საერთაშორისო მიმოხილვა. 11 ივნისი. 2024 წელი
ევროპარლამენტის არჩევნები დასრულდა. ბოლო საარჩევნო უბანი იტალიაში (იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად) 23 00 დაიხურა.
ევროპის 360 მილიონმა ამომრჩეველმა აირჩია ევროპარლამენტის 720 დეპუტატი.
ევროპარლამენტი, რომელსაც ორი რეზიდენცია აქვს - სტრასბურგსა და ბრიუსელში - არ არის კლასიკური გაგებით საკანონმდებლო ორგანო.
ანუ მის მიერ მიღებულ აქტებს „მოდელური“ სტატუსი აქვთ და რეკომენდაციაა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის., თუ დაახლოებით როგორი კანონები უნდა მიიღონ. იურიდიული ძალა ამ „მოდელურ კანონებს“ არ გააჩნიათ რასაკვირველია.
იმიტომ, რომ ევროკავშირი ჯერ არათუ ფედერაცია, არამედ კონფედერაციაც კი არ არის და ყველა გადაწყვეტილებას, საბოლოოდ, მაინც იღებს „ევროპული საბჭო“ (European counsel), რომელიც შედგება წევრ სახელმწიფოთა უმაღლესი აღმასრულებელი პირების ან სახელმწიფოს მეთაურებისგან ანუ პრემიერ-მინისტრებისა და პრეზიდენტებისგან.
მონარქები არ იგულისხმება.
დღეს ევროპული საბჭოს პრეზიდენტია შარლ მიშელი.
ევროპული საბჭო მის კომპეტენციას განკუთვნილ საკითხებში გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ კონსენსუსით!
ხოლო მის კომპეტენციას განეკუთვნება ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხები.
რაც შეეხება ევროპარლამენტს, მის გადაწყვეტილებებს იურიდიული კანონის ძალა არა აქვს და (ვიმეორებ) მოდელურ აქტებად განიხილება, მაგრამ......სწორედ ევროპარლამენტი ქმნის ევროკომისიას ანუ, ფაქტობრივად ევროკავშირის „მთავრობას“, რომელიც წარმართავს ევროკავშირის საგარეო და საშინაო პოლიტიკას და ძალიან ბევრ საკითხში, რაც ევროპული საბჭოს პრეროგატივებს არ განეკუთვნება, იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
სანამ არჩევნების შედეგზე გადავიდოდეთ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ არსებობდა „ევროპული კონსტიტუციის“ და „ევროპის შეერთებული შტატების“ ანუ ევროპული ფედერაციის შექმნის პროექტი, რომელიც 1980-იან წლებში შეიმუშავა იმ დროს უკვე საფრანგეთის ექს-პრეზიდენტმა, ვალერი ჟისკარ დე სტენმა.
იმ კონსტიტუციით, ევროპარლამენტი უკვე „მოდელურ“ კანონებს კი არ მიიღებდა, არამედ ჩვეულებრივ კანონებს მიიღებდა და ნამდვილ საკანონმდებლო ორგანოდ იქცეოდა; ანუ ფაქტობრივად ევროკავშირის ერთიან სახელმწიფოდ ტრანსფორმაციაზე იყო ლაპარაკი.
ვალერი ჟისკარ დე სტენი ფრანგი გახლდათ და სულაც არ ნაღვლობდა იმაზე, რომ აბსოლუტურად გამორიცხულია ამას დიდი ბრიტანეთი (იმ დროს ჯერ კიდევ ევროკავშირის წევრი) დათანხმებოდა.
ამის ალბათობა იყო ნული!
ინგლისელები „ევროპულ ფედერაციაში“ კი არა ევროზონაში და შენგენის ზონაშიც კი ვერ შემოიტყუეს ვერანაირად. მიუხედავად იმისა, რომ ევროზონა, მაგალითად დიდი ბრიტანეთისთვის ეკონომიკურად და ფინანსურად უაღრესად მომგებიანი იქნებოდა, მაგრამ.....„რას ჰქვია ჩვენი დიდებული გირვანქა სტერლინგი, ჩვენი ეროვნული სიამაყე.....დავთმოთ?!!!“
ინგლისელებს მუდამ მიაჩნდათ, რომ ევროპული ცივილიზაცია საერთოდ მათი შექმნილია, ისინი თავისთავად უფრო მეტნიც კი არიან ვიდრე მთელი ევროპა ერთიანად აღებული, შესაბამისად ამაზე ლაპარაკი ზედმეტი იყო, თუმცა ფრანგ დე სტენს ეს არ ანაღვლებდა: „გავლენ და გავიდნენ!“ - უხეშად და „მოდელირებულად“ თუ ვიტყვით „რა გაგვიჭირეს საქმე ამ ინგლისელებმა, პრეზიდენტ დე გოლს სწორედ ამიტომ არ უნდოდა მაგათი ევროკავშირში შეშვება....ჩვენ რა, ფრანგებს და გერმანელებს ნაკლების საფუძველი გვაქვს „იდენტობის მარკერად“ ჩავთვალოთ ჩვენი ისტორიული ფრანკი, ჩვენი ისტორიული მარკა...მაგრამ ხომ დავთმეთ ევროს გამო და ევროპული ერთიანობის გამო?“
თუმცაღა ევროპული ფედერაციის იდეას უამრავი მტერი აღმოაჩნდა ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც. კონსტიტუციის თემაზე რეფერენდუმი „ჩააგდო“ ნიდერლანდმა, სადაც ძალუმად იმუშავა პუტინმა და სხვა ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რეფერენდუმი აღარც ჩაეტარებინათ.
სწორედ ამ ისტორიული მოცემულობის გათვალისწინებით, საგულისხმოა, რომ გუშინ დასრულებულ არჩევნებზე (რამდენიმე დღე გრძელდებოდა ეს საპარლამენტო არჩევნები) საკვანძო ქვეყნებში გაიმარჯვეს მემარჯვენე, პოპულისტურ-ნაციონალისტური (ზოგან ექსტრემისტულმაც კი) ყაიდის ძალებმა. გერმანიაში, ავსტრიაში, ნიდერლანდში...... ამათ ევროკავშირის რაიმე „ფედერაციაზე“ ვერც კი დაელაპარაკები, გამორიცხულია.
თუმცა სახიფათო ისაა, რომ ეს ძალები არაკეთილგანწყობილნი არიან უკრაინის მიმართ და პუტინთან დაზავებას უფრო ემხრობიან.
თუმცა, ამ მემარჯვენე ძალებს შორის სხვაობანი იმდენად დიდია, რომ შესაძლოა უმრავლესობა მაინც შექმნას ევროპის უდიდესმა მემარჯვენე ძალამ, სახალხო პარტიამ, რაც იმას ნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული (გადაწყვეტილი ჯერ არ არის, თუმცა არ არის გამორიცხული) პოზიციები შეინარჩუნოს „სახალხო პარტიის“ წარმომადგენელმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოსტზე.
თუმცა ევროკომისიაში ცვლილებები იქნება აუცილებლად.
და თუ ამ შედეგებს დავუმატებთ ტრამპის მოსალოდნელ (საკმაოდ მაღალი ალბათობის) დაბრუნებას თეთრ სახლში, ევროატლანტიკური ცივილიზაციის მეზობლებს საკმაოდ მძიმე პერსპექტივები გვაქვს.
ევროკავშირმა კი „გახსნა“ მოლაპარაკებები უკრაინასთან და მოლდოვასთან, რაც ამ ქვეყნებისთვის უდიდესი გამარჯვებაა, მაგრამ....„მოლაპარაკებიდან“ – „წევრობამდე“ დიდი მანძილია.
აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი:
ა) კვლავინდებურად მძლავრობენ ის ძალები ევროპაში, ვისაც მიაჩნია, რომ უკრაინა და მოლდოვა ჯერ NATO-ში უნდა გაწევრიანდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღონ ევროკავშირში.
შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურად ყველა პოსტკომუნისტური და პოსტსაბჭოთა ქვეყანა ჯერ NATO-ში მიიღეს და მხოლოდ ამის შემდეგ - ევროკავშირში.
იმიტომ, რომ განმსაზღვრელი იყო, რამდენად „შემდგარია“ ეს სახელმწიფო და რამდენად აკონტროლებს იგი საზღვრებს ანუ რამდენად ახორციელებს ეფექტურ კონტროლს (სუვერენიტეტს) მთელს ტერიტორიაზე, რომელიც ევროკავშირში უნდა შევიდეს.
სამწუხაროდ, უკრაინაც და მოლდოვაც, რომლებიც ნაწილობრივ ოკუპირებულნი არიან რუსეთის მიერ, ამ კრიტერიუმს ვერ აკმაყოფილებენ და უკრაინა, მაგალითად, დააკმაყოფილებს მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, რაც თუნდაც „დააზავებენ“ დროებით მაინც მოსკოვთან.
ასეთია „უკრაინა-სკეპტიკოსთა“ პოზიცია და ახალი ევროპარლამენტი სწორედ ამგვარი სკეპტიკოსებისგან შედგება უდავოდ.
ბ) თურქეთის ფაქტორი.
ეს ქვეყანა ათეულობით წელია აწარმოებს მოლაპარაკებას ევროკავშირის წევრობაზე. ერდოღანს ამ მიზნის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ არასდროს არაფერი არსებითი არ უთქვამს. სკეპტიკურად არის განწყობილი, მიღებენ თუ არა მის ქვეყანას ევროკავშირში, მაგრამ წევრობის ამბიციასა თუ ასპირაციაზე სულაც არ უთქვამს ერდოღანს უარი.
თუ უკრაინას და მოლდოვას „ა“ ფაქტორის უგულებელჰყოფით ევროკავშირში მიიღებენ, ერდოღანი აუცილებლად იტყვის, რომ ევროპა რელიგიური ფაქტორის გამო ახორციელებს თურქეთის დისკრიმინაციას ანუ ჩაგვრას.
თავად ერდოღანი მუდამ აცხადებს, რომ თურქეთი დემოკრატიაა, ხოლო მისი „სამართლიანობისა და განვითარების“ პარტია ევროკავშირში არასწორად აღიქმება „ისლამისტურად“.
სინამდვილეში კი ეს პარტია (როგორც ერდოღანი უსვამს ხაზს მუდამ) იგივეა თურქეთისთვის, როგორც ქრისტიანულ-დემოკრატიული პარტია გერმანიაში და თუ გერმანელებს აქვთ უფლება ჰქონდეთ რელიგიურ დემოკრატიული მიმართულების პარტია, რატომ არ შეიძლება არსებობდეს „ისლამურ-დემოკრატიული“ მიმართულების პარტია?
თუმცა ეს მთლად კორექტული შედარება არ არის.
საქმე ის გახლავთ, რომ თურქეთში ერდოღანის პარტიის მიერ დამკვიდრებული ღირებულებები მაგალითად სექსუალური თუ სხვა უმცირესობის, ან/და ვთქვათ ოჯახური ძალადობის, მაგალითად ქალთა უფლებების, ქალზე ძალადობის დაუშვებლობის თვალსაზრისით, ეს ქვეყანა ძალიან შორსაა იმავე გერმანიისა და ევროპისგან.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტია ხომ ტოლერანტობის და Nondiscrimination ევროპულ სტანდარტს აღიარებს, ხოლო ერდოღანის პარტია არა.
ამდენად, ევროპული გაგებით არანაირი „ისლამურ-დემოკრატიული პარტია“ ეს არ არის.
და ზუსტად ამ მიზეზით, იმავე ვალერი ჟისკარ დე სტენმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში, როცა თურქეთს ნამდვილად „საერო“ პერსონაჟები მართავდნენ (მაგალითად ქალბატონი თანსუ ჩილერი) ღიად გააჟღერა მრისხანე ფრაზა: თურქეთი არ არის ევროპული ქვეყანა, ანუ არ არის ევროპული ცივილიზაციის ნაწილი მიუხედავად იმისა, რომ ოსმანთა აგრესიით დაკავშირებული იყო და არის ევროპულ ისტორიასთან.
მაშ ალბანეთს რატომ მიიღებენ ევროკავშირში?
იმიტომ, რომ ალბანეთი გეოგრაფიულად ევროპაა უდავოდ და რაც მთავარი განსხვავებაა, თურქეთი, პატარა ალბანეთისგან განსხვავებით, 85 მილიონია ანუ ლამის გერმანიაზე (ყველაზე დიდ ევროპულ ქვეყანაზე) მეტი.
ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა ამბავი დატრიალდება ბრიუსელსა თუ სტრასბურგში, ევროპარლამენტში რომ ერდოღანის პარტიას იმაზე მეტი წარმომადგენელი ჰყავდეს, ვიდრე დღეს გერმანიას ჰყავს და/ანუ ევროკომისიის შემადგენლობაც ევროპარლამენტმა დააკომპლექტოს ამ წარმომადგენლობის შესაბამისად;
ესე იგი ერდოღანს გაუჩნდეს შანსი, დანიშნოს ევროკომისიის პრეზიდენტი: გერმანელი ურსულა ფონ დერ ლაიენი ზუსტადაც იმიტომ არის დღეს ევროკომისიის პრეზიდენტი, რომ გერმანიას ყველაზე დიდი და მრავალრიცხოვანი წარმომადგენლობა აქვს ევროპარლამენტში.
ევროპარლამენტის არჩევნებმა ისეთი მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე, რომ საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა ანუ პარლამენტი დაითხოვა და საფრანგეთში ახალი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.
მთავარი მიზეზი ის გახდა, რომ სხვა ევროპელ მემარჯვენეებთან ერთად, ევროპარლამენტის არჩევნები საფრანგეთის ტერიტორიაზე ულტრამემარჯვენე ფრანგულმა პარტიამ - მარინ ლე პენის „ნაციონალურმა ერთობამ“ მოიგო.
მარინ ლე პენის პარტიამ 31,5% მოიპოვა, რაც ო რ ჯ ე რ მეტია ვიდრე მაკრონის პარტიის, „რენესანსის“ შედეგი.
აქვე დავაკვირდეთ, როგორ მუშაობს ნამდვილი დემოკრატია და როგორ იქცევა დემოკრატი ლიდერი: საფრანგეთის კონსტიტუციის არც ერთი მუხლი არ ავალდებულებდა პრეზიდენტ მაკრონს, რომ რაკი ევროპარლამენტის არჩევნებში ლე პენის პარტიამ გაიმარჯვა, საფრანგეთში პარლამენტი დაეთხოვა და ახალი არჩევნები დაენიშნა, მაგრამ.......ეს აუცილებლად ჩათვალა: „ხომ უნდა ვიცოდეთ, ამის გათვალისწინებით, ფრანგები კვლავინდებურად გვიჭერენ თუ არა მხარსო“.