ რაც უკრაინული არმია მიადგება უშუალოდ თავდაცვის მეორე ხაზს, საქმეში ჩაერთვება უკრაინულ რეზერვთა და დასავლეთიდან მიღებული სამხედრო ტექნიკის ძირითადი ნაწილი.
უკრაინამ თუ შეძლო აზოვის ზღვამდე მიღწევა ანუ რუსეთ-ყირიმის დამაკავშირებელი სახმელეთო ხაზის გადაჭრა, ეს უკვე სტრატეგიული (და არა ტაქტიკური) გამარჯვება იქნება.
რეზერვებს რაც შეეხება, ბრიტანელი სპეციალისტები, ბრიტანულ და ამერიკულ დაზვერვაზე დაყრდნობით ამტკიცებენ, რომ რუსეთმა კავკასიიდან უკრაინაში სრულად გადაისროლა ჩვენთვის `ნაცნობი` 58-ე არმია, რომელიც 2008 წელს როკის გვირაბიდან საქართველოში შემოიჭრა.
ირკვევა აგრეთვე, რომ უკრაინა ინარჩუნებს პატარა პლაცდარმს დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ანტონოვის ხიდის მიდამოებში.
რუსებმა ვერანაირად ვერ მოახერხეს იქ უკრაინული დესანტის სრულად განადგურება. ეს პლაცდარმი კი, შესაძლოა, რუსული ოკუპაციის გამანადგურებელ ფაქტორად იქცეს.
უკრაინელები წარმატებით მიიწევენ წინ აგრეთვე ბახმუტის მიმართულებითაც.
ეს ის ბახმუტია (რუსული სახელწოდებაა არტემიევსკი), რომელიც თითქოსდა პორიგოჟინის ბანდამ დაიპყრო ამბოხებამდე, თუმცა შემდეგ პრიგოჟინმა ბახმუტი რუსულ არმიას `გადასცა`, თვითონ კი პუტინის დასამხობად წავიდა როსტოვში.
ახლა თუ უკრაინამ ბახმუტი დაიბრუნა, ეს მხოლოდ გააძლიერებს პრიგოჟინის პოზიციებს შიდა-რუსულ დაპირისპირებაში; ასევე მის პიროვნულ დაპირისპირებაში თავდაცვის მინისტრ შოიგუისთან და გენერალური შტაბის უფროს გერასიმოვთან.
სინამდვილეში პრიგოჟინს საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და ჰყავს როგორც ელიტებში, ასევე ომით მოქანცულ რუსულ საზოგადოებაში
. . . . . . . . . . . . . . . . . .
სულ უფრო იძაბება სიტუაცია `ხორბლის გარიგების` გარშემო რუსეთს, თურქეთს და დასავლეთს შორის.
შეგახსენებთ მოკლედ საქმის არსს: უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყებისთანავე რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა დაბლოკა უკრაინული პორტები;
შარშან ივლისში, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა და პუტინმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ რუსეთი გაატარებდა მსოფლიო ბაზრებზე უკრაინულ ხორბალს ოღონდ იმ პირობით, თუ ერდოღანი დაარწმუნებდა ევროპას, გაეუქმებინა ზოგიერთი სანქცია. მათ შორის ყველაზე არსებითი სანქციები: პუტინი მოითხოვდა რუსეთის РосСельхозБанк-ის მიერთებას საბანკო გადარიცხვათა სისტემა SWIFT-თან, საიდანაც რუსული ბანკების დიდი ნაწილი ჩაიხსნა ევროპისა და ამერიკის სანქციათა პირველივე პაკეტებით; გარდა ამისა, პუტინი მოითხოვდა რუსული ხორბლისა და სასუქების მსოფლიო ბაზრებზე წვდომის აღდგენას.
ერდოღანი პუტინს დაჰპირდა, თუმცა პირობა ვერ შეასრულა. არადა პუტინის Dead Line 17 ივლისს იწურება!
ერდოღანი საკმაოდ დელიკატურ სიტუაციაში აღმოჩნდა: ევროპისთვის ხორბლის გაძვირება მომაკვდინებელი პრობლემა არ არის. მაგრამ თურქეთი აზიისა და აფრიკის ღარიბ ქვეყნებს დაჰპირდა - ყველაფერს ვიღონებ, რათა ხორბალი (შესაბამისად, პური) არ გაძვირდესო.
თუ ამ პირობას დაარღვევს, ანუ პუტინი აღადგენს უკრაინული პორტების `ხორბლის ბლოკადას` (Зерновая блокада) ერდოღანის პრესტიჟი შეილახება. არადა მას აქვს პრეტენზია `მესამე მსოფლიოს` ლიდერად წარმოჩინდეს.
სულ ერთი კვირა დარჩა Dead Line-მდე.
ჯერ ჯერობით კრემლი აცხადებს, რომ რაკი სანქციები არ უქმდება, ის «Зерновая сделка» - ს არ გააგრძელებს.
ვნახოთ
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის `მოადგილე` და `ადგილშემნახველი` (Местоблюститель) ექს-პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი სულ უფრო გიჟურ განცხადებებს აკეთებს.
ამჯერად აიკვიატა, თითქოს უკრაინის არმიამ ბრიტანულ-ფრანგული რაკეტა Storm Shadow ესროლა რუსეთში სმოლენსკის ატომურ ელექტროსადგურს.
მედვედევი წერს, რომ თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა `რუსეთმა უნდა დაბომბოს უკრაინის სამი ატომური ელექტროსადგური და ასევე დაბომბოს ის ატომური ელექტროსადგურები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში მდებარეობენ`.
მედვედევი, როგორც ჩანს `პუტინზე უფრო რადიკალურის` როლს თამაშობს.
რაც შეეხება სმოლენსკის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვას, უკრაინის მოსაზღვრე რუსული ოლქები რასაკვირველია ინტენსიურად იბომბება (რატომღაც რომ არ იბომბებოდეს), თუმცა ეს არ ნიშნავს რომ
ა) უკრაინელებმა მაინცდამაინც Storm Shadow გამოიყენეს და
ბ) არ ნიშნავს, თითქოს იბომბება ატომური ელექტროსადგური და არა მისგან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ნავთობბაზა ან სამხედრო ობიექტი ან სამხედრო აეროდრომი.
უკრაინას საკუთარი შორსმსროლელი რაკეტებიც აქვს (უკვე).
მედვედევის განცხადება საზარელი ცინიზმია კიდევ ერთი მიზეზით: როგორც ჩანს გულისხმობდა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაბომბვასაც. სწორედ იმ ობიექტისა, რომლის ავარიამ 1986 წელს ამდენი უბედურება მოუტანა უკრაინას და მთელს ევროპას.
. . . . . . . . . . . . . . . . . .
მსოფლიო მორიგი ტექნოლოგიური რევოლუციის წინაშე დგას: ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობ WI-FI ტექნოლოგიას მალე ბევრ შემთხვევაში ჩაანაცვლებს ტექნოლოგია LI-FI, რომელიც ჩვეულებრივ ელექტრობას ანუ მაგალითად ოთახში ანთებული ნათურის შუქს იყენებს ინტერნეტ-სიგნალის გადასაცემად; თანაც 400-ჯერ (!!!) უფრო სწრაფია, ვიდრე კლასიკური WI-FI.
მისი ნაკლოვანება ის არის, რომ WI-FI- სგან განსხვავებით კედელში ვერ აღწევს (რაკი შუქი ვერ აღწევს ერთი ოთახიდან მეორე ოთახში კედლის მიღმა) და მისი გამოყენება შეუძლებელია მზის შუქზე, რადგან ადაპტერი და რესივერი ასეთ შემთხვევაში ვერ აღიქვამენ.
თუმცა კოლოსალური სისწრაფე ამ ნაკლოვანებებს აკომპენსირებს.
ჯერ-ჯერობით ლაბორატორიული კვლევები მიმდინარეობს. თუმცა ასეთი კვლევები თავის დროზე WI-FI-ზეც ტარდებოდა და თვით მობილურ (ფიჭურ) ტექნოლოგიებზეც.
ახლა ისინი უკვე ჩვენი ყოველდღიურობაა.